ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
25 სექტემბერი, 2009


თავი 7. კარის მხატვარი... ("შორია დედამიწამდე...")

სწრაფად გადიოდა დრო...
მთელი დღეები ლოდთან ახლოს ტრიალებდა თეო. იქვე დაცურავდა, იქვე სეირნობდა ტყის კორდზე... სულ პატარა ნუკრი იპოვა შვლისა და მასთან ერთად დახტოდა აყვავებულ მინდორში თუ ფოთლებისხალიჩადაფენილ ტყეში...
სულ არ უფრთხოდა ნუკრი. პირიქით, მისკენ ილტვოდა, მასთან თამაშით უნდოდა ეჯერებინა გული.
როცა სინათლის წყაროს ნათელი აკლდებოდა, თეო ლოდზე მიწვებოდა-ხოლმე, ნუკრი კი უმწეოდ ცდილობდა ლოდზე აკუნტრუშებას, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა და იქვე, ლოდის გვერდით იმუხლებდა. ამის შემხედვარე, თეო სიცილით კვდებოდა-ხოლმე. რამდენჯერმე ხელიც შეაშველა ნუკრის და ლოდზე ასვლაში მიეხმარა, მაგრამ მერე ის დაბლა ჩასვლაზე ამბობდა-ხოლმე უარს და თეოსთან თავმიდებული იძინებდა. ბოლოს ეს ჩვევადაც ექცა და თავისითაც ახერხებდა ლოდზე აბღოტებას.
ვიდრე ნუკრი ძალიან პატარა იყო, არ იყო პრობლემა, მაგრამ, დროთა განმავლობაში გაიზარდა ნუკრი და... ლოდი ვეღარ იტევდა ორივეს ერთად.

და აი, ერთ დღეს, როცა თეო ლოდზე იდგა და, ხელებდაშვებული და თავაწეული, ირგვლივ გამეფებული სიმშვიდით ტკბებოდა, რაღაც ძლიერად დაეტაკა ზურგში და წყალში გადააგდო.
- ააააჰ, - იკივლა თეომ და დგაფუნით ჩავარდა წყალში.
- ნოოოოოო, - დაიზმუვლა ნუკრიმ და ამაყად აღიმართა ლოდზე...

თეომ მოხედა და გაშრა...
სულ სხვა თვალით შეხედა ოდესღაც პატარა და უმწეო ნუკრის. მის ნაცვლად ახლადრქაშეღერებული, ახალგაზრდა ირემი აღმართულიყო.
ოქროსფრად უელავდა ქათიბი. თეთრად უბზინავდა გულისპირი. ამაყად აბრიალებდა შავქლიავისფერ თვალებს და უხედნი ულაყივით უცახცახებდა ნესტოები. მისი ყოველი კუნთი თრთოდა და თითქოს ამბობდა, - ეს მე ვარ, შემომხედე და კარგად დამიმახსოვრეო!

თეო წყალში ჩასვლას არ აპირებდა, ამიტომ არც თმა ჰქონდა აკეცილი.
წყალში ჩავარდნის დროს მისი დალალები წყლის ზედაპირზე გაიშალა და ოქროსფრად ალაპლაპდა.
თეომ ძალები მოიკრიბა, ძალიან-ძალიან მოინდომა და... შურდულიდან გასროლილი ქვასავით ამოფრინდა წყლიდან. ძლივს ამოზიდა დასველებულ-გაუწურავი თმა.

თამაშის ხასიათზე მოვიდა, თავი ძლიერად გაიქნია და... წყლის უთვალავი წვეთი ძვირფასი ქვებივით დასცვივდა ოქროსფერ დალალებს.

დაფრთხა ნუკრი-ირემი და ულამაზეს ნახტომში “გადაფრინდა” ლოდიდან.
თეომ იმარჯვა და ირმის ზურგზე დაეშვა. ფეხები ტანზე შემოუჭირა, ხელები კისერზე მოხვია და ლოყით მიეწება ამაყ ქედზე.

ირემმა “მხედარი” იგრძნო ზურგზე და უკანა ფეხებზე აიყალყა. ვერ ჩამოაგდო... კიდევ ერთხელ მოსინჯა, შემდეგ კიდევ... არაფერი გამოუვიდა და ქარის უსწრაფეს გაჭრა ველად.
და როცა უკან დაბრუნდნენ, ირემი სრულიად მოთვინიერებული მოდიოდა თავის უსაყვარლეს მხედართან ერთად.

თეოს არავინ აღარაფერს ეუბნებოდა გეაზე გამგზავრების თაობაზე.
თავიდან – უხაროდა, მერე კი... მერე ნოსტალგია მოეძალა და სევდამ ჩაიბუდა ზღვისფერ თვალებში.

- რა მოხდა, თეო? – ამოიბუბუნა ლოდმა, როცა თეოს ცრემლიანი თვალები შენიშნა.
- არაფერი, ნიიიი...
- და მაინც?
- არაფერი... უბრალოდ, შორია დედამიწამდე...
- ასე გგონია?
- აღარ მგონია, ვიცი... მე მხოლოდ მანძილს არ ვგულისხმობ, ნიიი, დროც ვიგულისხმე.
- ისევ გინდა წასვლა?
- მინდა...
- სამუდამოდ? – ლოდს ხმა ჩაუწყდა თითქოს, ძლივს ამოიბუბუნა ეს პატარა სიტყვა...
- ნიიი, ნუ მაცინებ... იქ არავინ მიდის სამუდამოდ... სამუდამო სასუფეველი – აქ არის, თქვენთან...
- დამპირდი, რომ დაბრუნდები...
- რა სასაცილო ხარ, ნიიი, მე რა ვიცი, სად დამაბრუნებენ?!... რომელ საფეხურზე მოვხვდები?!...
- ბევრია ეს საფეხურები?
- ჰო, ბევრია... 777... და მოვხვდები 777-დან ერთ-ერთზე!... მაგრამ, რომელზე?
- ჩემთან დაბრუნდი... და გიორგისთან... შენი ირემიც აქ დაგხვდება... რა გინდა სხვა საფეხურზე?!
- ნიიი, რა კეთილი ხარ... – თეო ლოდზე გაწვა და ხელები შემოხვია, ლოყით მიეხუტა, - ეს ჩემზე არაა დამოკიდებული...
- შენზეა, თეო, მხოლოდ შენზე...
- როგორ, ნიიი?
- იცხოვრე ისე, რომ აქ მოხვდე. სხვა არაფერი მოგეთხოვება.

თეომ ლოდს აკოცა, თვალები დახუჭა და ოცნებებს მისცა თავი.

- თეო, აქა ხარ? – ბურანში მყოფს შემოესმა გიორგის ხმა.
- აქ ვარ, გიორგი... – ლოდზე წამოჯდა თეო. გიორგიც იქვე ჩამოუჯდა.
- შენი გამგზავრების დრო მოვიდა. გეაზე უნდა წახვიდე. შენი ბოლო რეინკარნაცია გაქვს სანახავ-შესაცნობი.
- როდის?
- დღეს... დღეს გაემგზავრები. ეს ყველაზე ხანგრძლივი მოგზაურობა იქნება შენთვის.
- გიორგი, იქ თუ შეიძლება ჩასვლა, საიდანაც წამოვედი? დედას, მამას, ნინუცას, ბებიას, ჩემს მეგობრებს... ვნახავ მათ ოდესმე? – თეოს ცრემლებით აევსო თვალები.
- ასე გინდა იქ დაბრუნება? გაგიშვებ, მხოლოდ სხეულით – ვერა. მაგრამ, წინასწარ ამასაც გეტყვი: მე, შენს ადგილას, არ წავიდოდი. მერე უფრო გაგიჭირდება აქეთ წამოსვლა.
- ????????
- მოდი, ჯერ იქიდან დაბრუნდი, სადაც გიშვებთ და მერე ვიფიქროთ ამ შენს ბოლო რეინკარნაციაზე... კარგი?
- სხვა რა გზა მაქვს? – გაეცინა თეოს და ფეხზე წამოდგა.
- თეო, ერთი სათხოვარი მაქვს შენთან... მერე, როცა გეაზე დაბრუნდები, გთხოვ, სული არ დაიბინძურო... ასეთივე ნათელი, სუფთა და გამჭვირვალე წამოდი აქეთ... მე მინდა, რომ შენ ისევ აქ მოხვდე, ჩემო გოგონა...
- ვეცდები... არც მე მინდა სხვაგან, მივეჩვიე აქ ყოფნას.
- კარგი, ჯერ ძალიან ადრეა იქამდე. მაგრამ ახლავე გეტყვი, ჩემი იმედი გქონდეს. მე შენ არასოდეს მიგატოვებ.
- გმადლობ, გიორგი...

თეო ლოდის ცენტრში მოთავსდა, ხელები ტანს მიატყუპა და ცაში აიჭრა.



* * *

- გიორგიიიი, ნიიიიიიიიიი, მე დავბრუნდიიიიიი! – სიჩუმე გაჰკვეთა თეოს წკრიალა ხმამ და გამოჩნდა კიდეც, ირემზე ამხედრებული.
- ჩემი თეო დაბრუნდა, - კინაღამ აცეკვდა ლოდი.
- ნიიი, როგორ მომენატრე! – თეო ირმიდან ჩამოხტა და ლოდს მიეხუტა.
- მეც ძალიან მომენატრე, თეო, - ამოიბუბუნა გაყინულმა ლოდმა და ცეცხლი მოედო მის გულს. მალე გათბა, გაღუღუნდა...
- ასე თვალდათვალ როგორ თბები, ნიიი, მზე გაქვს გულის ნაცვლად?
- არა, თეო, ამ სითბოს მოყვასის სიყვარული ბადებს, მზე არაფერ შუაშია აქ...

- დაბრუნდი, გოგონი? – შემოესმა თეოს საოცრად ნაცნობი და საყვარელი ხმა.
- დავბრუნდი, გიორგი, - თეომ ხელები გაშალა ჩასახუტებლად, მაგრამ სწრაფად მოეგო გონს, გააცნობიერა ვის წინაშე იდგა.
- რატომ გაჩერდი? მოდი, ჩამეხუტე... – გიორგიმ თავადაც გაშალა ხელები და თეო გულში ჩაიკრა, - მომენატრე, პატარა!
- ემოციით ვარ სავსე. ეს სად გამიშვით, გიორგი?
- იქ, სადაც ოდესღაც ცხოვრობდი, საქართველოში...
- ხო, მაგრამ... ასეთი არეულობა წიგნებშიც არ წამიკითხავს. საბრალო საქართველო!...
- რა, არ მოგეწონა?
- ნუ გადამრიე, რა იყო იქ მოსაწონი? მე-17 საუკუნე, უფლება რომ მქონდეს, საერთოდ ამოსაღებია ისტორიიდან.
- აბა, მხოლოდ კარგი ცხოვრება გინდა ჩაიწეროს? არა, თეო... ისტორიაც ესაა ზუსტად: კარგი ხომ შენია? ის ცუდიც შენია... შენი ტვირთია, ბოლომდე სატარებელი...
- გიორგი, ხვალ რომ მოგიყვე? გთხოვ... მხოლოდ ახლა არა!
- როგორც გინდა, თეო...

თეო ლოდზე იწვა და ფიქრობდა, როგორ უნდა მოეყოლა ის ყველაფერი, რაც მან ნახა და განიცადა. ან რა მოეყოლა? ის, რომ საქართველო გმინავდა სპარსელებთან გაუთავებელი ომების შედეგად?
თუ ის, რომ მეფეები კალეიდოსკოპის სიჩქარით იცვლებოდნენ ამ დაქუცმაცებულ საქართველოში?
რომ იყო შური, გაუტანლობა, ღალატი... რომ აღარავინ ინდობოდა, აღარც ერი და აღარც ბერი? არც მეფე და არც გლეხი?
რომ ბავშვი ეზოს გარეთ კი არა, ეზოშიც ვეღარ გაეშვათ მშობლებს მოტაცებისა და მონად გაყიდვის შიშით?
რომ ერთი ღმერთმა იცოდა, სად ჯობდა ცხოვრება, - სპარსელების მიერ აოხრებულ და გავერანებულ აღმოსავლეთ საქართველოში თუ მონადგაყიდვის მორევში ჩათრეულ დასავლეთში...

ინათა.
მალე მოვიდა გიორგი.
- თეო, მზად ხარ მოსაყოლად?
- სხვა რა გზაა, გიორგი?
- გისმენ...


დავბადებულვარ XVII ს-ში, 1619 წლის 25 სექტემბერს. მე ვიყავი თორნიკე კოტრიკაძე.

ჩემი ოჯახი ცხოვრობდა ზემო იმერეთის ერთ ლამაზ სოფელში, რომელსაც ცივი და სწრაფი მდინარე ჩამოუდიოდა. მყავდა დედა - ლამარია (ლალი) გვარლიანი, მამა - ალექსანდრე (სანდრო),  ორი და და ერთი ძმა: მართა, რომელიც ჩემზე 12 წლით იყო უფროსი, 10 წლით უფროსი გიორგი  და 9 წლით უფროსი ვარდო.  კიდევ  მყოლია  ერთი  და - ჩემზე ოთხი წლით იყო უფროსი დალი, მაგრამ ადიდებულ და უეცრად მოვარდნილ მდინარეს ხუთი წლის ასაკში გაუტაცია და დაუხრჩვია. მე მაშინ ერთი წლისა ვყოფილვარ.

დალის გარდაცვალებამ ძალზე იმოქმედა დედაზე. მამაჩემი დედას ადანაშაულებდა დალის სიკვდილში: „შენ რომ მდინარესთან ბავშვიანად არ ჩასულიყავი, ბავშვი ახლა ცოცხალი იქნებოდა. რას მიკეთებდნენ უფროსებიო?!”. ამან ძალიან დათრგუნა დედა. ჩემი აღზრდა, თითქმის მაშინვე, თორმეტი წლის მართას დააწვა მხრებზე.

მამა ძალიან მკაცრი კაცი იყო, დედა კი - რბილი, ალერსიანი, მხიარული ქალი, თუმცა მე მისი ალერსი ნაკლებად მხვდა წილად - სულ რაღაც 4 წელი...

დედა ეშხიანი, პუტკუნა ქალი იყო, მაგრამ - არა მსუქანი. მას მუქი წაბლისფერი თმები და ლამაზი თაფლისფერი თვალები ჰქონდა. ორი მსხვილი ნაწნავი წელს ქვემოთ ეშვებოდა. გრძელი წამწამები და გადაშოლტილი წარბები ჰქონდა. დედაზე ამბობდნენ: „ლალის ორი გველი სახეზე წარბებად გადასწოლია, ორი კი – გრძელ ნაწნავებად წელზე შემოხვევიაო”...
გიორგი და ვარდო დედას ჰგავდნენ მუქი თმებითა და თაფლისფერი თვალებით. გიორგი ბუთხუზა ბიჭი იყო. არ ვიცი, გვარის მიხედვით, თუ სიმსუქნის გამო, მას „კოტრიალას” ეძახდნენ. ვარდო დედაზე სუსტი იყო, მაგრამ დედაზე ტანმორჩილიც და უფრო ლამაზიც.
მე და მართა მამას ვგავდით ცისფერი თვალებითა და მოოქროსფრო-ჩალისფერი თმებით. თუმცა ჩემი თვალის ფერი ყველასგან განსხვავებულკი იყო მაინც, - ზღვისფერი! მამა ძალიან მაღალი, ხმელი კაცი იყო. მე ჯერ პატარა ვიყავი, მაგრამ მეც მაღალ ბავშვად ვითვლებოდი, მართა კი - მაღალი, თხელი, ნარნარა გოგო იყო. მაშინ ის უკვე 16 წლის იყო.

მე რომ 4 წლის ვიყავი, დედა მე-6 შვილზე მშობიარობას გადაჰყვა. ბავშვიც დაიღუპა. დედა რომ გარდაიცვალა, ჩემი აღზრდა მთლიანად მართამ იტვირთა. მამამ მას (ჩემს გამო) გათხოვების უფლებაც არ მისცა. მოგვიანებით, როცა იმ ვაჟმა, მართას რომ უყვარდა – ჯუანშერმა ცოლი მოიყვანა, მართამ თავად თქვა უარი გათხოვებაზე. მას ოჯახი აღარ შეუქმნია.

მამას არც ვარდოს გათხოვება უნდოდა, მაგრამ ვარდო გაეპარა მამაჩემს და გათხოვდა. მე მაშინ 6 წლისა ვიყავი. დედას სიკვდილის შემდეგ მამა ძალიან იყო გაღიზიანებული, სულ ჩხუბობდა, ვარდოს გათხოვების შემდეგ კი ვეღარც ელაპარაკებოდნენ.

ჩვენი ოჯახის მართვა თავის ხელში აიღო ოჯახის მეგობარმა და ჩვენმა „საქმეთა მმართველმა” ჯავახამ. მას ძალიან ვებრალებოდით უდედოდ და ბრაზიანი მამის ხელში დარჩენილი ბავშვები, ის იყო ჩვენი დიდი მეგობარი და ქომაგი.

ამ პერიოდში ჩვენთან ჩამოვიდა დედაჩემის ძმა ანდრო გვარლიანი. მან მე და მართა დედულეთში  - სვანეთში წაგვიყვანა. ჩვენ სვანეთში ცხენებით წავედით. მე თეთრ ცხენზე სკამისმაგვარი უნაგირი დამიდგეს და ისე წამიყვანეს. მართა მუქ წითელ ცხენზე იჯდა. ანდროს მუქი თაფლისფერი ცხენი ჰყავდა. ჩვენ უშგულში მივდიოდით.

ბაბუაჩემი, ბეშქენ გვარლიანი, მახვში იყო. მახსოვს კიდევ ერთი ბიძა - ბუთა, რომელიც სხვა სოფელში ცხოვრობდა, მაგრამ ხშირად ჩამოდიოდა ჩვენთან, და ბებია იანა.

... დრო გადიოდა...

როცა 12 წლის გავხდი, ბაბუაჩემმა ერთ კოშკში შემიყვანა. კოშკი მაღალ მთაზე იყო გადმომდგარი და მდინარის ხეობას გადმოჰყურებდა. ბაბუაჩემმა ერთი ლოდი მოაბრუნა და... სამალავის კარი გაიღო. იქ რომ შევედით, უზარმაზარი სკივრი დავინახე, რომელიც მთლიანად ვერცხლისფერი ლითონით იყო მოჭედილი. სკივრის ოთხივე მხარეს თამარის დროშის გამოსახულება იყო. ოქროსფერი ჯვარი ასომთავრული წარწერებით იყო მოჭედილი. დარჩენილი სივრცე მცენარეული ორნამენტით იყო გამშვენებული, მაგრამ არსად  იყო გამოსახული ვაზი, არც ფოთოლი და არც ნაყოფი.

ბეშქენ გვარლიანის თქმით: „ეს სკივრი მახვშების საგვარეულო სკივრი იყო”. მან სკივრზე რაღაცას დააჭირა ხელი (თუმცა არ მაჩვენა-რას) და სკივრი გაიხსნა. სკივრში ძალიან ბევრი დახვეული ფოლიანტი ეწყო. ერთ-ერთი ხელში ავიღე, - თხელ ტყავს ან სქელ გასანთლულ პერგამენტს ჰგავდა. ბეშქენმა არცერთი არ გამაშლევინა. თან ასე მითხრა:
- მოვა დრო და ეს ნაწერები მრავალ რამეზე ამეტყველდებიან, სულ ასე მუნჯად კი არ ეწყობიან, მაგრამ ჯერ ადრეა მათი ამეტყველებაო.
- ეს რა ქვაა? - ვკითხე და სკივრის სახურავში ჩამჯდარ ქვას ხელით შევეხე.
- ეს ლალის ქვაა. დედაშენი ამ ქვის სახელს ატარებდა. ეს ქვა თამარ მეფის საგანძურის კარის გასაღებია! ქვას ბუდიდან ამოიღებთ, კარში ჩასვამთ, ხელით მიაწვებით და კარი გაიღება!...
- ბაბუა, სად არის ის ქვის კარი?
- კარი ოტებულია! მისი ადგილ-სამყოფელი – საიდუმლოა. ჯერ ადრეა იმ კარის გახსნა და საიდუმლოს გამჟღავნების დროც არ არის მოსული. არსად არ თქვა, რა ფორმა აქვს ამ ლალს! არსად არ დახატო ლალის გასაღები! არსად და არავისთან!!!
ბეშქენმა სამალავიდან გამომიყვანა, ლოდი ისევ მოაბრუნა და კარიც დაიკეტა. მივედი და ლოდს დავეჯაჯგურე, - ძვრაც ვერ ვუქენი, ბეშქენი კი რა იოლად აბრუნებდა მას!...

ბიძაჩემი ანდრო გვარლიანი თბილისში იყო წამოსული. ის ხატმწერი იყო. მეც კარგად ვხატავდი და მართაც. როცა 14 წლის შევსრულდი, ანდრომ თბილისში წამომიყვანა და ხატწერის შესასწავლად სემინარიაში მიმაბარა. 5 წელი ვსწავლობდი ხატვას. კარგი მხატვარი დავდექი. კარის ეკლესიის მოხატვა დამავალეს...

19 წლისამ ჩემი ოსტატის ასული მოვიყვანე ცოლად,- 16 წლის ელისაბედი,  ლიზა, როგორც მას ვეძახდით.

ბიძაჩემმა თავის გვარზე გადამიყვანა, მიშვილა (თავად შვილი არ ჰყავდა) და მთელი თავისი ქონება დამიმტკიცა. ამრიგად, მე მიცნობდნენ, როგორც თორნიკე გვარლიანს.

ბიცოლაჩემი – დარეჯანი თბილისელი ქალი იყო, მას საკუთარი შვილივით ვუყვარდი და ნამდვილი დედობა გამიწია, მეც დედასავით მიყვარდა იგი და სიცოცხლის ბოლომდე „დედას” ვეძახდი.

20 წლისას შვილი შემეძინა, გიორგი. ერთი წლის შემდეგ დაიბადა კორნელი. გოგოც მინდოდა, მაგრამ...

ერთ-ერთი ეკლესიის მოხატვის დროს, ლიზას დიდი თხოვნის შემდეგ, შეგირდად მომებარა ვინმე ნოშრევანი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ნოშრევანს ბოლომდე ვერ ვენდობოდი. ნდობა ერთია და, ნოშრევანი დიდად არც მხატვრობის ნიჭით დაეჯილდოვებინა ღმერთს. მაგრამ ლიზას ვერ ვეუბნებოდი უარს...

მე უკვე 37 წლის ვიყავი. იმ ქუჩაზე, სადაც ეკლესიას ვხატავდი, რამდენჯერმე დავინახე ერთი ახალგაზრდა ქალი, 16-17 წლის ნინო. ის ისეთი მშვენიერი იყო, ისეთი ნაზი და ჰაეროვანი, რომ, მაპატიოს უფალმა, მისი სახე მივახატე ღვთისმშობლის ფრესკას.

ეს მოხდა 1656 წლის 17 ოქტომბერს...
ეკლესიის მოხატვას თითქმის ვამთავრებდი, მხოლოდ გუმბათის ფრესკებზე მქონდა გასაკეთებელი რამოდენიმე შტრიხი. ხარაჩოებზე ვიდექი ჩემი ფუნჯებით ხელში, როცა ქვემოდან ფეხის ხმა გავიგე. ჩემს ვაჟს, კორნელის ველოდი, საჭმელი უნდა მოეტანა და ამიტომ მუშაობისათვის თავი არ დამინებებია.

ფეხის ხმამ ხარაჩოებზე ამოაღწია. მოვიხედე, - ნოშრევანი ამოდიოდა. არც ახლა დამინებებია ფრესკისთვის თავი. უკან დავიხიე, რომ შორიდან შემეხედა ნამუშევრისთვის, რომ...

მარცხენა ბეჭის ქვეშ ტარამდე ჩამცა მახვილი ნოშრევანმა... მოვიხედე. ჩაიხითხითა: „ლიზა მე დამრჩება, შენ კი იმქვეყნად ჯღაპნე შენი ფრესკებიო”- და ხელი მკრა.

ხელებგაშლილი „გადმოვფრინდი” ხარაჩოებიდან და ქვის იატაკზე დავენარცხე. ბოლო ხმა, რომელიც გავიგე, იყო კორნელის განწირული „მამააა!” და ბოლო, რაც დავინახე, იყო კორნელის შეძრწუნებული, დიდი, ცისფერი, წყლიანი თვალები...

შემდეგ სამუდამოდ დაღამდა..


(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები