ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
18 სექტემბერი, 2009


თავი 5. ვახტანგ გორგასლის მხარდამხარ... ("შორია დედამიწამდე...")

დრო გადიოდა, თეო კი ხმას აღარ იღებდა შემდგომი მოგზაურობის შესახებ...

თავიდან კმაყოფილი იყო ლოდი, - აღარ ტოვებდა მისი თეო...
მაგრამ მერე და მერე, როცა შეამჩნია, რომ თეო მასაც გაურბოდა-ხოლმე, შეწუხდა.
თვალს ადევნებდა, როგორ უხმოდ, ფეხაკრეფით შედიოდა წყალში, როგორ დასრიალებდა უანკარესი წყლის ზედაპირზე მხოლოდ თეოს ოქროსფერთმაშემორაგვული თავი... და წყალი კი - სულ ვერ გრძნობდა, თუ თეოს სხეულიც დაცურავდა მის სიღრმეში... უფრო ხშირად თეო ჩანჩქერის წყალვარდნილის უკან შეცურდებოდა-ხოლმე და დიდხანს რჩებოდა იქ... 
და მხოლოდ ლოდს ესმოდა თეოს ქვითინი.

და აი, ერთ დღეს ლოდმა დაინახა, რომ...
თვალები მოიფშვნიტა, - ეგონა მეჩვენებაო: თეომ სამოსი განიძარცვა და სულშიშველი შევიდა წყალში. მხოლოდ მედალიონი ბრწყინავდა თოვლზე...
მაგრამ... სად იყო ეს თოვლი?
ან... თეოს სულში რა უნდა თოვლს?
ეს... ეს თეოს სულია ასეთი თეთრი?!... ფერდაკარგული, უძალო და დაუცველი?!...
არა, სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები!...

მთელი თავისი შინაგანი ძალები მოიკრიბა, თავს მაქსიმალურად დაატანა ძალა და... აბორგდა, ატორტმანდა, მთელი ძალით დაასკდა მიწას.
მიწისქვეშა ბიძგებმა გიორგიმდე მიაღწია და ისიც მაშინვე მისკენ გამოემართა, -მიხვდა, ლოდი ეძახდა...

“განა კი რა გაუჭირდა ასეთი?! რაღაც საშინელი უნდა მომხდარიყო, ეს რომ ადგილიდან დაიძრა!” – ფიქრობდა გზადაგზა.
- რა მოხდა, რა გაგჭირვებია?! – ჰკითხა ლოდს და მის ქვიშისფერ ზედაპირს მეგობრულად დაჰკრა ხელი.
- თეო... – ამოიბუბუნა ლოდმა.
- სად არის? – შეშფოთება გამოეხატა თვალებში, როცა ლოდის სიახლოვეს დაყრილ თეოს სამოსს მოჰკრა თვალი.

ლოდმა მხოლოდ ქვიშისფერი თვალებით გახედა წყალვარდნილს და ისევ აარიდა თვალი.
- წყლის უკან არის? – გადაამოწმა ლოდის პასუხი გიორგიმ.
- ჰო... სულშიშველია... თოვლს ჰგავს... თეთრია... – ისევ ამოიბუბუნა ლოდმა.
- სულშიშველი და ცრემლივით უფერო... ამის გამოა აქ... – ჩაილაპარაკა  გიორგიმ... – მივალ მასთან...
- ცრემლივით უფერო?... ლამაზია...
- კი, მეგობარო, ლამაზია... სულით ლამაზი... – გიორგიმ ხელი დაავლო თეოს ტანსაცმელს და წყალში შევიდა. 

ერთი ხელის მოსმით მიცურდა ჩანჩქერთან.
წყალვარდნილის უკან დალანდა თეო.... თუ არ იცოდი, რომ იქ იყო, ისიც იმ წყალვარდნილის ნაწილი გეგონებოდა, მასავით გამჭვირვალე და სუფთა.
- თეო, ვიცი, რომ მანდ ხარ... სამოსი მოგიტანე... გამოდი, ჩაიცვი.
- შებრუნდი...
- აააა, ხო, - გაეცინა გიორგის, -  სულ დამავიწყდა, რომ შენ ისევ დედამიწის კანონებით აზროვნებ!
- ჰო, მე ადამიანი ვარ და ადამიანური კანონები არაა ჩემთვის უცხო, ან თუნდაც დავიწყებული...
- და რა გგონია, ვინ ვიყავი მე? ზუსტად შენნაირი ადამიანი...
- აბა რატომ ხარ სულ აქ?
- იმიტომ, რომ მეექვსე საფეხურს მივაღწიე...
- აქაა მეექვსე საფეხური?
- ჰო, აქ...
- და მეშვიდეზე როდის ახვალ?
- ვერასოდეს... მეშვიდეზე მამა-ღმერთია მხოლოდ...
- იმ კიბეებზე ამბობ, მე რომ ამიყვანა ქვეყნის მეუფემ?
- ჰო... რატომ მესაუბრები ასე დამალული? გამოდი, ჩაიცვი... ლოდიც გე-ლოდე-ბა...
- უიიი, ლოდი... ლოდი-ნი...  ლოდი მე-ლოდე-ბა... მოიცა, ახლავე...

თეო “სამალავიდან” გამოძვრა და სწრაფად გადაიცვა სამოსი.
- გიორგი, იცი, არასოდეს დავკვირვებივარ ამ სიტყვას... მო-ლოდი-ნი...
- და სხვა სიტყვებს?
- რომლებს?
- აი, თუნდაც კაბას რატომ ქვია “კაბა”? კა-ბა....
- არ ვიცი...
- ძველმა ეგვიპტელებმა უკვე იცოდნენ, რომ ადამიანს ჰქონდა “რამდენიმე” სული. მათ შორის მთავარი იყო “კა” და “ბა”. ეს ასახული იყო კიდეც მათ რელიგიურ სწავლებაში...
- როგორ? ვერ გავიგე...
- აი, მისმინე: “კა” - ეს იყო ადამიანის სულიერი ორეული, რომელსაც იგი ხვდება გარდაცვალების შემდეგ. “კა”-ს მეშვეობით შეეძლო მიცვალებულს არსებობა და ფუნქციონირება ცოცხალთა მსგავსად, მხოლოდ სხვა განზომილებაში.
- ანუ “კა” ვარ ახლა?!...
- დაახლოებით... მაგრამ არა სრულად...
- და “ბა”?  “ბა” რაღას ნიშნავს?
- “ბა” იყო “წმინდა სული”, რომელიც ადამიანს ტოვებს გარდაცვალების შემდეგ (“სული ამოუვიდა”). “ბა”, ადამიანის გარდაცვალებისთანავე, მიემართება ცათა სასუფეველში. ეს არის ადამიანის შინაგანი ენერგია, მისი ღვთაებრივი საწყისი. აი, ქართველებში ამ ორ სიტყვაში განსხვავება არ გაქვთ: “კა”- ც სულია და “ბა”-ც... და რუსულ ენაში არის ეს განსხვავება: ДУХ  და ДУША.
- ДУША человека... ანუ “კა”  და  Святой  ДУХ  ანუ “ბა”.... სულიწმინდაა “ბა”?  გავგიჟდი...
- რატომ? უბრალოდ არ მიგიქცევია ყურადღება.
- კიდევ მითხარი რამე... მსგავსი...
- ჯერ “ბა” სრულად გაარკვიე?
- კიდეა რამე?
- აბა, დაუკვირდი სიტყვებს: “დაბადე-ბა”, გა(რ)დაცვალე-ბა,  ბა-ვშვი,  ბა-ი-ა...
- “დაბადე-ბა”, ანუ “დაბადე წმინდა სული”! – თეოს თვალები გაუბრწყინდა ამ აღმოჩენის გამო...
- ყოჩაღ! შემდეგი... ბა-ვშვი... 
- ბა-ვშვი,  ანუ წმინდა სული ვშვიო... ვაიმე, გიორგი, შემეშინდა...
- ბაია...  რაღას ნიშნავს, შენი აზრით?
- წმინდა სული... იასავით პატარა?... არა, არ ვიცი...
- ბა-ი-ა ანუ  “ბა”  ი-ქაც და ა-ქაც, რადგან ყიფლიბანდის შეკვრამდე ბავშვი ორივე სამყაროში ერთდროულად არსებობს. მხოლოდ ყიფლიბანდის შეკვრის შემდეგ “იწყებს” იგი “განვითარებას” დედამიწისეული გაგებით!.. კარგი, შემდეგზე გადავიდეთ: გა(რ)დაცვალე-ბა...
- გა(რ)დაცვალე-ბა... ანუ, გარდაცვალე ერთი წმინდა სული მეორეზეო? ასეა?
- დაახლოებით, მაგრამ ზუსტად მასე – არა...
- აბა, როგორ?
- ყველა ადამიანს, სხეულით მოსვლის შემდეგ, თავისი საკუთარი ენერგეტიკა აქვს.
გა(რ)დაცვალე-ბა კი ნიშნავს, გადაცვალე ერთ სხეულში მოქცეული ენერგია სხვა სხეულის ენერგიაზეო... მოკლედ, რომ არ დაგაბნიო ძალიან, გარდაცვალება ნიშნავს მზადებას რეინკარნაციისთვის...
- ანუ სიკვდილს?
- არა... სიკვდილი – სამუდამო განადგურებაა ფანტომისა, ხოლო გარდაცვალება – მისი ხელმეორედ შობის დასაწყისი...
- აუუუ, მეტი აღარაფერი მითხრა, რააა?! ტვინი ამერია!
- კარგი, ბატონო!... მაგრამ, ახლა მე უნდა გკითხო: რატომ ხარ ასე მოწყენილი?
- არ ვიცი...
- ნუ მატყუებ, იცი... აბა?
- ვამეხი მომენატრა... – თვალები დახარა თეომ,  - იცი, სულ დეტალებში გამახსენდა ყველაფერი... ჩემი ერთადერთი ქომაგი... ერთადერთი დამცველი... ერთადერთი ადამიანი, რომელიც ჩემგან არაფერს ითხოვდა თავისი სიყვარულის სანაცვლოდ...
- გპირდები, შენ ისევ შეხვდები მას და შეეცადე, იმავეთი გადაუხადო იმ დიდი სიყვარულის საფასური... ანუ გიყვარდეს და არაფერი მოითხოვო იმ სიყვარულის სანაცვლოდ...
- გპირდები, გიორგი!... – შესცინა თეომ და მაშინვე დაინახა გიორგიმ ცვლილება თეოს სულში, - ოქროსფერი ჩაეღვარა თითქოს...
- ლამაზი სული გაქვს, თეო, ძალიან გამჭვირვალე და ნათელი... ჰო, მართლა, როდის მიდიხარ გეაზე?
- როცა მეტყვით...
- წადი, ოღონდ მანამდე ლოდიდან მიიღე ენერგია... 2-3 დღეში წადი.

თეო ლოდთან მივიდა, გვერდით ჩამოუჯდა, ლოყით მიეხუტა და გაიტრუნა.
- როდემდე უნდა მყავდე, ჩემო ლოდიკო უსახელოდ? ლოდი... ლოდი-ნი... მო-ლოდი-ნი... ჩემი ხვედრი ლოდი-ნია... უი, მოდი, “ნიას” დაგარქმევ... ჰო, ლოდი, სახელად ნია... ლოდი ნია... მართალია, შენ უზარმაზარი ხარ და “ნია” კი – პატარას ნიშნავს, მაგრამ... სამყაროს ხელა ხომ არ ხარ? – თეომ რამდენჯერმე აკოცა ლოდს და ზევით ავიდა, მერე წამოწვა, კარგად მოეწყო და თვალები დახუჭა.
- ნია... – ჩაბუბუნა ლოდმა კმაყოფილი ხმით და თავის სითბოში გახვია თეო.

ძილმაც არ დაახანა და თავისი ფრთები საბანივით გადააფარა თეოს.

სწრაფად გავიდა ორი დღე.
თეოს სული ოქროსფრად ბრწყინავდა.

მედალიონმა ზუსტად მიუთითა დრო და ადგილი:
03.01.486 - 502 წწ.  მცხეთა...

- ეს ხომ ვახტანგ გორგასლის მეფობის ხანაა?! – თვალები გაუფართოვდა თეოს...
- ჰო... შენ მისი თანამებრძოლი იყავი... – ჩაიბუბუნა ლოდმა.

თეო გეაზე წასასვლელად ემზადებოდა.

ლოდი ხვდებოდა, რომ უფრო დიდი ხნით უნდა დამშვიდობებოდა თეოს, მაგრამ ვერაფერს ამბობდა. ან რა უნდა ეთქვა? იცოდა, რომ თეო გარკვეული მიზნით ჰყავდათ აქ... რომ გარკვეული მისიით მოუწევდა გეაზე დაბრუნებაც 25-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ... იცოდა, რომ რაც უფრო ხანგრძლივი იქნებოდა მისი სიცოცხლე გეაზე, მით უფრო დიდი ხნით უნდა დამშვიდობებოდა...
და იმაზე ფიქრსაც კი გაურბოდა, რომ თეოს ჯერ კიდევ 6 პლანეტა ჰქონდა მოსავლელი...
გაუძლებდა კი ამდენს მისი პაწაწინა თეო?

და აი, მესამე დღეს ლოდის თავზე მდგარი თეო ადგილს მოსწყდა და ცაში აიჭრა.


* * *
თეოს საკმაოდ დიდხან მოუწია ყოფნა გეაზე...

ლოდს ქვიშისფერი თვალები დაეღალა თეოს ლოდინში... შეჩერდა ჟამი.
რამდენჯერ უნატრია, - “ნეტა, ლოდი კი არა, ადამიანის სული ვიყო, თეოს ხომ მარტოს არ გავუშვებდიო?!”

მოვიდა თეოს დაბრუნების დროც.
შორიდანვე დაინახა მისკენ მომავალი თეო და გიორგი.

სიხარულისგან გული აენთო და... ალმურივით ალივლივდა მის ირგვლივ ჰაერი...
ცოტა უფრო ადრე ჩიტუნები მოიხმო და მათ შეაგროვებინა ულამაზეს ყვავილთა თესლი. ლოდის ირგვლივ დაათესინა. ათასფრად ააფერადა მის ირგვლივ გარემო...

“მიხვდება თეო, მისთვის რომ ვაკეთებ ყველაფერს? თუმცა, რას უნდა მიხვდეს?! ერთი უბადრუკი ლოდი ვარ! ერთ ადგილას უმოძრაოდ დაგდებული, არაფრის მაქნისი... თეომ მიპოვა, შემომეკედლა, დამიმეგობრდა, ჩემს გვერდით ათენ-აღამებს... თეო რომ არა, ვინ ვიქნებოდი მე? უბრალო ქვა... კლდის ნატეხი... ახლა კი თეოს დიდი მეგობარი მქვია... არა... დიდი კი არა, თეოს პატარა მეგობარი ვარ... ლოდი ნია!”

თეომ ლოდთან მიირბინა და მონატრებულ მეგობარს მოეხვია. გიორგიც ახლოს მივიდა და ლოდზე ჩამოჯდა.
- იჯერე გული მეგობრის ხილვით? – გაეცინა გიორგის.
- ვერა, გიორგი! ისე მაკლდით.... ისე შეგეჩვიეთ აქ, რომ ვეღარც კი წარმომიდგენია, როგორ უნდა დავბრუნდე გეაზე...
- ოოო, აი ეს კი თავიდან ამოიგდე... შენ დროის სატარებლად კი არ ხარ აქ? მოვა დრო, ყოველივე ამის, აქ ნანახ-განცდილის მოყოლა მოგიწევს! ხმამაღლა თქმა მოგიწევს... ღვთის ბუკის ფუნქცია დაგეკისრება...
- ვაიმე, ამხელა რამეს შევძლებ? ნუ მაშინებ...
- არ გაშინებ, გაფრთხილებ. მზად ხარ ყველაფრის მოსაყოლად?
- რა მოგიყვე, გიორგი? ის, რომ ისევ ავად ვიყავი და ვკვდებოდი 4 წლის ასაკში? თუ ის, როგორ ვიხრჩობოდი 8 წლისა და რომ არა მამაჩემი, ახლა არაგვის ფსკერზე ვეგდებოდი ისევ? ან იქნებ ის, როგორ მოვიწამლე 12 წლისა? გამაგებინე, რა ხდება? რატომ არის ეს წლები ჩემთვის ასეთი საბედისწერო?! და თანაც, ყოველთვის, ერთი და იმავე საფრთხის წინაშე რომ ვარ... 4 წლისას – მძიმე ავადმყოფობა მიქმნის საფრთხეს... 8 წლისას – წყალი... 12 წლისას – საწამლავი...
- კარგი კითხვებია... ახლა რამდენი წლისა წამოხვედი აქეთ?
- 16...
- მოყევი...
- სულ თავიდან? არ მინდა! აღარ მინდა!...
- საიდანაც გინდა, იქიდან დაიწყე მოყოლა...
- მითხარი, შენ ხომ ყველაფერი იცი ჩემს შესახებ? მაშინ რატომ მაყოლებ ყველაფერს?!
- თეო, მე ზუსტად იმ შეკითხვის გაგება მინდოდა შენგან, რომელიც დამისვი, ანუ რატომ არის ეს წლები შენთვის ასეთი საბედისწერო...
- პასუხი რა იქნება ამ ჩემს კითხვაზე?
- ის, რომ შენი სიცოცხლის მერიდიანებზე ეს წლები წყვეტილია... და ყველა სიცოცხლეში ასე იყო და ასე იქნება: 4, 8, 12, 16, 20... ხომ არ შეგეშინდა?
- არა... აქ არ მეშინია... – დაფიქრდა თეო, - მაგრამ იქ რომ ვიყო, ალბათ შემეშინდებოდა...
- სად “იქ”?
- დედამიწაზე...
- კარგი, თეო... მოყევი...
- ვეცდები.

ჩემი ოჯახი მცხეთაში ცხოვრობდა: მამა - თომა, დედა - მარიამი, მე - თორღვა, ჩემი ტყუპისცალი და - ლელა და ჩვენზე 9 წლით უმცროსი დაიკო – დადუნა. მოყოლას ვიწყებ იქიდან, როცა მე და ლელა 15 წლისანი ვართ, დადუნა კი - 6 წლისა.

- ხომ გითხარი, საიდანაც გინდა-მეთქი... – გიორგიმ თეოს ხელი დაიჭირა ხელში და შეეცადა სიმშვიდე გადაეცა მისთვის.
- ნუ გეშინია, მშვიდად ვარ...
- შენ ჩემი ფიქრი წაიკითხე ახლა?
- არ ვიცი... ყიფლიბანდიდან წამოვიდა შენი ხმა, “დამშვიდდიო” - მეუბნებოდი...
- თეო, შენ იმხელა ნახტომებით მიდიხარ წინ რომ... ყოჩაღ! კარგი გოგო ხარ... აბა, ყურადღებით გისმენ და აღარ შეგაწყვეტინებ...
- ვაგრძელებ...

ზაფხულის ერთ დღეს მდინარე არაგვზე ვიყავით ჩასულები საბანაოდ, უეცრად ქალის ხმა გავიგონე: „მიშველეთო” და დავინახე კიდეც, როგორ გადახტა წყალში ვიღაც და სწრაფად გაცურა მდინარის სიღრმისაკენ. მოცურავეს თვალი გავაყოლე და მდინარეში ვიღაც სხვაც შევნიშნე, რომელიც უმწეოდ იქნევდა ხელებს. იმ მეორე „ვიღაცას” მდინარე მორევისკენ მიაქანებდა.
- მიშველეეეთ! – ყვიროდა ქალის ხმა.
- ნუ გეშინია, მოვდივარ! – ვიყვირე, წყალში გადავხტი და სწრაფად გავცურე მორევის მიმართულებით.

დროზე მივუსწარი!... სულ ცოტაც და... მდინარე ახალგაზრდა გოგონას მორევში ჩაითრევდა. გოგონას გრძელ თმაში ვტაცე ხელი, მაგრამ მორევი ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა. ის იყო, გოგონა ხელიდან მეშვებოდა, რომ იმ ყმაწვილმაც მომისწრო, ვინც პირველი გადახტა წყალწაღებულის გადასარჩენად. ორივემ ერთად გამოვიყვანეთ გოგონა ნაპირზე.

გოგონას მაია ერქვა, ვაჟს – გურა. და-ძმანი აღმოჩნდნენ. გურა - 17 წლის იყო, მაია კი -14-ის.
- გმადლობ, მეგობარო... შენ რომ არა, და დამეხრჩობოდა. მე კი მის გარდა არავინ მყავს.
- მადლობადაც არ ღირს. სად ცხოვრობთ?
- აქვე... ამ მდინარეს ცოტათი აჰყვები და ჩვენი სახლია პირველივე.

გურას ჩემი და ჩემი მეგობრების ცხენები შევთავაზე სახლამდე მისასვლელად. გავაცილე კიდეც და-ძმა. ისინი მცხეთასთან ახლოს, სოფელში ცხოვრობდნენ.

მე და გურას მაშინვე მოგვეწონა ერთმანეთი და ძმობის ფიცი დავდეთ. ამის შემდეგ ხშირად დავდიოდით ერთმანეთთან სტუმრად. განსაკუთრებით მე მიმიწევდა გული გურას სახლისკენ, - იქ  მაია მეგულებოდა.

თუმცა ვერფერს ვეუბნებოდი, მაია მიმიხვდა სიყვარულს. ვგრძნობდი, თანდათან მეც კუთვნილ ადგილს ვიჭერდი მის გულში. ერთ დღეს მაია გურას გამოუტყდა ჩემდამი სიყვარულში. გურას თან გაუხარდა ჩვენი სიყვარულის გაგება და თან გული დასწყდა, - მე და გურას ხომ ძმობა გვქონდა ნათქვამი?!. „ჩემს ძმას ჩემი და ცოლად როგორ გავატანოო?”... - ხშირად ამბობდა ხოლმე და თან რაღაც სევდიანად იცინოდა.

ვერ მივუხვდი სევდის მიზეზს, მან კი არაფერი მითხრა...
გავიდა ერთი წელი ჩვენი გაცნობიდან. დედა სულ მეხვეწებოდა, „მაია მომიყვანე და გამაცანიო”.
შევუსრულე თხოვნა.
მშობლებს საოცრად მოეწონათ მაია. განსაკუთრებით ლელას, ჩემს ტყუპისცალს მოეწონა იგი, გვერდიდან არ შორდებოდა.

დადუნა „გაბუტული” იდგა, - იმ დღეს ყურადღების ცენტრში აღარ იყო, ყველას ყურადღება მაიასკენ იყო მიმართული. ეს “უყურადღებობა” განსაკუთრებით სწყინდა ჩემგან,  “მისი სათაყვანებელი თორღვასაგან”...

იმ დღეს დავთქვით, რომ ქორწილს მაშინ გადავიხდიდით, როცა მაია 16 წლის გახდებოდა.

მაიას მშობლები არ ჰყავდა, 3-4 წლისა იყო, როცა ორივე თითქმის ერთად დაეღუპა ავადმყოფობით, სულ 2 თვის შუალედით. ბებია სიდონია ზრდიდა. ჩემს გაცნობამდე ერთი წლით ადრე ბებიაც გარდაცვლოდა და ახლა და-ძმა თავად პატრონობდა ერთმანეთს.
გურასა და მაიას მახლობლად ცხოვრობდა ჩემი ბიძაშვილი ლევანი. იგი ჩემზე 7 წლით იყო უფროსი და თურმე დიდი ხანია უყვარდა მაია, მაგრამ ის ყურადღებას არ აქცევდა ლევანს... ლევანი კი სულ მოტაცებით ემუქრებოდა.

დადგა 502 წელი...
საქართველოს მეფემ, ვახტანგ გორგასალმა, ეგრისიდან დაბრუნებისთანავე ომი გამოაცხადა სპარსელების წინააღმდეგ, - ქუდზე კაცი უნდა გასულიყო... ყველა, ვისაც 17 წელი შესრულებოდა!...
გურამ უყოყმანოდ აისხა იარაღი...
შეკრების ადგილას იარაღასხმული და ცხენზე ამხედრებული მეც გამოვცხადდი...
- თორღვა, შენ ხომ ჯერ არ ხარ 17 წლის?! წადი, სახლში დაბრუნდი და მაიასაც მიმიხედე! - მეხვეწებოდა გურა, მაგრამ...
- გურა, აქ ეს შენს მეტმა არავინ იცის! მე მოვდივარ! სადაც შენ იქნები, იქ ვიქნები მეც! მაიას კი დედაჩემი არ მოაკლებს ყურადღებას, - ვუპასუხე მე. ჩემი გადაწყვეტილება ურყევი იყო...


მე და გურა ერთად ვიბრძოდით, ერთმანეთის მხარდამხარ...
ის იყო, ერთი მძიმე ბრძოლა გადავიტანეთ, მტრის რაოდენობაც შემცირდა ჩვენს ირგვლივ, რომ შევნიშნე, როგორ ეპარებოდა გურას ზურგიდან სპარსი. ფიქრის დრო არ იყო, მათ შორის ჩავხტი და... გურასათვის მოქნეულმა ხმალმა მუცელი გამიფატრა...

თვალთ დამიბნელდა, ხმალი ხელიდან გამივარდა და ცხენზე გადმოვეკიდე. ცხენმა გამიყვანა ბრძოლის ველიდან.
გურამ ჩემს მკვლელს თავი წააცალა, მაგრამ ეს მე ვერ მიშველიდა...
მოსაღამოვდა...
გურა დიდხანს მეძებდა ბრძოლის ველზე... შემდეგ ჩემი ცხენი შენიშნა, - ცხენი მე მადგა თავს...
გურამ თვალები დამიხუჭა, ცრემლით დამილბო გულისპირი... შემდეგ იქვე, ხის ქვეშ ხანჯლითა და ხელით გამითხარა სამარე და ჩემი ცხედარი მიწას მიაბარა...
მერე რა მოხდა, აღარაფერი ვიცი... ვეღარ გავუძელი და აქეთ წამოვედი.

- დანარჩენს მე გიამბობ, თუ გინდა...
- მინდა, როგორ არ მინდა?! – დაუფიქრებლად უპასუხა თეომ...
- კარგი... – თქვა გიორგიმ და დაიწყო:

გურას გონებიდან არ შორდებოდა თორღვას გაყინული ცისფერი თვალები, მინის ნატეხებს რომ წააგავდა და რომლებშიც საქართველოს ცა ირეკლებოდა...
...მტერი განდევნეს...
მაგრამ, სულ რამდენიმე კვირაში სპარსელები კვლავ შემობრუნდნენ. იმ ბრძოლაში თვით ვახტანგ გორგასალიც დაიღუპა... და არა მტრის, არამედ მოსყიდული მონის ხელით.
გურა სახლში დაბრუნდა... მარტო!...
გლოვა იყო მარიამისა და თომას ოჯახში, გლოვობდნენ გურა და მაიაც!.

503 წელს მაიამ მონაზვნად აღკვეცა გადაწყვიტა... არ დააცადა ლევანმა... მოიტაცა!
თავის მოკვლა გადაწყვიტა მაიამ! ლევანი წუთით არ შორდებოდა გვერდიდან!... არ მისცა თავის მოკვლის საშუალება!...
გურაც სულ ამას ჩასჩიჩინებდა: „შვილი გააჩინე, თორღვას სახელი დაარქვიო”...

შეურიგდა მაია ბედს... მან მართლაც ვაჟი გააჩინა პირველი: პატარა თორღვა! შემდეგ გოგონა გაუჩნდა და მას მარიამი დაარქვა, თორღვას დედის სახელი...

ლევანს თავიდან ეჭვის ჭია უღრღნიდა გულს, მაგრამ მალე მიხვდა, რომ მიცვალებულზე ეჭვიანობდა და თავადაც შეურიგდა ბედს.
გურა ლელას გამოუტყდა სიყვარულში, - აი, რა იყო მისი უსიტყვო სევდის მიზეზი.
მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე პატარა იყო, დადუნა ყველაზე დიდხანს გლოვობდა საყვარელი ძმის დაკარგვას...

და კიდევ ერთი პიროვნება გლოვობდა თორღვას სიკვდილს, - ეს იყო მეზობლის პატარა გოგონა დაფინო, რომელიც 11-12 წლისა იყო მხოლოდ...
პატარა იყო დაფინო და ამიტომ ვერ გაუგეს თორღვასადმი სიყვარული! ვერც თავად თორღვამ გაუგო!... ის ხომ მას, როგორც თავის დადუნას, ისე უყურებდა!
დრო გავიდა, გაიზარდა დაფინო, გათხოვდა და თავის პირველსავე ვაჟს მანაც თორღვა დაარქვა... თორღვას სიკვდილიდან უკვე 7-8 წელი იყო გასული...

მხოლოდ დადუნა დააეჭვა ამ ფაქტმა... ჩუმად შეაპარა კიდეც დაფინოს შეკითხვა: „ჩემი ძმის სახელი ჰქვია შენს ბიჭსო?”
დაფინომ თავი ვერ შეიკავა და მწარედ ატირდა... პირველად ატირდა ხმამაღლა თავისი პირველი სიყვარულის დაკარგვის გამო...

დადუნა დაფინოს გადაეხვია... იმ დღიდან განუყრელი მეგობრები გახდნენ... და არა მხოლოდ მეგობრები: დადუნამ მონათლა პატარა თორღვა!...
მაია შვილიშვილსაც მოესწრო. მის შვილიშვილს ერქვა ნანია.

- რა უბედური ვარ, გიორგი? არ შეიძლებოდა, ერთხელ მაინც მეცხოვრა ნორმალური, ბედნიერი ცხოვრებით? მყოლოდა შვილები, შვილიშვილები...
- შეიძლებოდა, რატომაც არა?
- მაშინ რატომ არ ვარ ბედნიერი?
- როგორ არა ხარ? აქ რომ ხარ, ეს არ არის ბედნიერება?
- ჰო, ალბათ არის...
- წამოდი, წამომყევი და თავად მიხვდები, ხარ თუ არა ბედნიერი...

გიორგიმ თეო წაიყვანა და უზარმაზარ ჭიშკართან მიიყვანა.
ჭიშკარი დაკეტილი იყო...
თეო დაეჯაჯაგურა, მაგრამ ოდნავადაც ვერ შეატოკა კარი.
- რატომ ეპოტინები? იცი, რა არის მის მიღმა?
- არა, საიდან უნდა ვიცოდე?
- მაშინ რატომ ხსნი?
- აბა, რისთვის მომიყვანე აქ? – პასუხად შეაგება თეომ და გაეცინა...
- ეს ჯოჯოხეთის ბჭეა... ძალიან გინდა იქ შესვლა?
- ააარრრაააა! – ენა დაება თეოს...
- ჰოდა მასე... ნუ გეშინია, გარედან არაფერი გადმოგედება... ყური მიადე კარს...
- რატომ კივიან ასე? - ჩურჩულზე გადავიდა თეო, რომელიც ყურით მიეკრო კარიბჭეს...
- იმიტომ, რომ ჯოჯოხეთში არიან...
- აწამებენ?
- არა... მაგრამ... ჯერ არ მინდა ეს კარი გაგიღო და იქით გაგახედო. მართლა...
- გიორგი, ეშმაკები მართლა კუდიანი და რქიანი გაბანჯგვლული არსებები არიან?
- არა, ჩემო კარგო... ეშმაკები ანგელოზებზე ლამაზები არიან... ამიტომაც არ უჭირთ ადამიანის სულში შეღწევა და მათი გონების მართვა...
- და ადამიანის სულები ცეცხლში იხრუკებიან? – გაოცებული თვალებით იყურებოდა თეო და თან ხანდახან აპარებდა თვალს იმ ჭიშკრისკენ...
- არა, არც ცეცხლში იხრუკებიან. ეს ფანტომები განადგურებას ექვემდებარებიან... ოღონდ გაცილებით ცივილური მეთოდებით, ვიდრე მათი შეხრუკვაა...
- როგორ?
- მეთოდი – ბევრია! თეო, ბევრს მალაპარაკეეეებ!... მოვა მაგის დროც! წადი დაღლილ ხარ... ლოდთან მელოდე... და მერე – დაიძინე...
- მართლა დავიღალე...  წავედი!


(გაგრძელება იქნება!)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები