ნაწარმოებები



ავტორი: მათე
ჟანრი: პროზა
17 ოქტომბერი, 2009


მოსე (რომანი-გაგრძელება- VI თავი)

                                                                თავი მეექვსე

ვით  დიდი ღრუბელი, თუ ნათლის სვეტი....
წინ გვიძღვის უფალი... და წირთხლზე სისხლად
დარჩენილ ნიშანთა, შენს გახსნილ  კართან:
წინ?--- თავისუფლება, მონა? ---იქ, ეგვიპტეს, დარჩა.....

ეს რა, თქვენი სიმღერა იყო? მოსეს ჩაეღიმა.
დიახ, ხალხი ასე მღეროდა...

მეწამული ზღვის გაშავებული ტალღის ტყლაშუნი ახლაც  საზარლად ჩამესმის სიზმრად......
პირდაღებული...გულგახსნილი.... მომზადებული ჩვენს ჩასანთქავად....უფლის ბრძანებით ყალყზე შემდგარი, თითქოს ელოდა...როდის დავუშვებდი კვერთხს, რომ გადავეყლაპეთ....
მე კი, კვერთმოღერებულს, კიდევ ნუგეშიც უნდა მეცა..... რომ გაებედათ დამფრთხალ მონებს და... წყალმოშიშვლებული ზღვის ფსკერისათვის ფეხი დაედგათ....თან ამეტანა ღვთის უბოდიშო დამუნათება,  წუწუნი და საყვედურები.....
,,რარიგ ვნანობთ, რომ დავუჯერეთ ამ ბებერ გიჟსო... წინ --- მეწამული ზღვა გველეშაპად პირდაღერილი...უკან--- გამწყრალი ფარაონი უთვალავი სპით....რა ეგვიპტეში ვერ მოვკვდებოდით, ამ უდაბნოში, რომ არ გვერბინა?!.... თან აქ ყველა ერთად გავწყდებით და იქ კი, ზოგნი ხომ მაინც დავრჩებოდითო.’’

........,,არა, ამ მონას თავი მართლა ღმერთი ხომ არ ჰგონია, ნეტა?!... არ შეაჩეროთ ეტლები და მისდიეთ კვალში!....
ეს ღრუბელი რომ ხედვას გვიფარავს, და თან ბორბლებიც სულ  ჩაეფლნენ ამ მწვანე ლაფში...
ბატონო, მგონი, ზღვის ფსკერზე ვართ!...
რას ბოდავ?! ეს ხომ... მეწამული ზღვის ჭანჭრობებია!.... გარეკე, შლეგო!...................

....... როცა ხიდზე გადავრბოდით მე და ჩემი ამხანაგები...სადღაც ზემოდან ავტომატის ჯერი დაგვიშვეს.... ასე მეგონა, რომელიღაცა ფილმის გმირი ვიყავი.... რეალობის შეგრძნება სრულიად დავკარგე.....
........ საკენისაკენ აღმართს მივუყვებით... ეს თოვლი და ქარბუქი ნამდვილად ღვთის სასჯელია.... აბა, სექტემბრის მიწურულს, თუნდაც, ზემო სვანეთში, რა უნდა თოვლსა და ქარბუქს.....ჩემს წინ, ასე დაახლოებით ჩემი ცოლის  ხნის, ახალგაზრდა ქალს ბავშვი აუტატებია, ორი-სამი წლისა, ჩემი  ბიჭის ტოლი.  თვალში მეცა მისი ტიტველი ფეხები.... ეტყობა სიჩქარეში, გაქცევისას, ფეხსაცმელების ჩაცმა დაავიწყდათ....თან....ვინ იფიქრებდა, ამ სექტემბერის ბოლოს დაზამთრებას?....დედას გვერდით ჩემი გოგონას ხელა მეორე გოგო მისდევს... და უეცრად ქალმა ჩაიმუხლა.... მეტი აღარ შემიძლია!.... თითქოს თავისთვის თქვა, მაგრამ.....აქ სად დარჩებით, ქალბატონო, ამ აღმართზე ამაღამ გაიყინებით....მეტი აღარ შემიძლია!..... მისი უაზროდ გაშუშებული თვალები რომ დავინახე....მომეცით ბავშვი!..... მე კი შემიძლია?!.... ერთი,ორი, სამი, ოთხი, ხუთი,.... ოცდაათმეტიიიი,..... როგორც ბავშვობაში, მამისკისერჩახვეული, ბუშტებს რომ ვითვლიდი....და რამ გამახსენა, ნეტავი, ეს ახლა?!.... ჰო, უნდა  ვითვალო, ყველაფერი ვითვალო, რომ დაღლილობა დამავიწყდეს...სიცივე დამავიწყდეს  ...შიმშილი დამავიწყდეს.....  და რაც მთავარია, თავიდან ამოვიგდო,იქ, სადღაც დაბლა, გონებას ჩარჩენილი სურათი: ცეცხლის გარშემო მოცეკვავე მოხუცი და სომხის ბავშვები.... აფხაზეთიდან ქართველები გარბიან და გაიხარეთო!....
არ გამაბოროტო, უფალო...არ გამაბოროტო!....შეუნდე, რამეთუ არ უწყოდნენ,  რას იქმოდენ....
მივდივართ.... აღმართზე მივდივართ... ძნელია... და მუხლიც ხანდახან კი მომეკვეთება, ჯერ მაინც მომყვება!...მაგრამ  ყოველ აღმართს, უთუოდ დაღმართი მოსდევს...აი, იქ მჭირდება მეტი გამძლეობა... ჯერ კი აღმართია და მუხლიც მომყვება.....

.............კვერთხი დაუშვიო!...უფალმა და ფარაონისა და მისი ჯარის თავზე მეწამულმა ზღვამ, ამ საზარელმა გველეშაპმა, პირი შეკრა.....
........... ვით  დიდი ღრუბელი, თუ ნათლის სვეტი.... წინ გვიძღვის უფალი.......
მოსემ  თვალები დახუჭა. აღარაფერს ვეკითხები... ვგრძნობ, აქ არ არის.... კვლავ იმ წამის მშვენიერებას განიცდის..... პირველი აღმართის ძლევის..... თუმც  იცის, წინ ახლა დაღმართი ელის... და ეს უფრო ძნელია....

...... არა, ახლა მეტს აღარ დაწერს...ვარდისფერ ბურთულებსაც შეეშვება....
რაღაც ახალი დაიწყო, მგონი, და იქნებ ეს იკმაროს?...რომ არ დაეღვაროს არცერთი წვეთი...
რომ არ დაეკარგოს არცერთი განცდა...... დღეს წერა კმარა!..... მაგრამ მას არა, მას სულ არ .....
.....................ვარდისფერ ბურთულებად შეკრული წრე......
                                                                                                                          17 ოქტომბერი, 2009 წელი.
                                                (გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები