ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
20 სექტემბერი, 2009


თავი 6. თამთა ბაგრატიონი ("შორია დედამიწამდე...")

თეო ლოდთან მივიდა. ჯერ მის სიახლოვეს ჩამოჯდა და გიორგის დაუწყო ლოდინი. “ლოდთან მელოდეო“, –  უთხრა გიორგიმ.

დაიღალა ლოდინით. ლოდზე  ჩამოჯდა, შემდეგ – მიწვა და... ჩაეძინა.
მერე გიორგი მოვიდა და, ჩაძინებული თეოს დანახვაზე გაეღიმა.
– დიდხანს გელოდა... – სცადა მისი დაცვა ლოდმა და ქვიშისფერი თვალები  დახარა.
– ვიცი, არ გააღვიძო...  რომ გაიღვიძებს, მნახოს.

მეორე დილას თეო ლოდიდანვე გადახტა წყალში და ნებივრობა დაიწყო.
– თეო, გიორგი ნახე... გიორგი გელოდება... – ჩაიბუბუნა ლოდმა.
– ახლავე...  – თეო  წყალვარდნილის უკან შეცურდა, სამოსი გაიხადა და წყლის შხეფებს შეუშვირა სხეული.  შხაპის ეფექტი ჰქონდა ქვაზე დანარცხებულ და უამრავ  წვეთად ჩამომსხვრეულ წყლის ჭავლს.
– აქ ვარ, თეო, იცურავე რამდენ ხანსაც გინდა, – შემოესმა გიორგის ხმა.

სწრაფად გადაიცვა და წყალვარდნილიდან გამოცურდა.

გიორგიმ ღიმილით შეხედა თეოს, –  უცნაური სინათლე გამოჰყვა თან...
თუმცა არა, სინათლე თეოს კი არ მოჰყვება უკან, თავად თეოა ასეთი ნათლით მოსილი!...

„ჯერ სულ 2–3 დღის მობრუნებულია გეადან და ისევ მალე უნდა წავიდეს.
ღმერთო, მართლა რამდენი ტანჯვა აქვს გადატანილი და... მაინც როგორი ნათელი სული აქვს?!  და აქედან დაბრუნებული მაინც ხომ უნდა იყოს ბედნიერი?!...  ამაზე მე ვიზრუნებ, ჩემო გოგონა!

– გისმენ, გიორგი, –  მიირბინა თეომ.
– სწრაფად მოგიწევს ხელახალი დაბრუნება გეაზე, თეო...
– როცა მიბრძანებ...
– რაც მალე, უკეთესია... თავად გადაწყვიტე.
– 3–4 დღეში რომ წავიდე?
– შესანიშნავია! შევთანხმდით... – გიორგი წავიდა, თეო კი ლოდზე აძვრა და ფეხმორთხმით ჩაჯდა.
– ნიაააა, ნიიიიი,  სად მივდივარ ამჯერად?
– მედალიონი ნახეეე! – ჩაიბუბუნა ლოდმა.
– 564  წელი... მცხეთა...  ისევ მცხეთა და ისევ მე–6 საუკუნე... და ისევ საკუთარი თვალით უნდა ვნახო საკუთარი სიკვდილი?!... ეეეჰ, ნია, იცი, თურმე, რა კარგია, როცა არ იცი, ვინ იყავი წინა ცხოვრებაში? და თანაც, რომ ვიცი, რომ 4, 8, 12, 16 წლის ასაკში ისევ სიკვდილის პირას უნდა ვიყო... უნდა უყურო, როგორ ნერვიულობენ შენს გამო ახლობლები, – მშობლები, და–ძმები, საყვარელი ადამიანები, და ვერაფრით ანუგეშებ... არა და, წასვლაზე უარის თქმის  უფლებაც რომ არ მაქვს?!
– როდის მიდიხარ? – ჩაიბუბუნა ლოდმა.
– 2–3 დღეში... – თეომ დაინახა, როგორ დაინამა ლოდის წყალვარდნილისკენ მიქცეული კედელი...  ატირდა ლოდი, წყაროებივით წამოწანწკარდა ცრემლები ქვიშისფერი თვალებიდან...
– ნუ ტირი, ნია... მე მალე დავბრუნდები, – თეომ ხელები მოხვია ლოდს, აკოცა და ლოყით მიეხუტა.


* * *
მაგრამ მალე ვერ დაბრუნდა თეო. იმდენი რამის გადატანა და განცდა მოუწია ხელმეორედ, რომ... თავიდან ძალიან გაითავისა ყოველივე ნანახი, მაგრამ როგორც კი სხეულიდან გამოვიდა, ძალიან შეეშინდა. შეეშინდა საკუთარი წარსულის, იმის, რომ ის პირველი ბაგრატოვანი მეფის, ქართლის ერისმთავრის ასული ყოფილა... და ყველაფერს შორიდან შეხედა... საკუთარ თავზე – მესამე პირში საუბრობდა მხოლოდ.

უკან დაბრუნებული ისევ თავის ლოდთან დაბრუნდა, მოეფერა, მოესიყვარულა კეთილ და ერთგულ მეგობარს, რომელმაც საკუთარი სახლის ატმოსფეროც შეუქმნა, სარეცელიც გაუმზადა, ცრემლებიც ღვარა თეოსთან განშორების გამო...
- დაგაგვიანდა, თეო... – ჩაიბუბუნა ლოდმა.
- ჰო, ალბათ... მაგრამ ჩემი ბრალი არ იყო... საბრალო თამთას ისეთი უბედურების გადატანა მოუწია...
- ის თამთა ხომ შენ იყავი, თეო?
- ჰო, ვიყავი, ნია... ცალკე ნუ მომაყოლებ, რა?! გიორგის დაველოდოთ და ერთად მოგიყვებით ორივეს.
- შეგიძლია დაიწყო მოყოლა... მეც აქ ვარ, თეო, - გიორგი ახლოს მივიდა ლოდზე შემომჯდარ თეოსთან და გვერდით მიუჯდა.
- ერთ რამეს გთხოვ, გიორგი...
- გისმენ.
- თამთაზე ვერ ვიტყვი ”მე წავედი, მე ვნახე-მეთქი”...
- რატომ, თეო?...
- ის მეფის ასული იყო, გიორგი, - ტკივილი აღებეჭდა სახეზე.
- შენ მეფის ასული თამთა იყავი, თეო!...
- ვიყავი? კი ბატონო, ვიყავი... მაგრამ, გთხოვ, მოყოლის დროს ნუ მაიძულებ, რომ პირველ პირში ვილაპარაკო.... ვერაფერს ვიტყვი!
- კარგი, ამ ერთხელ გაპატიებ.
- გმადლობ, გიორგი.
- გისმენ, მოყევი....


* * *
ძნელბედობის ჟამი დაუდგა ქართლს VI საუკუნეში.
502 წელს სპარსელებმა მოსყიდულ მონას მოაკვლევინეს ვახტანგ გორგასალი, მათი მთავარი მოწინააღმდეგე კავკასიაში.

523 წელს სპარსელებს აუჯანყდა ქართლის მეფე გურგენი, რომელსაც კეისრის დახმარების იმედი ჰქონდა. როგორც ხშირად მომხდარა საქართველოს ისტორიაში, გურგენმა დახმარება ვერ მიიღო და დამარცხდა. იგი იძულებული გახდა, ოჯახითურთ თავი ეგრისის სამეფოსთვის შეეფარებინა. ქართლში მეფობა მოისპო და სპარსელთა მმართველობა დამყარდა.

VI საუკუნის 50-იან წლებში ქართლში დაიწყო პოლიტიკური მოძრაობა ქვეყანაში დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი წყობის აღდგენისთვის, რომელიც, იმ პერიოდამდე ათიოდე წლის, წინ ირანელებმა გააუქმეს. საქართველოს პოლიტიკურ სარბიელზე განსაკუთრებით აქტიურად ბაგრატიონები ჩანან.

VI საუკუნის 70-იან წლებში, როცა რომაელებსა და სპარსელებს შორის ომი დაიწყო, ქართველები კვლავ აჯანყდნენ. რომაელებმა ისარგებლეს სპარსეთში ატეხილი შინაური შფოთით და შაჰისაგან თითქმის მთელი ქართლი მიიღეს. სპარსელთა მეციხოვნეები თბილისშიღა დარჩნენ. ქართლში დაწყებულ აჯანყებას ბაგრატოვანი გუარამი მეთაურობდა.

ქართლელმა აზნაურებმა ძველებური მეფობის აღდგენა აღარ მოისურვეს.
რომაელებთან შეთანხმებით მათ ქვეყნის მმართველ ერისმთავრად - ქართველი სეფეწული გუარამი (545-586) დასვეს. იგი ვახტანგ გორგასლის შვილიშვილი იყო. ქართლის ფეოდალების შუამდგომლობით კეისარმა გუარამს კურაპალატის წოდება მიანიჭა.

ამგვარად, ქართლს მართავს გუარამ კურაპალატი, პირველი ბაგრატოვანი მეფე.
ბაგრატიონები წარმოშობით საქართველოს უკიდურესი სამხრეთ-დასავლეთი ოლქიდან – სპერიდან არიან, სადაც უძველესი დროიდანვე მოსახლეობდნენ ქართული ტომები (ამჟამად ეს ოლქი თურქეთში მდებარეობს ისპირის სახელწოდებით). საქართველოში თავიდანვე გაჩნდა ვერსია ბაგრატიონთა ბიბლიური წარმომავლობის შესახებ.  გუარამ კურაპალატი დედით ფარნავაზიანია და მამით ბაგრატიონი.

გუარამ კურაპალატს და დედოფალ ნანას სამი შვილი ჰყავთ, უფროსი ვაჟები  - სტეფანოზი და დემეტრე  და ნაბოლარა ასული - თამთა.

თამთა გაძიძავებული იყო მცხეთაში ძალზე სათნო და კეთილ ქალთან – ლოლასთან. მის მეუღლეს უფლისა ერქვა, არაჩვეულებრივი პიროვნება იყო, ძალზე საინტერესო მოსაუბრე, საათობით შეეძლო მის გვერდით ჯდომა და მოსმენა. მას „მეზღაპრეს” ეძახდნენ. თამთას ძიძიშვილს თეკლე ერქვა.

ლოლას უფროსი ვაჟიც ჰყავდა – გიორგი, რომელთან ერთადაც მან კიდევ ერთი დიდგვაროვანი ბავშვი გაზარდა, თავადიშვილი გიგა. გიგა და გიორგი თამთაზე და თეკლეზე 3-3 წლით უფროსები იყვნენ. თამთას გაძიძავების შემდეგ გიგა მის სახლში დააბრუნეს, მაგრამ  ლოლა-დედასთან ხშირად მოჰყავდათ ხოლმე.

4 წლისა რომ შესრულდა,  თამთას ფილტვების ანთება დაემართა. ლოლას და უფლისას ძალიან შეეშინდათ, ბავშვს არაფერი დამართოდა და სასახლეში აფრინეს კაცი.
თამთას  მაღალი სიცხეები ჰქონდა და ბორგავდა. მისი ცხენით გადაყვანა ყოვლად წარმოუდგენელი იყო. 

იმ პერიოდში ლოლასთან სტუმრობდა მისი მეორე გაზრდილიც, – გიგა. ლოლას გიგას გამგზავრება უნდოდა, მაგრამ ამისთვის ვეღარ მოიცალა უფლისამ და ესეც მცხეთაში დარჩა ძიძასთან.

მთელი კვირა იწვალეს ექიმებმა, მაგრამ ვერც სიცხე დაუგდეს და ვერც სუნთქვა შეუმსუბუქეს. ბოლოს ექიმებმა ხელი ჩაიქნიეს, – „უიმედოაო“...
თამთა ხშირად და გაძნელებულად სუნთქავდა, სახეზე წამოწითლებულიყო, ტუჩები ჩალურჯებოდა...

გიგა ფეხაკრეფით შევიდა თამთას ოთახში და ოთახის კუთხეში  ჩამოჯდა.
ლოლას მისი ოთახიდან გაყვანა უნდოდა, მაგრამ ისეთი მუდარით სავსე თვალებით ამოხედა გიგამ, რომ... დატოვა.

სიჩუმეს მხოლოდ თამთას ქშენია სუნთქვა არღვევდა, რომელიც ხან ისე მისუსტდებოდა, რომ, ჰა და ჰა,  გაწყდებაო, – გეგონებოდა.
გიგა თამთას მიუახლოვდა, საწოლთან ჩამოუჯდა და დააკვირდა.
უცებ მოეჩვენა, რომ თამთამ სუნთქვა შეაჩერა და ფეხზე წამოხტა.
– ლოლა–დედა, ჩქარა, თამთა კვდება, – იყვირა და ოთახიდან გავარდა. კინაღამ  კარებში შეეჩეხა მოხუც ექიმბაშს, რომელიც თამთასთან მოყავდა ლოლას.
– ნუ გეშინია, ბავშვო... – მოხუცმა ქალმა თავზე გადაუსვა თავისი დაკოჟრილი თითები გიგას და სწრაფად შევიდა ოთახში.


გული მოეწურა ლოლას თამთას დანახვაზე. სასთუმალზე გაშლილი ოქროსფერი დალალები ზღაპრულ ფერიას ამსგავსებდა ბავშვს, მაგრამ მისი წამოწითლებული სახე და ჩატეტკილი ტუჩები მის მძიმე მდგომარეობაზე მიანიშნებდა.

გიგას ყელზე დაბადებიდან ეკეთა ლომის თავის გამოსახულებიანი მედალიონი (მათი საგვარეულო გერბის ერთ-ერთი შემადგენელი!).
ოთახიდან გასულმა გიგამ ყელზე მოისვა ხელი და ეს მედალიონი შერჩა თითებში. სწრაფად მოიძრო და, ოთახში  შებრუნებულმა, თამთას დაადო გულზე.

ვერავინ მიხვდა, რა მოხდა ასეთი, მაგრამ თამთამ მომენტალურად ღრმად ამოისუნთქა და... მშვიდად დაიწყო სუნთქვა.
გიგა საწოლთან დაეშვა მუხლებზე და თამთას ხელი დაიჭირა ხელში, შემდეგ კი რაღაც გაურკვეველი სიტყვების ბუტბუტი დაიწყო.
– რას ბუტბუტებ, გიგა? –  შეშინებულმა შეხედა ლოლამ.
– მკარნახობენ... – სწრაფად უპასუხა გიგამ და ბუტბუტი განაგრძო.

დაახლოებით 10 წუთის შემდეგ თამთამ თვალი გაახილა,  ხელში კი გიგას მედალიონი ეჭირა.
– ეს ჩემია... – ჩუმად ჩაილაპარაკა გიგამ...
– ჩემი... – ამოიჩურჩულა თამთამ და ისევ დახუჭა თვალები.
– ჩუუუუ,  დაეძინა, – გაოცებულმა თქვა მოხუცმა ექიმბაშმა და  ოთახიდან გასვლა დააპირა.
– რა ხდება, მართა? – ლოლა გაოცებული შეჰყურებდა გიგას და მის მედალიონს.
– ამ ბავშვებზე ღვთის მადლი გადმოდის... – ჩაილაპარაკა მოხუცმა და კარებში გავიდა.

2–3 დღეში გამოკეთდა თამთა.
მედალიონი გაგას დაუბრუნეს.
ძალიან მოსწონდა თამთას ეს მედალიონი, მაგრამ გიგა არ უთმობდა.
– ამ მედალიონს თუ მოვიშორებ, ბედნიერებას დავკარგავ. არმაზის მთაზე მდგარ სალოცავში ამ მედალიონით უნდა ვიპოვო ჩემი ბედნიერება. – ეუბნებოდა.
– მეც მინდა ბედნიერება... –  ცრემლიანი თვალებით ითხოვდა თამთა, მაგრამ მედალიონი კვლავ გიგასთან რჩებოდა..

* * *
გავიდა 4  წელი..
თამთა 8 წლისა შესრულდა. ჯერ ისევ ლოლასა და უფლისასთან ცხოვრობდა.
ერთ დღეს უფლისამ გოგონები მდინარეზე ჩაიყვანა. წყალში არცერთი ჩასულა, მაგრამ... რაც ბედის წიგნში შენს გასწვრივ ჩაიწერება, იმას ვერაფერი ცვლის. იმ დღეს წყალთან ჭიდილი ეწერა თამთას.

მდინარეში წყალმა თვალდათვალ დაიწყო  მომატება. და ვიდრე ბავშვები მდინარეს მოშორდებოდნენ, მოვარდნილმა წყალმა თამთა გაიტაცა.
– გვიშველეეეეთ, – იყვირა უფლისამ და წყალში გადახტა.

ცოტა დაბლა, ჭალაში 20–21 წლის ახალგაზრდა ნადირობდა. ხმა გაიგონა და მიხვდა, მდინარეში იხრჩობოდა ვიღაც. სწრაფად გაიხადა ტანზე და დაინახა კიდეც ბავშვი, რომელსაც წყალი ზუსტად მისკენ მოაქანებდა.
ბევრი არ უფიქრია და წყალში გადახტა. ბავშვს წინ დაუხვდა და წელში ამოსდო ხელი.
ნაპირისკენ გაცურა.
ბავშვს ბლომად წყალი ჰქონდა ნაყლაპი. ვაჟმა მუცლით მუხლზე გადაიწვინა თამთა და ბეჭებზე ხელის ტყაპუნით წყალი ამოაღვრევინა. თამთამ რამდენჯერმე დაახველა და თვალი გაახილა.
– ღმერთი გადაგიხდის სამაგიეროს... ბავშვი გადაარჩინე, – უფლისამ ხელები დაუკოცნა ვაჟს.
– თქვენი შვილია?
– არა, ეს გუარამ ერისთავის ასულია...
– თამთა? ღმერთო ჩემო... ეს თამთაა?
– დიახ, ჩემო ბატონო... თამთა გახლავთ... და თქვენ ვინ ბრძანდებით?
– ბაკური... სასახლეში ვმსახურობ... ამ ჭალაში ვნადირობდი, ყვირილის ხმა რომ გავიგე... – არ უთხრა, ვინც იყო სინამდვილეში.
– დიდება შენდა, ღმერთო!... ამ ბავშვის გადასარჩენად ყოფილხარ აქ...
– მამა... – მისუსტებული ხმით დაიძახა თამთამ.
– აქ ვარ, შვილო... – უფლისა თამთასკენ შებრუნდა და ბავშვი ხელში აიყვანა.

და უცებ ბაკურმა თამთას ზღვისფერ თვალებს მოჰკრა თვალი.
ამ ზღვებში ჩაიძირა, და მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივად ცურავდა,  თამთას თვალების ზღვებიდან გამოცურვა არც უცდია.

„გონს მოდი, ბაკურ, ბავშვია შენს წინ...– თავის თავს შეუძახა, მაგრამ... თავს ზევით არ იყო ძალა... თამთა გულში ჩაუვარდა ბაკურს. –  დავიცდი, ვიდრე  გაიზრდება... და მხოლოდ ეს გახდება ჩემი მეუღლე“...

ბაკური დაემშვიდობა უფლისას და  ფეხ– და გონარეული გაეშურა თავისი ცხენისკენ, რომელიც მშვიდად ბალახობდა ჭალაში.

* * *
გავიდა კიდევ ერთი წელი.
თამთა 9 წლისა შესრულდა. 
– რა გაჩუქო, თამთა? – ჰკითხა გიგამ და სულ სხვა პასუხისთვის მოემზადა, მაგრამ...
– შენი ლომისთავიანი მედალიონი მინდა! – თვალები მოწკურა ერისმთავრის ასულმა.
– კარგი, ჩემს სახელზე ატარე, – გიგამ მედალიონი თავისი ხელით დაჰკიდა ყელზე თამთას.

* * *
თითქმის გავიდა კიდევ ერთი წელი...
2 თვეში 10 წლისა უნდა გამხდარიყო თამთა. 
მედალიონს წუთით არ იცილებდა მკერდიდან.
ნათლისღების ღამე ტაძარში გაატარა, დილას კი გადაწყვიტა, მარტოს ეპოვა ბედნიერება არმაზის მთის სალოცავში და გზას გაუდგა.
თოვლი მუხლს ზემოთ იდო. თოვლში სიარულით ძალა გამოელია, დაიღალა და ჩაეძინა სალოცავის კუთხეში მიმჯდარს.

მთელი მცხეთა ეძებდა თამთას, მაგრამ უშედეგოდ.
სხვებისგან მალულად გიგაც თამთას საძებრად წავიდა. გაახსენდა, რომ 2-3 დღის წინ არმაზის მთის სალოცავის შესახებ საუბრობდნენ და ინტუიციით, ისიც იმ მხარეს წავიდა. მალე იპოვა არმაზის სალოცავის კუთხეში მისვენებული, ნახევრად გაყინული და გათოშილი თამთა. მოსულიერება დაუპირა, მაგრამ ვერ შესძლო. მაშინ იგი დაბლა ჩამოვიდა და მშველელს უხმო.

ცოტაც რომ დაგვიანებოდათ, თამთას ვეღარ გადაარჩენდნენ.
იმდენად დიდი იყო თამთას პოვნით გამოწვეული სიხარული, რომ დაავიწყდათ გიგასათვის ეკითხათ, საიდან მიაგნო მან თამთას არმაზის მთაზე.

იმ დღიდან  სასახლეში დააბრუნეს თამთა, მაგრამ ლოლა-დედასთან ისიც ხშირად დადიოდა სტუმრად.


* * *
გადის წლები...
12 წლის  თამთა ბაკურზე დანიშნეს, თუმცა კი ქორწინებამდე 3–4 წელი რჩებოდა კიდევ.

24 წლის ბაკური სასახლის კარზე მყოფ ახალგაზრდა ქალთან, თაფლოსთან დადიოდა. ერთ ღამეს ბაკურს თავისი ნიშნობის შესახებ წამოსცდა.ბაკურზე შეყვარებულმა თაფლომ, სხვა რომ ვერაფერი მოახერხა, საწამლავი ჩაუყარა თამთას საკვებში.
შინამოსამსახურე პატარა გოგომ დაინახა ეს და  ყოველივე მოახსენა მსახურთუფროსს.
თამთა უკვე ტკივილისგან იკლაკნებოდა, როცა თაფლოს ჯერ მუქარით, შემდეგ – ცემით ათქმევინეს, რა ჩაუყარა საკვებში ერისმთავრის ასულს.
ექიმბაშთან აფრინეს კაცი.
კარგია, შხამის გასანეიტრალებელი საშუალება იცოდა ექიმბაშმა და თამთას გადარჩენა მოახერხეს.

* * *
თამთა უკვე 15 წლისაა,  გიგას და გიორგის კი – 18-18 წელი შეუსრულდათ.
გიგა უიმედოდ არის შეყვარებული თამთაზე, თუმცა იცის, რომ ის ამირსპასალარ ბაკურზეა დანიშნული. ბაკური 12  წლით უფროსია თამთაზე, სიგიჟემდეა შეყვარებული და მისი ხელის ერთადერთ პრეტენდენტად ითვლება.

ასევე უიმედოდ არის შეყვარებული თეკლეც, - მას გიგა უყვარს, თავის ძმის ძუძუმტე, რაც, ქართული ადათ-წესების მიხედვით, ყოვლად დაუშვებელია. თეკლე ცდილობს, გიგას, როგორც ძმას, ისე შეხედოს, მაგრამ... არ გამოსდის!

ზაფხულის ცხელი დღე იყო. თამთა და გიგა მირიან მეფის მიერ მთაზე აღმართულ ჯვართან ავიდნენ.
მზიანი დღე უცნაურად სწრაფად შეიცვალა: მოიღრუბლა, დაბნელდა. წვიმა თვალდათვალ უახლოვდებოდათ.
– თამთა, ვიჩქაროთ, თორემ წვიმა მოგვისწრებს...
– არაფერი მომივა, გიგა...
– დამისველდები, ჩემო...

ხელი ჩაჰკიდეს ერთმანეთს და სირბილით დაეშვნენ მთიდან. ჩამოსვლისთანავე შენიშნა თამთამ, რომ მედალიონი აღარ ეკეთა. გიგამ  თამთა დაბლა დატოვა, თვითონ კი სწრაფად აბრუნდა მთაზე. მედალიონი ბილიკზე ეგდო. აიღო და ისევ სირბილით დაეშვა დაბლა.

გიგას დაბრუნებამდე კოკისპირულად გაწვიმდა. გალუმპულებმა მინდორში მდგარ დიდ მუხას შეაფარეს თავი.
თამთას სველი ტანსაცმელი ტანზე ეკვროდა. სიცივისაგან აკანკალებდა. თმაც დაუსველდა და წურწურით სდიოდა წყალი გრძელი, წელამდე ნაწნავებიდან. გიგამ თამთას ნაწნავებიდან წყალი გამოწურა, ხელი მოჰხვია, გათბობა დააპირა მისი, მაგრამ თავადაც ისეთივე სველი იყო, როგორც ერისმთავრის ასული.

იელვა. სადღაც დაიქუხა. შეეშინდა თამთას... ინსტიქტურად გიგას მიეკრა მკერდზე. გიგამ მაგრად მოჰხვია ხელი, თავი ააწევინა და... ტუჩებში აკოცა. სიტყვაც კი არ უთქვამს, ისე!

გაოცებულმა შეხედა თამთამ, მაგრამ თქმა ვერაფრისა მოასწრო, – ისევ იელვა და მათ „მფარველ” მუხას მეხი დაეცა.  მოულოდნელი დიდი სინათლისაგან ვეღარაფერი დაინახა. შემდეგ რაღაც მძიმე მოხვდა თავში... მერე რა მოხდა, აღარაფერი ახსოვს...

მეხის დაცემისაგან უზარმაზარი მუხა შუაზე გაიხლიჩა. ერთ ნახევარს ცეცხლი წაეკიდა, მეორე ნახევარი კი გვერდზე გადაწვა. მისი ერთი ტოტი თამთას და გიგას  მოხვდა, მაგრამ ქვეშ კი არ მოიყოლა, გვერდზე გადაჰყარა.  ძლიერად წვიმდა და ცეცხლი ამიტომ ჩაქრა, მხოლოდ თეთრი კვამლი ადიოდა ხიდან.

ნაწვიმარ მინდორზე თეთრ ცხენზე ამხედრებული 27-ოდე წლის დიდგვაროვანი გამოჩნდა. ეს ბაკურია. მათ დაეძებს.
შორს მეხდაცემული მუხა შენიშნა. მუხის გვერდით დაყრილი ადამიანებიც დაინახა. მათკენ გააჭენა ცხენი.
ახლოს მივიდა და თამთა და გიგა შერჩა ხელთ. ჯერ თამთა მოასულიერა, მერე  - გიგა.
შემდეგ ცხენზე შემოისვა თამთა  და სასახლეში წაიყვანა, გიგა კი მეხდაცემულ მუხასთან დატოვა, თავადაც „მეხდაცემული”...


* * *
გადის 1  წელი...
თამთა უკვე 16 წლის შესრულდა, ბაკური - 28 წლისა. 
უზარმაზარი ქორწილი გადაიხადეს...
ბედნიერები იყავნენ თამთა და ბაკური... თუმცა, ხანმოკლე გამოდგა მათი ბედნიერება: ქორწინებიდან 3 წლისთავზე,  585 წ. 1 იანვარს, მშობიარობის დროს დაიღუპა თამთა... ვაჟი, რომელიც გააჩინა, სუსტი იყო. 10 დღის ასაკში ისიც დაიღუპა.

მთელი ქართლი გლოვობდა თამთას გარდაცვალებას. გლოვობდა  გუარამ ერისმთავარი... უსაზღვრო იყო ბაკურის მწუხარებაც... სიკვდილის წინ თამთამ ითხოვა, „მირიანისეულ ჯვართან დამასაფლავეთო”.

მამამ ანდერძი აუსრულა, - მისი ბრძანებით მცხეთაში დაკრძალეს თამთა, მთის წვერზე, სადაც მირიან მეფისეული ხის ჯვარი იყო აღმართული. მალე იქვე დაკრძალეს თამთას ვაჟიც. გუარამმა მათ საფლავზე მცირე ჯვრის ტაძარი ააგებინა.

ტაძრის ადგილი შემთხვევით არ შეურჩევიათ - იქ იდგა ხის ჯვარი, რომელიც წმინდა ნინომ ორი საუკუნის წინ აღმართა. ჯვარს თაყვანს სცემდნენ არა მარტო ქართველები, არამედ მთელი კავკასიიდან სალოცავად ჩამოსული მორწმუნენი. გუარამის მიერ აგებული მცირე ეკლესია უფრო და უფრო მეტ მლოცველს იზიდავდა, ამიტომ გუარამის ძემ, სტეფანოზ ერისთავმა, გადაწყვიტა, მის გვერდით აეგო დიდი, ახალი არქიტექტურული სტილის ტაძარი, რომელიც უფრო შეეფერებოდა ფეოდალური ხანის მოთხოვნილებებსა და გემოვნებას.
ასე ჩაეყარა საფუძველი ქართული ხუროთმოძღვრების უკვდავ ქმნილებას, მცხეთის ჯვრის დიდ ეკლესიას.
მატიანეს არ შემოუნახავს ტაძრის ხუროთმოძღვრის სახელი, არც მისი აგების თარიღია მითითებული სადმე, მაგრამ რელიეფის წარწერაში მოხსენიებულ პირთა მიხედვით, აგრეთვე სხვა წერილობითი საბუთების შეჯერებით დგინდება, რომ ერისმთავარ სტეფანოზს ტაძარი 585-604 წლებში აუგია.
ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობა მიუღიათ სტეფანოზს, დემეტრეს და სტეფანოზის ძეს – ადარნასეს, აგრეთვე ერისმთავართა სახლობის სხვა წევრებსა და შეძლებულ დიდგვაროვანთ.


გიგა, რომელსაც თამთასადმი სიყვარული მისი გათხოვების შემდეგაც არ განელებია, ბერად აღიკვეცა, თამთას სიკვდილის შემდეგ კი - მის საფლავზე აგებულ ჯვრის მონასტერში ბერად დაეყუდა, ბოლოს მისი წინამძღოლიც გახდა... იგი ჯვრის მონასტერში აღესრულა კიდეც მამა გიორგის სახელით. ბერის ჩოხის ქვეშ იგი სიკვდილამდე ატარებდა ოდესღაც საკუთარ და შემდეგ - „თამთასეულ”  მედალიონს ლომის თავის გამოსახულებით.

მღვდლად აკურთხეს გიორგიც, გიგას ძიძიშვილი, ლოლას უფროსი ვაჟი.

ბაკური, თამთასა და მათი ვაჟის გარდაცვალების შემდეგ, სულ სიკვდილს ეძებდა... გუარამის მმართველობის პერიოდში საქართველოს დიდი ომიანობა არ გადაუტანია, მაგრამ მცირე ბრძოლებს ყოველთვის ჰქონდა-ხოლმე ადგილი. ერთ-ერთი ასეთი ბრძოლის დროს დაიღუპა ბაკური 36-37 წლის ასაკში, თამთას გარდაცვალებიდან 5-6 წლის შემდეგ.

თეკლე გათხოვდა, როგორც კი ბერად აღიკვეცა გიგა. მას ორი შვილი შეეძინა. თავისი სიყვარული გიგასადმი მან შვილზე გადაიტანა, რომელსაც გიგა დაარქვა. მიუხედავად იმისა, რომ თეკლემ იცოდა გიგას თამთასადმი სიყვარულის ამბავი, მას მაინც ძალიან უყვარდა თამთა... მისი სიკვდილი ძალზე ძნელად გადაიტანა თეკლემ. თავის ქალიშვილს მან თამთა დაარქვა...

თეო გაჩუმდა და თავი დახარა.
სიჩუმე გიორგიმ დაარღვია.
- გინდა კიდევ ერთი საოცრება გითხრა?
- კიდევ რაღა  საოცრება უნდა მითხრა, გიორგი?
- ის გიგა – ოდესღაც მამაშენი იყო... გაი!
- მერე? – თვალები გაუფართოვდა თეოს.
- ამიტომაც უყვარდი სულ პატარობიდან... და რადგან ვერ გიშველა მაშინ, როცა მისი შვილი იყავი, დაგეხმარა ახლა!
- რატომ ადრევე არ მითხარი? ვეტყოდი...
- აქედან რომ დაბრუნდები, მაშინ უთხარი...
- და გიგას სად ვნახავ?
- ნახავ, გპირდები... ბაკურსაც ნახავ... 
- ჩემი გაგიჟება გინდა, გიორგი?
- არა... შენ ძალიან ბევრ ადამიანს შეხვდები აქედან დაბრუნების შემდეგ...
- და მიზანი?
- შენ უნდა ჩაიტანო აქაური ამბავი! ჭეშმარიტების მძივის აცმაშიც მოგიწევს მონაწილეობის მიღება!
- რა მძივი, გიორგი? მძივი გაუწყდა ვინმეს?
- ჰო, გეას!.. სხვას ნურაფერს მკითხავ ჯერ... მაინც ვერ გაიგებ ვერაფერს. მოვა დრო და აგიხსნი.



(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები