ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
10 ოქტომბერი, 2009


თავი 9. დაბადება საროზე ("შორია დედამიწამდე...")

მოახლოვდა თეოს საროზე გამგზავრების დრო.

ლოდი ადგილს ვერ პოულობდა თითქოს, ბორგავდა, შფოთავდა, ტორტმანებდა!
თეო სულ ტყუილად ცდილობდა მის დამშვიდებას.
ან რა დაამშვიდებდა ლოდს, როცა იცოდა, რომ თეო საკმაოდ დიდხანს ვერ მოახერხებდა მასთან დაბრუნებას?

ლოდზე შემომჯდარ თეოს ირემი კალთაში უდებდა თავს და სევდიანი თვალებით შეჰყურებდა.
- გამაგებინეთ, რა ხდება? სად მივდივარ ამისთანა ადგილას, ასე რომ დასევდიანდით?! – იკითხა თეომ და ირემს თვალები დაუკოცნა.
- შორია... – ამოიბუბუნა ლოდმა.
- ჰო, ნიიიი, დედამიწამდეც შორია!
- სარომდე უფრო შორია, თეო... – მოესმა ნაცნობი ხმა. – და მაინც მალე მოგიწევს წასვლა.

გიორგიც თეოს ჩამოუჯდა გვერდით.
- მეშინია, გიორგი...
- რისი, თეო?
- საროელების... საშინელი რამ დამიხატე... როგორ გავძლო მათ გარემოცვაში?!
- საროელების მეშინიაო? – გულიანად გაეცინა გიორგის, - ან გასაძლებად რატომ გექნება საქმე? შენც ხომ მათივე მსგავსი საროელი იქნები? ნუ გეშინია, არ გაგიჭირდება!
- კაი, ბატონო... როდის მივდივარ?
- ხვალ, თეო... შენ სულ თავიდან დაიბადები.
- ნება თქვენია!...

მეორე დილას თეო ცრემლიანი თვალებით დაემშვიდობა ნიასა და ირემს და ლოდიდან ცაში აიჭრა. აფრენისთანავე ამოუდგნენ აქეთ-იქითიდან სინათლის ანგელოზები და თეო საროსკენ წაიყვანეს.

საკმაოდ დიდხანს იფრინეს. შორიდანვე გამოჩნდა მოიასამნისფრო კვამლში გახვეული სარო.

- მე ვინ უნდა ვიყო? – იკითხა თეომ.
- შორიდან ვერავის დაინახავ და... ახლოს რომ მიხვალ, რომელიმე მდედრი შეარჩიე. ის იქნება დედაშენი! მის სხეულში მოხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ ჩაისახები!
- როგორ? მაშინვე – არა? დედამიწაზე – მაშინვე ხდება ჩასახვა.
- არა, თეო, არ ხდება!... დანარჩენს გიორგი აგიხსნის. ჩვენ ყველაფრის თქმის უფლება არ გვაქვს!
- უუფ, ყველა ერთნაირად მაგიჟებთ... კარგი, ვნახავ, რა მოხდება!

შორიდანვე დაინახა საროელთა ერთი ჯგუფი. დიდები, პატარები, - ყველა ერთად იდგა და რაღაცაზე საუბრობდა. თეომ ვერაფერი გაიგო, მისთვის სრულიად უცხო იყო მათი ენა.

უეცრად თეთრყვავილებიანი ხის ქვეშ მჯდარი ნაცრისფერი საროელი შენიშნა. 
თავადაც ვერ მიხვდა, რატომ გაუწია გულმა მისკენ. ახლოს მიფრინდა.
საროელის კუნაპეტ შავ თვალებში ბროლის ცრემლი შენიშნა.
თავიდან იფიქრა, - მეჩვენებაო... აბა საროელის ტირილი? ეს ხომ ადამიანი არ არის?!
მაგრამ შემდეგ გიორგის ნათქვამი გაახსენდა: ადამიანები მხოლოდ დედამიწის მკვიდრებს ჰქვიაო...

- მალუუუუუ!..... მალუუუუუუ! – შემოესმა თეოს ძახილი და დაინახა კიდეც, როგორ მორბოდა მტირალი საროელისკენ მეორე საროელი.

მალუმ ფრთხილად მოიწმინდა თვალებიდან ცრემლები და ჩუმად ჩაილაპარაკა:
- ნაორიიი... – მერეც თქვა რაღაც, მაგრამ თეომ ვერ გაიგო მისი ნათქვამი.
- მალუუუ, - ნაორიმ ხელები მოხვია მალუს და გულზე მიიხუტა.

- შენთან მინდა, დეეე... – თავისთვის მოულოდნელად აღმოხდა თეოს და... წამისუსწრაფეს შეიჭრა მალუს სხეულში.

სხვა აღარაფერი იცის თეომ, რა მოხდა.
იცის მხოლოდ, რომ რაღაც ოვალისმაგვარ სხეულში შევიდა და კუთხეში მიიკუნჭა.

დროის შეგრძნება სულ დაკარგა თეომ... ვეღარ ხვდებოდა, რამდენ ხანს იჯდა იმ მოგრძო ბურთში, რომელიც თითქოს არც დიდი უნდა ყოფილიყო, მაგრამ... თანდათან თვითონ დაპატარავდა და ის პატარა მოგრძო ბურთი უზარმაზარ სივრცედ ეჩვენებოდა უკვე.
ამ ბურთში მასთან ერთად კიდევ სხვა ბურთიც იყო. ეს მცირე მრგვალი ბურთი რაღაც მოყვითალო-მოთეთრო ლორწოვანი მასით იყო სავსე.

გარედან რაღაც ხმები შემოესმა თეოს. სიტყვები ესმოდა და შინაარსი – არა. მისთვის სრულიად უცხო ენაზე ხდებოდა ურთიერთობა.

“სად ვარ, ის მაინც გამაგებინა, ნეტა!” – გულში ფიქრობდა თეო.
უეცრად იგრძნო, როგორ დაიძაბა მალუს მთელი სხეული... დაიძაბა, დაიჭიმა და... სწრაფადვე მოლღვა, მოდუნდა... ყველა კუნთით მოეშვა...
მერე ბურთში რაღაც ბლანტი მასა შემოვარდა, მდინარესავით.
მაგრამ, არა, ეს “მდინარე” სულაც არ ჰგავდა მდინარეს, - ბევრი თავკომბალა დაცურავდა მასში და ყველას ამ საბრალო პაწაწა ბურთზე მიჰქონდა იერიში. თავით ასკდებოდნენ ბურთის კედლებს, ცდილობდნენ მისი ზედაპირიდან სიღრმეში შეჭრას.
ბურთი ვაჟკაცურად იგერიებდა ყველა შემოტევას, თავკომბალები ციხე-ბურთის იერიშის დროს იღუპებოდნენ და მის ფერხთით ცვიოდნენ.

უეცრად ერთმა თავკომბალამ კუთხეში მიყუჟული თეო დაინახა, ჯიქურად მიიჭრა მასთან, ზურგზე მოიგდო და ბურთისკენ ისარივით გავარდა.
შეეშინდა თეოს, - “მეც არ მიმამსხვრიოს ამ ბურთზეო”, ხელები წინ გაიშვირა და... დაუბრკოლებლად შევიდა ბურთში “მის” თავკომბალასთან ერთად.

კედელი მომენტალურად გამთლიანდა და გაიგონა კიდეც გიორგის ხმა:
- გილოცავ, თეო... ზუსტად მეასე დღეს მოევლინები საროს ერთ-ერთ საროელად! მდედრად გინდა მისვლა თუ მამრად?
- მდედრად... მე გოგო ვარ!
- იყოს ნება შენი! შენ მდედრი იქნები!

და თითქმის მაშინვე იგრძნო თეომ, როგორ გაიხლიჩა შუაზე, მაგრამ კი არ განახევრდა, ორჯერ გაიზარდა...  იმ მასის ყოველი გაყოფით თეო მოცულობაში იზრდებოდა.
და ასე იზრდებოდა და იზრდებოდა, ვიდრე თავისი სხეული არ შეიგრძნო... მხოლოდ ეს იყო, ვერ ხვდებოდა, რატომ იჯდა ამდენ ხანს სიბნელეში და რატომ ტივტივებდა რაღაც უცნაურ სითხეში, თანაც პარკში გახვეული.
შეაწუხა ამ პარკმა, გაიზმორა, ხელებით და ფეხებით მიაწვა პარკის კედლებს და... გახია! მაშინვე გაიხსნა რაღაც გვირაბი, სინათლეც გამოჩნდა და თეო თავით შეძვრა ამ გვირაბში, მაგრამ...

თავით გაიჭედა გვირაბში. ვერც წინ წავიდა და ვეღარც უკან დაბრუნდა.
რაღაც დუდუნის ხმა მოესმა. თითქოს ვიღაც მღეროდა... მერე სიმღერა კვნესამ შეცვალა. მერე იყვირა ვიღაცამ და იგრძნო, როგორ შემოვიდა გვირაბში მწარე კვამლი.
- აფჩხიიი, - დააცემინასავით თეომ და შურდულივით გავარდა გვირაბიდან.
- თეო, ნუ გეშინია, მე შენთან მიგულე... უახლოესი დღეები – შენთან ვიქნები... – გაიგონა გიორგის ხმა.
- გიორგიიი... – უნდოდა თავადაც გამოპასუხება, მაგრამ... ნურას უკაცრავად, ხმაც ვეღარ ამოიღო. ფართოდ გაახილა თვალი, რომ დაენახა, რა ხდებოდა ირგვლივ, მაგრამ ვერაფერი დაინახა, სინათლის გარდა. მერე რაღაც ხმები შემოესმა და იგრძნო, როგორ აიყვანეს ვიღაცის ძლიერმა ხელებმა და თეთრყვავილებამოგებულ ხის საწოლში ჩააწვინეს.

უფრო სწორედ, ვერ მიხვდა, რისგან იყო დამზადებული მისი საწოლი, -  ხის ფუღურო იყო,  მორში ამოჭრილი ნავის ფორმის საწოლი თუ რაღაც კიდევ სხვა.
მთავარი იყო, მის სახესთან ახლოს მალუსა და ნაორის სახეები დაინახა და იგრძნო, როგორ საშინლად შიოდა.
მალუმ ხელში აიყვანა, გულზე მიიხუტა, შემდეგ კი რაღაც გემრიელი ჩაუდო პირში.
რბილად და თბილად ჩაეღვარა უცნაური თეთრი სითხე მოშიებულ კუჭში. ტუჩებით დაიჭირა პაწაწკინტელა ბურთი, საიდანაც ეს თეთრი სითხე მოთხლაპუნებდა და ჩქარ-ჩქარა დაუწყო ყლაპვა, აქაოდა, მეტად აღარაფერს მაჭმევენო.

- მალუ, შეხედე, რა პაწაწინაა... მოდი, თუუალა დავარქვათ?
- თანახმა ვარ, ნაორიი... დღეიდან ეს თუუალა იქნება!
- თუუალა.... მომწონს, - გაიფიქრა თეო-თუუალამ და თვალები მიბლიტა... საშინლად ეძინებოდა.
- ჩუუ, დაიძინა. მალუ, მე წავალ. სახლი უნდა გამოვჭრა...
- წადი, ნაორიი... და მალე დაბრუნდი.


* * *
სწრაფად გადიოდა დღეები... თვეც შემობრუნდა, შემდეგ კიდევ ერთი...
ნაორიმ მშვენიერი სახლი გამოჭრა თეთრ კლდეში.
2 თვის თუუალამ სიარული ისწავლა. სიმაღლეშიც მოიმატა და ახლა მალუს მუხლის სახსრამდე სწვდებოდა. ერთი კია, მის საჭმელს მხოლოდ დედის რძე წარმოადგენდა. როგორც კი შესაძლებლობა მიეცემოდა, მალუს კალთაზე ააცოცდებოდა და მის რძით სავსე მკერდს ტუჩებით ეკონწიალებოდა-ხოლმე.

მალუ მაშინვე მიწაზე ჯდებოდა ან წვებოდა და თუუალაც რბილად და მოხერხებულად მოეწყობოდა-ხოლმე დედის მკერდსა და მუცელზე და გამალებული იწყებდა ჭამას.


კიდევ გავიდა 2-3 თვე.
თუუალა სიმაღლეში გაიზარდა და მალუს ფეხისსიგრძე გახდა. თავი რბილი ღინღლით დაეფარა... თვალები გაუფართოვდა და აუწყლიანდა... ნამდვილ მდედრს დაემსგავსა... თუმცა მდედრობამდე – ბევრი დრო იყო დარჩენილი...

- მაააუ... – წარმოთქვა თუუალამ და... 
- შეხედე, ნაორიი, თუუალამ ლაპარაკი დაიწყო... მე მეძახის, - მალუმ ხელში აიყვანა უკვე წამოზრდილი თუუალა და გულზე მიიხუტა.
- აბა მეც დამიძახე?! – მიეფერა ნაორიი თუუალას.
- ნაოიიი.... – გაუცინა თუუალამ და მისკენ გაიწოდა პატარა ხელები.
- ნაორიი, დღეიდან შეიძლება სხვა საჭმელიც ვაჭამოთ. ხორცს ხომ არ მოიტანდი?

ნაორიიმ მაშინვე აიღო ხელში წვეტიანი ჯოხი და სახლიდან გავიდა.

მალე დაბრუნდა და რაღაც პატარა არსებები შემოიყვანა სახლში, რომლებიც ფეხებით იყვნენ ერთმანეთთან მიბმულები.

- მალუუ, ნახე რა მოვინადირე? გემრიელი საჭმელი ექნება თუუალას.
- მწვანეები? სად იპოვე?
- აქვე, ახლოს. დიდები არ წამოვიყვანე, ვერ შეჭამს თუუალა.
- მიდი, თავები გაუჭეჭყე... არ შეეშინდეს, რომ იყვირებენ.

ნაორიი ქვების შემოსატანად გავიდა.
ვიდრე შემობრუნდა, თუუალამ ერთ-ერთი მწვანე საროელი გამოათავისუფლა და პატარა ბავშვივით მიიხუტა გულზე.

მწვანე არსებამ თუუალას მკერდზე მიადო თავი და ტუჩებით ძუძუს დაუწყო ძებნა. კერტი იპოვა და მთელი ძალით მოუჭირა ტუჩები.
ცარიელი იყო თუუალას ძუძუ... ვერაფერს გამორჩა და ტირილისმაგვარი ხმა ამოუშვა.

თუუალამ მალუს გახედა.
მალუ მიწაზე იჯდა და სადილისთვის ბალახს არჩევდა.
თუუალა მიუახლოვდა, მალუს რძით სავსე ძუძუს წაეტანა ტუჩებით, პირი ჩაიტკბარუნა და... ახლა მწვანე საროელი მიასვა მკერდზე.

დაიბნა მალუ. ვერაფერი მოიფიქრა გარდა იმისა, რომ მწვანე არსება თუუალას გამოართვა ხელიდან და თავად მიიკრა მკერდზე.
ხარბად წოვდა მწვანე საროელი მალუს ძუძუს... და მხოლოდ ახლა გააცნობიერა მალუმ, რომ ამ არსებას ვეღარასოდეს გაუჭეჭყავდა თავს, ვეღარასოდეს შეჭამდა... და მხოლოდ ამას?
თუ სამუდამოდ იტყოდა უარს მწვანე არსებების ჭამაზე?

მწვანემ ჭამა დაამთავრა, ტუჩები მოილოკა, მკერდზე მიადო თავი, თვალები დახუჭა და მომენტალურად დაიძინა.

მალუმ ფრთხილად მიიყვანა ეს პაწაწინა საროელი თუუალას თეთრყვავილებამოფენილ საწოლთან და შიგ ჩააწვინა. თუუალა მასთან მიიჭრა და ისიც საწოლში ჩახტა. შემდეგ ამ მწვანე არსებას კისერქვეშ ამოსდო ხელი და ჩაეხუტა. მერე თავი მიადო და ამანაც დაიძინა.

ამის მნახველ მალუს ღვარად ჩამოსდიოდა ცრემლები.
ცოტა ხანში ნაორიი დაბრუნდა და ქვები შემოიტანა მწვანეებისთვის თავების გასაჭეჭყად.
მალუ წინ გადაუდგა ნაორიის, ქვები გამოსტაცა და გარეთ გადაყარა. შემდეგ ორივე მწვანე არსებას შეუხსნა ფეხები და გარეთ გასვა.

- რატომ ქენი ეს, მალუ? – გაოცება ვერ დამალა ნაორიიმ.
- არასოდეს, გესმის? აღარასოდეს მოიყვანო შესაჭმელად მწვანე... – შემდეგ ხელი დაავლო ნაორიის და თუუალას საწოლთან მიიყვანა, - შეხედე...
- რატომ ქენი ეს, მალუ?! – კიდევ უფრო მეტად გაუკვირდა ნაორიის.
- მე არა... ეს თუუალამ გააკეთა... მე ამ მწვანეს საკუთარი რძე ვაჭამე. მე ვეღარასოდეს შევჭამ მწვანეს... ის ჩვენს სახლში დარჩება, ვიდრე თუუალა თავად არ გაუშვებს მას.

პატარა თუუალა კი გულში იხუტებდა ამ პაწაწინა მწვანე არსებას და ძილში ჩუმად ბუტბუტებდა:
- ნიიიიი....  ნიიიიი....



(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები