ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
19 აგვისტო, 2009


თავი 44. ფიქრები, ფიქრებიიიი.... ("გაცვლა")

აეროპორტიდან წამოსული თეონა თავად ვერ ხვდებოდა, ბედნიერი იყო თუ უბედური!
მართალია, დანახვის წუთიდან მოეწონა ანდრო (სულელი უნდა ყოფილიყავი, რომ არ მოგწონებოდა!), მაგრამ... ვერაფრით წარმოიდგენდა მოვლენების ასე სწრაფ განვითარებას.

ჯერ კიდევ თბილისში ყოფნის დროს, თეონამ თავის თავს დააბრალა მის გარშემო არსებული ყველა უბედურება და საერთოდ აღარ იხედებოდა ბიჭებისკენ... ლამის ყველა შარვლიანს გაურბოდა, მამის გარდა!
სახლში კი, თითქოს თეონას ჯიბრზე, ტელეფონის ზარები არ წყდებოდა... ხან რა მიზეზს მოძებნიდნენ-ხოლმე დასარეკად და ხან რას... შეღონებული ჰქონდა გული.
და აი, ერთ დღეს მისმა თემის ხელმძღვანელმა შესთავაზა თემასთან დაკავშირებული გამოკვლევების  დიდი უმრავლესობის მოსკოვის სათავო ინსტიტუტში ჩატარება.
წინადადება არ ჰქონდა დამთავრებული, რომ თეონა დათანხმდა.
დათანხმდა ერთადერთი მიზნით, - რაც შეიძლება შორს წასულიყო... საკუთარი ტელეფონიდან! მიზეზად კი – მოსკოვის ლაბორატორიის უკეთესი აღჭურვილობა და მეტი შესაძლებლობები დასახელდა!

მისი მოსკოველი დედობილ-მამობილი, ალა და დიმა, გაკვირვებულნი იყვნენ გოგონას გამძლეობით, - თავაუღებლად მუშაობდა თემაზე. დილით ადრე გადიოდა და  საღამოს გვიან ბრუნდებოდა ბიბლიოთეკიდან... ლაბორატორიაში ხომ, ვიდრე თავბრუსხვევა არ დაეწყებოდა, ცდებს არ ანებებდა თავს.

ალა მონდომებით ხაზავდა რაღაცას თავის კალენდარში.
- რას აკეთებ? – ჰკითხა მეუღლემ.
- დიმ, მაინტერესებს, რამდენს გაუძლებს ამისი ორგანიზმი. ვიწერ, რომელ დღეს სად იყო და რამდენ საათს მუშაობდა.
- და რა დასკვნა გამოიტანე?
- საშინელებაა! ჩვენ თუ არ ავიღეთ მასზე სხვანაირადაც შეფობა, უბრალოდ, მოკვდება! მოდი, კვირაობით აგარაკზე წავიყვანოთ...
- თანახმა ვარ... და მოსკოვიც დავათვალიერებინოთ... დეტალურად! ჩვენს იახტაზეც რომ გავაფორმოთ უმცროს მატროსად?
- კაპიტანი შენ ხარ, დიმ... “პელიკანი” თეონასაც დაიტევს!
- ხო... მთავარია თეონა დავითანხმოთ!

ვერ დაითანხმეს, - სამუშაო ბევრი მაქვსო...
აი, აგარაკზე კი – დიდი სიამოვნებით გაჰყვა ორ-სამჯერ...

ალასთვის და დიმასთვის მოულოდნელად, თეონამ ამბავი მოიტანა, რომ რესტორანში მისი თბილისელი ნაცნობი შეხვდა და სადგურში უნდა წასულიყო მის გასაცილებლად.
- ვინ არის? – ლამის ერთდროულად იკითხეს.
- ანდრეი... მუსიკოსია, გიტარისტი... გერმანიაში მიდიან ბუბასთან ერთად...
- ანდრეი... რა, რუსია?
- არა მგონია... მისი გვარი კი არ ვიცი? ანდროს ვეძახით...
- ანდრეი ჯობია, უფრო ადვილად ითქმის. რომელი ვაგზლიდან გადიან?
- არ ვიცი, დამირეკავს...
- გერმანიაში მხოლოდ ბელორუსიის ვაგზლიდან გადიან მატარებლები, - თქვა დიმამ, - ახლავე გავიგებ საათსაც.

ცნობათა ბიუროში უთხრეს, “მატარებელი 20.15 საათზე გადისო”.
ალამ და დიმამ თვალი ჩაუკრეს ერთმანეთს...
- თეონა, შეგიძლია ბუბას ავტოგრაფი მიშოვო? ის შენი მეგობარი თუ ნაცნობი ავტოგრაფს ვერ გამოართმევს?
- კი, როგორ არა? მისი აკომპანიატორები არიან... თუ გინდათ, მთელ ვაგონს მოვაწერინებ ხელს!
- მაშინ, ნუღარ იგვიანებ, შვიდი საათია უკვე... მატარებელი შენ კი არ დაგიცდის?!

თეონა რომ ბაქანზე მივიდა, მატარებელი ჯერ ჩამომდგარიც არ იყო.
ბაქანის გასწვრივ დადიოდა და თან ამ სიტუაციაზე ფიქრობდა:
“- რა გინდა თეონა, აქ?! ხო, ვიცი, ავტოგრაფი გინდა... მაგრამ, საერთოდ რატომ ახსენე სახლში ანდრო? არა მგონია, დიმას სიზმარში ენახოს ბუბა და მისი გასტროლები. ვინ გექაჩებოდა ენაზე?!
- რა მინდა და ის, რომ... ხო, ხო... რატომ მიწყობ დაკითხვას?!... მომეწონა ანდრო! მერე? რა გინდა მერე?
- არაფერი მინდა... მაგრამ, ჯერ რომ არ იცნობ? რა მოგეწონა?!
- არც ალენ დელონს ვიცნობ, მაგრამ მომწონს თუ არა, მაგას კი ვხვდები...
- ალენ დელონს რომ არ ჰგავს?
- არც მინდა, რომ ჰგავდეს! არ გაგიგია? - “ვინც მიყვარს, ჩემი ლამაზიც ის არისო”...
- გამიგია, მაგრამ ანდრო იმათთვისაც ლამაზი იქნება, ვისაც არ უყვარს...
- მითუმეტეს!... სარეპეტიციოში რომ შევედი, მის მეტი კი ვერ დავინახე ვერავინ?! მერე რომ მითხრეს, - “რა ეშმაკი გოგო ხარ, პირდაპირ იმ სიმპატიურ ბიჭს როგორ გამოელაპარაკეო?” სხვა ვერ დავინახე ვერავინ და რა მექნა აბა?!... რესტორანში, რომ დავინახე, მეგონა თვალი მატყუებს-მეთქი...  თვითონ რომ არ დაეძახა, ისე ჩავუვლიდი, ვითომ ვერ დავინახე...
- რატომ?
- ჩემი თავი რომ არ გამეცა...
- “ერთი ნახვით შეყვარება?”...
- არა, ერთი ნახვით მოწონება!... შეყვარებით – ვეღარავის შევიყვარებ... საკმარისია ჩემგან... უბრალოდ, კიდევ ერთ დარტყმას ვეღარ გავუძლებ და... რა ძალა მადგას?!
- აბა, არ გეყვარება ვისაც გაყვები?
- და ვინ აპირებს გათხოვებას?!... უი, ეს მატარებელი წავიდა და... სხვა ვაგზლიდან ხომ არ წავიდნენ?  მოიცა, სახლში დავრეკავ...”

- თეონა, შენ ხარ? ანდრეიმ დარეკა და ამ ნომერზე დამირეკოსო... გაგიჟდა, ასე ადრე რამ წაიყვანაო...
- კარგი, დმიტრი სერგეიჩ... დავრეკავ...

ანდროს ელაპარაკა... 22.00-ზე მანდ ვიქნებითო...
- არ გინდა ამდენი ხანი გაძლება?

მერე წავიდა ანდრო... და ლოდინის 25 დღე დაიწყო...
გაათკეცებულად მუშაობდა, რომ ანდროზე საფიქრებლად ვერ მოეცალა...
მაგრამ, საიდანღაც მაინც შემოეპარებოდა-ხოლმე ანდროზე ფიქრი და აბეზარი ბუზივით არ აძლევდა გასაქანს...
ასე არასოდეს გაწელილა 25 დღე!

15 ივლისს თბილისიდან დაურეკეს, “სახლში აღარ მოდიხარო”?
“საქმე მაქვსო”, - იცრუა...  ვერ თქვა, “20 ივლისს აქ უნდა ვიყოო”... რომ ეკითხათ, რა უნდა ეთქვა?
ან რა ჰქონდა სათქმელი?
“თბილისში 2 სიმღერაზე აკომპანიმენტი გამიკეთა, ერთი თვის მერე მოსკოვში რესტორნის კიბეზე შემხვდა და მეც, მეორე დღესვე, სადგურში გავიქეცი გასაცილებლადო?”
არ კითხავდნენ, - “რამ აგაცუნდრუკა ამხელა გოგოო?”
აუცილებლად კითხავდნენ!

22-სთვის აიღო ბილეთი.
17-ში დარეკა თბილისში, - “22-ში მოვფრინავ, ჩემი რეისითო”...
- აკი საქმე მაქვსო? – გაუკვირდა მამას.
- 21-ში დავამთავრებ მუშაობას და... კაი, ბატონო, არ წამოვალ თბილისში და, სულაც, ალას და დიმას გავყვები იახტით ვოლგა-დონის არხზე... მაინც მეხვეწებიან, წამოდი ჩვენთან ერთადო...
- გაგრის ბილეთები როდისთვის ავიღოთო, - დედაშენმა...
- მე რომ ჩამოვალ, მინიმუმ 1 კვირა მჭირდება, მამა... აქედან რეაქტივები მომაქვს და ცდა რომ არ დავაყენო, გამიფუჭდება... 1 აგვისტოდან – თავისუფალი ვარ.

სახლიდან დარეკვას ერიდებოდა და სატელეფონო სადგურში მიდიოდა-ხოლმე...
სატელეფონო სადგური კი... სპეციალურად  მიდიოდა არბატზე...
უყვარდა არბატის ვიწრო ქუჩებით სიარული. იქვე პატარა კაფე ეგულებოდა და ამ კაფეში შეირბენდა-ხოლმე... თუმცა, ეს ისე იშვიათად ხდებოდა! 
კიდევ ერთი კაფე ჰქონდა ამოჩემებული, - “ბლინები”...
ყოველ შესვლაზე – ახალ სახეობას აგემოვნებდა-ხოლმე... და როგორც თევზისა და ხიზილალის დიდ მოყვარულს, ყველაზე მეტად “ბლინები შავი ხიზილალით” მოეწონა...
ეს კაფე ლენინის სახელობის დიდ ბიბლიოთეკასთან ახლოს მდებარეობდა და, ამდენად, მანდ სადილობდა-ხოლმე თეონა.
ხო, კიდევ ერთი სუსტი წერტილი ჰქონდა თეონას, - ГУМ-ის,  ЦУМ-ისა  და “ბავშვთა სამყაროს” ნაყინი უყვარდა. ამ უნივერმაღებში გაყიდული ნაყინი სრულიად განსხვავდებოდა მოსკოვის დანარჩენი ნაყინებისგან. ამიტომ, ბლინები რომ არ მობეზრებოდა, ერთ დღეს ბლინებს მიირთმევდა და მეორე დღეს – ზემოაღნიშნულ ნაყინს აყოლებდა-ხოლმე ამ უნივერმაღების პატარა კაფეში მირთმეულ მსუბუქ სადილს.

ყოველივე ამისთვის დღეში 1,5 საათი ჰქონდა გამოყოფილი. დანარჩენ დროს კი, დილის 9-დან საღამოს 9-მდე – თავაუღებლად მუშაობდა.
კვირა დღე – განსაკუთრებით უყვარდა... უკვე მერამდენე კვირა იყო, ტრეტიაკოვკაში დადიოდა. საათობით ათვალიერებდა სურათებს. აივაზოვსკის სურათების ახლოს ნახვისას ყბა ჩამოუვარდა, - მოიხიბლა, მოინუსხა ზღვის საოცარი ხედებით!
ხომ ისედაც უყვარდა ზღვა?! ახლა გაუათკეცდა ეს სიყვარული.

როგორც იქნა მოვიდა 20 ივლისი.
დილიდან ტელეფონის გვერდით იჯდა. ალამ სთხოვა, "მაღაზიაში გამეგზავნეო"...
ისე სწრაფად იარა, რომ ქალს ეგონა, სადარბაზოდან ამობრუნდაო.
მაგრამ ხელში რომ ნავაჭრიც დაუნახა, - გაგიჟდა, - “ქარს დაყვები აქეთ-იქითო”?

საღამოს 4-ზე დარეკა ტელეფონმა...
ანდრო იყო...
ფიქრობდა თეონა, რომ ანდროსთან ერთად გაისეირნებდა მოსკოვის ქუჩებში... მის საყვარელ არბატს ესტუმრებოდნენ... მერე “მის კაფეში” შეიყვანდა...
საპნის ბუშტივით გაუსკდა ოცნება, - “სულ ერთი საათი გვექნება ვნუკოვოს აეროპორტშიო”...
კინაღამ იტირა... მაგრამ ცრემლები ჩაიბრუნა და წყალწაღებულივით ჩაეჭიდა ხავსს:

- და რა,  გინდა, რომ ვნუკოვოში მოვიდე? – “გაუკვირდა” თეონას.
- მინდა, ძალიან მინდა, რომ მოხვიდე, მაგრამ... ვერ ვბედავ გთხოვო...
- როდის იქნებით ვნუკოვოში?
- ალბათ ერთ საათში... ან ოდნავ ადრე...

“მოვასწრებ! აუცილებლად მოვასწრებ მისვლას...”

მისვლა მოასწრო, მაგრამ...
საათი გაჩერდა თითქოს, - არა და არ გადიოდა დრო...

კიდევ კარგი – რეზიკო ნახა...
რეზი... – სითბო ჩაეღვარა გულში თეონას...
როგორ მონატრებია!
რამდენი ხანია, აღარ უნახავს... საუკუნეა!
ძალიან საყვარელი ბიჭია... ძალიან!
მაგრამ... მასზე ვერასოდეს იფიქრებს თეონა, როგორც მამაკაცზე. მიუხედავად სპორტული აღნაგობისა, მისი სულ მოცინარი, ძალიან ლამაზი სახე იმდენად ბავშვურ იერს ანიჭებს რომ...
სულ ერთი წლითაა თეონაზე უფროსი...  რა სუფთა სული აქვს! გამჭვირვალედ ხედავდა თითქოს... მისი სულის ყოველი ნაწილაკი – ხელისგულზე დადებულივით ჩანდა...
თეონა რეზის ყოველთვის ისე უყურებდა, როგორც მის ძამიკოს... და თანაც, როგორც უფროსს კი არა, როგორც მასზე გაცილებით პატარას... რომელიც შეეძლო კალთაში ჩაესვა, მოფერებოდა, “იწილო-ბიწილოთი” გაერთო, შოკოლადის კამფეტი ეჭმია და მერე, ტუჩებმოთხუპნული, სააბაზანოში გაეყვანა პირის მოსაბანად...
ვერა... რეზიკოზე ვერასოდეს იფიქრებდა, როგორც ქმარზე!

სულ სხვა იყო ანდრო.
მისი აურა აგიჟებდა! ხელის მოკიდების გარეშე, მის გვერდით მდგომიც კი გრძნობდა ანდროს აურის ძლიერ გამოსხივებას... რკინის პატარა ლურსმნად გრძნობდა თავს ძლიერი მაგნიტის სიახლოვეს... და კარგია, რომ ეს ლურსმანი მყარად იყო ჩაჭედებული იატაკის ფიცარში, თორემ, მისი მიზიდულობის ძალით, თეონა დიდი ხნის მიკრულ-მიწეპებული იქნებოდა ამ მაგნიტზე...

ზურგიდან იგრძნო ვიღაცის მოახლოება...
არა, ვიღაცის კი არა, ანდროს მოახლოება იგრძნო...
გაიტრუნა, გაიყურსა... მიყუჩდა და დაელოდა, რას მოიმოქმედებდა “მაგნიტი”.
მაგნიტმა კი, პატარა ლურსმანს რომ ვერაფერი მოუხერხა, თავად მისრიალდა მისკენ...
მისრიალდა და... ზურგიდან მოხვია ხელები!. მერე – ლოყაზე აკოცა...
დაიბნა თეონა, როგორ დაიბნა!
სწრაფად გააშვებინა ხელი, ცუდად რომ არ გამხდარიყო!
კარგია, ანდრომ კაფეში წაიყვანა... ერთი მაგიდის სიგანის სიშორეზე მაინც მოცილდა!

ყველაფერს ელოდა თეონა... დაპატიჟებას სადმე, მსუბუქ ფლირტს, ცოტა მძიმე “ფლირტსაც”... 
მაგრამ...
მაგრამ ანდრომ ცოლობა სთხოვა!
- ცოლად გამომყვები...
- მიზეზი?
- მიყვარხარ!
- მიზანი?
- მინდა, რომ ორივე ბედნიერები ვიყოთ!

მიყვარხარო! მიყვარხარო, თეონა!... მინდა, რომ ორივე ბედნიერები ვიყოთო!
გიხარია?...
და რა გიხარია მერე? ნეტა არაფერი დაემართებოდეს და...
რომ იცოდე, როგორ მეშინია!
მეშინია იმის, რომ ვინმეს შევუყვარდე!
და იმისაც მეშინია, რომ ვინმე შემიყვარდეს!
არაააა! არა, თეონა! არ უნდა შეგიყვარდეს!
და ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ არც მას შეუყვარდე!
ცოდონი ხართ ორივე!

“ხართ” თუ “ვართ”?
რა გაორება დამემართა, ღმერთო?



* * *

22 ივლისს თბილისში იყო თეონა.
მეორე დღესვე ინსტიტუტში წავიდა... ჩამოტანილი რეაქტივებით ცდა დააყენა...
პასუხი – ერთ კვირაში იქნებოდა...

ინსტიტუტიდან გამოსული ნელა მოუყვებოდა ქუჩას.
ჩრდილის მხარეს ეძებდა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე საღამოს 6 სრულდებოდა, ცხელოდა თბილისში, ძალიან ცხელოდა.

“უუფ, რა სიგრილე იყო მოსკოვში? გადავეჩვიე სიცხეს! წავალ ახლა სახლში, წყალს გადავივლებ და მერე ნათიასთან წავალ. თბილისში ყოფილა....”

სამარშრუტო ტაქსი წამოეწია.
გააჩერა და სახლში წავიდა. ყოველი შემთხვევისთვის დარეკა ნათიასთან...
ტუუუ – ტუუუ – ტუუუ –ტუუუ – ტუუუ
არავინ პასუხობდა..
ყურმილი დაკიდა. ტელეფონის აპარატს მიაჩერდა და... გაუცნობიერებლად აკრიფა ანდროს ნომერი.
“ხომ დავპირდი, რომ ჩამოვალ, დაგირკავ-მეთქი? ჰოდა ვურეკავ!...”

- ალოო... – გაისმა ქალის ხმა.
- ანდროს სთხოვეთ, თუ შეიძლება?
- Андрея нет дома... (ანდრეი სახლში არა არის...)
- А вы мать Андрея? (თქვენ ანდრეის დედა ხართ?)
- Да,  а вы кто будете? (დიახ, და თქვენ ვინ ხართ?) 
- Я Теона... (მე თეონა ვარ...)
- Ой, Теона, доченька... Как я хочу тебя увидеть... когда у нас появишся? Меня зовут тетя Таней (ოი, თეონა, შვილიკო... როგორ მინდა შენი ნახვა... ჩვენთან როდის მოხვალ? მე ტანია დეიდას მეძახიან).
- Вы, наверно, меня с кем-то спутали... Вы не знаете меня... (თქვენ, ალბათ, ვიღაცაში აგერიეთ... თქვენ მე არ მიცნობთ...) – ცოტა დაიბნა თეონა.
- Да нет, не путаю, Андрей все уши прожужжал... только о тебе и говорит... Ты Москвичка? (არა, არ მეშლები, ანდრეიმ ყურები გამომიჭედა შენზე ლაპარაკით. მხოლოდ შენზე ლაპარაკობს... მოსკოველი ხარ?) – ჩაეკითხა ტანია.
- Нет, я из Тбилиси... Мы в Москве встретились. (არა, თბილისელი... ჩვენ მოსკოვში შევხვდით ერთმანეთს.)
- Тем лучше. Вы вместе учились, в одном классе? (კიდევ უკეთესი. ერთ კლასში სწავლობდით?)
- Нет, он старше меня на 9 лет. (არა, ის ჩემზე 9 წლით უფროსია...)
- Ничего... дети пойдут, никто не заметит. (არაფერია. ბავშვების მერე აღარაფერი შეგეტყობათ.) – ჩაეცინა ტანიას...
- Какие дети? Откуда? (რომელი ბავშვები? საიდან?)
- А дети все одинакого рождаются... (ყველა ბავშვი ერთნაირად იბადება), – გაეცინა ტანიას. – Заходи, когда будешь рядом... Хочу увидеть тебя... (შემოდი, როცა აქეთ მოხვდები. მინდა, რომ გნახო).
- Постараюсь... Но не знаю, когда смогу... (ვეცდები... მაგრამ არ ვიცი, როდის შვძლებ)...
- Жду тебя... До встречи, милая... (გელოდები. ნახვამდის...)

“ესე იგი, დედა რუსი ყოლია... ნეტა თვითონ რა გვარია? არ გავს მთლად ქართველს... ან როგორ ემსგავსებოდა  მ თ ლ ა დ  ქართველს, როცა დედა რუსი ჰყავს? მეც კარგად ვარ, რააა... ნუ, ხო, მამა მაინც თუ ყავს ქართველი?!... რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ... რა ვიცი, აბა?  მაინც აქვს! ”

იცოდა, სადღაც დიდუბეში ცხოვრობდა.
“გამოიარეო... ჰმ... სად? კარდაკარ ვიარო, - ანდრო აქ ხომ არ ცხოვრობს შემთხვევით-მეთქი?
რა სისულელეზე ფიქრობ, თეონა? რომც იცოდე მისამართი, რა, სახლში მიეახლები? სულ დაკარგე ჭკუა?
ხო, ჭკუა ჯერ არ დამიკარგავს...”

კვლევითი ინსტიტუტი, სადაც ცდებს აყენებდა და გამოკვლევებს ატარებდა, დიდუბის მეტროსთან იყო ახლოს.
სამი-ოთხი დღის ჩამოსული იყო მოსკოვიდან, რომ...
- თეონააა! – გაიგონა ყვირილი და დაინახა კიდეც, მისკენ როგორ მირბოდა ანდრო....
- გამარჯობა, ანდრო...
- დედამ მითხრა, დაგირეკავს...
- კი, მაგრამ... მე მისთვის ჩემი გვარი არ მითქვამს და... იქნებ მე არ ვიყავი?
- თეონას შენს გარდა არავის ვიცნობ... გელოდება... სულ კარებს უყურებს, - “დამპირდა, მოვალო”.
- მე ხომ ვუთხარი, არ ვიცი, როდის მოვახერხებ-მეთქი?
- წამო, რა... ახლა სახლში მივდიოდი... დედაც სახლშია... ბარემ გნახავს...
- ბარემ... რისთვის “ბარემ”?
- ნუ, რა ვიცი, აბა? ბარემ, ვიდრე...
- ანდრო, მე რომ შენი გვარიც კი არ ვიცი, ეს გეუბნება რამეს?... რა “ბარემ”? რომელი “ვიდრე”?...
- რატომ არ მკითხე მერე? ბუბენკო ვარ...
- უი... უკრაინელი? აბა ასე კარგად როგორ ლაპარაკობ ქართულად?
- ხო, უკრაინელი ვარ, რომელსაც “ჩემი” უკრაინა სულ 3-ჯერ მაქვს ნანახი... მე თბილისელი ვარ, თეონა... აქ დაბადებული, აქ გაზრდილი... მამის დედა – ქართველი მყავდა და მან გამზარდა.
- დეიდა ტანიამ რომ არ იცის ქართული?
- დედაჩემი – მოსკოველია... ის 25 წლისა ჩამოიყვანეს თბილისში. და რადგან აქ ყველამ იცოდა რუსული, აღარ თუ ვეღარ ისწავლა. ბებია და ბიძა ახლაც მოსკოვში ცხოვრობენ.
- ალბათ, უფრო, სურვილი არ ჰქონდა, თორემ ისწავლიდა.
- იცის, მაგრამ... ლაპარაკის რცხვენია. ყველაფერი ესმის. წავედით?
- არა, ანდრო... საქმე მაქვს... მერე, სხვა დროს მოვალ...
- როდის?
- ოდესმე...
- ვიმედოვნებ რომ მალე...
- არ ვიცი, ანდრო... ალბათ!

თეონა შებრუნდა და წავიდა. სული დაუმძიმდა თითქოს...
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელებისა და რუსების მიმართ არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა, მიხვდა, რომ ეს “არაქართველობა” გადაულახავ ბარიერად აღიმართა მასა და ანდროს შორის. მისი ოჯახის წევრები არასოდეს დათანხმდებოდნენ ამ ქორწინებაზე.

“არა და... ანდრო ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც ჯაბას შემდეგ მომეწონა, როგორც მამაკაცი...
გივი?
გივის გვერდით თავს პატარა და დაუცველ არსებად ვთვლიდი... ის ბავშვი ვიყავი, რომელსაც გივი ყოველნაირად ათამამებდა... ხანდახან იმასაც კი ვფიქრობდი, ნეტა ახლა არ დაიკუზებოდეს და არ მეტყოდეს, “მოდი, კისერზე შემაჯექი და წაგიყვანო", როგორც ოდესღაც, შორეულ ბავშვობაში მატარებდა-ხოლმე მამა... ალბათ, გივის ნინიკომაც ეს იგულისხმა, როცა ჰკითხა – “თეონაც შენი შვილი უნდა იყოსო”? ვერც გივი აღმიქვამდა, ალბათ, ქალად... მისთვისაც ასეთი ბავშვი ვიყავი, როგორც ბევრი სხვა... ამიტომაც გაჰყვა თან ქეთის... ის სრულყოფილი ქალი იყო, მე კი არ მგავდა?!
რა სისულელეზე ვფიქრობ?! 
უუფ, გივი, ნეტა ცოცხალი დარჩენილიყავი... ნეტა ცოცხალი დარჩენილიყავი!”

სახლში მისულმა მაშინვე ის იკითხა, “გაგრის ბილეთები თუ აიღეთო”?
- 1-ში მივდივართ!...
- მამა, შენ რატომ ვერ მოდიხარ?
- სამსახურიდან არ მიშვებენ. თუ მოვახერხე, - ჩამოგაკითხავთ და თუ ვერა, - მოგიწევთ უკანაც მატარებლით დაბრუნება....


(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს