ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰა-რა-ლე
ჟანრი: იუმორისტული
23 სექტემბერი, 2009


ბერლინის მისადგომებთან (დასაწყისი)

                               
                                ერთი, ძველი მონაყოლი ამომიტივტივდა გონებაში.
                                დავწერ მეთქი ვიფიქრე, მაგრამ მერე ეჭვმა გამკრა, ვაითუ წაკითხული მაქვს ეს ამბავი და არ მახსოვს.
                                ვიჭყლიტე ტვინი და ვერაფრით გავიხსენე - მომიყვეს, თუ წავიკითხე.
                                სხვებსაც ვკითხე, ასეთი და ასეთი ამბავია და ხომ არ გაქვთ წაკითხული მეთქი.
                                არაო - მიპასუხეს.
                                არ დაწერას, დაწერა ვარჩიე. შეიძლება შევცდი...
                                თქვენი იმედი მაქვს. თუ შეცდომით ვინმეს მოვპარე სიუჟეტი, მაცნობეთ.
                                იმ წუთშივე წავშლი მოთხრობას და თქვენც დიდ მადლობას მოგახსენებთ.




  - ტასიკო ბებია! ტასიკო ბებია!
  - ნენა!.. ხომაა მშვიდობა ოთიკო?! - შეჰკივლა ტასიკომ, ჭიშკართან მომდგარი, ჯოხზე ამხედრებული, ჯარისკაცის ქუდჩამოფხატული და მოყვირალი მეზობლის ბავშვი რომ დაინახა.
  - ჰიტლერთან ომი თუ აფერია შენდა, კია მშვიდობა. - გასცა პასუხი დაბადებიდან ენამომსპარმა და ლაპარაკით - ნამეტანი ადრე დაკაცებულმა ოთიკომ.
  - ომი ოთხი წლის წინ დეიწყო ოთიე და შენ ახლა გეიგე მაი ამბავი?
  - ახლა რეიზა გავიგებდი ვითამ? ოთხი წელია მამაჩემი იქაა და რავა ფიქრობ, ჩაში წასული მგონია მე?  მარა ამის სათქმელად არ ვარ მე ახლა, აქინე მოსული.
  - ჰოო? თქვი აბა?
  - ბებიამ, ტასიკო ბებიას უთხარი... ტასიკო ბებიას უთხარი... შუკის ბოლომდე ვერ მოიტანა დანაბარები ოთიკომ და
  - რა თქვი, რა მინდაო, ბებიააა! - გასძახა ანიკოს.
  - მაი გრძელი ენა რომ გაქვს ბებია, მისდღემჩი გამოყოფილი და ყური გაუხვრეტელი, მიზა არ გესმის აფერი დუნიაზე. - გაეცინა ტასიკოს და მეზობლის ბავშვს თავზე აკოცა.
  - ყოლისფერი მესმის მე! ჰო, გამახსენდა! - პაწა, თხაის რძე გექნება, ბაღანიზა მინდა, ახველებსო. ააა, ყოფილა გახვრეტილი? - გამარჯვებული სახით, ,,გახვრეტილი" ყური დაანახა  ოთიკომ, მოხუცს.
  - ბაღანიზაო? უი, ნენა! შენ გახველებს ოთიე? ვერ ეჩვენე მერე პოლიკარპე ექიმს?
  - ვეჩვენე და იმან თქვა, თხის რძე მოუხდებაო.
  - ნენა, მომიკვდეს თავი! არ მაქვს ბებია რძე. სამი დღეა ჩემი კატუშა არ მოსულა სახჩი. სად დეიკარგა ნეტაი? მგელმა ხომ არ შეჭამა, ის მგელშესაჭმელი? არ მოგიკრავს ბებია თვალი?
  - არა, ტასიკო ბებია, არ მინახავს არსად.
  - თუ ნახე საცხა, ქე გამოდენე აქეთ და წეიღე რამდენი წველაც გინდა, ოთიე.
  - კაი, მასე ვიზამ... არც ჯანჯუხა გაქვს ტასიკო ბებია?
  - მაი, ანიჩქამ დაგაბარა თუ პოლიკარპე ექიმმა? - გაეღიმა მოხუცს და ,,მხედარს" მოწკურული თვალებით შეხედა.
  - კაცმა თავიზა იკითხოს რამე, არ იქნება ამ სახჩი? - იწყინა სტუმარმა.
  - ვოი, შენ არ მოუკვდე ბებია შენ პატრონს, მისდღემჩი! წამოი, ჯანჯუხა არ მაქვს მარა, ხურმის ჩირს და ტყლაპს  კი მოგცემ.
    აა, ჩეიყარე ჯიბაში. -საკუჭნაოდან გამოტანილი ჩირი და ტყლაპი, ტასომ ოთიკოს გადასცა. .
  - მადლობა! ააჰ, ამდენი რად გინდოდა? კაი, წავედი აბა მე და მოვძებნი კატუშას!
  - დღესაც თუ არ გამოჩდა ბებია, უთხარი ანიჩკას და მომაძებნინოს მერე საცხა, ის ოხერი. - გასძახა ტასიკომ ამხედრებულ ოთიკოს.
  -  ბებია რაის მომძებნია,  მაი რომ შეეძლოს, მამას მოძებნიდა. ომში რომ წევიდა, მის მერე არ ვიცით  აფერი!  ნუ გეშინია, მე ვიპოვი კატუშას! - შუკისთავიდან გაისმა ბოლო სიტყვები.
  დიდი დაკვირვება არ უნდა და მიხვდებოდით, ეს ამბავი, ომის დროს, გურიის ერთ-ერთ სოფელში, რომ ხდება.
  ისიც კარგად მოგეხსენებათ, 600 ათას შვილზე მეტი, რომ გაგზავნა ამ ომში საქართველომ და აქედან ნახევარზე მეტი - სამუდამოდ.
  ცხადია, არც გურია იქნებოდა გამონაკლისი. იშვიათად თუ მოკრავდით სოფლებში თვალს, ჯან-ღონით სავსე, ახალგაზრდა მამაკაცს. თუ ნახავდით და მასაც ფორმა ექნებოდა ჩაცმული და სამხედრო უწყების, ან მასთან გათანაბრებული სტრუქტურების- სამხედრო კომისარიატი, მილიცია, რკინიგზის  თანამშრომელი, იქნებოდა.
  უკაცოდ - ქალების, ბავშვების და მოხუცების ამარად დარჩენილთათვის კი შრომაც ძნელია და ლხენაც. თავს არავინ იზოგავდა, ან კაი დედისშვილი იყავი და დაგეზოგა, დღე-ღამ შრომაში იყვნენ, მაგრამ მაინც უჭირდა სოფელს. ქალაქს - კიდევ უარესად. ლოზუნგი იყო ასეთი - ,,ყველაფერი ფრონტისთვის" და რეალურად ხდებოდა ამ დევიზის ყოველდღიურობაში გატარება. ყველაფერი ომს, ფრონტს და ამგვარ უბედურებას ხმარდებოდა.
  გაჭირვებას კიდევ რა უჭირდა - აიტანდი, შრომას - კაცი არ მოუკლავსო, ესეც უთქვამთ, მაგრამ ავისმაუწყებელი წერილები ხშირად რომ მოდიოდა სოფელში, ეს იყო ცუდი. ატყდებოდა კივილი ერთ სახლში და აყვებოდა მერე მთელი სოფელი.  ქმარს, შვილს, თუ მამას - მკვდარსაც რომ ვერ ნახულობდა ჭირისუფალი და უმეტესობას სურათიც კი არ ჰქონდა, გულში ჩასახუტებლად დარჩენილი, ძნელი იყო ასატანად.
  ტასიკოს, თითქოს არაფერი ჰქონდა ამ მხრივ სანერვიულო, ოჯახის წევრი არავინ ჰყავდა ომში. ქალიშვილი და შვილიშვილები ქალაქში ცხოვრობდნენ, სიძე რკინიგზელი იყო და ფრონტის ხაზიდან შორს, საქართველოში ახრიგინებდა ორთქმავალს. ქმარი, კაი ხნის გამოტირებული ყავდა და ეგერ ესვენა ეე, სოფლის სასაფლაოზე. მაგრამ - სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი, ნამდვილად არ იყო იმ დროს. საერთო ჭირით და სიხარულით ცხოვრობდა სოფელი.
  სამკუთხა ბარათი რომ მოვიდოდა და - ცოცხალი ვარ და არაფერი მიჭირსო, იწერებოდა ვინმე, იმ დროს მთელ სოფელს, ცოცხალი და კარგად მყოფი ეჩვენებოდა თავიანთი სადარდებელი და - გეიგეეეთ! კარგადაა, კარგად!!! - ისმოდა მხიარული გადაძახილი. გარდაცვალების ცნობის მოსვლისას კი ყველა -  დაღუპულს და მასთან ერთად საკუთარ გასაჭირს ტიროდა.
  აფრასიონ დარჩიას ასაკით კი ეკუთვნოდა ჯარში წასვლა. არ წაუყვანიათ. მეტყევე იყო.
  მეტყევეობის გამო ვინ დატოვებდა, მაგრამ შეშას ჩეხდა და შემთხვევით, კი წაითალა სამი თითი.
  ზოგი ყიამყრალი ( ასეთი, მოგეცათ ლხენა, ყოველთვის ბევრი იყო გურიაში), კი ამბობდა: აფრასიონამ ფრონტზე თავის დაკარგვას, ტყეში თითების დაკარგვა არჩია და იმ ,,შემთხვევას" პაწა თვითონ შეუწხო ხელიო - მაგრამ მე, დანამდვილებით არ ვიცი და ვერც, ვერაფერს მოგახსენებთ.
  - აფრასიონ ბიძია! იქით, ტასიკოს თხა ხომ არ გინახავს, სადმე?! - შორიდანვე დაუძახა ღელისპირა მომავალ აფრასიონს, ოთიკომ.
  - თხაზე ადრე, მე არ უნდა მიკითხო, ყაძახო? თუ რაფერ იციან თქვენთან? - ვითომ ეწყინა აფრასიონ დარჩიას.
  - შენ კი გხედავ ფეხზე, კარგად ხარ. წაწყვენტილი თითები მეორედ ვერ ამეიყარს, ვიცი  და მიზა ვიკითხე ჯერ თხაის ამბავი.
  - ჰაიტ! შე მამაძაღლო! მაი ენა მანახა წაწყვენტილი და არ ვჩივი თითებს... რაია ბიჭო, მამაშენი ვახტანგია არ იწერება აფერს?
  - არაფერს, აფრასიონ ბიძია... - დარდი გაუჩდა ხმაში, ოთიკოს.
  - არაფერია ბიძია მაი, არ ინაღვლო შენ. ცუდი ამბავი რომ იყოს, ქე გეიგებდით უცბად. ხოცავს და ხოცავს მამაშენი ნემენცებს და სა ცალია წერილის საწერად? ასეა აი, აბა?! ა, შენ მსხალი გამომართვი და თხას თუ ეძებ, ტყისკენ ნუ წახვალ,  არაა იქით.

 
                             

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები