ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
9 ოქტომბერი, 2009


ჟანა დ'არკი

ორლეანელო ქალწულო ჟანა,
მტრები გვიტევენ,
დღეს შენ საფრანგეთს დიდებისთვის
შეეწირები,
ეგ არ ინაღვლო, უფლისაგან გამოგზავნილო,
არ შეშინდე და დაიცავი
ფრანგთა მიწები.
გლეხის გოგონავ, სხვებს არ გავხარ,
დაიჯერე და
გწამდეს, გახდები შენი ლაშქრის
მალე თილისმა,
ეს ქართა ქროლვაც
ალბათ  უფლის მინიშნებაა,
ანდა გაკოცა იქნებ სულაც
სიომ დილისამ...
ორლეანელო ქალწულო ჟანა,
თვალი დახუჭე,
და ხმებს მიჰყევი,
მიღწეულით კი ნუ ჯერდები,
გამარჯვებამდე!
არ დანებდე, შენი ხალხისთვის,
შურისძიების გამო მაინც ნუ დანებდები.
გიღალატეს და
სიკვდილის წინ აღსარებაც კი,
არ გეღირსება, გიპირებენ დაწვას ისე რომ -
ამ უკანასკნელ
თხოვნას ალბათ დაგამადლიან, შენი
ტანჯვით რომ გული უფრო
მეტად იჯერონ.

* * * * * * * * * * * *
ამ მტვრიან  ჰაერს შერევია
ფერფლი ქალწულის
და ცოდვის სუნით იჟღინთება ხალხთა სხეული,
საუკუნეებს გადასწვდება
მისი ამბავი,
გმირი ქალის და საფრანგეთში უფლის რჩეულის...

ლიკა ოხანაშვილი
9.10.2009

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები