ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
23 აგვისტო, 2009


თავი 46. გასეირნება ("გაცვლა")

საღამოს 6 საათზე თეონასთან იყო გოგა. თან მისი მეგობრები, - ლევანი და გური მიიყვანა.
თინას ძალიან გაუხარდა გოგას ნახვა.
გაიხსენეს ამ მთისა და იმ ბარისა...
- დედა როგორ არის, გოგა? – ჰკითხა თინამ.
- გმადლობთ, ქალბატონო თინა... უკეთესად... ყოველ შემთხვევაში – აღარ წევს.
- გოგაა, გახსოვს ტელევიზორის ყუთით რომ მოიტანე შენი ეზოს თხილი? – ჩაერთო ნინუცა.
- კი, როგორ არ მახსოვს... ის ყველაფერი დედამ, მაშინ, თეონას გამოუგზავნა.
- აბა, კაცო? მეგონა მხოლოდ თხილია-მეთქი... ხომ შეიძლებოდა, არც ამომეყარა იმ ყუთიდან? – გაეცინა თინას, - ქათმები, გოჭი, ყველი,  არაყი... ჩურჩხელები თუ ტკბილი კვერი... რა აღარ იყო იმ თხილში ჩამალული...  თეონა, ყავა მაინც დაალევინე სტუმრებს...
- ყავა კი არა, დედა, ძველ გაგრაში მივდივართ... გოგამ მანქანით გამოგვიარა...
- მარტო შენ მიდიხარ?
- ოოფ, აბა კი, მეც მივდივარ, - ნინუცა პირველი წამოხტა ფეხზე, - უჩვენოდ დაისვენეთ დღეს... ბეე, შორს არ გაცურო!
- ქალბატონო თინა, გპირდებით, ძალიან არ დავაგვიანებთ! – გოგაც წამოდგა და გასასვლელისკენ დაიძრა.

გარეთ გამოვიდნენ.
ვიდრე მანქანაში ჩასხდებოდნენ, გამვლელები, ლამის, ჩერდებოდნენ ამ ხუთეულის სანახავად: ზღვისფერი ჟორსეს გულამოღებულ კაბაში გამოწყობილი ზღვისფერთვალება და ოქროსთმიანი თეონა, მწვანე აბრეშუმის სარაფანჩაცმული მწვანეთვალება და წაბლისფერთმიანი, ტანკენარი ნინუცა და ჯინსებსა და სხვადასხვა ფერის მაისურებში ჩაცმული სამი მშვენიერი ჭაბუკი... ისეთები, არჩევანს რომ ვერ გააკეთებდი, რომელი მათგანი ჯობდა.

გოგა – საჭეს მიუჯდა, გვერდით – თეონა მოისვა და ნინუცას ჰკითხა, რომელ მხარეს ერჩივნა დაჯდომა.
- მოდით, მე შუაში ჩავჯდები, - თქვა გურიმ, რომელიც აშკარა სიმპათიით განეწყო ნინუცას მიმართ.
- კაი, ბატონო... მაგაზე როგორ გეტყვით უარს? – თქვა ლევანმა და გოგას უკან მოთავსდა.

ნინუცამ თეონას უკან დაიკავა ადგილი და მანქანა ძველი გაგრის მიმართულებით დაიძრა.
მალე მივიდნენ. პარკში გაისეირნეს... კაფეში შესვლა – ადრეა ჯერო და ამიტომ სანაპიროზე სკამზე ჩამოსხდნენ.
- გინდათ რიცაზე ავიდეთ? - იკითხა  გოგამ.
- როდის ახლა? – გაოცება აღებეჭდა სახეზე ოთხივეს...
- არა, რა თქმა უნდა!... დილიდანვე წავიდეთ... ხვალ თუ არა, -ზეგ...
- მოსულა!...
- შეხედეთ, სასეირნო კატერი მოადგა ნაპირს... ხომ არ ჩავსხდეთ? – თქვა თეონამ და გოგას გახედა.
- წავიდეთ, რააა?! –ფეხზე წამოხტა ნინუცა და ლევანს ჩაებღაუჭა.
- წამო, ნინუცა, ესენი თუ არ წამოვლენ, მე და შენ გავისეირნოთ, - მაშინვე შესთავაზა გურიმ და ნინუცას ხელზე დააფიქსირა მზერა, ლევანის ხელს რომ ეჭიდებოდა...
- მეც კი წამოვალ, - წამოდგა ლევანი და ნინუცას ხელკავი გამოსდო...

გოგამ გურის სახის გამომეტყველება დაიჭირა.
- აუფ, მანდ ცუდადაა საქმე, - ჩუმად ჩაიცინა და რომ მიხვდა, თეონამ გაიგონაო, გადაუჩურჩულა, - ჩემს ბიჭებს ორივეს მოეწონათ ნინუცა და... ის კი აშკარად ლევანის მხარეს იხრება.
- საწყალი გური... ამ დროს მე გური უფრო მომეწონა...
- აბა, აბა... ეგეთები არ იყოს... რას ქვია გური მოგეწონა?! მერე და მე?
- რას იზამ, ჩემო გოგა... ყველა ომი ქალის გამოა დაწყებული და... – გაეცინა თეონას.
- და ყველა ქარიშხალი – ქალის სახელს ატარებს!... – გაეცინა გოგასაც და თეონას ხელი მოხვია ბეჭებზე. - რას იტყვი, გავუშვათ ესენი უჩვენოდ?
- და ჩვენ სად წავიდეთ?
- ჩვენ – უმაგათოდ გავისეირნოთ!

წინ მიმავლებს გახედეს: ნინუცა შუაში ჩაეყენებინათ ბიჭებს და გაცხოველებით უმტკიცებდნენ რაღაცას. თეონა მოემზადა, რომ ნინუცასთვის დაეძახა, - “ჩვენ არ მოვდივართო”, რომ გოგამ ანიშნა, - “თავი დაანებეო”...
- მათი სახის გამომეტყველება მაინტერესებს, როცა დაინახავენ, რომ ჩვენ იქ არ ვართ...
- და ჩვენ სად წავიდეთ, გოგა?
- ისე გავისეირნოთ, მოწმეების გარეშე.
- არა... არსად წამოვალ. თუ გინდა, სანაყინეში შევიდეთ...
- კაი, ბატონო, შევიდეთ... – დაეთანხმა გოგა, - მაგრამ ხვალ მე და შენ წამოვიდეთ აქეთ... ეს სამეული – პლაჟზე დავტოვოთ.
- ხვალ რაღა გვინდა აქ?
- ხვალ მე და შენ გავისეირნოთ კატერით!...
- თანახმა ვარ... – შესცინა თეონამ.

გოგა დაიხარა და ლოყაზე აკოცა.
- შენ არ იცი, მე შენ როგორ მიყვარხარ!
- უკვე ვიცი, გოგა... მთელი დღეა ჩვენი ნაცნობობის, ლამის, ყოველ დღეს ვიხსენებ... ასეთი ბრმა და ყრუ როგორ ვიყავი, რომ ვერაფერს მიგიხვდი?! მაგრამ, იმ ვაჟბატონის სიყვარულით ვიყავი დაბრმავებული.
- თეე, სულ მაინტერესებდა და... შენ რომ არ გეხსენებინა, მე ასი წელი არაფერს გკითხავდი მასზე... მაგრამ, მაინც, რა მოხდა თქვენს შორის? რატომ დაცილდით? ასე გიყვარდათ ერთმანეთი და... ერთ თვეზე მეტი ვერ გაძელით ერთად...
- ვიზე მეკითხები, გოგა? – გაოცებულმა ახედა თეონამ.
- ჯაბაზე... – მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი გოგამ.
- რას ამბობ?!... მე და ჯაბა ვიყავით ერთად? – გადაიკისკისა თეონამ, - საიდან მოიტანე ეს სისულელე?
- მოიცა, მოიცა... – ახლა გოგას გაუხდა კვადრატული თვალები, - შენ, რა, არ გათხოვდი?
- ეეეჰ, გოგაააა, შენ თურმე არაფერი გცოდნია...
- რა უნდა მცოდნოდა, თეეე? ადამიანი არ ხარ? გამაგებინე, რა ხდება...
- გოგა, არ გვინდა სანაყინე... აქვე ვისხდეთ, ბაღში და მე შენ ყველაფერს მოგიყვები... ყველაფერს, რაოდენ მძიმე მოსასმენიც არ უნდა იყოს შენთვის და უმძიმესი მოსაყოლი – ჩემთვის.
- გისმენ, თეეეე...

ყვებოდა თეონა, ბანკეტზე როგორ “გაიბუტა” ჯაბა, მერე როგორ შერიგდნენ... როგორ მოიტაცა დათომ და როგორ დააბრუნებინა თავი თეონამ... მერე, ჰიპნოზით რომ გათიშეს, როგორ აღმოჩნდა დათოს საწოლში... როგორ გაჰყვა მას ცოლად... “სხვათა შორის, დათო ზუგდიდელი იყოო”, - უთხრა....  მერე როგორ წამოვიდა იმ ოჯახიდან... შემდეგ ჯაბას დაქორწინების ამბავი გაიგო და როგორ მოხვდა საავადმყოფოში... როგორ მოეწონა მის მკურნალ ექიმს... როგორ გადაწყვიტა, დათანხმებოდა მის წინადადებას, “ცოლად გამომყევიო”, მაგრამ... ვიდრე თეონა თანხმობას ეტყოდა, როგორ დაიღუპა გივი...
მერე როგორ ჩააბარა ასპირანტურაში, როგორ წავიდა მოსკოვში და როგორ გაიცნო ანდრო... რომ ანდრომაც სთხოვა ცოლობა... და რომ ანდრო დღესაც ელოდება პასუხს, რადგან თეონას არაფერი უპასუხია, არც “ხო” და არც “არა”!...

ორ საათზე მეტი ლაპარაკობდა თეონა და ხმა არ ამოუღია გოგას.
თეონა გაჩუმდა, თავი დაღუნა...  მის თავში ათასი ფიქრი ირეოდა...

“გამამტყუნებს გოგა?
თუ გამამართლებს?
თუ ესეც ჯაბასავით მოიქცევა და სასწრაფოდ ცოლს მოიყვანს, რომ შემთხვევით მე არ მთხოვოს ცოლობა?!...
ყველაფერზე თანახმა ვარ, მხოლოდ გივისავით ნუ მიმატოვებს! მხოლოდ ცოცხალი იყოს!”

- თეეე, შეიძლება რაღაც გკითხო? ოღონდ არ გამიბრაზდე, კარგი?
- ვეცდები, გოგა...
- შენ მე დილას ზღვაში რაღაც მკითხე...
- ???
- აი... როგორ გითხრა... “რა გებერებაო”... – ძლივს ამბობდა სიტყვებს გოგა.
- ხო, მერე? – გაწითლდა თეონა.
- რატომ მკითხე?
- იმიტომ, რომ... – თეონას ცრემლები წამოუვიდა... – არ დამცინებ, რომ გითხრა?
- არა...
- იმიტომ, რომ დათოს იქ არაფერი ებერებოდა-ხოლმე...
- ეს შეუძლებელია, თეეე... სხვა შემთხვევაში შენ ვერ.... როგორ გითხრა, აბა? შენ ვერ გახდებოდი მისი ცოლი...
- რატო, ხელის მოწერას რად უნდა “იქაური” გაბერვები?
- თეე, ნუ მაგიჟებ! გათხოვება მხოლოდ ხელის მოწერაა?
- არა, რატომ? კიდევ კოცნა...
- და... და მეტი არაფერი, თეე? – გოგა ფეხზე წამოხტა და ბოლთის ცემას მოყვა სკამის გასწვრივ...
- კი, როგორ არა... ერთხელ იქ... დაბლაც მაკოცა... – ჩურჩულზე გადავიდა თეონა...
- თეეეე! ჩემი გაგიჟება გადაწყვიტე? სხვა არასოდეს არაფერი ყოფილა თქვენს შორის?
- გოგა, შენ ნუ მაგიჟებ ახლა... სხვა, კიდევ, რა უნდა ყოფილიყო?! შიშველი ვეწექი ლოგინში და სად აღარ მკოცნიდა!... ეს ცოტაა შენთვის?...
- ექიმთან ყოფილხარ?
- კი, გივისთან ვიყავი, თვალებში რომ სისხლი ჩამექცა.
- გინეკოლოგთან?
- არა... არასოდეს... გივიმ მითხრა, “ქალები დადიან გინეკოლოგებთან და მათი არ რცხვენიათ და შენ ჩემი რატომ გრცხვენიაო”?
- შენ... შენ ქალიშ..... არა, შეუძლებელია! – ლამის ყვიროდა გოგა!
- რა არის შეუძლებელი, ქალიშვილობა? იმ ოჯახიდან რომ მოვდიოდი, დათომ მითხრა, “შენ ჯერ კიდევ ქალიშვილი ხარო”...  მაგრამ რომ მკოცნიდა, გოგა?
- ააააააა! – არანორმალურად იყვირა გოგამ და თეონას გვერდით სკამზე დაეცა, კი არ დაჯდა!
- რა მოგივიდა, გოგა? – ფერი დაკარგა თეონამ.
- რატომ, ღმერთოოოოო?... რა დააშავა ამ გოგომ ასეთი? რისთვის დასაჯე ასე?... თუმცა კი, მე მხოლოდ მადლობას გეუბნები ამისთვის! მე მას არავის დავუთმობ, მთელი მსოფლიოს წინააღმდეგაც რომ მომიხდეს ბრძოლა!... გესმის? ააააა-რააააა-ვიიიიიის!!!!!!!!!! – გოგამ ხელი მოხვია თეონას და ძალიან მაგრად ჩაიხუტა გულში, - შენ ჩემი ხარ, თეეეე!



* * *

მამა ღმერთის სამყოფელი

- მეუფეო, გიორგი გეახლათ...
- სთხოვეთ... მოვიდეს!

ტახტთან ოქროსფერმუზარადიანი და ჯაჭვისპერანგიანი ახალგაზრდა კაცი მივიდა.
- მეუფეო... თაიაზე და თეონაზე მინდა გკითხოთ...
- გისმენ გიორგი...
- რა დააშავა, განა, თაიამ, ამდენი დარტყმა რომ მიიღო?
- არ შეიძლებოდა მისთვის ადამიანად განსხეულება! სიყვარული – უმტკიცესი ჯაჭვია და... შესძლებს ამ ჯაჭვის გაწყვეტას მისი დაბრუნების მომენტისთვის? ან ენდომება კია ამ ჯაჭვის გაწყვეტა?
- და ამიტომ...
- და ამიტომ, მას ვერავინ მიაბამს გეაზე სიყვარულის ჯაჭვით... არც ეყვარება ვინმე, არც ეყვარება ვინმეს...
- და თეონა?
- თეონას სრული უფლება ექნება სიყვარულისა!
- მაპატიეთ, მაგრამ... თეონა ჯერ კიდევ დიდხანს იქნება აქ... და აქედან მისი წასვლის დროისთვის ის 40 წლისა იქნება უკვე! გვაქვს კი იმის უფლება, რომ თეონამ, ამ უნიჭიერესმა და ულამაზესმა გოგონამ ასე უსიყვარულოდ გალიოს თავისი დღენი? არ გვაპატიებს ამას... არასოდეს! საჭიროა, რომ თეონას ქმარიც ჰყავდეს და შვილიც...
- შეყვარებული თაია დასაღუპადაა განწირული! ამასაც ვერ დავუშვებ!
- მე წავალ მასთან!
- რამდენი ხნით?
- რამდენიც საჭირო იქნება! გვერდით დავუდგები და მისი შემწე და მფარველი ვიქნები... ერთად ყველაფერს გავუმკლავდებით...
- შენც ადამიანად გინდა წასვლა?
- არა... მფარველ ძალად!
- კარგი... სხვა გამოსავალს მაინც ვერ ვხედავ...
- თეონას არაფერი გაუჭირდება... – გაუხარდა გიორგის.
- შენ – თეონაზე ფიქრობ, მე კი თაია მადარდებს! ერთს გთხოვ, ისეთს ნურავის  შეურჩევ თაიას, რომ მერე მისი მიტოვება გაუჭირდეს!...



* * *

ორსაათიანი “კრუიზი” დამთავრდა.
ნინუცა, გური და ლევანი ნაპირზე დაბრუნდნენ.
კიბეებზე ამოვიდნენ და... ნინუცამ სკამზე მსხდარი თეონა და გოგა დალანდა.
- ბიჭებო, ამათ როდის გადმოგვასწრეს?
- რა ვიცი, აბა? კართან ვიდექი და ტრაპზე, ლამის პირველები გადმოვედით. საოცარია. – თქვა გურიმ.
- იქნებ სულ არ ამოსულან კატერზე? – დაეჭვდა ლევანი.
- რას ამბობ, აბა? თეონა დამიძახებდა, დარჩენა რომ დაეპირებინათ! იქ იყვნენ და ჩვენ ლაპარაკში ვეღარ შევნიშნეთ!
- ხო, ალბათ..
-
- სად იყავით? აქ როგორ დაგვხვდით? ჩვენზე ადრე გადმოხვედით? – მიაყარა ნინუცამ კითხვები, როგორც კი თეონას და გოგას მიუახლოვდნენ.
- არა, თქვენს უკან ვიდექით კატერზე... მაგრამ მერე სირბილით წამოვედით და... სიურპრიზი მოგიწყვეთ, - გაეცინა გოგას.
- აი, ხომ გითხარით, არა? – მიუბრუნდა ნინუცა ბიჭებს, მათ კი მხოლოდ მხრები აიჩეჩეს.

კაფეში შევიდნენ. საკმაოდ მოშიებულნი იყვნენ ხუთივენი.
ცოტა - დანაყრდნენ, ცოტა – დალიეს...
ამასობაში ცეკვები დაიწყო...
გოგამ ხელი დაავლო თეონას და საცეკვაოდ გაიყვანა.
ნინუცას გაწვევა კი – დასწრებაზე იყო. გურიმ აჯობა და ნინუცა საცეკვაო მოედნისკენ გააფრიალა.

ორი ცეკვა იცეკვეს ზედიზედ.
გოგამ იმდენი სასიყვარულო სიტყვა უთხრა ყურში, რომ თეონას თავბრუ დაეხვა.
- გოგა, მოგკლავ! ასე თუ გიყვარდი, რატომ იყავი ჩუმად?
- რა მექნა? შენ არ გიყვარდი და...
- ვინ გითხრა, რომ არ მიყვარდი? რაც მე შენ გეხვეწე, “იმ გოგოს უთხარი, თუ გიყვარს-მეთქი...” არაფერი მითხარი!...
- ხო, იყო ასე...
- “არ ვუყვარვარო”, რომ მითხარი, ხომ გკითხე, “ჩემნაირად მაინც თუ უყვარხარ-მეთქი”?
- კი... – გაეცინა გოგას.
- ხომ გითხარი, “აუცილებლად გამოგყვება-მეთქი”?
- მითხარი...
- ჰოდა, ახლა მე სახლში, ჩემი ნებით, ვერ დაგიჯდებოდი... – ახლა თეონას აუტყდა სიცილი. – დედააა, ამიხსნია სიყვარული შენთვის და... ახლა დავაფიქსირე მე თავადაც...
- ნეტა იცოდე, როგორ მიყვარხარ! – გოგამ გულში ჩაიკრა მისი საოცნებო ქალი და ასე ჩახუტებულს ეცეკვა ბოლომდე.
- თბილისში რომ ჩავალ, ისევ მოსკოვში უნდა წავიდე, იცი?
- მალევე?
- ხო, რა იყო?
- სახლში ჩასვლას და დაბრუნებას ვერ მოვასწრებ?
- რისთვის?
- ფულს წამოვიღებ და ერთად წავიდეთ მოსკოვში... თუ გინდა, საქორწინო მოგზაურობადაც ჩავთვალოთ...
- სულ გაგიჟდი? მეორედაც ზუგდიდელზე როგორ გავთხოვდე? – თვალები მოწკურა თეონამ.
- მე თბილისშიც მაქვს ბინა. იქ ვიცხოვრებთ!
- და თქვენები რას იტყვიან?
- დედაჩემს – გაუხარდება, მამაჩემისთვის – სულერთია, მე ვის მოვიყვან...  ჩემი და – გათხოვილია და თავისი ოჯახი აქვს... ასე რომ... რამდენი დღე მექნება წასვლა-ჩამოსვლისთვის?
- ნუუ, სულ მცირე, ერთი კვირა მაინც.
- თუ ვერ მოვასწარი, მოსკოვში ჩამოგაკითხავ... მისამართს ჩავიწერ...
- კარგი...

მუსიკა დამთავრდა და მოცეკვავენი მაგიდასთან დაბრუნდნენ.
- სად ხართ? გაშრა ყელი... ეს თეონას და ნინუცას გაუმარჯოს... მაგარი გოგონები ხართ! – სადღეგრძელო თქვა ლევანმა და სასმისი დაცალა.
- შენც თამადა ხარ, რა... ეს სადღეგრძელო სხვა შემადგენლობით უნდა დაგელია.... და თანაც ორ ჯერზე...
- როცა დრო მოვა, მასეც დავლევ... ახლა კი, “მე თამადა ვარ თუ თამარა”?!

ცოტა ხანში ისევ დაუკრეს ნელი საცეკვაო...
ის იყო, გოგა ასადგომად მოემზადა, რომ მაგიდას ვიღაც მაღალი, ძალიან (ზედმეტად) სიმპათიური კაცი მიუახლოვდა და მოწიწებით იკითხა:
- შეიძლება თეონას ვეცეკვო?
- ანდრო? – გაუკვირდა თეონას, - შენ აქ საიდან გაჩნდი?
- მოგაგენი... მთავარი მონდომებაა... შეიძლება? – ისევ გოგას მიუბრუნდა ანდრო.
- ქალის სურვილის შესაბამისად... – იყო გოგას პასუხი... და გულში რაღაც ჩაწყდა გოგას, როცა თეონა საცეკვაოდ წამოდგა ფეხზე.
- ნინუცა, ვიცეკვოთ? – ჰკითხა ლევანმა, მაგრამ ნინუცა ყბაჩამოვარდნილი, თვალმოუცილებლად შეჰყურებდა ანდროს და თეონას და თავისთვის ბუტბუტებდა:
- მდააა... ეს კაცი ნაღდად ამ პლანეტაზე ცხოვრობს ნეტა? ეგეთი კაი ტიპი ჯერ არსად მინახავს! თეონამ მოსკოვიდან გიჟივით რომ დარეკა, “გავიცანიო”, დარეკავდა, აბა რააა?
- ვინ გავიცანიო, ნინ?
- ანდრო... ეს ანდრო!

(გაგრძელება იქნება, თუ თავი არ მოგაბეზრათ...)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები