ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
12 ოქტომბერი, 2009


თავი 10. თუუალას ბავშვობა ("შორია დედამიწამდე...")

- ნიიი....  ნიიიიიიი – გამუდმებით იმეორებდა თუუალა და მწვანე არსებას გულში იკრავდა.
- ნეტა ვის ეძახის? ვინ არის “ნიიიი” – მალუ ჩუმად იდგა თუუალას საწოლთან და თვალს არ აშორებდა პატარებს.

მწვანეს გამოეღვიძა და წამოჯდა. მალუს დანახვაზე ჯერ შიში ჩაუდგა თვალებში, მერე კი ხელები გაუწოდა, - ამიყვანეო.
მალუმ ხელში აიყვანა პატარა მწვანე არსება, რომელიც მის ხელისგულზე ოდნავ დიდი თუ იქნებოდა და გულზე მიიხუტა.
- ნიიი, ასე დაგარქვა თუუალამ და მეც ნიიის დაგიძახებ... იყავი ჩვენთან... არავის შევაჭმევინებ შენს თავს.
- ნი... – მოკლედ მოჭრა მისი სახელი მწვანემ და მალუს შეხედა თავისი დიდი შავი თვალებით.
- გაიგე, რაც გითხარი? – გაეცინა მალუს, ნიი ხელისგულზე დაისვა და თვალიერება დაუწყო.

ნიიმ სასაცილოდ დაახამხამა უწამწამო ქუთუთოები და კუდი გასაქცევად აპრიხა.
- ნუ გეშინია, პატარა... არაფერს გერჩი. – მალუმ ფაქიზად გადაუსვა ცალი თითი თავზე პაწაწას და ძუძუსთან მიიტანა ხელი.
- ნი... მა... – რაღაც თქვა ნიიმ და გემრიელად აათხლაპუნა გემრიელი რძე.

ამასობაში თუუალასაც გაეღვიძა და მაშინვე ნიი მოიკითხა.
- ნუ გეშინია, აქ მყავს შენი ნიიი... ვაჭმევ და მერე ითამაშეთ, - გაეღიმა მალუს.
- მეეე... შიიია... – თუუალამაც გაიწოდა ხელები მალუსკენ.
- შენც გაჭმევ, - მალუმ თუუალაც ხელში აიყვანა და მეორე ძუძუ ჩაუდო პირში.
- თუ... მა... – ნიიმ დროებით მოსწყვიტა ძუძუს პირი და თუუალას მიაჩერდა.
- ნიიი, - თქვა თუუალამაც და ნიისკენ გაიწოდა ცალი ხელი, მისი ხელი იპოვა და მაგრად ჩაჰკიდა.

და მიხვდა მალუ, რომ თუუალა და ნიი ერთნაირი პატარები იყვნენ...
ნიიც ისევე ეყვარებოდა დედას, როგორც მას უყვარდა თუუალა... ნიისაც ისევე სჭირდებოდა მშობლების ზრუნვა და მტრისგან დაცვა, როგორც მის თუუალას.
- ნაორიიიი, - ხმამაღლა დაიძახა მალუმ და სახლის გასასვლელს მიაჩერდა.
- აქ ვარ, მალუ...
- ახლავე წამიყვანე იქ, სადაც ეს მწვანე იპოვე!...
- რად გინდა, - გაუკვირდა ნაორიის.
- დედამისი უნდა ვიპოვო.

მალუ სახლიდან გავიდა და მაგრად მიიკრა გულზე ორივე პატარა.
მალე მივიდნენ მწვანეთა სახლთან. მათ ხის ფუღუროში დაედოთ ბინა, - ფუღუროს წინ პატარა მწვანე არსება იჯდა და ტირილისმაგვარ ბგერებს გამოსცემდა.
მალუმ უფროსებს დაუწყო ძებნა. ვერავინ იპოვა. თუუალა და ნიი ფუღუროსთან ჩამოსვა და ნაორიის დაუტოვა, თავად კი ტყისკენ მიმავალ ბილიკს გაჰყვა.
ტყემდე ისე მივიდა, საეჭვოს ვერაფერს მოჰკრა თვალი.
მალუ სწრაფად შევიდა ტყეში და... ადგილს შეეზარდა. ბრძოლის ველი გადაეშალა თვალწინ: მის წინ ქვით გაჭეჭყილი ხუთი თავი ეგდო... მხოლოდ თავები, რადგან ტანები ან ადგილზე შეეჭამათ და ან თან წაეღოთ ნაცრისფერებს ოჯახების გამოსაკვებად.

სწრაფად გამოტრიალდა მალუ. სირბილით წამოვიდა, თუუალასა და ნიის ხელი დაავლო და გულზე მიიხუტა. მერე იმ პატარა მტირალა მწვანეს დაავლო ხელი და ნაორიის მიაჩეჩა ხელში.
- რატომ ქენი ეს, მალუ? – ჰკითხა ნაორიიმ.
- მათ აღარავინ ჰყავთ ჩვენს მეტი!. და მათ შიათ, ნაორიი...
- ჰო, ცოტა გაიზარდონ და მერე შევჭამოთ...
- არაა! არააააააააა! – იყვირა მალუმ, - მათ ვერავინ შეჭამს! ისინი ჩემი შვილები არიან უკვე!
- მაგრამ ისინი მწვანეები არიან, მალუ! ჩვენ კი ნაცრისფერები ვართ, - ამაყად თქვა ნაორიიმ.
- ისინი მშიერი პატარები არიან, ნაორიი! მათ ჩემი ძუძუ აქვთ ნაჭამი!
- და ამიტომ ვეღარ შევჭამთ მათ? – გაოცებას ვერ მალავდა ნაორიი.
- ჰო, ამიტომ!... და შენ აღარასოდეს მოიყვან მწვანეებს, როგორც ნანადირევს! მე აღარასოდეს შევჭამ მათ! და ვეღარც შენ!
- აბა რას შევჭამთ?
- მცენარეებს... ბალახს!
- კარგი, როგორც გინდა!... – ნაორიიმ ნერწყვი გადაყლაპა და თვალი აარიდა აქამდე საყვარელ სასუსნავს, აწ უკვე “მათ შვილებად” წოდებულებს!


* * *

დრო გადიოდა.
ნაცრისფერი საროელები გაოცებულნი შესცქეროდნენ მალუსა და ნაორიის უცნაურ ოჯახს, რომელშიც  სამი პატარა საროელი ერთდროულად იზრდებოდა: ერთი ნაცრისფერი თუუალა და ორი მწვანე: ნი და მა.

ნი – მდედრი იყო, მა კი – მებრძოლი მამრი გამოდგა.
სხვა საროელებს, თავდაპირველად, ნი და მა ნადავლი ეგონათ, რომელსაც მალე შეახრამუნებდნენ ნაცრისფერები, მაგრამ მერე და მერე მიხვდნენ, რომ ესენი მალუს ოჯახის სრულუფლებიანი წევრები იყვნენ. მწვანეებმა მათი ენა აითვისეს და ახლა მხოლოდ კანის ფერითა და სიმაღლით განსხვავდებოდნენ ნაცრისფერებისგან.

მამ, როგორც ნიზე უფროსმა, მწვანეთა ენაც იცოდა. და არც დაავიწყდა. პირიქით, ნისა და თუუალასაც ასწავლა და ახლა ბავშვები თავის საიდუმლოს მწვანეთა ენაზე ეუბნებოდნენ ერთმანეთს.

კიდევ ერთი უცნაურობა შეინიშნებოდა მალუს ოჯახში: ყველა საროელს შავი თვალები ჰქონდა და მუქი ფერის ბალნით ჰქონდა დაფარული თავი, თუუალას კი ბალანი გაუღიავდა და ახლა მზისფრად უელავდა. ხოლო თვალებს რაც შეეხება, საროელები ვერ ასახელებდნენ, რა ფერისა იყო თუუალას თვალები, - საროზე არ არსებობდა ეს ფერი, ძალიან ლამაზი და მათ ბალახზე ოდნავ სხვაფერი.


ხუთმა წყალდიდობამ ჩაიარა.
ლამაზ მდედრად იქცა თუუალა. ბევრი ნაცრისფერი უვლიდა გარშემო და თეთრ ყვავილებს უფენდა ფეხქვეშ, მაგრამ თუუალა ვიღაცას ელოდა...
ვერავის ყვავილების აღებისკენ  უწევდა გული.
არა და, თუ ვინმე მოეწონებოდა, მისი ყვავილებიდან უნდა აეღო სამი ყვავილი და გვირგვინად შემოწნული დაედგა თავზე.

ელოდა თუუალა თავის სიყვარულს და თავის ბედს.
ახლო-მახლო მაცხოვრებლებიდან არავინ მოსწონდა. შორიდან კი...
შორს მაცხოვრებლებიდან, აბა, ვინ იცოდა, სადღაც, თეთრ კლდეში გამოჭრილ სახლში მზისფერთმიანი და ბალახზე უფრო სხვაფერთვალება ნაცრისფერი თუუალას არსებობა?

მიუხედავად პატარა ტანისა, მა ძალიან მარჯვე და ღონიერი იყო. ნაორიიმ სრულად ასწავლა ბრძოლის ყველა ილეთი და მა, ალბათ, ერთადერთი მწვანე იყო, რომელიც ნაცრისფერთა ბრძოლის ტექნიკას ფლობდა.

ნი კი – ტანთხელი მწვანე მდედრი გახლდათ, რომელსაც კარგად ეხერხებოდა საოჯახო საქმეები. მაგრამ განსაკუთრებით კარგად – ბალახებში ერკვეოდა. ცოტა მეტი წყალდიდობისა რომ ყოფილიყო, ალბათ მკურნალობასაც შეძლებდა, მაგრამ... სულ ხუთ წყალდიდობას ითვლიდა და თანაც სიმაღლით თუუალას წელამდე სწვდებოდა. თუმცა კი, ცოდნასთან და დიასახლისობასთან რა შუაში იყო ნის სიმაღლე?!

ერთ დღეს თუუალა, ნი და მა მდინარესთან ჩავიდნენ.
იასამნისფერი მტვერი ჩამოირეცხეს მდინარის წყლით და ის იყო, ამოსვლა დააპირეს, რომ რაღაც ხმები შემოესმათ.
აშკარად უცხო მხრის ნაცრისფერები უყვნენ, რადგან ადგილობრივებს ხმითაც კი სცნობდნენ სამივენი.

- ნამდვილად აქ ცხოვრობს? მე ვერავინ ვნახე ასეთი... – თქვა ერთმა.
- აქ ცხოვრობს... თეთრ კლდეში.

თეთრი კლდის ხსენებაზე სამივე შეკრთა.
- ნეტა ვის ეძებენ? – შეშინებულმა იკითხა ნიმ.
- ჩუუ, ყური დავუგდოთ, იქნებ კიდევ თქვან რამე? – თქვა მამ, - მოიცა, ახლოს მივცურავ და ისე მოვუსმენ.

მამ წყალში ჩაყვინთა და ახლოს მიცურდა.
- რა პასუხი გავცე, “ვერ ვიპოვე-მეთქი”? სულ რომ გადავაბრუნო აქაურობა, მაინც უნდა ვიპოვო ის სხვაფერთვალება მდედრი... ხელცარიელი ვერ დავბრუნდები ხაკთან.
- რუნო, იცი რაზე ვფიქრობ? მეშინია, შენ თავად არ მოგეწონოს თუუალა და შენთვის დატოვება არ განიზრახო.
- თუ მომეწონება, სწორედაც რომ ჩემთვის დავიტოვებ! ხაკი სულ ვერ მიხვდება ვერაფერს.
- როგორ ვერ მიხვდება?... მზისფერთმიანი და სხვაფერთვალება საროელი სხვაგან არსადაა და... სასახლეში ვერ მიიყვან, მაშინვე მიხვდებიან.
- მაშინ სხვაგან წავიყვან... მაგრამ ჯერ ხომ მე თავად უნდა ვნახო? იქნებ და სულაც არ მომწონს მისი სხვაფერი თვალები?
- ეეჰ, რუნო, საროელთაგან ჯერ არცერთს  უთქვამს უარი თუუალასთვის ყვავილთა ფეხქვეშ გაფენაზე და ჯერ არავის ყვავილი აუღია თუუალას!
- ჰოდა ჩემსას აიღებს! – გადაიხარხარა რუნომ, - ზარუ, წამოდი, მომაძებნინე თეთრი კლდე.

მა ყვინთვით დაბრუნდა თუუალასთან და სიტყვა-სიტყვით მოუტანა ის, რაც გაიგონა.
- თუუალა, თავად ხაკი დაინტერესდა შენით! გესმის? – გახარებულმა უთხრა მამ.
- მესმის, მა...
- რა კარგია! სასახლეში იცხოვრებ! – გაუხარდა ნისაც.
- მერე? თქვენ როგორ დაგტოვოთ? მალუს და ნაორიის ვერ დავტოვებ! უჩემოდ გაუჭირდებათ!
- არ გაუჭირდებათ, ჩვენც აქ ვიქნებით, - თქვა მამ.
- თუუალა, მოდი, ჯერ მე მივალ სახლში, ვნახავ, რა ხდება და მერე დაგიძახებ, კარგი? შენ ტყეში დარჩი, - უთხრა ნიმ და ნაზად აკოცა ლოყაზე.

სწრაფად ამოვიდნენ მდინარიდან და სახლისკენ აიღეს გეზი.
თუუალა და მა ტყეში დარჩნენ, ნი კი ჩუმად შევიდა სახლში და ნაცრისფერების საუბარს დაუგდო ყური.

- ტყუილად ამბობ უარს, მალუ... ჩვენი თუუალა მხოლოდ ხაკის შესაფერისია, - ამბობდა ნაორიი.
- გეთანხმები, მაგრამ თუუალასაც უნდა ვკითხოთ. იქნებ ვინმე სხვა მოსწონს?
- რას ამბობ, მალუ? ვინ უნდა მოსწონდეს? ხაკზე უკეთესი იქნება? მაღალი მამრია... ტანადაც და ქონებითაც!
- კარგით, კარგით!... გეყოთ ხაკისა და თუუალას ქება! ჯერ მე უნდა ვნახო. – ჩაერია საუბარში რუნო.
- რა თქმა უნდა... ხაკმა ხომ შენ მოგანდო თუუალას მონახვა? მაგრამ შენ აუცილებლად უნდა მიუყვანო ხაკს თუუალა. – უთხრა ზარუმ რუნოს.
- ჯერ ვნახავ და თუ მე თავად მომეწონა, მაშინ...
- არა, რუნო... თუუალა მხოლოდ ხაკის ღირსია.
- ჯერ მე ვნახავ-მეთქი...

დაიბნა მალუ. ხმა ვეღარ ამოიღო. არ მოეწონა ეს უტიფარი მამრი.
“ხაკის სიტყვას გადადის, ბრძანებას არ ასრულებს... არ მომწონს! მას არ გავატან თუუალას. ამას რომ გავისტუმრებ, მერე მე და ნაორიი თავად ჩავიყვანთ თუუალას ხაკთან...”
- რუნო, თუუალა გვიან მოვა სახლში. თქვენ წადით, მე თავად მოვიყვან თუუალას, - უთხრა მალუმ და თვალები დახარა.
- არა, მალუ... სასახლეში რომ მიიყვანთ მერე მე ვეღარ შემხვდება თუუალა. ამიტომ აქ დაველოდები!

მალუ აშკარად ღელავდა. მობრუნდა და გარეთ გავიდა. ხესთან ნი დაინახა და ხელი დაუქნია.
ეს მოძრაობა არც რუნოსთვის დარჩა შეუმჩნევი და მაშინვე გარეთ გამოვიდა.
თუუალას ნაცვლად მწვანე შერჩა ხელთ.
- ეს ჩვენ უნდა მოგვართვა? მიყვარს მწვანის ხორცი... – სახე გაუბრწყინდა რუნოს.
- ეს ჩემი შვილია, ნი... – თქვა მალუმ, ნის ხელი დაავლო და სახლში შეიყვანა.
- ნაცრისფერს მწვანე შვილი გყავს? დაუჯერებელია!..
- რა არის დაუჯერებელი? შენ რომ დაგინახე, შიშისგან გავმწვანდი... – თქვა ნიმ და მალუს ფეხზე შემოეხვია.
- მოლაპარაკე მწვანე! საოცარია!... თუუალაც თუ ამას ჰგავს, მაშინ პირდაპირ ხაკს მივუყვან... – გადაიხარხარა რუნომ. მის სიცილზე ზარუ გამოვიდა სახლიდან და მალუს ფეხზე შემოხვეული მწვანე დაინახა.
- ნი, წადი და მა მომიყვანე... – უთხრა მალუმ და ნი ისევ გარეთ გაუშვა.

მიხვდა ნი, რომ მხოლოდ მა უნდა მოეყვანა ახლა და ტყისკენ გაიქცა.

- თუუალა, სახლში არ მიხვიდე... იქ ის ბოროტი რუნო გელოდება! – შორიდანვე დაუძახა ნიმ.
- რა უნდა რუნოს? – გაუკვირდა თუუალას.
- ხაკთან უნდა მიეყვანე და ჯერ მე ვნახავო..,.
- მერე? მხოლოდ ამიტომაა ბოროტი? წავიდეთ, ერთად მივიდეთ სახლში.
- თუუალა, მალუმ მითხრა, მა მომიყვანეო...
- მაგრამ მას არ უთქვამს, თუუალა არ მოიყვანოო... ასე არაა, ნი?

თუალამ პასუხს აღარ დაუცადა და სახლისკენ წავიდა.
ნი და მა უკან გაჰყვნენ.

ყვავილებმიმოფანტულ იატაკზე ოთხი ნაცრისფერი დაინახა ჩამჯდარი.
თუუალა ოთახში შევიდა და გაჩერდა.
მალუ და ნაორიი არ ელოდნენ თუუალას დაბრუნებას, ამიტომ მოსხლეტით გაჩუმდნენ და გაოცებულნი მიაჩერდნენ შვილს.
უცნაური სიჩუმე ჩამოვარდა ოთახში.
რუნომ მოიხედა და... ელდანაკრავივით წამოხტა ფეხზე, - მსგავსი ნაცრისფერი არსად არასოდეს უნახავს. უცნაურად მწვანე, სხვაფერდაკრულ თვალებში უცნაური სხივი უკრთოდა თუუალას, თმა კი მზისფრად უბზინავდა.
- თუუალა... – ძლივს ამოთქვა რუნომ და მაშინვე უამრავ ხმაზე გამოეპასუხა გული: თუუალა... თუუალა.... თუუალა....
- რუნო? – ისე იკითხა თუალამ, თითქოს გადაამოწმა, “ნამდვილად შენ ხარ რუნო თუ ეს სანდომიანი ჭაღარა ნაცრისფერიო”?
- ჰო, თუუალა, მე რუნო ვარ... მე... მე თან არ მაქვს ყვავილები... მე... – ენა და გონება ერთნაირად დაებნა რუნოს. მიხვდა, რომ თუუალასთან იწყებოდა და მთავრდებოდა მისი ბედნიერება... მაგრამ იმასაც კარგად მიხვდა, რომ ხაკს, რომელსაც აშკარად ჰქონდა გაგონილი თუუალას სილამაზის შესახებ, სხვას ვერავის მიუყვანდა. ვერ ეტყოდა, - “შემეშალა და ეს მეგონაო”...
- ზარუ... – წარუდგა თუუალას ჭაღარა საროელი, - ძალიან ლამაზი ხარ, თუუალა, ნამდვილად ხაკის შესაფერი! შენი ადგილი მხოლოდ და მხოლოდ სასახლეშია! ჩვენ შენს წასაყვანად მოვედით.
- რატომ... რატომ ხარ ასეთი ლამაზი?! – ძლივს ამოღერღა რუნომ და თუუალამ დაინახა, როგორ გაიბრწყინა შავ თვალებში ბროლის ცრემლებმა.
- მშვიდობით, მალუ და ნაორიი... მშვიდობით, პატარა მა... მაგრამ ნი თან უნდა წამოვიყვანო... ნი მე იქაც ისევე დამჭირდება, როგორც აქ მჭირდებოდა.
- ნება თქვენია, თუუალა... – რუნომ და ზარუმ თავი მდაბლად დაუკრეს თუუალას და სახლიდან გამოვიდნენ.

თუუალა დაიხარა, მალუს ძუძუს ტუჩები წაატანა და მოქაჩა, - ეს სიმბოლურად ნიშნავდა, რომ “ისევ შენს შვილად ვთვლი თავს, მაგრამ შენ ჩემთვის საჭმელი აღარ გაქვს და ამიტომ მივდივარ შენი სახლიდანო”.

გარეთ გამოსულებმა, რუნომ და ზარუმ რბილი წკნელებისგან მოქსოვილი ტახტრევანი გაშალეს, სხეულზე მიიბეს და თუუალას წინ ჩაიმუხლეს. თუუალა ტახტრევანზე მოთავსდა.

რუნო წინ მიდიოდა, ზარუ კი – უკან. ნი მათ წინ-წინ გარბოდა კუნტრუშით. როცა იღლებოდა, ისიც თუუალასთან თავსდებოდა ტახტრევანზე.
გაშლილ მინდორზე გავიდნენ საღამოსპირს.
- ხომ შეიძლება, რომ ცოტა ხანს ფეხით წამოვიდე? დავიღალე ჯდომით... – ჩამოსძახა თუუალამ მეტახტრევნეებს.
- რა თქმა უნდა... – რუნო მუხლებზე დაეშვა და თუუალაც თავისუფლად ჩამოცურდა დაბლა და რუნოს გაჰყვა გვერდით.

ზარუმ კუნტრუშითა და სირბილით დაღლილი ნი შემოისვა მხარზე და რამდენიმე ნაბიჯით ჩამორჩა რუნოსა და თუუალას.

- რუნო, როგორია ხაკი?
- ჩემზე მაღალი საროელია, თუუალა... ძალიან მდიდარი.
- მდიდარი? ეს რას ნიშნავს?
- მას საკუთარი სასახლე აქვს, მას მებრძოლები იცავენ... მის მინდვრებს მუშები ამუშავებენ... საკუთარი თაფლი აქვს და საკუთარი პური... და მის სასახლეში ვინც ცხოვრობს, ყველა მის სურვილს ემორჩილება! ცოტაა?
- არა, არაა ცოტა! და გარეგნობით როგორია?
- გარეგნობითაც მაღალია, ლამაზიც... მაგრამ შენზე ბევრად დიდია, უკვე 15 წყალდიდობა აქვს ნანახი!
- შენ რამდენი გაქვს ნანახი, რუნო?
- მე? ათი, თუუალა...
- და ზარუს?
- ზარუს 22...
- რუნო, მდედრი არასოდეს გყოლია?
- მყოლია...
- და მუდმივი მდედრი?
- არა, თუუალა... არავინ შემხვედრია შენნაირი, ჩემს გვერდით ვისი დატოვებაც მდომებია...
- ჩემი დატოვება გინდა? – თუუალამ გვერდულად გახედა რუნოს.
- მინდა, თუუალა, ძალიან მინდა!... მაგრამ რა მოვიგონო? რა ვუთხრა ხაკს?!
- ჯერ ნურაფერს ეტყვი... ჯერ ხაკი უნდა ვნახო!
- რატომ?
- თუ მომეწონება, ხაკთან დავრჩები... და თუ არ მომეწონება, მე თავად მოვიგონებ რამეს, რომ მასთან არ დავრჩე!
- მე არ მინდა შენი დაკარგვა, თუუალა... მე მოვკვდები უშენოდ! თავადაც ვერ ვხვდები როდის მოხდა ეს... ან როგორ დავუშვი, რომ ასე შემოიჭერი ჩემში, მაგრამ... ან ის უნდა მოკვდეს და ან მე...
- ნუ ამბობ ასე! მე ჯერ არ მინახავს ხაკი. იქნებ ის უფრო მომწონს?
- უფრო? ანუ მეც მოგწონვარ? – რუნომ ისე ამოიკვნესა, გეგონება გულ-ღვიძლიც ამოატანაო.
- მომწონხარ, მაგრამ ჯერ არ ვიცნობ ხაკს...
- თუუალა, ისევ ტახტრევანზე უნდა დაგაბრძანოთ. მალე მივალთ სასახლეში და ფეხით ვერ მიგიყვანთ.
- ნება თქვენია.... ისე, შენ რას აკეთებ სასახლეში?
- რომ მიხვალ, თავად გაიგებ.

სასახლეშიც მალე მივიდნენ.
თუუალა ტახტრევნით შეაბრძანეს სასახლის დიდ დარბაზში და მუხლმოყრით ჩამოსვეს დაბლა.

თვალი მოავლო დარბაზს.
ვერავინ დაინახა შესაფერი.
უცებ დაინახა, რომ რუნო შემოვიდა დარბაზში. გაუკვირდა, “ამ წუთას გვერდზე მედგა და ასე უცებ როგორ გავიდაო”? 
მოიხედა და... მეორე რუნო დაინახა მის გვერდით მდგარი.
- რა ხდება, რუნო? თვალებში მიორდება? ის ვინ არის? – ხმამაღლა იკითხა თუუალამ და ისევ ახლადშემოსულ “რუნოს” გახედა.
- ის ხაკია, თუუალა!
- და რატომ ჰგავხართ ასე ერთმანეთს?
- იმიტომ, რომ ხაკი და მე ძმები ვართ!  მაგრამ ის უფროსი ძმაა და ყველაფერი მას ერგო! ახლა მითხარი, რომელი უფრო მოგწონვართ, თუუალა?!


(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს