ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: რ_____ო_____ი
ჟანრი: პოეზია
22 სექტემბერი, 2009


  ჩამოტვირთვა

აგვისტო - სექტემბერი - 2009

 

     

          ნინოს

ზიხარ ფანჯარასთან სახით
ლოიალურ,
გარეთ წვიმებია, შიგნით
წყვეტილები,
რაღაც სასაცილოდ ტირის
როიალი,
რაღაც სასაცილოდ წვიმს და
მეტირები.

კედლის კალენდარზე ზამთრის
ფორმატია,
თეთრი სუფლიორიც მალე
მოგვაკითხავს,
შენ კი იმით ჰგავხარ ახლა
რომანტიულს,
წვეთიც რომ არ არის შენში
რომანტიკა.

სურს რომ დედამიწა ტანზე
დაგახაზოს,
ისე სადისტია ჩემი
ამბიცია,
ოცდათვრამეტი და კიდევ
სამი ხაზი,
ანუ ავად ვარ და ანუ
ამიწია –

სიცხემ, საკუთარი თავის
ემიგრანტი,
მერქვა დეკემბერიც სისხლში
მიჟონავდა,
მაგრამ გეფიცები რაც შენ
შემიყვარდი
სიცხეს გულის მხარეს აღარ
ვიზომავ და... -

რაღაც სასაცილოდ ტირის
როიალი,
რაღაც სასაცილოდ წვიმს და
მეტირები,
ზიხარ ფანჯარასთან სახით
ლოიალურ,
გარეთ წვიმებია, შიგნით
წყვეტილები. 







          წინდობა შენი


ცაა და ელვამ ლამის დასეროს
დილა, რომელსაც მთვარე დანათის,
წინდობის ჟამი დგება ასე რომ
ღმერთი აკოცებს დღეს შენს არათითს.
.
მერე კი იქნებ ისე გათოვდეს,
მიხვდე წარსული კარგი რად არი,
ამიტომ სანამ უფრო აცივდა
და თმები შენი სანამ ზიმზიმებს,
მაგ მოთმინებით უნდა ატარო,
ერთი პოეტის ხასიათი და
ერთი პატარა ბეჭდის სიმძიმე.


                       
                 


პროტესტი კულისებიდან (სარკესთან საკითხავი)

სახურავებზე ელვა აზის ბებერ ანტენებს,
დახეთქილ მინებს გაუჩრიათ პირში ფარდები,
ქართულად წვიმს და შენ სიკვდილთან ღამეს ათენებ,
მერე კი, როგორც ცუდი ფილმი, ისე მთავრდები.

რადგან იცხოვრე შენი გზით და სხვისი წესებით,
წუთი-სოფელშიც ოცი წელი ისე გივლია,
თითქოს მსოფლიო შეისრუტე, ხოლო ლექსების
მცირე რვეულში გადაწერე მთელი ბიბლია...

წვიმს უნიათოდ, ოთახში კი წვეთავს ნიათი,
წერ და თევზაობ ყოფნასა და შორის არყოფნის,
ხოლო სურვილებს იმოდენა სივრცე მიართვი,
გრჩება შეგრძნება, რომ სიკვდილი გაქვს და არ გყოფნის.

მაგრამ, სანამდის საფეთქლები სტრიქონს გაცრიან,
ალბათ აჯობებს, ტრომბონებში რომ გადმოერთო
და თუ მუსიკას ირჩევ ლექსში თექვსმეტმარცვლიანს,
ასე გამოდის, სხვის დაკრულზე ცეკვავ პოეტო,

ან მეორდები, ანდა ელვა ბებერ ანტენებს
ისევ აწვალებს. შენ მაჯებზე გაზის მიზნები,
ზიხარ ზოგადად და ღამესთან ღამეს ათენებ,
ყოველ დილით კი ერთი დღით და ლექსით იზრდები.


     


                        ჩემი ძმაკაცები და...

(არჩილ ბერიძეს, გიორგი გაბაიძეს, ლაშა-გიორგი ხოზრევანიძეს, მერაბ ჯიხაძეს, მინდია ცეცხლაძეს (ველური) გენრი დოლიძეს)

BOX და სამი, შვიდი, ცხრა, უმჯობესი MUZ-ასი,
ფურცლებს ლექსებიანებს ქარი დასტაცებია,
გვიან ღამით ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე,
ბიჭები რომ მღერიან ჩემი ძმაკაცებია.

ყველა პოეტია და საქართველო ქართულად
აჩიკოსი არ იყოს ბათუმიდან თენდება
და ამ ღამით სხვისი მზე ჩვენთვის არის ნათურა,
ყოველ გამთენიისას ბოძზე რომ ითენთება.

პოეტები აფრენენ, გიჟდებიან, წვებიან
ასფალტზე და გენრისაც მონატრება სწყურია
აფხაზების, ბათუმშიც რაც თუ აფხაზებია,
უმეტესი მათ შორის ახლა მებადურია -
რადგან ის ტკივილები ზღვაში მოითევზაონ,
ბოთლშიც მცირე წერილად აცურებენ იმედებს,
ვგონებ არ გეკადრება ეს სურათი შენც ზღვაო,
ჰოდა ერთი ნაპირი კიდევ გამოიმეტე,

თორემ ვთვრებით რარიგად ამ პოეტურ ღამეში,
ბოლო-ბოლო სიფხიზლის აღარ შეგვრჩეს იოტი?
მზეს თუ ვერ შეაჩერებს ახლა ისუ-ნავესი,
როი საიქიოშიც იტრაბახებს გიოთი.

ასე იყო იმ ღამით ცას ლექსები სწყუროდა,
წვიმამ იაცაბაცა და პალმებზე ილაშქრა,
მერე ჩვენმა ძმაკაცმა დაგვირეკა ხულოდან,
"გენაცვალე" გავცვალეთ ჩვენ და გიორგი-ლაშამ.

წინ კი ეუჰ, რამდენი პოეტური წლებია,
მაგჰრად დათვრა მინდიაც, არ დაუთვრა სტრიქონი,
ხოლო ღამის ბათუმში ზეცას ვარსკვლავებიანს,
ჩვენი სიმღერებისგან ასძვრა იერიქონი.
ღრუბლის თეთრი ჩოხებიც ვარსკვლავებმა შელამბა,
მთვარე შვიდი პოეტის მეტაფორით გაერთო,
როცა ჭიქის მაგიერ გული დადო მერაბმა,
ხოლო მთელი საღამო გახდა საალავერდო.

გორგილაძის ქუჩაზე იმედები ეყარა,
ხოლო დილას წინა დღის განცდა მომეტებია,
წუხელ ვინც გიმღეროდა ჩემო კარგო ქვეყანავ,
ჩემი ძმაკაცები და შენი პოეტებია!



           




            უმოტივო მეტივე

                    (ნინოს)

ხელი დაუშვი, რომ მიყვარდი ისიც დაუშვი,
იყო ტივი და უმოტივოდ იწვა მეტივე,
დროგამოშვება მოვკალით და შენ გეხამუშა -
კოცნა, კისერში ჩავარდნილი წვიმის წვეთივით.

სანაპიროზე გეგონა რომ ჩემი მეგონე,
მერე გზა და გზა გაიზარდა დროც და შეჩვევაც,
რადგან წუხელის ჩემი ყველა მზერა შეკონე,
ხოლო ამ დილით დამაყარე თავზე ეჭვებად.

ახლა ვწევართ და გვენაღვლება ზეცა ისე რა,
ზეცა რომელსაც ამინდები აღელვებია,
შორით ჩანს ხიდი ვით ჟირაფის ჭრელი კისერი,
მთები კი თითქოს დაჩოქილი აქლემებია.

შენ ხარ ტივი და მე მოტივით გიმზერ მეტივე.








        დაუსრულებელი ლექსი

მთელი დედამიწა - შენი სამოსელი,
მიკვირს გეფიცები როგორ ჩაგეტია,
მხრიდან ორი ცალი გრძედი ჩამოგხსენი
და ჩემს ჰორიზონტზე ორი განედია.

ახლა როგორც წესი დავდარდიანდები,
რახან ვიბნევი და რახან გვიანია,
ვიცი არსებობენ ადამ-იანები,
მაგრამ შენი სფერო ევა-იანია.

არის შენდობაც და არის მინდობანიც,
ზოგი არ ინდობა, ზოგი ინდობა და
ყველას შეგვიძლია შევქმნათ კიდობანი,
მაგრამ ვიკრიბებით ნოეს კიდობანთან.

რადგან - ...






მინი სონეტი როინ აბუსელიძეს

ზოგი დაფნას ყიდის და
ზოგი დაფნას ყიდულობს,
შენც კამათობ სინდისთან
ლექსით გამოფიტულო.

თუმც გყავს ბევრი მხლებელი
და იშენებ ბალავარს,
მაგრამ გამკეთებელი
იმის ნაღდად არა ვარ,

არა ხარ თუ მნიშვნელიც
პოეტებმა დაიკლეს,
მეფე თუა შიშველი,
რატომ სცივათ პაიკებს?...

აქ არ ვარგა თარეში,
იქნებ სხვაგან ირბინო,
გორგილაძის მხარეში,

ჯერ ძალიან ადრეა -
როინ აბუსელიძემ
თავი დაი-გვირგვინ-ოს!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები