ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
29 აგვისტო, 2009


თავი 49. “ანდრომედაგოგაშენ” ("გაცვლა")

ვიდრე გოგა და ანდრო თეონას ნომერში აიყვანდნენ, ნინუცა სახლში გავარდა და დედას შეატყობინა მომხდარის შესახებ...
თინა სადილს ამზადებდა, მაგრამ რაღა ესადილებოდა? – გიჟივით გამოვარდა სახლიდან და პლაჟისკენ გაიქცა.
ნინუცა უკან გაეკიდა.

გური და ლევანი – დაბლა ელოდებოდნენ, სანატორიუმის კიბეებთან.
- სად არიან? სასწრაფოს გამოუძახეთ? – იკითხა სირბილისგან სახეალანძულმა თინამ, - რომელ ოთახში აიყვანეს?
- 317-ში... არ დასჭირდა სასწრაფო... კარგად არის... წყალი ნაყლაპიც კი არ ჰქონდა. უბრალოდ, შორს შევიდა და დაიღალა, ვეღარ გამოდიოდა... – იცრუა გურიმ, თინა რომ კიდევ უფრო მეტად არ შეეშინებინა.
- ბიჭებმა ნავით მიაკითხეს და წამოიყვანეს... ეს იყო და ეს! – დაუდასტურა ლევანმაც.
- აბა ნინუცამ რომ მითხრა, “იხრჩობოდაო”? მატყუებთ!... მაჩვენეთ თეონა!
- ავიდეთ, - ბიჭები ლიფტისკენ გაუძღვნენ დედა-შვილს.

ოთახში შესულ თინას თეონა გასწორებულ ლოგინზე ზევიდან დაწოლილი და ჩაძინებული დახვდა. თხელი პირსახოცის ადიალა წაეფარებინათ მისთვის.
ბალიშზე მისი ოქროსფერი დალალები მიმოფანტულიყო.
საწოლის გვერდით მდგარ სკამზე მაღალი და ძალიან სიმპატიური ბიჭი იჯდა და ჩაძინებული თეონას ხელი ეჭირა.
სავარძელში – გოგა იჯდა და თვალს არ აშორებდა თეონასა და იმ ვაჟს.

ანდრომ უცხო ქალბატონის დანახვაზე წამოიწია და ხელის გამონთავისუფლება სცადა, მაგრამ თეონამ მაშინვე შეწუხებულმა ამოიკვნესა და ხელი მოუჭირა ანდროს.
გოგა – ფეხზე წამოხტა თინას დანახვაზე და გვერდით დაუდგა.

- როგორ არის ახლა? – ჩუმი ხმით იკითხა თინამ. - გოგა, შენ მითხარი, როგორ მოხდა ყველაფერი!
- მე ვერ მოგიყვებით, ანდრომ ნახა ეს ყველაფერი... იმან გამოიყვანა...
- მართლა იხრჩობოდა?
- არა... მაგრამ შორს იყო ძალიან და ძალები ვერ მოზომა. – დაიჩურჩულა ანდრომ.
- არ არსებობს! თეონას 9 საათი და მეტიც შეუძლია წყალში ყოფნა გარეთ გამოსვლის გარეშე... – იყვირა აქამდე ჩუმად მდგარმა ნინუცამ.
- არ გეწინააღმდეგები, ნინ... მე იმას ვამბობ, რაც ვნახე, - თეონა ძალაგამოცლილი იყო. მაგრამ წყალი არ ჰქონდა ნაყლაპი... ანუ ბოლო მომენტამდე აკონტროლებდა თავს და იმ ბოლო მომენტში მივუსწარით ჩვენც.
- რას ქვია “ბოლო მომენტში?!” გამაგებინეთ, რა ხდება?! შეიძლება დამხრჩვალიყო?
- არაფერია, ქალბატონო თინა! “შეიძლება”-ზე  ნუ ვილაპარაკებთ! შეიძლება საღ-სალამათ ადამიანს დაეჯახოს მანქანა და მოკლას. ამის გამო ეს პიროვნება ქუჩაში აღარ გავიდეს?
- ანდრო, სად ხარ? – ძილში იკითხა თეონამ.
- აქ ვარ, თეონა... აქ ვარ, ჩემო პატარა...
- არ... დამტოვო... – ჩაიჩურჩულა და ძილი გააგრძელა.
- არა... არასოდეს დაგტოვებ!... – ანდრომ თეონას ხელი ტუჩებთან მიიტანა და ფრთხილად აკოცა, - ჩუუუუ....

გურიმ და ლევანმა ოთახი დატოვეს.
გოგა მიხვდა, რომ ისიც ზედმეტი იყო აქ. მაგრამ როგორი მძიმე იყო გოგასთვის ამის აღიარება?! თუნდაც მხოლოდ მის გულში აღიარება... დამარცხებისა!...
თეონა ამბობდა იმას, რასაც ფიქრობდა... ისე, რომ გონებას არ ატანდა ძალას!

და სასწორის პინა ანდროს მხარეს გადაიხარა.

გოგა სწრაფად მოსწყდა ადგილს და ბიჭებს დაეწია.
- ბიჭებო, წავიდეთ სადმე... ახლა რომ არ დავლიო, გავაფრენ!
- წამო, ნინუცაც წავიყვანოთ?!... – საწყალი თვალებით შეხედა გურიმ.
- არა... უნდა ჩავთვრე! და ნინუცასთან უხერხულად მომიწევს ყოფნა!
- მაშინ სწორედ რომ უნდა წავიყვანოთ! – გადაულაპარაკა ლევანმა გურის, - იცი რა, გოგა? ნუ იქნები ეგოისტი... შენ თუ თეონა გიყვარს, გურის ნინუცა მოეწონა!... ხოდა შედი მის მდგომარეობაში... გური, მიდი, დაუძახე...
- ახლავე... – გური ოთახში შებრუნდა და მალე გამოვიდა ნინუცასთან ერთად.
- წავედით!... საჭესთან მე დავჯდები, - ლევანმა გასაღები გამოართვა გოგას და მანქანისკენ წავიდა.

ლევანი ყველაზე გამოცდილი მძღოლი იყო მეგობრებს შორის.
ნინუცა წინ დასვეს, გოგა და გური – უკან მოთავსდნენ...
- საით მივდივართ? – იკითხა ლევანმა და ძრავა ჩართო.
- რიცაზე, მაგის დედაც ვატირე...
- მერე და თეონა? – გაუკვირდა ნინუცას.
- რა “თეონა”, ნინუცა? სადაა თეონა?!... ვერ ნახე? ანდროს ხელი ჰქონდა ჩაბღუჯული და ძილშიც ანდრო აბოდებდა!... – გოგამ რამდენჯერმე ისეთი ძალით დასცხო მუშტები მანქანის საზურგეს, რომ ნინუცა შიშით მოიბუზა, ლევანმა კი მანქანა გააჩერა.
- რატო გაჩერდი? – იყვირა გოგამ.
- ჩვენ რიცაზე დროის გასატარებლად მივდივართ თუ ამ გოგოს შესაშინებლად? სირცხვილია, გოგა!... არ გეკადრება, რასაც აკეთებ!
- ყოველთვის მე რატომ უნდა დავთმო, ლევან, რატომ?
- იმიტომ რომ... ნინუცა, მაპატიე... იმიტომ რომ უტრაკო ხარ!
- რა თქვი? – თითქოს ცივი წყალი გადაასხესო, ისე შეხტა გოგა... – რა მითხარი ეს, ლევან?!
- ნუ გამამეორებინებ... გოგო გვიზის მანქანაში! – სრულიად წყნარი ხმით თქვა ლევანმა. – მე მანქანას ვაბრუნებ... ასეთს მე შენ რიცაზე ვერ წაგიყვან... რიცა ღრმა ტბაა და რომ გადახტე, მე ვერ ამოგიყვან!
- ოოოჰჰჰჰ! – ისე ამოიოხრა გოგამ, გეგონებოდათ გულიც ამოაყოლაო და თავი საზურგეზე გადააგდო.
- კარგი, ბიჭო... ნუ გადარიე ეს გოგო... – თქვა გურიმაც და გოგას ბეჭებზე დაჰკრა ხელი. – აქ ვართ ჩვენც, შენთან!!!

მანქანა კვლავ გაგრის მიმართულებით მიჰქროდა.
- წამო, ჩემთან ავიდეთ, სახლში... – შესთავაზა ნინუცამ.

გური და ლევანი მომენტალურად დათანხმდნენ. არც გოგა წასულა წინააღმდეგი. იფიქრა, “ქ-ნი თინა თეონას სახლში მოაყვანინებდაო”... ანდროს გარეშე უნდოდა თეონას დანახვა.

გარეთ ძალიან ცხელოდა უკვე. ფანჯრებიდან ცხელი ქარი იჭრებოდა მანქანაში და სუნთვას აძნელებდა.
სახლში მხოლოდ ბებია დახვდათ.
- ბეე, დედა და თეონა სად არიან? - თვალები გაუფართოვდა ნინუცას... – არ მოსულან ჯერ?
- არა... და ასე გამოყრუებულად ვზივარ აქ, არაფერი ვიცი, რა ხდება! – ცრემლები წამოუვიდა ბებიას.
- თეონას არაფერი დაემართება, ბებო, ნუ ნერვიულობ... – გურიმ ხელი მოხვია სათნო მოხუცს და სკამი გამოუწია, - დაბრძანდით... აქ, ჩვენთან დაბრძანდით...
- მე ახლავე მოვალ, - თქვა ლევანმა და კიბეზე სირბილით დაეშვა.
- სად წავიდა?
- სანატორიუმში... ნახავს, რა ხდება იქ.

ლევანმა ლიფტს არ დაუცადა, ფეხით აირბინა კიბეზე.
№ 317 კართან შედგა და ფრთხილად დააკაკუნა.
მაშინვე გაუღო თინამ.
ანდრო ისევ ლოგინთან იჯდა, თეონას გვერდით და მისი ხელი ეჭირა. უფრო სწორად კი, - თეონა იყო ჩაფრენილი ანდროს ხელს...
ოთახში ცხელოდა.
“საოცარია, როგორი სინაზით ეპყრობა... დავიჯერო, ყოველთვის ასეთი იქნება? თან რა სიმპატიური ბიჭია... და როგორ უხდებიან ერთმანეთს!... ღმერთო, რა მეშველებოდა, ამ ანდროს რომ არ დაენახა ეს ყველაფერი?!” – ფიქრობდა თინა და მძიმედ ოხრავდა.

ანდრო თავისუფალი ხელით ოფლის მსხვილ წვეთებს წმენდდა შუბლიდან და ყელიდან თეონას პატარა თეთრი პირსახოცით...
უეცრად ანდრომ შეჰყვირა, - მის წინ ის ქალი აღიმართა, რომელიც ზღვაში დაინახა, გამჭვირვალე, ოქროსფერ ნათებაში გახვეული...
ანდრო ფეხზე წამოხტა.
- ხმა არ ამოიღო, ანდრო!... შენს გარდა ვერავინ მხედავს... არც დაგიჯერებენ, რომ თქვა “ვნახეო”... ამიტომ ჩუმად იყავი და მისმინე!
- გისმენ... – თქვა და გაჩუმდა...
- არა, ანდრო, არაფერი მითქვამს... აივანზე გავალთ ცოტა ხნით! – თინა ზღვისკენ გამავალ ფართო აივანზე გავიდა ლევანთან ერთად და სავარძელში ჩაჯდა... ლევანი გვერდით მიუჯდა.

- ანდრო, მე  თ ა ი ა  ვარ! ყველას თეონა ვგონივარ, მაგრამ... მე თაია ვარ! დღეს პირველად და უკანასკნელად მომეცემა შენთან ლაპარაკის უფლება! დღეიდან, ჩემს ნახვას მხოლოდ 20 წლის შემდეგ შესძლებ! შენ შენი მისიით ხარ დედამიწაზე, ამიტომაც მომცეს შენთან დალაპარაკების უფლება! მეც ჩემი მისია მაქვს... ეს უსულო სხეული, რომლის ხელიც ხელთ გიპყრია, თეონას ეკუთვნის! თეონა სული – მამასთან არის, ზევით! ისიც თავის მისიას შეასრულებს 20 წლის შემდეგ! გეაზე ყოფნის 19 წელი მაქვს დარჩენილი! მამის სურვილი იყო ასეთი... მზად ხარ იმისთვის, რომ 20 წლის შემდეგ შევხვდეთ და აღარასოდეს დავცილდეთ? თუ დღეიდან 19 წელი გირჩევნია “ჩემს” გვერდით ყოფნა და შემდეგ ჩემთან სამუდამოდ დაცილება? არჩევანი შენთვის მომინდვია... ნუ იყვირებ, ძალიან ჩუმად თქვი და გავიგებ!
- სამუდამოდ შენთან... – ცივი ოფლით დაიცვარა ანდროს მაღალი და ლამაზი შუბლი.
- მაგრამ 20 წლის შემდეგ!...
- ჰო, თუნდაც 20 წლის შემდეგ! მე შენ ვეღარ დაგკარგავ!... ულამაზესი ხარ, თაია! – ჩურჩულებდა ანდრო და ეგონა, გონებას ვკარგავო...
- მე უნდა დაგტოვო! მშვიდობით... ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს!
- ეს აუცილებელია? შენთან დაცილება სიკვდილის ტოლფასია, თაია!...
- ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს... ჯერ არ ვიცი, სად, მაგრამ.... აუცილებლად მნახავ! მანამდე კი – სადმე ნახავ უსტარს, შენთვის გამოგზავნილს, ხელმოწერილს: თაია!...
- ხანდახან მაინც მოხვალ ჩემთან?
- როცა ძალიან დაგჭირდები, ვიგრძნობ და მოვალ... მაგრამ მხოლოდ ძაააალიან როცა დაგჭირდები, და არა როცა შენ მოგინდება ჩემი ნახვა! მანამდე კი, ყოველთვის შეგიძლია დამელაპარაკო... თეონას ნახვა სულ არ იქნება ამისთვის საჭირო, ისე, ჩუმად დამელაპარაკე და თუ პასუხს, უცებ, გონებაში გაგცემს ვიღაც, - ეს მე ვიქნები!... ახლა კი – მშვიდობით... 20 წლით!... – თაია დაიხარა, ანდროს ბაგეს შეეხო ბაგეებით და... გაქრა!

გაოგნებული, დაბნეული ანდრო ოთახში უაზროდ აცეცებდა თვალებს თაიას ხელახალი ნახვის იმედით, - სულ ამაოდ...
ოთახში აღარავინ იყო... ლოგინზე მწოლი თეონას გარდა.

“ვინ იყო ეს თაია? რატომ მითხრა, შენს გარდა ვერავინ მხედავსო? და რატომ მე?... ღმერთო, რა საოცარია! ასეთი სიცხადით ადამიანი ვერ მაკოცებდა. ასე რეალურად ჯერ ადამიანი არ... უუუხ... ვერც კი ვამბობ ამ სიტყვას! ან რატომ ვერ ვამბობ? ასე რეალურად ჯერ ადამიანი არ შემყვარებია!...”

ანდრო დაიხარა, თეონას მზრუნველად გაუსწორა გადაფარებული პირსახოცი. საწოლზე ჩამოუჯდა და ფრთხილად ჩამოაყოლა ხელი თეონას ოსტატის საჭრეთელით ნაკვეთ ტანს... სული ყელში მოებჯინა. მის ხელს წაეტანა ისევ და ფრთხილად აკოცა ცვილისფერ თითებზე.
“თეონა... შენ სად ხარ, თეონა? ან ვინ არის შენს სხეულში? რატომ, ღმერთო, რატომ? შენზე უარი უნდა ვთქვა და... რატომ? იმიტომ, რომ ვიღაც გამომეცხადა? “თუ თეონას აირჩევ, მხოლოდ 19 წლითო”? შენს გვერდით, თეონა, 19 წელი კი არა, 19 თვეც კი ბედნიერი ვიქნებოდი!... ღმერთო, როგორ ამირია ტვინი ამ ქალმა?! “მისიაო”... რა მისია მაქვს მე? ან რატომ?... განა ვინ ვარ ასეთი? შენ ნუ გადამრევ, ღმერთო!... რამით მაინც მიმანიშნე, რა უნდა ვქნა? მითხარი, რამეეეე! მმმმმმმმმ!!!!! – რაღაც ზმუილისმაგვარი აღმოხდა ანდროს, ძლივს შეიკავა თავი, რომ არ ეტირა...

ამის გაფიქრებაც კი ვერ მოასწრო ბოლომდე, რომ კარი გაიღო და გოგა ყვირილით შემოვარდა ოთახში:
- მე შენ არ დაგითმობ თეონას!... თეონას მე ვუყვარვარ! და შენ თუ მოგიკითხა, იქვე მომიკითხა მეც!
- გოგა, სად ხარ, გოგა?! – გაისმა თეონას ხმა.

ორივემ მას მიხედა. 
თეონამ ხელი გაიწვდინა გოგასკენ.
გოგა მეორე მხრიდან ჩამოუჯდა თეონას და მისი მარცხენა ხელი თითებით გადააჯაჭვა თავის მარჯვენას...
- დამაბარეს, “ანდრომედაგოგაშენო”...  ანდრომედა...
- რა ანდრომედა, თეონა? ანდრომედა, - გალაქტიკაა კოსმოსში! – თქვა ანდრომ და...

უცებ დაარტყა თავში: ამას თაია ეუბნება თეონას “ანდრო - მე და გოგა – შენო”...  ეს ღმერთის დასტური იყო!

- გოგა, წამიყვანე სახლში? შენთან მინდა...
- წამოდი, თეე... წამოდი, ჩემო სიხარულო! ადექი აქედან... – გოგამ მეორე ხელიც ჩაჰკიდა თეონას და წამოდგომაში მიეხმარა.
- თეონა, როგორ ხარ ახლა? – ჰკითხა ანდრომ და საცოდავი თვალებით შეხედა თეონას.
- კარგად... მაგრამ სახლში მინდა... გოგასთან... – თეონა საწოლიდან გადმოვიდა... საოცრად სუსტად გრძნობდა თავს. სველი საბანაო კოსტუმი ზედვე შეშრობოდა. სქელი თმაც, თითქმის, მშრალი ჰქონდა უკვე... არაამქვეყნიურ ფერიას ჰგავდა თეონა, რომელსაც თანდათან უბრუნდებოდა ფერი.
- გაიმეორე, თეეე... – გოგამ გულში ჩაიკრა თეონა. თან კი ცდილობდა, ანდროს თვალისთვის მოერიდებინა თეონას ნახევრადსიშიშვლე.
- რა გავიმეორო? შენ მიყვარხარ... არ მინდა სხვა... მე და შენ – ერთი სული გვაქვს, გოგა! ორად გახლეჩილი ერთი სული!
- უი, გაიღვიძე, დედიკო? – თინაც შემოვიდა ოთახში და თეონას ტანსაცმელი მიაწოდა.
- ქალბატონო თინა... მე და თეონას ერთმანეთი გვიყვარს და აი აქვე, სახალხოდ, ყველას თვალწინ გთხოვთ მის ხელს! – გოგას ხელი არ გაუშვია თეონასთვის, ისე შემოახვია ქვედაბოლო და ის უცნაური ბლუზაც მოაცვა.
- გოგა, ცოტა უცნაური ადგილი ხომ არ შეარჩიე ამის სათქმელად? – უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა თინა.
- რატოა უცნაური ადგილი? ან რა მნიშვნელობა აქვს ადგილს?... თქვენ ხომ ხართ თანახმა?!
- მე თანახმა ვარ, გოგა, ნამდვილად ვარ... მაგრამ, აი, მამამისი რას იტყვის!
- დედა, მთავარია, მე რას ვიტყვი! მე ვთხოვდები, მამა ხომ არა? და თანაც, გოგას ყველანი იცნობთ! მე თანახმა ვარ, გოგა! ახლა კი - სახლში წავიდეთ!

გოგამ კარისკენ წაიყვანა თეონა.
- მაპატიეთ, ორი წუთით გადით... ანდროსთან რაღაც დამაბარეს და ყველას თანდასწრებით ვერ ვეტყვი... – თქვა თეონამ და გოგას ხელი გააშვებინა, - ორი წუთი მხოლოდ!
- აქვე, კართან ვიქნები, თეეე...

ყველანი გარეთ გავიდნენ. თინა კიბისკენ წავიდა, გოგა კი კართან აიტუზა. ლევანიც მის გვერდით დარჩა.

- ანდრო, თაიამ შემოგითვალა, პირობა არ დაივიწყოო... და კიდევ, ცუდად ნუ გამიგებ... მთხოვა ჩემი სახელით აკოცეო...
- თეონა, მე...
- ჩუუუ... მხოლოდ თაიას დავალება უნდა შევასრულო, - თეონა მიუახლოვდა, თითის წვერებზე აიწია და ლოყაზე აკოცა.
- ასეთი კოცნა დაგაბარა თაიამ? არ მომატყუო, თეონა...
- არა, ასეთი არა, მაგრამ... ვერ გავბედე... – თეონამ თავი დახარა.
- მაშინ მე გავბედავ... ეს ხომ ჩემი უკანასკნელი კოცნა იქნება?! – ანდრომ თავი ააწევინა თეონას და ძალიან მაგრად აკოცა ტუჩებში.

თეონა არ შეწინააღმდეგებია... და ანდრომ დაინახა, როგორ დაგორდა მისი დახუჭული თვალებიდან ორად ორი ცრემლი.
- მშვიდობით ანდრო... – თქვა თეონამ ვერცხლის ზანზალაკებიანი ხმით და ჩამუქებული თვალებით.
- ნახვამდის, თაია! 20 წლის შემდეგ ნახვამდის!... – ანდრომ კიდევ ერთხელ აკოცა თეონას და ხელები ჩამოუშვა.

თეონა სწრაფი ნაბიჯებით გავიდა ოთახიდან და გოგა სირბილით წაიყვანა კიბეებისკენ.  ლევანიც მათ მიჰყვა კუდში.


* * *

- გოგაა, გუშინ რომ რიცაზე მივდიოდით? – შესცინა თეონამ გოგას.
- გუშინ არა, თეეე, დღეს...
- უი, დღე არ გასულა ჯერ? რომელი საათია?
- 12.30 ხდება.
- ვერ მოვასწრებთ წასვლას? ისე მინდოდა რიცაზე... ეეეჰ, რას ვიზამ, აბა?
- გინდოდა და წავიდეთ... სად ხედავ პრობლემას? შენ ოღონდ მითხარი, რა გესიამოვნება და...
- რიცა!
- ხოდა, ესე იგი მივდივართ! წამო, გური და ნინუცა წამოვიყვანოთ და წავედით!

სულ რაღაც 15 წუთში მათი მანქანა რიცისკენ მიქროდა. მანქანას – გოგა მართავდა. გვერდით თეონა ეჯდა და უკან – ლევანი, ნინუცა და გური.

დღის 2 საათი ხდებოდა, როცა რიცის ტბასთან ავიდნენ. ხუთივე მოშიებული იყო. ვიდრე გლისერებამდე მივიდოდნენ, ჯერ რესტორანში შევიდნენ და შემწვარი კალმახი შეუკვეთეს. ვიდრე კალმახი შეიწვებოდა, გლისერში ჩასაჯდომად რიგიც დაიკავეს.

ასე გემრიელად ჯერ არცერთს უსადილია, ალბათ!
სულ ორი დღის გაცნობილები, - გური და ნინუცა თვალებში შესციცინებდნენ ერთმანეთს.
გოგა და თეონა ხომ – ბედნიერებისგან ბრწყინავდნენ...

ლევანი გოგონების თვალებს აკვირდებოდა.
“ნეტა რომლის თვალები უფრო ლამაზია? თეონას თვალებში რიცის ტბის სიღრმე მოსჩანს, ნინუცას თვალებში კი – ტბის ირგვლივ აზიდული ტყე ირეკლება. ეეეჰ, ლევან... დაგასწრო გურიმ!... გოგა და თეონა ხომ კარგი წყვილია, არა? ნინუცა და გურიც უხდებიან ერთმანეთს!.. რა მათქმევინებს, თორემ, ანდრო და თეონა რომ წყვილი იყო? - ეგეთი, ძმაო, საერთოდ არც იარსებებს ალბათ!... ღმერთმა ბედნიერი გამყოფოს, გოგა... მხოლოდ მიხარია შენი ბედნიერება, მაგრამ... აუუუ, რა ძნელი იქნება ასეთი ქალის ქმრობა? ყველას რომ შენი ცოლისკენ ექნება თვალი?! არა, არ მინდა!... ჩვეულებრივი, ნორმალური ცოლი მინდა, სახლში რომ მშვიდად მივიდე – ხოლმე!...  ისე, სიმართლე რომ ვთქვა, ჯერ სულაც არ მინდა ცოლი!”

სადილის შემდეგ გლისერით გაისეირნეს.
რიცის ტბის გრილი ჰაერი სცემდათ სახეში, მაგრამ არად დაგიდევდა არცერთი, - საკუთარი ბედნიერებით თბებოდნენ, ტკბებოდნენ, თვრებოდნენ და ისევ ფხიზლდებოდნენ...

თითქმის 8 ხდებოდა, სახლში რომ დაბრუნდნენ და მაშინვე ზღვისკენ დაეშვნენ.
დედა და ბებია თან გაჰყვნენ გოგონებს.
- ნინუცა, მოგწონს გური? – ჰკითხა თეონამ.
- სიმართლე რომ გითხრა, გარეგნულად ლევანი უფრო მომწონს, მაგრამ... ლევანი ძალიან სერიოზულია... ზედმეტად დაკვირვებული... გური კი – ჩემი ჭკუისაა, მხიარული... ხალისიანი... მასთან ვერ მოიწყენ...
- ასე 2 დღეში დაადგინე ამდენი?
- მაგის დადგენას რად უნდა 2 დღე, თეე? ჯერ კიდევ გუშინ, ცეკვის დროს მივხვდი.
- როგორ?
- სულ ადვილად... როცა პარტნიორი ცდილობს, მხოლოდ წესების დაცვით იცეკვოს, თუმცა – კარგად,  ასეთი პიროვნება ზედმეტად, მოსაბეზრებლად სერიოზულად ეკიდება ყველაფერს. სულ სხვაა, როცა ადამიანი ცდილობს, იცეკვოს და თანაც სულ – იმპროვიზაციით, ასეთი ადამიანი ხალისიანი და გულიანია. ასეთია გური, თეონა!
- და შენი აზრით, როგორია გოგა? მასევე დამიხასიათე, აბა?
- გოგა? გოგა არის შენზე ყურებამდე შეყვარებული ბიჭი, რომელიც შენს იქით ვერავის და ვერაფერს ხედავს!
- ეეეჰ, პირი ქვისკენ მიქნია, მაგრამ... ასეთივე შეყვარებული იყო გივიც... – ამოიოხრა თეონამ.
- კი, იყო... მაგრამ, მოკვდა და... ან რა მისი ბრალია და ან რა შენი?
- და ანდრო?
- ანდრო? ოოოოოოოო! ანდრო შენ არ გამოგადგებოდა, თეონა!
- ვითომ რატომ?
- იმიტომ, რომ ძალიან სიმპატიური ბიჭია!... და მთელი სიცოცხლე ამ ანდროზე ეჭვი შეგჭამდა. ხომ მართალი ვარ?!
- უუუფ, შენ ყველა შენსავით ეჭვიანი გგონია! არაა ჩემში ეჭვი და მომკალი, თუ გინდა!
- არა, თეეე, შენთვის ნაღდად გოგა ჯობია!
- ხოდა, მაგიტომაც მივეცი თანხმობა გოგას! სექტემბერში ქორწილი გვექნება, ნინუცა!
- აბა შენ იცი... მთავარია, სექტემბრამდე არ გადაიფიქრო!
- ვეცდები!...



(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები