ნაწარმოებები



ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
5 სექტემბერი, 2009


თუ დავეცემი...

მე ვუბრუნდები მითებს, როგორც სახლს მიტოვებულს
და შუაცეცხლზე იხარშება სექტემბრის მთვარე,
ეზოში ვიღაც ოკრო-ბოკროდ აწვალებს მეგრულს,
და ერეკება ტალახიან ყირმიზა ხარებს...
ტალახისფერი, მოგონებას აცვია ჯუბა,
ჯალამბერივით ხის ტაბაკი ლოდინს აცივებს,
და ატუზული სიმარტოვე კუთხეში ჩუმად
ფიქრებს უსხივო მირაჟებში კვლავ ანაწილებს.
ხალიბანდივით მოხვევია ქონდაქარს გესლი,
და ბოღმას ანთხევს თმის ძირიდან ფეხის თითამდე
მე არიადნეს გორგალივით გავაბი ლექსი
ცის სიმაღლიდან ტალახისფერ ლაბირინთამდე...
მოვდივარ ასე... გზას მივიკვლევ ხელის ცეცებით
სანთელ-საკმეველს სხივგაძარცულ იმედებს ვუკმევ,
ამ დედამიწას არ ავცდები, თუ დავეცემი,
მე ხომ დაცემამ წამოდგომა მასწავლა უკვე...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები