ნაწარმოებები



ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
5 ოქტომბერი, 2009


***

უფალი გულია სამყაროსი,
პოეტი ამ გულის წყაროა
და სიტყვა_პოეტის ავგაროზი.

***
დრომ კი არა,
გულგრილობამ წაშალა ჩვენმა
უფლისგან ნაბოძები ბილიკები.

***
ღმერთს როგორ გაახარებს
ბაღი გონებისა
გულის წყაროების გარეშე?!

***
ნასოფლარი.
სიჩუმე სუსხიანი.
ბილიკი დედამიწის ბზარივით
და ზედ მგზავრი,
ვით ცრემლი უფლისა.

***
სიკვდილ_სიცოცხლეს
სიყვარული ისე ალამაზებს,
როგორც ეკლესია
ცასა და დედამიწას.

***
გადათიბულია
ზღაპრული მინდვრები
და ჩვენ უღრანთა სიღრმეებში
დავეძებთ სათიბებს...

***
გაუკვირდა და გული ეტკინა_
თითქოს ნაქარგზე გაწყდა ძაფი,
ყველაზე ლამაზი...

***
ცისარტყელასავით რბილი არტახები
მოაშორა და გულში ჩაიკრა
ღმერთისგან ნასახსოვრალ ზარივით.

***
აღარ მოგწყინდათ
ძილის ორმოები,
უდარდელობის ბუმბულჩაფენილი?!

***
სიცოცხლის ბოლო სხივი
ჩაჰკიდა უფსკრულში
და გადაარჩინა...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები