ნაწარმოებები



ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
11 სექტემბერი, 2009


რაა საშიში...



ვათვინიერებ წელთა ავაზას,
სიჭარმაგეში რაა საშიში,
ღამეს ფიქრები მოაქვს ნაფაზად,
როგორც ნარგილეს, სუნი ჰაშიშის...
ეს ალიონიც შემოდის სალთად,
დარდებთან ჩნდება, როგორც სამანი,
თეთრი ხელებით გაწეულ ფარდას
მზემ მიახატა იასამანი...
მინდა მჯეროდეს, იჭვები უკვე
არ ჩამოშლიან ტკივილს ფანდებად,
არ დაიტყავებს ლოდინი მუხლებს,
სული მიწიერს არ დახარბდება..
მთებს, ფოთოლცვენით ნაოჭასხმულებს,
გაათბობს რწმენის თბილი სანათი,
გზა რომ დასრულდეს, ხსნა რომ დასრულდეს,
გაჩნდება სხვა გზა, სხვა მისამართი...
ახლა დუმილით დაღლილი მგზავრი
სურვილებს ვფანტავ, როგორც კლიტია,
იქნებ ოცნებას გაუჩნდა ბზარი,
იქნებ დარჩენილ ღიმილს მითვლიან...
კარებთან მოდგა წელთა ავაზა,
მაინც ვიძახი-რაა საშიში!
ღამის ფიქრები ამდის ნაფაზად,
როგორც ნარგილეს, სუნი ჰაშიშის...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები