ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰა-რა-ლე
ჟანრი: პროზა
4 სექტემბერი, 2009


მონატრებული ქალაქის ფურცლები (დასაწყისი)

  ჩვენი მამა-პაპებისთვის მაშინ დაკარგა ქალაქმა პეწი, ყარაჩოხელი ხელოსანმა რომ შეცვალა, მეარღნე - მუსიკოსმა, დუქანი -რესტორანმა და კიდევ მრავალი ძველქალაქური მუღამი,  თანამედროვე ხედვამ თუ მოთხოვნებმა.
  ჩემთვის, პირველად მაშინ შეიცვალა ქალაქი, სარდაფებიდან ქურთები რომ გამოასახლეს და ახლადმშენებარე გლდანის კორპუსებში ჩაასახლეს.
  არადა, მაგრად უხდებოდა ეს ხალხი, თავიანთი წესით, რიგით თუ ტრადიციებით ქალაქის ძველ უბნებს.
  მარტო მათი ქორწილები რად ღირდა!
  დაკლული ხარი, საგულდაგულოდ დაბანილ-გარეცხილ-გალამაზებული (ცნობა გვიჭირდა) ნეფე-პატარძალი, ეზოში გაშლილი სუფრა, საპატიო სტუმრებისთვის - მეზობლის ,,ზალაში",  ჭრელა-ჭრულებში გამოწყობილი მასპინძელ-მაყარი, პატარძლისთვის თავში ვაშლის სროლა (წესი აქვთ ასეთი), დილამდე ზურნა-დუდუკი და საერთო ფერხულში ჩაბმული ბავშვები, თურმე - ქართველი, იეზიდი, რუს-სომეხ-ებრაელი, რომ ვიყავით და გვიან გავიგეთ.
  ეეჰ, კარგი დრო იყო...
  ძმაკაცი მყავდა, ამ ეთნოსის წარმომადგენელი. ჩიტას ვეძახდით.
  პატარები ვართ, ჯერ სკოლაშიც არ დავდივართ.
  ის დროა, ,,ციგნებსაც" რომ იშვიათად აქვთ ,,ჟუვაჩკები" და ვინმემ საზღვარგარეთითად საჩუქრად თუ ჩამოგიტანა, კაციც ხარ და ქუდიც გხურავს. თავმომწონედ დააბიჯებ ეზოში და წელავ და ბერავ იმათ ჯინაზე, ადრე რომ ჰქონდათ და შენ არ გიწილადეს.
  ერთ დღესაც, ჩემს და ბიძინას საღეჭ რეზინებზე მუდმივად წილში მყოფი ჩიტა მეძახის, ამაყად მიწვდის ,,პედროს" და -
  აჰა, დაიწყე, დამიტოვე - მეუბნება.
  4-5 წლის ვიქნებოდი მაშინ, მაგრამ იმას მაინც მივხვდი,  შანსი - საზღვარგარეთიდან რომელიმე ნათესავს ჩიტასთვის ,,ჟუვაჩკა" ჩამოეტანა, ნულის ტოლი იყო და  არც ბოშებს მისცემდა დედამისი კევში მანეთიანს.
  - საიდან ბიჭო?
  მოკლედ, როგორც ჩემთვის, ისე ჩემი ძმაკაცისთვისაც საღეჭი რეზინი უცხოეთთან ასოცირდებოდა.
  ,,გაარკვია," რომ ,,უცხო ენაზე", ჩამოსულ კაცს - ,,ტურისტი" ერქვა. კევს კი ,,ბუბლიგუმ".
  აეკიდა ქუჩაში უცხოელებს:
  - ტურისტ ბუბლიგუმ! ტურისტ ბუბლიგუმ-ის ძახილით და სანამ არ დასცინცლა, არ მოეშვა.
  - გუშინ 4 ცალი მქონდა. წამომყევი, რასაც ვიშოვი გაგიყოფ.
  წინადადება ისეთი იყო, მე კი არა, ეშმაკს აცდუნებდა. მაგრამ, რად გინდა? ვინ გამიშვებდა ქუჩაში მარტოს?
  სხვა გზა არ იყო და გავიპარე.
  რამდენადაც მახსოვს ეს  ჩემი პირველი დამოუკიდებელი მოგზაურობა იყო უბნის გარეთ.
  ჩიტა, ჩემთან შედარებით ჩამოყალიბებული მაგელანი გახლდათ. ზემელზე და რუსთაველზე კი არა, თბილისის ზღვაზეც არაერთხელ მარტო ნამყოფი.
  უბანს გავცდით თუ არა:
- კურო ვარე! ბიჟო მოდიი! - მოგვესმა ხმა.
  ჩიტას ბებია - ქუბარა, გვეძახდა.
  მივედით.
- ბიჟო, აქ რას გინდა? დედაშენმა ეთერმა ეზო ნახოს, გიჟი არის?! მუსი! მუსი! - ბიჭო, აქ რა გინდა? დედაშენმა - ეთერიმ ეზოში რომ ვერ დაგინახოს, ხომ გაგიჟდა ქალი?! ახლავე მოუსვი სახლში! - ეს ბრძანა, თავისებურად ქუბარა ბებომ.
- გულო! ჰაა, გულო! - გასძახა თავის ქალიშვილს და ჩემი ძმაკაცის დედას, იქვე რომ გვიდა ქუჩას და ჩემი თავი ჩააბარა.
  ეეჰ, ყველა-ყველას იცნობდა. მეეზოვეებმა სულ ზეპირად იცოდნენ ჩვენი ასავალ-დასავალი. ასე ადვილად აითესებოდი უბნიდან?
  მოვიდა გულო. კარგად გამოლანძღა თავის შვილი, კარგადაც აფეთა კინკრიხოში, მე ცოცხით წინ გამიგდო და ასე მიმგვარა დედაჩემს.
  საღამოს ჩიტაც მოვიდა. მე დასჯილი ვიყავი. ფანჯრიდან ,,ჟუვაჩკები" შემომიყარა და მეორე დღისთვის დავთქვით გაპარვა.




    ახლა კი მეჩქარება, მეტს ვეღარ დავწერ და გაგრძელებაც, იმედია მალე იქნება.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები