ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
14 სექტემბერი, 2009


თავი 4. ყოველთვის საქართველოში? ("შორია დედამიწამდე...")

გავიდა ხანი.
თეონა აღარაფერს ამბობდა წარსულში გასეირნებაზე... 
თავის თავში ჩაიკეტა. ფიქრებთან იყო-ხოლმე განმარტოებული.
ლოდზე ზევითაც აღარ ადიოდა, იქვე, ბალახზე ჯდებოდა და ზურგით ეყრდნობოდა ლოდის კედელს. აქ ნაკლებად ჩანდა მისი ცრემლიანი თვალები.

საიდანღაც მოფრენილი ჩიტი “მის” ლოდზე ჩამოჯდა. ნისკარტით პატარა ცისფერი ყვავილი ეჭირა.
წაიღო და ეს ყვავილი თეოს ჩაუგდო კალთაში...
- კესანე... ცისფერი კესანე... “არ დამივიწყოოო” – ვისგან მომიტანე ამბად, პატარავ?
- უ-უუუ-უუ-უუუუუ – ჩაიღუღუნა ჩიტუნამ და...

უცებ ყველა მხრიდან მოფრინდნენ ჩიტუნები და ნისკარტით კესანები მოიტანეს... ლოდზე გაფინეს თხელ ფენად...
მოცისფრო-მწვანედ დაიფარა ლოდის ზედაპირი...
ერთმა ჩიტუნამ კი, იმან, რომელიც პირველი მოფრინდა თეოსთან, ნისკარტი ჩაავლო თეოს კაბაზე და სადღაც გაყოლა სთხოვა...
დაყვა თეო ჩიტის სურვილს და უკან გაჰყვა.

ჩიტმა კლდეზე ამავალ ბილიკს შეუყენა გოგონა.
ჩანჩქერს მოექცა თავზე. გადაიხედა და...
- ვამეეეხ!..... – მთელი ხმით დაიყვირა იმ სიმაღლიდან.

თეოს ხმა კლდიდან კლდეს დაეჯახა და ექოდ დაუბრუნდა:
ვამეეეხ.... 
მეეეხ...
ეეეხ...

თავადვე დაიბნა.
ვინ ვამეხს ეძახდა?
რამდენ საუკუნეს გადასძახა იმ კლდის ქიმიდან?
მიხვდა თეონა, რომ კიდევ ერთხელ უნდა დაბრუნებულიყო თავის წარსულში... იქიდან ეძახდა ვიღაც, - “ნუ დამივიწყებ, გამიხსენეო”...

ლოდთან დაბრუნდა, ლოყით მიეყრდნო და ჩაილაპარაკა:
- მეძახიან... ვიღაც მეძებს... ვიღაცას ვჭირდები...
- ვის? სად? – დაიბუბუნა ლოდმა.
- ვამეხს... იქ, გეაზე...
- ვინაა ვამეხი?
- არ ვიცი, ჩემო კეთილო, ჯერ არ ვიცი...
- შენ აქაც გვჭირდები, თეო... – ჩაიბუბუნა ლოდმა და სული გაუთბო თეოს.
- გმადლობ, ჩემო კარგო, გმადლობ!... ისე, ახლა საით მივდივარ? – და თეომ მექანიკურად დახედა მედალიონს.

მედალიონში ათასფრად ელავდა “თ”...
მის ქვეშ კი დაიწერა:
საქართველო...
ეგრისი, 253 წელი...

- ისევ საქართველოში მიწევს წასვლა? – გაიცებულმა შეხედა ლოდს.
- ჰო, თეო... და ყველა სხვა რეინკარნაციაც მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში გქონდა... – გაიგო იქვე, გვერდით გიორგის ხმა.
- რატომ?!... შენ ხარ, გიორგი?
- ჰო, მე ვარ... ასე იყო საჭირო, თეო. ამ 25 წლიანი პერიოდისთვის შენ სუუულ თავიდანვე გამზადებდნენ...
- ამიხსენი, რას ქვია მამზადებდნენ?
- როგორ გითხრა?! ყველა ადამიანის სულს აქვს კოდი, რომელიც მისივე დაბადების თარიღშია ჩადებული. კოდის გასაღები კი – პიქტოგრამაა... ძალიან ცოტა ადამიანს აქვს სრულყოფილი პიქტოგრამა.
- ვერაფერი გავიგე, გიორგი... რა პიქტოგრამა?
- ახლა ჯერ ძნელია მისი გაგება შენთვის.
- არაა ძნელი. მითხარი, რა პიქტოგრამაზე მეუბნები?!
- კარგი, მისმინე: ყველა ადამიანის დაბადების თარიღი შედგება ციფრებისაგან.
- კი, მერე?
- მერე, მათი შეკრებით და ერთნიშნა ციფრამდე დაყვანით გაიგებ, რამდენჯერ არის მისული იმ პლანეტაზე, რომლის თარიღიც შეკრიბეთ. სულ ბოლო ციფრი რეინკარნაციების რიცხვის მაჩვენებელია...
- და თუ 0-ზე დაჯდა?
- არ შეიძლება... ვერ დაჯდება 0-ზე... ვერაფრით!...
- სრულყოფილი პიქტოგრამა რაღაა?
- თუ დაბადების თარიღში, მისი შუალედური რიცხვებიანად, ფიგურირებს 1-დან 9-მდე ყველა ციფრი, მაშინ მიიღება სრულყოფილი პიქტოგრამა... შენ გაქვს ასეთი!
- მაჩვენებ? – თვალები გაუფართოვდა თეოს.
- ჯერ არა და მერე – გასწავლი კიდეც.... და მხოლოდ ადამიანის დაბადების თარიღის გაგებით, მისი ხასიათიც თვალწინ გადაგეშლება... მოკლედ, წიგნს გადაუშლელად წაიკითხავ.
- რა წიგნს? – დაბნეულმა შეხედა თეომ.
- ყველა ადამიანი წიგნს ჰგავს, რომელსაც წაკითხვა სჭირდება. მხოლოდ დაბადების თარიღით შენ მეტი გეცოდინება, ვიდრე მათ, ვინც ამ პიროვნებას კარგად იცნობს...
- უცნაურია და დაუჯერებელი...
- უცნაურია და ძნელადაღსაქმელი... ჯერჯერობით! თეო, ბევრს მალაპარაკებ-ხოლმე... ჯერ ადრეა შენთვის ამის გაგება... როდის მიდიხარ?
- ალბათ მალე...
- დავალებას გაძლევ: თვალები დაიმახსოვრე ყველასი... ბევრ მათგანს იპოვი დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ...
- თვალები?... ანუ თვალების ფერი?
- ფერიც და გამოხედვაც... აბა, შენ იცი, თეო!... წავალ მე.


თეო ლოდზე ავიდა, თავაწეულმა თვალები დახუჭა, ხელები ტანზე მიიკრა და ფრთაგაშლილი აიჭრა ცაში.


* * *
კარგა ხანი აღარ ჩანდა თეო...
მოიწყინა ლოდმა. მაგრამ ლოდი იყო და ვერაფრით გამოხატა თავისი მოწყენა, გარდა იმისა, რომ გაცივდა... ენერგიისგან დაიცალა. თავადვე უკვირდა, - მე ვაძლევდი ენერგიას თეოს თუ მისგან ვივსებოდიო? და მიხვდა, რომ ენერგიათა ურთიერთგაცვლა ხდიდა მას ძლიერს... ავსებდა მას იმ ენერგიით, რომლის ტრანსფორმირებასაც ახდენდა შემდგომ და უშურველად უბრუნებდა პატარა საყვარელ გოგონას, თეოს, რომელიც მას მიეკედლა...
ოოჰ, რა ნელა გადიოდა დრო თეოს გარეშე!

ლოდი ამჩნევდა, რომ გიორგიც უფრო ხშირად აკითხავდა მას. და მიუხედავად იმისა, რომ არაფერს ეკითხებოდა, ხვდებოდა ლოდი, რომ თეოსთან იყო გიორგი ფიქრებით...
არ ჰქონდა გიორგის თან გაყოლის უფლება... თეოს მარტოს უნდა განეცადა ის სიხარული, მარტოს უნდა გაეძლო იმ ტკივილისთვისაც, რომელიც “მისი” იყო მრავალი წლის უკან...

და აი, ერთ დღეს ლოდმა უცნაური სითბო იგრძნო მის სიახლოვეს. მერე თბილი სუნთქვა და თბილი თითები იგრძნო მის ზედაპირზე...
“თეო, ჩემი თეო დაბრუნდა”... – მძიმედ და უსიცოცხლოდ აახილა ქვიშისფერი თვალები.
- ჩემო კეთილო, ჩემო ლოდიკო, როგორ გაყინულხარ უჩემოდ... რა დაემართა იმ სითბოს, რომელიც შენში იყო? სად გადამალე?!... იცი, როგორ მცივა? მოდი, გამათბე... – თეო ლოდზე ავიდა და ჩვეულ ადგილას წამოწვა.

ლოდმა შინაგანი ენერგია მოიკრიბა, მთელი ძალები დაძაბა და... მის გულში კვლავ დაინთო კოცონი. თავიდან – სუსტად აინთო ლოდის გული, მერე და მერე კი ისეთ კოცონად აბრიალდა, რომ...
- კარგი, დამწვი-მეთქი, კი არ მითქვამს? ცოტა დაუწიე სიმხურვალეს... – გადაიკისკისა თეომ.
- გათბი, პატარავ? – გაისმა იქვე გიორგის ხმაც.
- გავთბი, გავთბი... სულგაყინული დავბრუნდი აქეთ! ეს რა უბედური წარსულის მქონე ვყოფილვარ?! რისთვის გინდოდით ასეთი?!
- შენმა სულმა ვერცერთ სიცოცხლეში ვერ მოასწრო დაბინძურება... აი მთელი მიზეზი! ყველა სიცოცხლეში მხოლოდ სიყვარულით ცხოვრობდი... სიყვარულით იყავი სავსე და... თეო, დამპირდი, რომ ბოლომდე ასეთად დარჩები!
- ეს ძალიან ადვილია, გიორგი...
- რა არის ადვილი?
- რა და გიყვარდეს ყველა და არ გძულდეს არავინ!
- კარგი ხარ!... აბა, ახლა კი მომიყევი, რა ნახე, სად იყავი...
- ყველაფერი მოგიყვე?
- რა თქმა უნდა!

და თეომ მოყოლა დაიწყო:

მე და ჩემი ოჯახი ვცხოვრობდით ეგრისში, უფრო ზუსტად კი - არქეოპოლისში (იგივე ნოქალაქევი, სენაკის რ-ნი). საკმაოდ „დიდგვაროვანი” ოჯახი გვქონდა, წარჩინებული...
დედაჩემი – მანო, მამაჩემი – დიდიმი  და ბაბუაჩემი - მანუჩარი ძალზე კეთილშობილი ბუნებისანი იყვნენ. მყავდა უფროსი ძმა ვამეხი. დაბადებული 248 წლის 5 ივლისს.  მე მერქვა თანანა. დავბადებულვარ 253 წლის 7 აპრილს.

მე მამას ვგავდი ცისფერი თვალებითა და ქერა თმით. თუმცა, მე უფრო ზღვისფერი თვალი მქონდა, ვიდრე ცისფერი... დედას და ვამეხს კი მუქი თმები და მუქი თაფლისფერი თვალები ჰქონდათ. ორივეს საოცრად უხდებოდა მწვანე და ძოწისფერი. დედა, რაც მახსოვს, ძირითადად მწვანე ფერის სამოსს ატარებდა. ძოწისფერ სამოსს მხოლოდ დიდი წვეულების დროს იცვამდა-ხოლმე.

ვამეხი ჩემზე 5 წლით უფროსი იყო. მაღალი, ტანადი, მოხდენილი იყო, საოცრად ლამაზი სახე ჰქონდა. ამაყიც იყო, - კარგად იცოდა თავისი ფასი. მას ყველაზე და ყველაფერზე მეტად მე ვუყვარდი. საოცრად მანებივრებდა და ამაყობდა ჩემით. განსაკუთრებით იმით ამაყობდა, რომ მან მასწავლა ცხენზე ჯდომა.

ბებიაჩემი, მზისა ჩემს დაბადებამდე გარდაცვლილა.

ჯერ კიდევ ბებიაჩემის სიცოცხლეში, ბაბუაჩემს, მანუჩარს ჰყვარებია ვინმე მაია, რომელიც ჩვენს სიახლოვეს ცხოვრობდა მაგრამ, შედარებით, დაბალი ფენის წარმომადგენელი იყო. მაია მაღალი, ლამაზი ქალი ყოფილა, სქელი წაბლისფერი თმებითა და არაბუნებრივად ცისფერი თვალებით.

ჩვენთან ერთად ცხოვრობდა დედაჩემის ძმა – ბაქარი, რომელიც დედაზე 4-5 წლით უმცროსი იყო. ის სახლი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით, ბაბუა მანუჩარის იყო. მამაჩემი „ზედსიძედ” იყო შემოსული. ბაქარი 25 წლის ასაკში გარდაიცვალა, მე მაშინ 7-8 წლისა ვიყავი. მახსოვს სისხლში მოთხვრილი ბაქარი როგორ მოასვენეს სახლში. ის მოკლული იყო, არ მახსოვს, ხმლით თუ დანით. ეს მოხდა 260 წ-ს. საბრალო ბაქარმა ცოლის მოყვანაც კი ვერ მოასწრო, თუმცა საცოლე ჰყავდა – ლამაზი გურანდა.

ბაქარის სიკვდილის შემდეგ მანუჩარმა სასახლეში მოიყვანა იმ მაიას შვილი – გიორგი, რომელიც ძალიან ჰგავდა ბაბუაჩემს. გიორგი მაშინ 19-20 წლისა იქნებოდა. გიორგი, როგორც შემდგომ გავიგეთ, მანუჩარის უკანონო შვილი ყოფილა. დედაჩემი ვერაფრით ეგუებოდა გიორგის ჩვენთან ცხოვრებას, მაგრამ მასთან ურთიერთობას ჩვენ ვერ გვიკრძალავდა მანუჩარის შიშით.
მე და ვამეხი მალე შევეთვისეთ გიორგის. იგი მხიარული, ყოჩაღი ბიჭი იყო. თვითონ გიორგისაც საოცრად ვუყვარდით მეც და ვამეხიც. სანადიროდ პირველად ვამეხი სწორედ გიორგიმ წაიყვანა.
გიორგისაც, დედამისივით, არაბუნებრივად ცისფერი თვალები ჰქონდა.

- კარგად დაგიმახსოვრებია... მაგრამ შენ ყველაზე ყვები, საკუთარი თავის გარდა... მე კი შენი ცხოვრება უფრო მაინტერესებს.
- სულ თავიდან მოგიყვები, გინდა? ჩემი დაბადებიდან...
- რა თქმა უნდა... ყურადღებით გისმენ...

მე რომ დავიბადე, ვამეხი 5 წლისა იყო. თავიდან ძალზე აგრესიულად შეხვდა ჩემს დაბადებას. ერთ დღეს, როცა მარტო მნახა ლოგინში დატოვებული, ფეხებით „დამითრია” და 3 თვის ბავშვი კინაღამ ლოგინიდან გადმომაგდო. ძიძამ ჩემი ტირილის ხმაზე შემოიხედა ოთახში და მაშინ დამიჭირა, როცა მხოლოდ მხრები და თავი-ღა მქონდა ჩამოდებული საწოლის კიდეზე, ფეხებით კი ვამეხს ვეჭირე.
შემდეგ დედა და ძიძა დიდხანს არწმუნებდნენ ვამეხს, რომ მე მისი „მტერი” კი არ ვიყავი, რომელიც მას „დედას წაართმევდა”, არამედ მისი პატარა, „უმწეო” დაიკო ვიყავი, რომელიც მას, ვამეხს უნდა დაეცვა სხვებისაგან.

ამის შემდეგ ვამეხი წუთით აღარ მშორდებოდა. როცა მაძინებდნენ, ჩუმად იდგა-ხოლმე და მძინარეს მაკვირდებოდა...

4 წლის რომ შევსრულდი, ავად გავხდი. რამდენიმე დღის განმავლობაში მაღალი სიცხეები ვერ დამიგდეს. ვერავინ მშველოდა. ვამეხი 9 წლისა იყო მაშინ. მან ყური მოჰკრა, თუ როგორ ეუბნებოდა ერთი ექიმი მეორეს, „ბავშვი მოკვდება, სიკვდილი კართან არის ჩასაფრებულიო”...

შეშინებულმა ვამეხმა ოთახში შემოირბინა. მომვლელი ქალი მოატყუა, „ქვევით გეძახიანო” და, როგორც კი მარტო დავრჩით, „ალმოდებული”, სიცხიანი ბავშვი ზურგზე მომიკიდა და ოთახიდან გამომიყვანა. შენდეგ მან დაბლა ჩამიყვანა და სარდაფში „დამმალა”.

მთელი სახლი ფეხზე დადგა. ყველა მე მეძებდა. საღამომდე „მმალავდა” ვამეხი იმ სარდაფში. საღამოს ჩუმად გამოძვრა სამალავიდან და დედას ჰკითხა, „სიკვდილი კიდევ აქ არისო?” შეწუხებული დედა ვერ მიხვდა, რას ეკითხებოდა ვამეხი. მაშინ ვამეხმა ჩუმად გაუმხილა დედას, რომ მე  მ ა ს  ვყავდი დამალული.

სარდაფი ცივი და ნესტიანი იყო. რამდენიმე საათი ამ ცივი სარდაფის მიწაზე ვიწექი. არავინ იცის, რა მოხდა, მაგრამ სიცხემ დამიწია და კარგად გავხდი...

როცა ვამეხს ამ ამბის შესახებ ეკითხებოდნენ, პასუხობდა: „თანანა სიკვდილს დავუმალე, ის იქ ვერ გვიპოვიდაო”...

გადიოდა წლები. მე 8 წლის შევსრულდი, ვამეხი 13-ის. მდინარე ტეხურზე ვიყავით ჩასულები. ვამეხი კარგად ცურავდა და ცდილობდა, ჩემთვისაც ესწავლებინა ცურვა. ხის დიდი მორი მოიტანა, ზედ შემსვა და მორი ტეხურში შეაცურა. მალე მორი ამოყირავდა და მე თავით ჩავვარდი მდინარეში...
კიდევ კარგი, მხლებლებმა ცურვა იცოდნენ, თორემ მე ტეხურში ჩავიხრჩობოდი.

ძალიან ცელქი და დაუდეგარი ბავშვი ვიყავი, თანაც - ხიფათიანი.
9 წლისა ვიყავი, ტყეში რომ დავიკარგე: სასახლიდან მარტო გავედი და მდინარე ტეხურს ავყევი ზევით, მერე ტყეში შევედი და ყვავილების კრეფა დავიწყე. მალე გზა დამებნა, საღამომდე ვცდილობდი გზის გამოგნებას, მაგრამ - უშედეგოდ.
შემეშინდა, უკვე ბინდდებოდა, ჩემს წინ ბუჩქებში რაღაცამ გაიფაჩუნა. შიშისგან ვიკივლე. ბუჩქებიდან დიდი, წითელი მელა გამოხტა...
ერთ დიდ ხეზე ავცოცდი და ტოტებს შორის სავარძელივით ჩავჯექი. ჩუმად მომდიოდა ცრემლები. ხმამაღლა ტირილს აზრი არ ჰქონდა, - მაინც ვერავინ გაიგებდა. ჩემი შეგროვებული ყვავილები იქვე, ხის ძირში ეყარა.

სულ ჩამობნელდა. შიშისგან და სიცივისგან ამაკანკალა, კბილს კბილზე ვერ ვახვედრებდი. თან პირობას ვდებდი, რომ „თუ ახლა მიპოვიდნენ, სხვა დროს მარტო აღარსად წავიდოდი”... მაგრამ პოვნის იმედი არ მქონდა.
- ვამეხ, სადა ხააააარ! - ხანდახან ვყვიროდი შიშის დასაძლევად, - ვამეეეეეეხ, გიორგიიიიიიი! სადა ხააააართ?! რატომ არ მეძეეეეებთ?! რატომ არ მპოულოოოოობთ?! მიშველეეეეეეთ, აქა ვარ, ხეზეეეეეე!!! - მაგრამ, ჩემი ყვირილი უპასუხოდ რჩებოდა.

თითქმის ჩემს თავთან ბუმ თუ ჭოტმა დაიკივლა, შიშისგან მეც ვიკივლე.
შორიდან რაღაც ხმაური მომესმა, ვერაფერს ვხედავდი. მთვარე ჯერ არ ამოსულიყო და თვალთან მიტანილი თითიც კი არ ჩანდა.
- თანანააა! - გარკვევით გავიგე ვამეხის ხმა.
- აქა ვარ! მიშველეთ! აქა ვარ, ხეზე! ვამეხ, სადა ხაააარ?! - ვიყვირე და ხმამაღლა ამივარდა ტირილი.
არ ვიცი, რამდენი ხანი გავიდა, ვიდრე ჩირაღდნების შუქს დავინახავდი, პირველები ვამეხი და გიორგი მორბოდნენ.
მინდოდა, ხიდან ჩამოვსულიყავი, მაგრამ... ნურას უკაცრავად: ხელ-ფეხი აღარ მემორჩილებოდა.
ვამეხი და გიორგი ხეზე ამოძვრნენ და ჩამომიყვანეს. ორივენი ჩემზე მეტად იყვნენ შეშინებულები. ვამეხი თან მტუქსავდა, თან მეფერებოდა:
- მარტო რატომ წამოხვედი?! რამდენჯერ გითხარი, უჩემოდ ნუ დადიხარ- მეთქი?! - მე ხმამაღლა ვტიროდი და მკერდზე ვეხუტებოდი, - კარგი, ნუ ტირი! ნუ გეშინია!... ვიდრე შენს გვერდით ვარ, ნურაფრის გეშინია!...

იმ დღიდან მოყოლებული, შიში დავძლიე ჩემში. მე ვიცოდი, რომ ვამეხი გვერდით მყავდა და არ უნდა შემშინებოდა. ჩემი ოჯახის წევრებს ახლა იმის უფრო ეშინოდათ, რომ მე აღარ მეშინოდა არაფრის.

- პატარა უშიშარი თეო... – გაეღიმა გიორგის...
- ნუ მაწყვეტინებ, ვიბნევი... – ტუჩები დაბუშტა თეომ.
- კარგი, ბატონო... ხმას აღარ გავიღებ...
- ჰოდა მასე... ვაგრძელებ...

ვამეხმა ბევრი იფიქრა, რა მოემოქმედებინა ისეთი, რომ მე გზა აღარ ამბნეოდა და ბოლოს ეს მოიფიქრა: 10 წლის რომ გავხდი, ვამეხმა თავისი თეთრი ცხენი „თირა” („თოვლია”) მე მაჩუქა, თავად კი მაღალფეხება შავ ცხენზე „გადაჯდა”. მის ცხენს შუბლზე თეთრი მთვარე ეხატა და სახელადაც „თუთა” („მთვარე”) ერქვა.

ვამეხი ჩინებული მხედარი იყო. ცხენზე ჯდომა ვამეხმა მასწავლა. შემდეგ ხშირად ვსეირნობდით ერთად ცხენზე ამხედრებულები. ჩემი გადია ცდილობდა, ჩემთვის ქალის შესაფერისი საქმიანობა - ხელსაქმე შეეყვარებინა, მასწავლიდა ქარგვას, კერვას, მაგრამ მე „ტყისკენ მქონდა თვალი”... სულ მინდოდა ვამეხის გვერდით ვყოფილიყავი, მასავით მცოდნოდა ისრის სროლა თუ ხმლის მოქნევა.

„ხმალი რა ქალის საქმეაო”, - ხშირად მეჩხუბებოდნენ-ხოლმე. ისრის სროლა კი კარგად ვისწავლე და ვამეხს „ვეჯიბრებოდი”-ხოლმე, თუმცა გამარჯვებული ყოველთვის ის გამოდიოდა. ნადირობის ტრფიალი იყო. თავისი მიმინო ჰყავდა და იმით ნადირობდა. ვეხვეწებოდი, „სანადიროდ მეც მატარე-მეთქი”, მაგრამ სასტიკ უარს მეუბნებოდა. როცა ვამეხს სანადიროდ წაყვანას  ვთხოვდი, გიორგი იცინოდა-ხოლმე: „შემთხვევით ხარ გოგოდ გაჩენილიო...” და არაფრით არ მასწავლეს ფარიკაობა. ვამეხს თავისი საკუთარი ხმალი ჰქონდა, მსუბუქი და ლამაზი, მაგრამ ხმალზე ხელს არ მაკიდებინებდა... გიორგის ხმალი კი მძიმე იყო, ვერ ვერეოდი... სამაგიეროდ ვერცერთი მჯობნიდა კლდეზე ცოცვაში, - ქურციკივით ვიყავი, ერთ წამში მოვექცეოდი-ხოლმე კლდის თავზე და ჩემი „რაინდებიც” ხომ გვერდით მყავდნენ...

მშობლები იცინოდნენ, „ამ ახტაჯანას ვამეხის მეტი არავინ სჭირდებაო”... თან წყნარადაც იყვნენ, ვამეხი ყველგან დამყვებოდა და უყურადღებოდ ერთი წუთით არ მტოვებდა...

12 წლის რომ შევსრულდი, ვამეხმა მკაცრად ამიკრძალა სახლიდან შორს მარტო სიარული (მარტო ყოფნა მიყვარდა-ხოლმე ტეხურის პირას). ვამეხი მაშინ უკვე 17 წლისა იყო.
     
მართლაც უშიშარი ვიყავი, არაფრის მეშინოდა. მარტო ავდიოდი-ხოლმე ქუჯის ციხეზე.
ერთხელ „თირათი” ვსეირნობდი ქუჯის ციხის მახლობლად. თან არავინ მახლდა. მინდობილად ვიჯექი ცხენზე... უეცრად „თირა” რაღაც ხმამ დააფრთხო და სწრაფად გავარდა წინ. ცხენი სულ უფრო უმატებდა სირბილს. მე მას ვეღარ ვაჩერებდი.
- მიშველეეეეეთ! - ვყვიროდი, მაგრამ ჩემი ხმა „თირას” მეტს არავის ესმოდა.

ჩემი ყვირილი „თირას” კიდევ უფრო აფრთხობდა და გიჟივით მიჰქროდა.
ვამეხმა, თურმე, მომიკითხა და როდესაც თავლაში „თირა” ვერ ნახა, ჩვენს საძებრად „თუთათი” წამოსულა. შორიდანვე დაინახა „თირას” თავაწყვეტილი რბოლა და „თუთა” ჩვენსკენ გამოაჭენა.
„თირა” ქარაფისკენ მიჰქროდა. ვამეხმა სულზე მომისწრო: თითქმის კლდის ქიმზე შეაჩერა „თირა”...  ვამეხს „თირა” ისე ჰყავდა გამოწვრთნილი, რომ სტვენითაც კი აგებინებდა თავის „ბრძანებებს”...

თითქმის კლდის თავზე ვიყავით მოქცეულები, როდესაც ვამეხის უცნაური სტვენის ხმა გავიგეთ. „თირა” მოსხლეტით მობრუნდა და გაშეშდა!... ორიოდე წამიც და... ვამეხს ხელთ ეპყრა ჩემი ცხენის სადავე...
ვამეხის დანახვაზე ტირილი ამივარდა. მე ხომ გადარჩენის იმედი აღარ მქონდა და რომ არა ვამეხი, მე და „თირა” კლდიდან გადავიჩეხებოდით...
ვამეხი თან მტუქსავდა, თან მიყვავებდა. მეუბნებოდა, „ხომ გაფრთხილებდი, უჩემოდ არსად წახვიდე-თქო”... მერე ხელი მომხვია და მითხრა: „ამ კლდიდან რომ გადაჩეხილიყავი, მე რას მიპირებდი?! ჩემზე სულ არ გიფიქრიაო?!”...
შემდეგ სახლში დავბრუნდით...
ამ შემთხვევის შემდეგ საერთოდ ამიკრძალეს ვამეხის გარეშე სასახლის გარეთ მარტო სიარული. საოცარი და-ძმობა გვქონდა. ამქვეყნად ყველაზე მეტად (დედაზე მეტადაც კი!) ჩემი უფროსი ძამიკო მიყვარდა.

- ყოჩაღ... ასე მგონია, მეც იქ ვიყავი, შენთან ერთად...
- გიორგი, იმ „უფროსი ძმის” სიყვარული მომყვებოდა ყველა შემდგომ სიცოცხლეში.
- გახსოვდა ვამეხი?
- ვამეხი? არა... მაგრამ მახსოვდა, რომ მყავდა უფროსი ძმა. შეიძლება არც დამიჯერო, მაგრამ ერთხელ მამაჩემს ვკითხე: “სადმე, რუსეთში, ჩემზე უფროსი შვილი ხომ არ გყავს, ძმის ნატრული უნდა მოვკვდე-მეთქი”? დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემს ძმას დედა რუსი უნდა ჰყოლოდა!!! გაოცებულმა შემომხედა და, როცა ჩემს თვალებში მუდარა დაინახა, დანანებით მითხრა: „რა ვქნა, შვილო, მეც მინდოდა ბიჭი, მაგრამ ამ ორი გოგოს მეტი არ მაჩუქა ღმერთმაო”... ყველა ჩემს მეგობარ ბიჭში „უფროს ძმას” ვეძებდი...
- იპოვე “უფროსი ძმა”?
- ჯერ ვერა. ვერავინ მივიღე, ვერ გავაიგივე ჩემს ძმასთან. ყველაზე საოცარი ისაა, რომ მე გარკვევით მახსოვს მისი თვალები და სიმაღლე... და კიდევ ერთი რამ - ის ჩემი ქომაგი უნდა ყოფილიყო!... მე ხომ მის გარდა არავინ, არც ერთ სიცოცხლეში  არავინ (!) გამომქომაგებია?!
- კარგი, გააგრძელე...

ჩვენთან სასახლეში ცხოვრობდა და მსახურობდა ვინმე არზაყანი, რომელიც უიმედოდ იყო შეყვარებული დედაჩემზე. დედა მაშინ 34-35 წლისა იქნებოდა, მამა - 40 წლისა იყო. ამავე ასაკის იყო არზაყანიც.
დედაჩემისგან რომ არანაირი თანაგრძნობა არ ჰქონდა, არზაყანმა კარგად იცოდა, ამიტომ შურისძიება გადაწყვიტა.

სასახლეში, დიდ წვეულებაზე პირველად (და უკანასკნელად!) 12 წლისა წამიყვანეს. ეს მოხდა 265 წლის 15 ივნისს.
მუქი ლურჯი აბრეშუმის კაბა ჩამაცვეს, ოქროთი და მარგალიტით გაწყობილი. წვეულებაზე მე დიდ სუფრასთან არ ვმჯდარვარ. ჩემი თანატოლი 12-14 წლის გოგონები მეორე ოთახში, ცალკე მაგიდასთან დაგვსვეს.

კარგად დავინახე, არზაყანმა როგორ მიართვა დედაჩემს და მამაჩემს ძალზე ძვირფასი სასმისი და როგორ შეუვსო ღვინით. მამამ სასმისი ჩამოართვა და დალია. არზაყანმა ხელმეორედ შეავსო სასმისი, მაგრამ, რატომღაც, მეორე დოქიდან (ჩემი ყურადღება იმან მიიქცია, რომ არზაყანმა დოქები ჩუმად შეცვალა). დედამ სასმისი თავისკენ მისწია, მაგრამ არ დალია, რატომღაც მამას შეხედა და ჩუმად რაღაც გადაულაპარაკა. არზაყანი მაშინვე მოსცილდა მათ და დარბაზიდან გავიდა, მერიქიფეს კი პირველი დოქი გადასცა. მეორე დოქი მან თან გაიტანა სხვებისთვის შეუმჩნევლად.

არ ვიცი, რა ძალამ ამაყენა ფეხზე. სწრაფად მივედი მშობლებთან და, ვიდრე ისინი რამეს მეტყოდნენ, დედ-მამის სასმისი ხელში ავიღე და სწრაფად მოვიყუდე... სულმოუთქმელად დავლიე რაღაც მოტკბო, ღვინის მსგავსი სითხე, რომელსაც უცნაური სუნიც ჰქონდა.
სასმისი მაგიდაზე დავდგი და ვამეხისკენ გადავდგი 2-3 ნაბიჯი, მაგრამ... თვალთ დამიბნელდა, შევტორტმანდი, მუხლი ჩამეკეცა და წავიქეცი. ვამეხმა ხელი შემაშველა, მაგრამ... სულ მალე მომაკვდავი ვიკლაკნებოდი. ვამეხს ჩემი თავი ედო კალთაში და შეძრწუნებული თვალებით მიყურებდა.

წვეულების ხალხი აირია. ისმოდა ყვირილი, თუმცა სიტყვები აღარ მესმოდა.
- ვამეხ, სასმელს არზაყანის სუნი ჰქონდა! მიშველეთ, მიშვ... - სიტყვები ბაგეზე შემაცივდა. მე აღარ ვსუნთქავდი.
- თანანააააა.... – არანორმალური ხმით იღრიალა ვამეხმა და ფეხზე წამოხტა.

ვამეხი, გიორგი და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა არზაყანის მოსაძებნად გაიქცნენ, მაგრამ... მის კვალს ვერსად მიაგნეს. იმ დღის შემდეგ არზაყანი იქ აღარავის უნახავს.
დედაჩემმა მხოლოდ ჩემი სიკვდილის შემდეგ მიიღო გიორგი ისე, როგორც ძმას შეშვენის. გაჭირვება და გლოვა ხალხს აახლოებს-ხოლმე. სიცოცხლის ბოლომდე დედაჩემს გიორგი გვერდიდან აღარ მოუშორებია.

- მართალი ხარ, დარდი აახლოებს ადამიანებს, - დაფიქრებულმა ჩაილაპარაკა გიორგიმ.
- აი, ასეთი ტრაგიკული სული ვარ... დავიღალე... სული დამეღალა... სევდა მომეძალა... გამაძლიერე... შენ ეს შეგიძლია.
- წადი, დაწექი და დაიძინე... ლოდის ენერგია მოგეცემა.

თეო ლოდზე მოეწყო... კესანები ქვეშაგებად დაიფინა, სასთუმალს ლოყით მიეხუტა და ლოდს თითებით მოეფერა.
- ჩემი თეო... ჩემი პატარა თეო... – ჩაიბუბუნა ლოდმა და თეოს სული თავის ენერგეტიკულ საბურველში გახვია.

თეომ ბედნიერი ღიმილით გაიღიმა, ღრმად ჩაისუნთქა სურნელოვანი ჰაერი, თვალები დახუჭა და სასიამოვნო ბურუსში ჩაიძირა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები