ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმედი ჯახუა
ჟანრი: პოეზია
29 სექტემბერი, 2009


ცისკრის ბილიკის ბალადა

შენც  ერთხელ  უნდა  დაასწრო  სოფელს,
დილასისხამზე  წამოდგე  ფეხზე
და  ჩამოიღო  გატენილი  წინადღით  თოფი...

უჩამიჩუმოდ  ჩაუარო  არ-ავისმყოფელ
უწყინარ  ფრინველს, კენწეროდან  წყნარად  და  ფხიზლად
თვალს  რომ  გაყოლებს  შიშნარევ  ნდობით...

არც  მაყვლიანში  შეყუჟული  შეაკრთო  შაშვი,
არც  -  მტრისაც  იყოს  -  გადაჯეგო  ჯეჯილი  ნორჩი
და არც  გატკეპნილს  მიენდო  ბილიკს  –

ბევრი  მათგანი  იკარგება  ჭანჭრობში, ფშანში...
მწვერვალისაკენ  მიმავალიც  თვალებს  ნუ  მოგჭრის...
გაჰყევი  გუმანს  და  იყავი  მხნეცა  და  ფრთხილიც...

სიბრალულითღა  გადახედე  ნაბილიკარებს
(- ან  ჩავლილ  მგზავრთა,  დამაშვრალთა,  რა  არის  შური,
როს  შუქურებად  ინთებიან  რიჟრაჟზე  მთები?!.),

წყალიც,  ჰაერიც  და  სიმართლეც  შენი  იკმარე,
-  სხვებს  დარჩეთ  ოხრად  სხვათა  ოქროც,  მიწაც  და  პურიც,
ნადავლიც,  ნაძარცვ-ნაარმალიც  სხვებს  დარჩეთ  სხვების...

წამოგეწევა  ვიდრემდისაც  მდევარი  მწუხრის,
მუხლჩაუხრელად  გადაივლი  კიდევაც  მინდვრებს,
რომ  წყურგილესთან  გაიშალო  მერე  ტრაპეზი...

მოიხალვათო,  არხეინად  მოირთხა  მუხლი
და  ხმელა  ხმიადს  გატეხდე  ვიდრე,
გახედო  განვლილს  -  ბილიკს,  გაჭრილს  ისრის  საფრენზე...

თვლემამორეულ  შემოგარენს,  ტყე-ღრეს  თუ  ხრამებს,
თოფის  გრიალით  აუქშიო  შიში  ნადირის,
მიწიერს ყოველს  შეაწიო  ძილინებისა...

ხირიმით  დამფრთხალ-დაცხრილული  მოისხა  ღამე...
მერე  მიწვე  და  ჩაითბუნო  მკერდში  დაღლილი
- ბალღივით  თოთო  მოლოდინი  გათენებისა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები