ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
6 სექტემბერი, 2009


თავი 1. პირველი მეგობარი ("შორია დედამიწამდე...")

II ნაწილი

თ ე  ო

თავი 1. პირველი მეგობარი

თეონა...
მაგრამ, როგორ განვასხვაოთ თეონა-სხეული და თეონა-სული?
მოდით, სულს თეოს დავარქმევ, დროებით, მანამ, სანამ თეონას სული მის საკუთარ სხეულს დაუბრუნდება, კარგი?

თეო იმ საოცარ ბაღში სეირნობს, რომლის ნახვის სურვილითაც წამოვიდა აქეთ...
\"აქ ბევრ რამეს ისწავლიო,\" - დაპირდა მას ქვეყნის მეუფე, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ აქაურობას ეჩვევა, აქაურებთან ურთიერთობას სწავლობს...  სწავლობს, როგორ გაარჩიოს \"მოჩვენებითი\" - \"ჭეშმარიტისაგან\"... როგორ თესოს სიკეთე ისე, რომ სამაგიეროს არ ელოდოს... როგორ უყვარდეს ისე, რომ სხვისი ბედნიერებით იყოს ბედნიერი... როგორ უხაროდეს სხვისი სიხარული...

მაგრამ თეოს არავინ ასწავლის, როგორ მოიქცეს, თუ პირისპირ შეეჯახება ვერაგობას, ღალატს, გაუტანლობას!... სამაგიერო გადაუხადოს? თუ თავად არაფერი მოიმოქმედოს და ღვთის სამსჯავროს დაელოდოს? ღმერთი ხომ დიდია და სამართლიანი?!... განა დაუშვებს თავისი შვილის დაჩაგვრას?!...
მაგრამ, განა ჩვენ, ყველანი, განურჩევლად რწმენისა და აღმსარებლობისა, ღვთის შვილები არა ვართ?... მშობლებს ხომ ერთნაირად უყვართ შვილები, მორჩილებიც და ჯიუტებიც, ცელქებიც და მშვიდებიც?!...

არ იცის თეომ... ჯერ არაფერი იცის!!!
იცის მხოლოდ, რომ ელის... ელის რაღაცას და თავადაც არ იცის, - რას!

და აი, ერთ მშვენიერ დღეს ასეთი შეგონება მიიღო ღვთისგან:

\"სიყვარული, სიძულვილი, ლოცვა და წყევლა, ოთხივე „ბუმერანგია”, უზუსტესად გათვლილი!
დალოცე ირგვლივ ყოველი, თუ გინდა დალოცვილი იყო!
ნუ დაწყევლი ნურავის, თუ არ გინდა დაწყევლილმა იარო!
გიყვარდეს ირგვლივ ყოველი, თუ გინდა უყვარდე ყველას!
რასაცა გასცემ, - შენია!
რასაც გასცემ, ის არის შენი მხოლოდ!
სიყვარული სულს არგუნე და არა სხეულს! სული მრავალ სიყვარულს იტევს და რაც მეტია სიყვარული, მით უფრო ბრწყინავს იგი!
სხეულს პირიქით ემართება! რაც უფრო მეტი უყვარს, მით უფრო კი არ ივსება, არამედ იცლება! „ცარიელი სხეული” კი არავის უყვარს! ამიტომ, გიყვარდეს სულით და არა სხეულით!\" 

დაფიქრდა თეო.
საოცარმა შეგონებამ სულის ყველა სიმი ერთად აახმიანა. მიხვდა, რომ ეს იყო ის, რასაც ამდენ ხანს ელოდა! ხომ თითქოს ყველასთვის ნაცნობია ის, რაც მას ახლახანს უთხრეს?!
რამხელა ძალაა ამ სიმარტივეში?!...
და ჭეშმარიტებაც ხომ სიმარტივეშია?!!!


* * *
- გმადლობ, უფალო! ყველაფრისთვის გმადლობ! ჩემი აქ ყოფნისთვისაც გმადლობ!.... მაგრამ, დავიღალე მეუფეო ჩვენო, ამ სიმარტოვით დავიღალე! თქვენ... თქვენ ყველას დაგავიწყდათ, რომ მე ადამიანი ვიყავი... და ისევ ადამიანად უნდა დამაბრუნოთ იქ, გეაზე!... გადავგვარდი! მეგობარი მინდა, ვისაც რამეს ვკითხავ, ვინც რამეს მკითხავს... ვისაც ჩემი ამბავი გულით დააინტერესებს და არა მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით! – ამბობდა ანკარა მდინარის ულამაზეს ნაპირთან მჯდარი თეო და გრძნობდა, რომ თვალები ცრემლებით ევსებოდა, - ერთი მეგობარი მაინც...

ეს პირველად დაემართა ამ დროის განმავლობაში, რაც აქ არის... დაკარგა დროის შეგრძნება... ან რომელი დრო უნდა აღიქვას? გეაზე სხვა დროა, აქ – სხვა...
აქ უდროობაა! სრული უდროობა!
აქ ისეა არეული დრო, რომ... ან რომელი დრო? აქ წარსულს მომავალი ცვლის, მომავალს – აწმყო და წარსული... აქ არ იციან, რა არის დროის მსვლელობა!

- ღმერთო, როგორ დავიღალე... “არაფრის კეთებით” დავიღალე!... აქ ყველას ყველაფრისთვის სცალია, გარდა ჩემთან მეგობრობისა... ჰო, დაგელაპარაკებიან, პასუხს გაგცემენ... თუმცა კი რისი პასუხი უნდა მოითხოვო? ვიდრე კითხვას ბოლომდე ჩამოაყალიბებ, პასუხი იცი უკვე... ალბათ იმიტომ არ უნდათ ჩემთან ხანგრძლივი ურთიერთობა, რომ წამსვლელი ვარ!... – ხმამაღლა ლაპარაკობდა ულამაზეს ტყეში მოსეირნე თეო და მხოლოდ მას ესმოდა თავისივე სიტყვები.

და უეცრად თეომ მისკენ მიმავალი ახალგაზრდა კაცი შენიშნა.
მიიხედ-მოიხედა... სხვა არავინ იყო ირგვლივ.
ჯერ იფიქრა – მეჩვენებაო, მერე – ალბათ სხვაგან მიდისო, შემდეგ – ალბათ ვინმეში ავერიეო...

მაგრამ არა, მამაკაცი ნამდვილად მისკენ მიდიოდა.
- გამარჯობა, თეო... გავიგე, მოგიწყენია აქ... ვიცნობდეთ ერთმანეთს, მე გიორგი მქვია...
- სასიამოვნოა...
- მამა-ღმერთმა მე მომანდო შენი მფარველობა და მეგზურობა...
- შენ... რომელი გიორგი ხარ?
- რა ვიცი, აბა? გიორგი ვარ... გეაზე “წმინდა გიორგიო”, ასე მომმართავენ...
- წმინდა გიორგი? არ მატყუებ? – დაიბნა თეო... – ასეთი რამე შეიძლება?
- რა?
- რომ ველაპარაკო წმინდა გიორგის?
- თვით მამა-ღმერთს ელაპარაკები, როცა გჭირდება და მე რატომ ვერ დამელაპარაკები? – გაუკვირდა, - წამომყევი...

წმ. გიორგიმ წაიყვანა და ვიღაც ახალგაზრდა მამაკაცი დაანახა. მას მუქი ფერის გრძელი თმა-წვერი ჰქონდა.

- იცანი, ვინ არის? - ჰკითხა წმ. გიორგიმ.
- ვერა...
- იოანე ნათლისმცემელი! აქ ასეთი რამეც შეიძლება მოხდეს: წამოდი, გაგაცნობ...
- იოანე, გაიცანი, ეს თეოა! - უთხრა მას წმ. გიორგიმ.

ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს.

- თქვენ ერთდროულად მოგიწევთ „მოღვაწეობა”, მაგრამ სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვაგვარად, - უთხრა მათ წმ. გიორგიმ.
- როდიდან? - თითქმის ერთდროულად იკითხეს თეომ და იოანემ.
- მოვა ამის დროც... 1987 წლიდან დავიწყებთ დავალებების მოცემას, მანამდე კი მოსამზადებელი პერიოდი გექნებათ ერთსაც და მეორესაც. „მოღვაწეობის” შვიდი წლის თავზე შეხვდებით ერთმანეთს.

დაფიქრდა თეო...
- მე მგონი, თქვენ რაღაც აურიეთ... მე აქ უნდა ვიყო 1999 წლამდე და... 1987-ში როგორ შევასრულებ თქვენს დავალებებს?
- დამშვიდდი, არაფერი აგვრევია... დრო მოვა და თავად მიხვდები! ნურაფრის გეშინია, მე სულ შენს გვერდით მიგულე...
- და 1987-ში მე რა უნდა გავაკეთო?
- შენ არაფერი... თაია გააკეთებს ყველაფერს შენს ნაცვლად.
- მაშინ მე რაღა მევალება?
- შენ გამტარი ხარ, თეო... იმას, რასაც ჩვენ აქ გაჩვენებთ, თაია იქ სიზმრად ნახავს... და რასაც იქ ნახავს თუ გააკეთებს თაია, ამას შენ აქ სიზმრის გარეშეც გაიგებ...
- ანუ, ახლა ეს ყველაფერი მან სიზმრად ნახა?
- ჰო... ეს რთული გასაგებია, მაგრამ... სხვანაირად ვერ დაგაკავშირეთ ერთმანეთთან...
- რატოა რთული გასაგები?
- შენთვის არა... სხვებისთვის, ვინც ამას შემდგომში გაიგებს...
- უუუფ, ისინი სულ ნუ გაიგებენ... რა ვუყო? – ხელი ჩაიქნია თეომ და გაიცინა.
- არც მასე მარტივადაა საქმე, შენ რომ გგონია! გეაზე დაბრუნების შემდეგ, შენ ბევრ კითხვაზე მოგიწევს-ხოლმე პასუხის გაცემა და... ბევრჯერ აღმოჩნდები ისეთ სიტუაციაში,  რომ არ გექნება იმ კითხვაზე მზა პასუხი. აი, მაშინ დაგჭირდება შენი კავშირების გააქტიურება... დაგვიკავშირდები ან მე და ან თაიას. პასუხი დაუყოვნებლივ მოვა... და თუ არ მოვიდა, ე.ი. ჯერ არ იქნება მისი გაცხადების დრო... შენ ისწავლი იმის გარჩევას, რისი თქმის უფლება გექნება და რისი არა! დღეისთვის გეყოფა...
- გიორგი... უი, არა, წმინდაო გიორგი... თუ როგორ უნდა მოგმართო?
- ვიდრე აქ ხარ, გიორგი დამიძახე და იქ რომ ჩახვალ, შენი სურვილის მიხედვით... მე ორივე სახელზე გამოგეხმაურები!
- კარგი... გიორგი, ნუთუ აქ არავინაა ისეთი, ვისთან მეგობრობაც შემეძლება?
- რაც გინდა, მითხარი... მოგისმენ...
- და გოგო რომ იყოს? არ შეიძლება?
- თეო, სულს სქესი არა აქვს... აქ გოგოს, ბიჭს, ქალს, კაცს, - ყველას ერთნაირი უფლება და შესაძლებლობა აქვს... ყველაფერი ისევე შეგიძლია მითხრა, როგორც მეგობარ გოგონას ეტყოდი... აბა, გისმენ, რა გინდოდა?
- მარტოობა მომბეზრდა.... უსაქმოდ ხეტიალიც... სულ დასვენება უფრო მოსაბეზრებელი ყოფილა, ვიდრე სწავლა და მუშაობა...
- სამოგზაუროდ წახვალ?
- სად? – თვალები გაუბრწყინდა თეოს.
- თუნდაც საკუთარ წარსულში... წახვალ?
- წავალ!... როდის?
- მალე... სულ 34 რეინკარნაცია გაქვს... აქედან მეშვიდედ ხარ, უფრო სწორად, იყავი დედამიწაზე...
- და აბა დანარჩენი 27-ჯერ სად ვიყავი?
- სხვა ცოცხალ პლანეტებზე...
- რას ქვია “ცოცხალი პლანეტა”? დამცინი?
- არა, რატომ დაგცინი? – გაეცინა გიორგის, - გეა, იგივე დედამიწა, ერთ-ერთი ცოცხლპლანეტათაგანია... ცოცხალია ყველა ის პლანეტა, რომელზეც სიცოცხლეა. და ასეთი, სულ, შვიდია!...
- მთელი კაცობრიობა უცხოპლანეტელების ძებნაშია. ამდენი ხანია, ერთ პლანეტასაც კი ვერ მიაგნეს და... “7 არისო”, მეუბნები?
- ჰო, შვიდია... და შენ შვიდივეს განახებენ.
- მე რატომ? რა გამონაკლისი ვარ ასეთი?
- შენ შენი მისია გაქვს, თეო... თუ რა მისიაა, ამის თქმა ჯერ არ შემიძლია, მოვა დრო და გაიგებ!
- პლანეტებს რა ქვია?
- ოოო, რა სულსწრაფი ხარ?! კარგი, ამას გეტყვი. სიდიდის მიხედვით მივყვები: ვარფიმი, ტორი, თაია, დარი, გეა, ლოტი და სარო.
- და სად არიან ეს პლანეტები?
- ბევრი მოინდომე ერთად... დღეს სხვას ვერაფერს მათქმევინებ... არ გეტყვი მეტს...
- გთხოვ, ეს მაინც მითხარი, მოგზაურობას როდიდან დავიწყებ და რომელი პლანეტიდან?
- ამას გეტყვი: გეადან დაიწყებ... და ჯობია, რამდენიმე ხნის შემდეგ წახვიდე. ჯერ შენში გადახარშე ის ინფორმაცია, რომელიც დღეს გაიგე... დამიჯერე. ჩვენ ხომ მეგობრები ვართ უკვე?
- დიდი მადლობა, გიორგი...



(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები