ნაწარმოებები



ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
18 აგვისტო, 2009


ნუთუ ვერ ხედავ...

ნუთუ ვერ ხედავ, როგორ მოვბერდი,
და წლებმა როგორ გამაფერადეს,
როგორ მოვთქვამდი, როგორ ვგოდებდი,
ზამთრის ქარებში რომ დამეკარგე...
ახლა ქუჩებში გამოზაფხულდა,
მაგრამ ჩემს ფიქრებს მაინც ამცივნებს,
სულყველაფერი როგორ დასრულდა,
მოდი ახლოს და მომისამძიმრე...
მითხარ, რომ ძლიერ გიყვარდი ერთ დროს,
რომ კიდევ შეგრჩა იმ გრძნობის ნაშთი,
ჩემი ოცნების სილურჯე გერგო,
მაინც ვერუთქმელ სათქმელად დამრჩი...
ვერდაულაშქრავ მწვერვალად გხატე,
ვაგლახ, ვყოფილვარ ცუდი მხატვარი,
უნდა კეთილი მეზღაპრე გავხდე,
გამოვიგონო ის, რაც არ არი...
თორემ შენ მტოვებ, შორი გზა გიდევს
და მოგტირიან ოლეანდრები,
მე სულ სხვა მხარეს, სხვა ბილიკს მივსდევ,
სხვა ცრემლი დამდის და მენატრები...
ნუთუ ვერ ხედავ, როგორ მოვბერდი,
და წლებმა როგორ გამაფერადეს,
როგორ მოვთქვამდი, როგორ ვგოდებდი,
ზამთრის ქარებში რომ დამეკარგე...
მას შემდეგ გლოვა და ცრემლი გაცვდა
და შეეყინა ზამთარს თვალები,
შენ დაეკარგე საკუთარ თავსაც,
მიყვარხარ, მძულხარ და მენანები!


 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები