ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
25 აგვისტო, 2009


თავი 47. მიშველე, მამა! ("გაცვლა")

ვიდრე თეონა ანდროს ეცეკვებოდა, გოგამ ორი სირჩა კონიაკი დალია.
- რას შვები, გოგა? საჭესთან ზიხარ! – ბოთლი გამოართვა გურიმ და გვერდზე გადადგა.
- მერე რა?
- “მერა რაო”? როდის ყოფილა, საჭესთან დაგილევია?
- და ის როდის ყოფილა, რომ მინახავს, როგორ მაფცქვნიან ხელიდან საყვარელ ქალს? – გოგამ ხელი ისევ კონიაკის ბოთლისკენ წაიღო...
- შენ მეტს აღარ დალევ!... მანქანაში არ გინდა, რომ ჩაგისხდეთ? ისე არ ჩავსხდებით, ბატონო... მაგრამ, მაინც არ დაგალევინებ მეტს! კაცი არა ხარ? ნაცნობმა გაიწვია საცეკვაოდ! რა მოხდა მერე?
- რა “რა მოხდა”, შე ჩემა, ამ კაცმა გაგრაში ჩამოაკითხა... ცოლობა აქვს ნათხოვნი და პასუხს ელოდება.
- ჰოდა, ძალიან კარგი! მალე გაირკვევა, შენ მოგყვება თეონა თუ მაგ ანდროს.
- მაგ კაცს მე არ დავუთმობ თეონას...
- ამას თეონა გადაწყვეტს!...
- ყბებს ჩამოვუღებ!
- ვის, თეონას?
- ანდროს...

ორივე მოცეკვავეებს მიაჩერდა. მაგრამ მათი ყურადღება სხვადასხვა მოცეკვავე წყვილისკენ იყო მიმართული. გოგა თვალმოუცილებლად შეჰყურებდა თეონასა და ანდროს, გური კი - ლევანსა და ნინუცას არ აშორებდა მზერას.

ანდრო დაბეჯითებით უმტკიცებდა რაღაცას, თეონა კი უარის ნიშნად იქნევდა თავს.
სიტყვები არ ესმოდა გოგას, მაგრამ...
რამდენჯერმე დაიჭირა მისკენ მიმართული მზერა და... ხვდებოდა, რომ ამ წუთას მისი, გოგას ბედი წყდებოდა საცეკვაო მოედანზე....
რამდენჯერმე დააპირა წამოდგომა და მათთან მისვლა, მაგრამ თეონას გაღიმებული თვალები აჩერებდნენ ადგილზე....
რამდენჯერმე წაიღო ხელი კონიაკიანი ბოთლისკენ და... გურიმ წაართვა ბოთლი ხელიდან...

გოგამ ხელი ჩაიქნია, “რაც იქნება, ის იქნებაო”, - ჩაილაპარაკა და დარბაზიდან გავიდა. კაფეს წინ ლამაზი ბაღი იყო გაშენებული. იმ ბაღში სკამზე ჩამოჯდა და საფეთქლებზე შემოჭერილი ხელებით ჩამოეყრდნო მუხლებს.
სკამის გვერდით მდგარი განათება ჩაქრა... ალბათ ნათურა გადაიწვა.
“ძალიანაც კარგი... ნაკლები ხალხი დამინახავს.”

მუსიკის ხმა ბაღშიც ისმოდა.
მუსიკა შეწყდა.
გოგას თვალებზე ფარდასავით ჩამოეფარა რაღაც, აუბრჭყვიალდა....
ხელი ამოისვა და სისველე შერჩა ხელთ!
“რა ჯანდაბა მატირებს?! თუ არ ვენდომები, ძალით ხომ ვერ წავიყვან?!”
სახეზე ჩამოისვა ხელი, თვალებზე აიფარა და ისე დაჯდა.

ისევ გაისმა მუსიკის ხმა.
წარმოიდგინა გოგამ, რომ “იმ” ანდრომ ვეღარ დაინახა გოგა და სრული თავისუფლება მისცა საკუთარ გრძნობებს... რომ, ალბათ, ანდრო ახლა თეონას ეხვევა და იმაზე ფიქრობს, რომ ნეტავ სულ აღარ დავბრუნდებოდე დარბაზში...

- ოოხ, თეონა, თეონა... – მუშტები დაარტყა სკამს და...
- ხელი გეტკინება, გოგა! – ჩუმად ჩაილაპარაკა ზურგის მხრიდან ჩუმად მოახლოებულმა თეონამ, ხელები კისერზე შემოხვია და ლოყაზე ლოყით მიეხუტა, - შენი ფასი არავინ მყოლია... არასოდეს!
- თეეე! შენ ჩემთან დაბრუნდი, თეეე?! – გოგამ ორივე ხელი სტაცა ხელებზე და კოცნა დაუწყო. სათითაოდ დაუკოცნა ყველა თითი, ხელისგულები... მაჯები...

გოგას სახეზე სისველე იგრძნო თეონამ. თავი მოუბრუნა გოგას და ამ ცრემლიან თვალზე აკოცა, მერე ლოყაზე, კისერზე...

გოგამ ხელიც არ გაუშვა თეონას, ისე შემოატარა სკამის საზურგეს და თავისკენ მოქაჩა. თეონა, თავადაც რომ არ ელოდა, ისე, გოგას კალთაში აღმოჩნდა.
- არ მაინტერესებს, ვინ გყავდა... როგორი ქმარი იყო... ვინ გთხოვა ხელი!... შენ ჩემი ხარ, თეონა! გაიგე? არავინ, დედამიწის ზურგზე, არ მიყვარს შენსავით! ვერც ის ლამაზმანი ანდრო წამართმევს შენს თავს... ვერც ჯაბა... ვერც ის შენი ყოფილი ვაი-ქმარი... გესმის, თეონა? – გოგამ ისე მოხვია ხელები და ისეთი ძალით შემოუჭირა, გეგონება მისი კალთიდან ძალით უპირებდა თეონას ვინმე აყენებას.
- ჯაბასაც ცოლი ყავს, გოგა და დათოსაც... აღარც ერთს ვჭირდები და აღარც მეორეს... და ანდროს რაც შეეხება, სულ ახლახანს თავად ვუთხარი უარი!... მე ანდრო სულ ორ-სამჯერ მყავს ნანახი... მომწონს, ვერაფერს ვიტყვი... მაგრამ მასე შეიძლება ალენ დელონიც მოგეწონოს, ან ჯო დასენი...
- ან... შენ კიდევ ერთზე ამბობდი-ხოლმე მომწონსო, - ან გრეგორი...
- არ თქვა! გთხოვ!...  ახლა არ მიხსენო ეს მსახიობი!... – ამოიყვირა უცებ თეონამ.
- რატომ, რა ხდება?
- სულ გააფუჭებ ყველაფერს!... გთხოვ!... – ცრემლებით აევსო ლამაზი თვალები...
- კარგი, თეეე, როგორც გინდა!... – თავისთვის კი გაიფიქრა, “ნეტა რა უნდა გამიფუჭოს გრეგორი პეკმაო?!”...
- გახსოვს, გითხარი, “შენ ჩემთვის შეუცვლელი ხარ-მეთქი”? მე ახლაც იმავეს ვფიქრობ, გოგა! ასე მგონია, ერთი სული გვიდგას და რადგან სხეული ორია, სულიც ამიტომ არის-მეთქი ორად გაყოფილი... შენს გვერდით არასოდეს ვიყავი დათრგუნული... პირიქით, თავისუფლად ვსუნთქავდი...
- თეეე, რა ბედნიერი ვარ, იცი, ამას რომ ვისმენ?
- მაშინ მითხარი, კიდევ მითხარი, რომ გიყვარვარ! – თეონამ დიდი, წყლიანი თვალები შეანათა გოგას.
- მიყვარხარ, თეეე, სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ! – გოგამ თავი დაწია და ჯერ ძალიან ფრთხილად, შემდეგ კი ისეთი ვნებით აკოცა, რომ თეონას სული შეუგუბდა. – თეეე, გამომყვები ცოლად?
- რა ვიცი, აბა? სულ ასე თუ გეყვარები, რატომაც არა? – თეონამ გოგას მარჯვენა ხელი აიღო და ხელისგულზე აკოცა. შემდეგ კი თავისი მარცხენა ხელისგული მიადო მას და თითები ჩახლართა!
- რას აკეთებ? – ჰკითხა გოგამ, როცა დაინახა, რომ თეონა ბუტბუტს მოჰყვა.
- ხელის არხებს ვხსნი, გოგა! – თქვა თეონამ ვერცხლის ზანზალაკებიანი ხმით და ჩამუქებული თვალებით ახედა:

დე, ამ არხებში იდინოს ერთმა სისხლმა, გაჯერებულმა სხვადასხვა ჯიშით!...
დე, გაერთიანდეს ორი სული ერთ სულად და აღივსოს უფლის სუნთქვითა და უფლის ნათებით!...
და ამ არხებში მოტრიალე იმ ერთმა მთლიანმა სულმა შვას ნახევარ-სული ან ნახევარ-სულები, მსგავსნი თვისი!...
დე,  გაერთგულდნენ გაერთსულებულნი, ვითარც ეს ხელისგულები არიან გაერთგულებულნი!
და გადაიჯაჭვონ გაერთგულებულნი, ვითარც ეს თითები არიან გადაჯაჭვულნი ერთმანეთში!...
და იმოძრაონ ზეარსთა ძალებმა გადაჯაჭვულ ხელისგულებზე გამავალ მერიდიანებზე!...
დაგვლოცე, დედა!..
მიგვიღე, მამა!.... 

შემდეგ ისევ აკოცა გოგას მარჯვენა ხელისგულზე და გოგასაც ტუჩებთან მიუტანა თავისი მარცხენა ხელისგული.
- ვერ ვხვდები, რას აკეთებ!...
- ჩვენ ახლა დავქორწინდით, გოგა!
- რომელი რელიგიის მიხედვით, თეე? – გაეცინა გოგას...
- ეს არ არის ერთი რომელიმე პლანეტის ნაგლეჯი, - რელიგია, რომლისაც ზოგს სწამს და ზოგს – არა! დედამიწა არც თუ ისეთი დიდი პლანეტაა, რომ ასე დაანაწევრონ! იმას, რაც ახლა მე გავაკეთე, არ ქვია რელიგია! ეს არის ცხოვრების წესი ერთ-ერთი პლანეტისა, რომელსაც თაია ქვია!!!...

- აუუ, თეეე, ზოგჯერ რა საინტერესო რაღაცას იტყვი-ხოლმე? და ხანდახან ისეთსაც, თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილებამდე რომ შეგაჟრჟოლებს... რომელი პლანეტისაო, რას ამბობ?
- დაივიწყე, გოგა... ხანდახან თავადაც ვერ ვხვდები, რატომ, მაგრამ ასეთ უცნაურობას წამოვისვრი-ხოლმე...
- არა, რატოა უცნაურობა? ახლა არ მითხარი, - დავქორწინდითო?
- კი, ალბათ გითხარი...
- ჰოდა, რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, რომელ პლანეტაზე დავქორწინდებით? შენ ყველა პლანეტაზე ჩემი ცოლი იქნები, თეეეე!
- რომელ ყველა პლანეტაზე? – თვალები გაუფართოვდა თეონას...
- მე რა ვიცი, აბა? შენ არ თქვი ასე?
- არ ვთქვი... მათქმევინეს! თავად არ ვიცი, რა მემართება-ხოლმე! – თეონამ გოგას აკოცა და მისი კალთიდან წამოდგა, - წამო დარბაზში დავბრუნდეთ...
- წამო... ხომ უნდა აღვნიშნოთ ჩვენი ქორწინება? – გოგამ ხელი მოხვია მხრებზე და დარბაზში შეიყვანა.
- სხვებთან ჯერ არაფერი თქვა, გოგა!

ის საღამო შუაღამემდე გაგრძელდა.
ღამის 12 საათი იყო, სახლში რომ დაბრუნდნენ.
დედამ ამბად დაახვედრა, - “თეონა, ვიღაც ძალიან სიმპატიურმა ბიჭმა გიკითხა და ვუთხარი, რომ ძველ გაგრაში იქნებიანო-მეთქი...”
- ვიცი, დედა... მომნახა...
- ვინ იყო?
- ანდრო... ანდრეი ბუბენკო...
- ქართველი მეგონა! ის არის, მოსკოვში რომ შეგხვდა?
- ხო... მეძინება, დედა. ხვალაც ადრე გავალ პლაჟზე.
- ნეტა რას დადიხარ ამ პლაჟზე ასე დილაუთენია?
- ამ დროს ზღვას სხვა ძალა და სხვა ხიბლი აქვს, დე...
- დეეე, ხვალ რიწაზე მივდივააართ! – გამოსძახა ნინუცამ საწოლიდან...
- ვინ და ვინ?
- ვინც ახლა ვიყავით წასულები...
- კი, მაგრამ... მე და ბებიაშენმა ერთმანეთი ვმწყემსოთ?
- აბა ჩვენ უნდა გვმწყემსოთ? დიდები ვართ უკვე, დეე... შენ და ბებო კი – პლაჟზე გადით... მერე მაყვალასთან ადით... არ მოგენატრათ მაყვალა და კუკური?
- ახლა მაგაზე უნდა ვინერვიულო ხვალ, როგორ ახვალთ რიწაზე და მერე როგორ ჩამოხვალთ... გამიჭირეთ საქმე, რაა! – აღელდა თინა.
- კარგი, რა, დეე... რაა სანერვიულო? გოგას ძალიან ფრთხილად დაყავს მანქანა... – ჩაერთო საუბარში თეონაც.
- ხო, გოგას ვენდობი... კარგი ბიჭია!...

მეორე დილას შვიდის ნახევარზე პლაჟზე იყო თეონა. სწრაფად გაიხადა ტანზე, ლასტები ამოიცვა და ჩვეულ სიშორეზე კიდევ უფრო ღრმად შევიდა წყალში. პრაქტიკულად აღარც ჩანდა.... მის პოვნას თვალით  მხოლოდ იმ შემთხვევაში შესძლებდი, თუ გეცოდინებოდა, რომ ის ნამდვილად წყალში იყო შესული.... და დაახლოებით მაინც საით შეეძლო გაეცურა.
წყალზე გაწვა და თვალები დახუჭა.
ფიქრებს მისცა თავი...

გუშინდელ საღამოზე ფიქრობდა...
ფიქრობდა გოგაზე...
ფიქრობდა ანდროზე...
ფიქრობდა თავის განვლილ ცხოვრებაზე...
ჰმმმმ, 21 წლის ასაკში რამდენი დაუგროვდა ცხოვრების “შავი ფურცელი”!
ან იქნებ, სულაც არ არის შავი? ხო, რატოა შავი?
რა დანაშაული მიუძღვის ვისამე მიმართ?
ვის რა დაუშავა?
სწორედაც რომ აქეთ უშავებდა ყველა!

“ანდრო რაღამ მოიყვანა გუშინ?
თითქოს და ჩემს გამოსაფხიზლებლად, - “დაფიქრდი, თეონა, გოგა შენი მეგობარია, მაგრამ... ის რასაც ჩემს მიმართ გრძნობ, მასთან არ გაკავშირებსო?!”
კიდევ კარგი, გოგას არ ესმოდა, რას მეუბნებოდა ანდრო... დაიცა, როგორ მითხრა?

- რა მოიფიქრე, თეონა, მომყვები ცოლად?
- ვერა... გოგას მივყვები...
- თვალებში გეტყობა, რომ მოგწონვარ... უბრალო შეხებითაც კი ვგრძნობ, რომ გინდივარ და... მაინც უარს ამბობ ჩემზე... მიზეზი, თეონა?
- გოგას ვუყვარვარ, ანდრო...
- აი, მანდ ვარ მეც! გოგას უყვარხარ! შენ ვის არ უყვარხარ, ის მაჩვენე! მაგრამ შენ ვინ გიყვარს, თეონა?
- არ ვიცი... 
- შემომხედე... რატომ მალავ თვალებს?
- დავიღალე, ანდრო...
- არა, ნუ მეტყვი, რომ ცეკვით დაიღალე! არ გვიცეკვია იმდენი, რომ დაიღალო... ასწიე თავი და შემომხედე...
- რა გინდა? – თეონამ თავი ასწია, ანდროს შეხედა და... კინაღამ გული წაუვიდა, ისე შეეკუმშა გული...

ხო, ეს იყო ის მამაკაცი, რომელიც...
რა, რომელიც?
უნდოდა?
თეონამ არ იცოდა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობა!
მამაკაცი, რომელიც იზიდავდა, აბრუებდა, გულისცემას უხშირებდა და სუნთქვას უჩერებდა... მასთან სიახლოვის დროს გონებას ვეღარ იმორჩილებდა, ხახაში ხანძარი უჩნდებოდა და ეს ხანძარი ბუგავდა თმის ღერიდან და ფეხის ფრჩხილამდე!

თეონამ გოგას მოხედა და გაუღიმა...
კიდევ კარგი, შორიდან, თანაც სინათლის იმ ციმციმა ფერების ფონზე გოგა ვერ შეამჩნევდა, რა საცოდავი ღიმილი აღბეჭდვოდა სახეზე...
“გოგა, ნუ მიყურებ ასეთი თვალებთ!”- გულში ევედრებოდა თეონა.

- თეონა, მომხედე-მეთქი... სადაც აქ მოგაგენი, ქვეყნის დასალიერს მოგაგნებ!
- რა გინდა?
- “რა” არა, “ვინ”! თბილისში გაგიცანი, მოსკოვში გიპოვე, გაგრაში გამომექეცი და აქაც გიპოვე... იცოდე, ვერსად გამექცევი... შენმა დანახვამ ჯერ კიდევ იქ, მოსკოვში, გულ-ღვიძლი ამომიტრიალა... გერმანიაში, გასტროლების დროს, კინაღამ კონცერტი ჩავშალე, - უკან მინდოდა დაბრუნება!
- რატომ?
- რა სისულელეს მეკითხები? იმიტომ, რომ ჩემს ყოველ უჯრედში ჩასახლდი... ჩასახლდი ისე, რომ ჩემთვის არაფერი გიკითხავს... შემიყვარდი ისე, რომ არ ვიცი, რა მოვუხერხო საკუთარ გრძნობებს!
- გოგას ვერ გავწირავ...
- და ამიტომ შენს თავს სწირავ? როგორ უნდა იცხოვრო ადამიანთან, რომელიც არ გიყვარს?
- მე მიყვარს გოგა, მხოლოდ...
- მხოლოდ?
- ხო, მხოლოდ... ის ჩემი საუკეთესო მეგობარია და... ვიცი, ის არასოდეს მიღალატებს, არასოდეს მიმატოვებს... ყველაფერს გამიგებს და გვერდში დამიდგება...
- და რატომ გგონია, რომ იმავეს ვერ გავაკეთებ მეც?...
- შენ მე არ მიცნობ!
- იქნებ გიცნობ?
- არა! შენ მე არ მიცნობ! არაფერი იცი ჩემს შესახებ...
- რა, რომ გათხოვილი იყავი ერთი თვე? რომ წამოხვედი იქიდან? რომ მანამდე სხვა გიყვარდა? რომ კიდევ უყვარდი ვიღაცას, რომელიც მოკვდა? რა უნდა ვიცოდე კიდევ, მითხარი!
- ანდრო... შენ ეს საიდან იცი?! – გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა თეონას.
- თბილისი პატარაა, თეონა! მითხრეს!...
- მერე?
- რა “მერე”? ჩამოვედი, რომ მეთქვა შენთვის, “მე ყველაფერი ვიცი, ჩემთვის არაფერს აქვს მნიშვნელობა, გარდა ერთისა, - მე შენ მიყვარხარ...” და უცებ... უცებ აქ მხვდება ეს ვიღაც 22-23 წლის ბიჭუშკა, რომელსაც, თურმე, უყვარხარ!... და შენც იმიტომ ეუბნები თანხმობას, რომ შენ  მ ა ს  უყვარხარ! წამო, წავიდეთ აქედან!
- ანდრო, მაგიჟებ ახლა...
- რატომ გაგიჟებ? გოგა ინერვიულებს? Велика беда!
- ნუ მეუბნები მასე!
- აბა როგორ გითხრა?!... ნერვიულობ გოგაზე? კარგი, ჩემს თავზე ავიღებ ყველა დარტყმას: ხომ მოგიტაცეს ერთხელ? ახლაც “მოგიტაცებ”...  ისე წავიდეთ, არავის არაფერი ვუთხრათ... და მერე თავსაც გაიმართლებ, - “ძალით წამიყვანაო”...
- ანდრო, ცოდო ვარ...
- მაშინ უფრო ცოდო იქნები, თუ მეორედაც უსიყვარულოდ გათხოვდები!
- გოგა... სად მიდის ნეტავ? გარეთ გადის...
- ჰოდა, ძალიან კარგი! ხელს აღარ შემიშლის თავისი ხბოს თვალებით აქეთ ყურებით!
- ღმერთო, მიშველე!
- შენი ღმერთი ახლა შენშია! შენ უნდა უშველო შენს თავს! არ გინდა აქ ყოფნა? მოსკოვში წავიდეთ... დედაჩემის ბინა ჩემს სახელზეა გაფორმებული... იქ ვიცხოვროთ! გინდა უკრაინაში დავსახლდეთ? ბებიას ძმა ცხოვრობს იქ, უშვილ-ძირო...  იქაც შეგვიძლია ცხოვრება... გერმანიაში წავიდეთ...
- იქაც გყავს ვინმე?
- არა, გერმანიიდან მიწვევა მივიღეთ სამმა... ჩვენი ანსამბლიდან. გინდა, ჩვენი  ანსამბლის სოლისტი იყავი... შენი ხმის პატრონს, არ გაგიჭირდება...
- თვლი, რომ კარგად ვმღერი? – გაეღიმა თეონას.
- მაღალი და ძლიერი ხმა გაქვს... და არაჩვეულებრივი სმენა! ამას, როგორც პროფესიონალი, ისე გეუბნები... იმ დღეს 2-2 წუთში – სიმღერები დავსვით...
- ხო, კარგად გამოვიდა... და ანსამბლში...
- სიტყვას ბანზე ნუ მიგდებ! მომყვები? თუ მართლა ძალით უნდა წამაყვანინო თავი?... 5 დღეს გაძლევ მოსაფიქრებლად!... მე სულ აქ ვარ, იცოდე! სულ გხედავ, ისე, რომ შენ აზრზეც ვერ მოხვალ!
- და მერე? რა იქნება მერე?
- მერე მოხდება ის... რაც... ნუ მათქმევინებ... ჯერ 5 დღე გაქვს წინ!

ანდრომ თეონა თავის მაგიდასთან მიაცილა და ისევ უთხრა:
- 5 დღე, თეონა!

მერე ის იყო, რომ თეონაც გარეთ გავარდა, რათა გოგა მოეძებნა...
დარბაზიდან გასვლის წინ ანდროს გახედა... და მიხვდა, რომ ახლა, ამ წუთას უნდა მიეღო რაღაც გადაწყვეტილება: გოგა თუ ანდრო?
სიყვარული და მეგობრობა თუ სიყვარული და ვნება?!

მიიღო გადაწყვეტილება... გოგას უთხრა, - “მოგყვებიო”...
და ის უცნაური ფრაზებიც თქვა...
რა “თაია”?
რომელი “უცხო პლანეტა”?
რას მიედ-მოედებოდა?
გააგიჟა ბიჭი, “უცხო პლანეტის კანონებით დავქორწინდითო”...
რომ მობრუნებულიყო და ეთქვა, - “ხომ დავქორწინდით? ჰოდა, სრული უფლება მაქვს, სახლში წაგიყვანოო?” -  რა უნდა გექნა მერე, შე უბედურო?


თავის თავზე გაბრაზდა თეონა და თვალები გაახილა, - მზე კარგად ამოსულიყო...
ღრმად ჩაყვინთა წყალში. ესიამოვნა.
ზღვის გრიგილი წყალი გახურებულ სახესა და მკერდზე მიელამუნა.
მაქსიმალურად დიდხანს დაჰყო წყლის სიღრმეში... გაძლებამდე... ლამის, ფილტვების დასკდომამდე!...
ზღვის ზედაპირზე ამოცურდა... ძლივს სუნთქავდა...

“კიდევ ერთი ასეთი ჩაყვინთვა და... გინდა გოგამ მომძებნოს მერე ზღვის ფსკერზე და გინდა ანდრომ!...
ღმერთო, როგორ დავიღალე!
დედა და მამა რომ არ მეცოდებოდეს... და კიდევ ნინუცა... და ბებოც... ნაღდად ჩავყვინთავდი და აღარც ამოვიდოდი აქედან! იხტიანდრივით... სულ ზღვაში დავრჩებოდი!!
მაგრამ, ჩემი ბედის ამბავი რომ ვიცი, რომელიმე დელფინი ან ზვიგენი მთხოვდა ცოლობას... და აჩინე მერე დელფინუშკები და ზვიგენუშკები, თეონა!...
უუუფ, მოვინდომე მეც წყნარი ოკეანის ფსკერი!... რა უნდათ შავ ზღვაში ზვიგენებს?... ეეეჰ, ან მე რა მინდა ზღვაში? ტოჟე მნე, რააა!
რამ შემომიყვანა ამ სიღრმეში? არ გინდა აქედან გასვლა? არ იქნებოდა ახლა მადლი ერთი კატერი? ან, ჯანდაბას, გასაბერი ნავი მაინც, თავისი მენავეთი!
ეეჰ, სადაა ნავი და კაი ცხოვრება?
გადი თეონა, ზღვიდან! ნელ-ნელა მიყევი და გადი!”

მართლაც ნელა დაიძრა ნაპირისკენ.
არა, დაღლილი არ იყო, მაგრამ გულის მიდამოებში გრძნობდა სიმძიმეს... თითქოს რაღაც უხილავმა ხელმა სტაცა ხელი გულზე და ახლა ლიმონივით უნდოდა მისი გამოწურვა, სისხლისგან დაცლა...
თეონამ გულზე იტაცა ხელი...
სტკიოდა... ძალიან სტკიოდა...
მერე ამ ძალამ ყელში სტაცა ხელი და მააგრად მოუჭირა.
იხრჩობოდა... წყალი კი არა, ჰაერი ახრჩობდა!
ვეღარ სუნთქავდა. ნაპირზე ამოგდებული და უწყლოდ დარჩენილი თევზივით უმწეოდ აღებდა პირს...

“მე ხომ “იხტიანდრობა” ვინატრე?!” – გაუელვა ნახევრად დაბინდულ გონებაში...

“არა, მამაააა! არ მინდა იხტიანდრობა! არ მინდა ვიყო ადამიანი-ამფიბიაააა! ჩვეულებრივი ადამიანი მინდა ვიყოოოო! მიშველე, მააააა-მააააა!” – უხმოდ, მხოლოდ ტუჩების მოძრაობით ყვიროდა თეონა და...

მიხვდა, რომ ერთადერთი ხსნა ახლა ჩაყვინთვა იყო!
ფილტვები მაქსიმალურად გაივსო ჰაერით და სიღრმისკენ წავიდა.



(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს