ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
29 მაისი, 2008


მხიარული “ოთხშაბათელები”

(თსუ სიღნაღის ფილიალის გახსენება)


გამარჯობათ! მე ერთი ჩვეულებრივი მიკროავტობუსი ვარ! “თეთრონი” მქვია, თეთრი ვარ და მაგიტომ.
ერთ დაწესებულებაში ვმუშაობ. სულ ორი დღე ვარ იქ. დანარჩენ დროს, შეთავსებით, სხვაგანაც ვმუშაობ. რა ვქნა, ოჯახს რჩენა უნდა, თავს - შენახვა... ასე არ არის?
აი, იმ ორ დღეზე მინდა მოგითხროთ...

ჩემი მონათხრობი აბდა-უბდას რომ არ დაემსგავსოს და სევდის მიზეზს მიმიხვდეთ, ჩემი წინამორბედი  კოლეგის გახსენება მომიწევს.
მას “ლურჯა” ერქვა. ლურჯი კი არ იყო, ცისფრად ბრწყინავდა, მაგრამ... “ცისფერს” ხომ არ დაუძახებდნენ? ჰოდა, გოგონებმა, მოფერებით, “ლურჯა” დაარქვეს.

აი, “ლურჯამ” უნდა თქვას, “ბედნიერი და მხიარული დღეების მეტი რა მინახავსო!...”
მის მძღოლს ყველა “კახელოს” ეძახდა, თუმცა მშვენიერი სახელი ჰქონდა, - გია! მოდი, მეც “კახელოს” დავუძახებ-ხოლმე, კარგი?
მოკლედ, ამ “კახელოს” მეტად უცნაური ნაკადი შეხვდა: “ორშაბათელები!”
ხომ ამბობენ, “ორშაბათი მძიმე დღეაო?...” “კახელოს”, ყველა სხვა დღეზე მეტად, ორშაბათი უყვარდა!...
რატომ? - მიზეზი ძალზე უბრალო იყო:  მ გ ზ ა ვ რ ე ბ ი!...

ჰო, მართლა, მე ის არ მითქვამს, რომ იმ დაწესებულებაში, სადაც მე ვმუშაობ, თანამშრომლები უცნაურად არიან დაყოფილები: “ორშაბათელები!”, “სამშაბათელები!”, “ოთხშაბათელები!”, “ხუთშაბათელები!” და “პარასკეველები”...
“შაბათ-კვირელები” მათთან არ არსებობენ, თუმცა, ზოგიერთი არც ამაზე იტყოდა უარს...

“ლურჯა” და “კახელო” “ორშაბათელებზე” იყვნენ შეყვარებულები: მეტად უცნაური ხალხი იყო,- სულ ცეკვა-სიმღერაზე და გართობაზე ფიქრობდნენ. ისე არ გამიგოთ, თითქოს მუშაობა არ უყვარდათ! პირიქით! - ყოველი მათგანი თავისი საქმის უბადლო სპეციალისტი იყო, მაგრამ, სამსახურის შემდეგ გართობაც არანაკლებ იტაცებდათ!...
საოცარი მოლხენა იცოდნენ. ზოგჯერ ცარიელ ლობიოზე და 2-3 ჭიქა ღვინოზე ისე იქეიფებდნენ, ბევრი უხვი პურ-მარილის დროსაც ვერ მოილხენდა ისე... მართლა და მართლა, მხოლოდ ჭამა ხომ არ არის მთავარი?!...

“ორშაბათელები” ერთ მუშტად იყვნენ შეკრულნი,- “ერთი - ყველასათვის და ყველა - ერთისათვის!...” მაგრამ, წამომწყები და სულისჩამდგმელი ყველა მხიარულებისა - ოთხი ახალგაზრდა ქალბატონი იყო: დოდო, მაია, ლელა და თაია,- “ქალთა კვარტეტი!”...
რას არ იგონებდნენ, რომ ერთად ყოფნის წუთები გაეხანგრძლივებინათ!
- ვიქეიფოთ? - იკითხავდა ერთ-ერთი  და მაშინვე პასუხობდნენ დანარჩენები:
“ვ ი ქ ე ი ფ ო თ”!!!...

ვის რა თანხა ედო ჯიბეში, - ვის მეტი, ვის - ნაკლები, - არავინ ითვლიდა: ცოტა ღვინო, ცოტა პური, ცოტა ყველი და სამწვადე ხორცი!... ცოტა პურ-მარილი და ბევრი სიცილ-კისკისი და სიმღერა!...
რა მოაწყენდა “ლურჯას”?!...

“კახელომ” ერთი მშვენიერი ადგილი იცოდა: ტყის პირას ალიზით შელესილი ქოხი იდგა. ამ ქოხს ერთი გრძელი მაგიდა ამშვენებდა, ორივე მხარეს სკამებით. ქოხის კუთხეში შამფურები იყო აყუდებული... სხვა არაფერი იყო იმ ქოხში, მაგრამ სხვა არც იყო არაფერი საჭირო!...
მაღაზიაში ერთჯერადი ჭიქები და თეფშები, ღვთის მადლით, იყიდებოდა, სანთლებიც იშოვებოდა... ჰოდა, ქეიფი მიდიოდა-ხოლმე გვიანობამდე!...

მოდი, იმასაც მოვყვები, პირველად როგორ მიიყვანა თავისი მგზავრები “კახელომ” ამ ქოხში.
“ორშაბათელები”, ქოხის დანახვაზე, თავიდან აიმრიზნენ,- “ეს სად მოგვიყვანეო?!” - თითქმის საყვედურობდნენ “კახელოს”...
ან კი რას უნდა მოეხიბლა “ორშაბათელები”? - მაგიდა ჭუჭყიანი ბოთლებითა და საჭმლის გამხმარი ნარჩენებით იყო სავსე. იატაკზე ჭუჭყიანი ქაღალდები და გამხმარი  ძვლები ეყარა... ერთი სიტყვით, კარგს ვერაფერს ნახავდა თვალი...

“ქალთა კვარტეტმა” ხელები დაიკაპიწა, ხის ტოტებით შეკრული ცოცხით ქოხი მოასუფთავ-მოაკრიალა და მაგიდის გაშლას შეუდგა.
ამასობაში “კახელომ” ფიჩხი შეაგროვა, ცეცხლი დაანთო და შამფურები დააპრიალა. ვიდრე სამწვადე ხორცს ჭრიდა, ნაკვერჩხალიც ჩანელდა და “კახელო” მწვადის შეწვას შეუდგა.
დანარჩენმა “ორშაბათელებმა” იფიქრეს, “ემანდ, მწვადის გარეშე არ დავრჩეთო” და მანქანიდან ჩამობრძანება იკადრეს...

- ქოხის კედლებს არ მიეყუდოთ, ნეხვით არის შელესილი და დაისვრებითო,- გამოსძახათ “კახელომ”.
დაფრთხნენ” “ორშაბათელები”, შიშით ვეღარ შედიოდნენ ქოხში.
ეს წინადადება ქოხში მოფუსფუსე “კვარტეტის” ქალბატონებმაც გაიგეს და გარეთ გამოცვივდნენ.
- გიუშ, მართლა ნეხვით არის შელესილი? - იკითხა მაო-მაიამ და კედელს Fფრთხილად მიუახლოვა ცხვირი.
- კარგი, ნუ გვაშაყირებ... “ნეხვი” არა... - ეს უკვე ლელას ხმა იყო, რომელიც ასევე მონდომებით ყნოსავდა ქოხის კედლებს.
- ხალხნო, სუფრა გაშლილია, “ნეხვის ქოხი” მზად არის სტუმრების შესახვედრად! - თქვა თაიამ და ფართოდ გამოაღო ქოხის მოწნული კარი...

იმ საღამოს გვიანობამდე ისმოდა “ნეხვის ქოხიდან” მაო-თაიას დუეტის მიერ შესრულებული გემრიელი ქართული სიმღერები!...
“ლურჯა” ფრენა-ფრენით ბრუნდებოდა თბილისში.

“ნეხვის ქოხი” “ორშაბათელების” საყვარელ ადგილად იქცა. დაბადების დღეებსაც კი “ნეხვის ქოხში” იხდიდნენ!...

განსაკუთრებით მინდა გავიხსენო ლელას ერთ-ერთი დაბადების დღე, რომელიც “ნეხვის ქოხში” აღინიშნა.
გია-“კახელო”, სამწუხაროდ, მათთან აღარ მუშაობდა, მაგრამ... “ლურჯა” ხომ ადგილზე იყო?! გიას სახლში მიაკითხეს, თან წაიყვანეს და “ნეხვის ქოხში” გაშალეს სუფრა.

აპრილის თბილი დღე იდგა. ყველა მხიარულ განწყობაზე  იყო.
გიამ, საიდანღაც, ტრაქტორის უზარმაზარი საბურავი მოაგორა. ამ საბურავზე შესრულდა საბავშვო თამაში: “დღეს ლელიკოს დღეობაა...” ვასიკომ და თაიამ კი ამავე საბურავზე იცეკვეს “ვალსი”...

გიო-ჩერქეზამ, ჭიქებით სმა არ ყოფნიდა თითქოს, - კრამიტი ააძრო ქოხს, საკუთარი ცხვირსახოცით გაწმინდა და...
- აბა, ჩვენი უკვდავი მეგობრობის სადღეგრძელო ამ კრამიტით უნდა დაილიოსო,- გამოაცხადა!...
მეგობრობის სადღეგრძელო წმიდათაწმიდა იყო “ორშაბათელებისთვის”.
ყველა სათითაოდ უშვერდა პირს კრამიტის ღარში რაკრაკით მომდინარე ღვინოს და, სიმბოლურად, 2-3 ყლუპს მაინც სვამდა!

ეჰ, რა დრო იყო?!...

მერე “ორშაბათელები” “ოთხშაბათელებად” გადააქციეს, ჯგუფს მოაკლდნენ მზია, დოდო, ვასიკო, გოგლა, ბოლოს - მაოც...
ზოგჯერ ისევ მოუნდებათ-ხოლმე “ოთხშაბათელებს” გარდასულ დღეთა გახსენება, მითუმეტეს, რომ “ოთხშაბათელთა” რიგებში დარჩნენ ქ-ნი ანიკო,  თაია, ლელა,  კობა, ხვთისო, გიო... მოვიდნენ ახლებიც: ლალი, ნატა, თამრიკო, ნინო, თინიკო, მანანა, ნაზი, გოგი, რობერტი, სულეიმანი...

  “ოთხშაბათელები”  ახლაც მხიარულად ატარებენ დროს, თუმცა ის დღეები დღესაც ენატრებათ, ექსკურსიაზე რომ იყვნენ “ლურჯათი”.
ჰო, რატომ გაგიკვირდათ? “ლურჯასთან” ერთად იყვნენ გრემში, ალავერდში, შუამთაში, თელავში...

როგორ?
როგორ და, კვირა დილას ჩასხდნენ “ლურჯაში” და გაემგზავრნენ გრემისკენ. იქიდან ალავერდში გადაინაცვლეს, შემდეგ შუამთას ეწვივნენ... იქ შევჩერდები, რადგან მათაც იქ გაშალეს სუფრა.

რას არ მოიგონებენ,- ლელამ ერთი მწყემსი “შეაბა” და კარგა დიდი ხნით დასტყუა ცხენი. დანარჩენები სიცილით იხოცებოდნენ, როცა ცხენზე ამხედრებული ლელა დაინახეს.

კარგა შეღამებულზე მივიდნენ თელავის სასტუმრო “ინტურისტში”.
სასტუმროს წინ წყლით სავსე აუზი იყო.

მაომ აუზის წყლით ფეხსაცმელების გაწმენდა დააპირა, წყლისკენ გადაიხარა და...
თავმა გადასძალა და პირდაპირ თავით გადაეშვა წყალში. ბედად, იქვე იდგა გოგლაც. ისიც, მომენტალურად, წყალში გადახტა მაოს გადასარჩენად... სიბნელის გამო არც ერთს არ შეუმჩნევია, რა ჭუჭყიან წყალში მოუწიათ ჩაყურყუმალავება!...
ორიოდე წუთში “ორშაბათელებს” თავით-ფეხამდე გალუმპული მაო და გოგლა მიუახლოვდნენ.
კიდევ კარგი, რომ ზოგიერთებს ექსკურსიაზე, მეორე დღეს გამოსაცვლელად, ტანსაცმელიც წაღებული ჰქონდა!... ზოგმა ქვედაბოლო  ჩააცვა მაოს, ზოგმა - ბლუზა, ზოგმაც - ფეხსაცმელი...

მაო კი გამოაწყვეს, მაგრამ გოგლას ვერ მოუხერხეს ვერაფერი, ამიტომ ზეწარი შემოახვიეს და “ოტელოს” დაამსგავსეს. დილამდე ძლივს გააშრეს ტანსაცმელი.
ორშაბათს თელავიდან პირდაპირ სამსახურში გამოცხადდნენ, თითქოს წინა დღეს არსად ყოფილანო! მაგრამ მათ ბედნიერ სახეებზე ბევრი რამ იკითხებოდა!

ვიცი, ახლა კითხულობთ ამ ნაწერს და ფიქრობთ: სულ “ლურჯაზე” ყვება და თავად რა სევდა აწუხებს, არაფერს ამბობსო...
გეტყვით, აბა არ გეტყვით?
მაგრამ ჯერ კიდევ უნდა მოგიყვეთ რამე-რუმეები.

მარტის ბოლოს “ოთხშაბათელ-ხუთშაბათელი” თამარ-თაიას დაბადების დღე იყო. იყო დრო,  მისი “დაბადების დღე” 3 დღეს გრძელდებოდა და ყოველდღე 35-40 სტუმარს ითვლიდნენ-ხოლმე... მერე დრო შეიცვალა და...

შარშან, დაბადების დღის წინა დღეებში თაიას ლელამ დაურეკა: “რას შვები, იხდი თუ არაო?...” (რა თქმა უნდა, “იხდი”-ში დაბადების დღის გადახდა იყო ნაგულისხმევი და არა... ხომ მიხვდით, არა?)
- არა, არაფერს ვიხდი, არაფრის თავი არ მაქვსო, - უპასუხა თაიამ.

ცოტა ხანში თაიას მაომ დაურეკა:
- თაი, ნუ გეშინია, მოვდივარ და ყველაფერი უმაღლეს დონეზე იქნებაო!...

მთელი ღამე სიხარულის ცრემლად იღვრებოდა თაია, თვალი ვერ მოხუჭა!... 
ო თ ხ შ ა ბ ა თ ი  თენდებოდა...

დაბადების დღის აღსანიშნავად ცამ თაიას უხვი თოვლი მადლივით დააბერტყა თავზე.
მარტის ბოლო და ასეთი თოვა?...
აკი, ხუმრობით, ასეც მიულოცეს:
- ახალ წელს გილოცავთო!... 

შუადღის შემდეგ თოვამ იმატა. და მაინც...
მე და მიხა “ჩემპიონისკენ”  მივაქროლებდით  მხიარულ “ოთხშაბათელებს”.
მიხა ვინ არის? არ მითქვამს?  -  ახლა “ოთხშაბათელებს” მე და მიხა დავაქროლებთ აღმა-დაღმა.

“ჩემპიონში” ქეიფი გაჩაღდა,- “დედა შვილს არ აიყვანდა ხელში”!... არ ვიცი, ყველა ქალმა იცის თუ არა ასეთი მოლხენა, მაგრამ “ოთხშაბათელებმა” მართლა იციან მოლხენის ფასი.

“ჩემპიონში” ბუხრის თავზე ერთი კრამიტი იყო აყუდებული. ფერზე ეტყობოდა, “განსხვავებული სასმისის” ფუნქცია ჰქონდა დაკისრებული და ახლა ღვინომოწყურებული თვალებით შეჰყურებდა მოქეიფეთ.
“ოთხშაბათელები” რისი “ოთხშაბათელები” იქნებოდნენ, მეგობრობის სადღეგრძელო არ შეესვათ?!... და თუ იქვე კრამიტიც ეგულებოდათ, ჭიქას მოკიდებდნენ ხელს?
და არაკრაკდა კრამიტის ღარში ქარვისფერი ღვინო! განსაკუთრებით ის მანდილოსნები აქტიურობდნენ, ვისაც “ნეხვის ქოხში” არ უქეიფია და მაშინდელი სადღეგრძელო “უკვდავი მეგობრობისა” არ შეუსვამს.
კრამიტი ალავერდივით გადადიოდა ხელიდან ხელში და ბოლოს  კახური ღვინით შემთვრალ-გაჟღენთილი და ღონემიხდილი მიეყუდა ბუხრის მილს.

საოცარი ხალხია “ოთხშაბათელები”,- თვითონ მღეროდნენ, თვითონ უკრავდნენ, თავისსავე დაკრულზე ცეკვავდნენ...
თოვლის ფიფქებიც კი ცეკვა-ცეკვით ეშვებოდნენ მათ ირგვლივ.

თოვდა... თოვდა შეუჩერებლად!...

ბინდდებოდა, როცა “ჩემპიონიდან” გამოვიდნენ.
გზაში ცეკვა მოუნდათ. ლელამ და ხვთისომ მანქანაშივე დაიწყეს “შალახოს” ცეკვა, - არ გამოუვიდათ, დაბალჭერიანი გახლავართ.

- თქვენი ცოდვით დავიწვი! აჰა, რაც გინდათ, ის ქენით, როგორც გინდათ, ისე მოილხინეთო, - თქვა მიხამ, გზის პირას გამაჩერა და მუსიკას ბოლომდე აუწია ხმა.
მანქანიდან პირველი ლალი გადახტა და, ფეხის ტკივილის მიუხედავად, საცეკვაოდ გაშალა ხელები.
ქალბატონები მანქანიდან გადაცვივდნენ და შუა ქუჩაში ფარების შუქზე დაიწყეს ცეკვა. კაცებმა იფიქრეს, “თხა თხაზე ნაკლებიო...” და ისინიც გადავიდნენ მანქანიდან.
გაჩაღდა ცეკვა...
გარეთ კი თოვდა, თოვდა გადაუღებლად!...

“ოთხშაბათელებს” ლოყები აუწითლდათ, თმები და ტანსაცმელი დაუსველდათ...
- ხალხნო, გაცივდებით, პალტოები მაინც ჩაიცვით! - მანქანიდან ეძახდათ ქ-ნი ანიკო, მაგრამ...
მოკლედ, ვიდრე ცეკვა-სიმღერით გული არ იჯერეს, მანქანაში არ დაბრუნდნენ.

ერთი იქაური ქალი, ადგილობრივი მაცხოვრებელი ჯულია მუსიკას ჰყვებოდა, მაგრამ ცეკვას - ვერ ბედავდა. “ოთხშაბათელებმა" შენიშნეს ეს და ამ ქალს თავისთან უხმეს:
- ჯული, მოდი, შენც იცეკვე ჩვენთან ერთადო...
- რას ამბობთ? ხვალვე იტყვიან, "ჯულია გაბოზებულაო"...
- ახლა, რა, ჩვენ თუ ვცეკვავთ? ჩვენზეც ასე იტყვიან?
- იტყვიან, მა რას იზამენ? მაგრამა, თქვენ ხო აქაურები არა ხართ და რაში გენაღვლებათ?
ჯულიას ეს სიტყვები საერთო სიცილმა გადაფარა...

კარგა დაღამებულზე მივიდნენ სახლებში.

ეჰ, ვყვები, ვყვები და ჩემი სევდის მიზეზამდე კი ვერ მივედი.
მიზეზი კი, აი, რა არის: მე თუ “ლურჯა” არა ვარ, სირბილი ნაკლებად კი არ შემიძლია?!
მეც მინდა ბუნების წიაღში გასვლა და სუფთა ჰაერის გადაყლაპვა!
მეც მინდა, გასახსენებლად მქონდეს, როგორ ვიყავი ექსკურსიაზე... სად? - სადაც მეტყვიან: ნეკრესში, ყვარელში, ლაგოდეხში, პანკისში, ხირსაში, მანავის ციხეზე... სადმე, სადაც თავად მოისურვებენ, საითაც გული გაუწევთ... მაგრამ...
რომ აღარსაით მიუწევთ გული?...

ერთი იმას მივაღწევდე, სადმე ბუნების წიაღში გამაყვანინა... ეჰ, ისე ვნატრობ, თითქოს ჩემთვის მინდოდეს!... ისევ თქვენზე არ ვზრუნავ?!
წადით სადმე, ძველი წლები გაიხსენეთ, გამხიარულდით და მეც გამახარეთ! არ მოგბეზრდათ ერთფეროვანი ცხოვრება?...
აბა, თქვენ იცით, ჩემო მხიარულო “ოთხშაბათელებო”!...


“თეთრონი”

30.03.04.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნინო კახიძე ვულოცავთ დაბადების დღეს