ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
10 აპრილი, 2008


დაგვიანებული შეხვედრა(ციკლიდან: თეონას პატარა ისტორიები)

(ციკლიდან „თეონას პატარა ისტორიები“)


2007 წლის ივნისია.
დღეს თეონა არ მუშაობს და ამიტომ თავს დასვენების უფლება მისცა: დილიდანვე ჩართო ტელევიზორი და მის საყვარელ არხზე - ”Discovery ”-ზე გადართო.

გადაცემა მსოფლიოში უდიდეს თვითმფრინავებზე, აერობუსებსა და მათ ავიაკონსტრუქტორებზე იყო. დიქტორმა გამოაცხადა, რომ მსოფლიოში უდიდესი აერობუსი ფრანგმა ავიაკონსტრუქტორმა შექმნა.

უყურებდა თეონა გადაცემას და ერთ-ერთი პიროვნების ეკრანზე გამოჩენისას ფიქრობდა-ხოლმე: ”ღმერთო, საიდან მეცნობა ეს კაცი? ფრანგი ავიაკონსტრუქტორი... საიდან უნდა მეცნობოდეს?! არადა - მეცნობა!... ”
და უეცრად თეონას ესმის ამ ავიაკონსტრუქტორის სახელი და გვარი: ჟერარ დიუბუა!
თითქოს დენმა დაარტყაო, ისე გააჟრჟოლა თეონას. ყურებს არ დაუჯერა. ეკრანს მიაჩერდა... ცოტა ხანში თავად ეს პიროვნება ალაპარაკდა და ეკრანზე გარკვევით დაიწერა: ”ჟერარ დიუბუა”.

ჟერარ დიუბუა.....
თეონა ფიქრებმა გაიტაცა და  30 წლით უკან გადაისროლა...

* * *
1977 წლის ივნისია.
თეონა გელოვანი ახალგაზრდული ტურისტული საგზურით დააჯილდოვეს. მალე გაემგზავრება გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში მთელი 16 დღით!!! გული ჩიტივით უფრთხიალებს მკერდში, - ხუმრობა ხომ არ არის, კონფერენციის 500 მონაწილიდან სულ 30 სტუდენტი ამოირჩიეს და მათ შორის აღმოჩნდა თეონაც!!!

კონფერენცია ალკკ ცკ-ს ეგიდით ჩატარდა და ამდენად, ჯგუფის ხელმძღვანელებად ალკკ განყოფილების გამგე ემზარ ჭანტურიძე და ინსტრუქტორი ირაკლი ლაბაძე დანიშნეს.

გამგზავრების თარიღად 16 ივლისი დასახელდა.
უსაშველოდ გაიწელა ეს ერთი თვე. დღე-ღამეც კი, თითქოს, 24 კი არა, 48 საათისაგან შედგებოდა.

ყოველ 3 დღეში ერთხელ იბარებდნენ სტუდენტებს ალკკ ცკ-ში და თათბირებს უტარებდნენ, თუ როგორ უნდა დაეჭირათ თავი საზღვარგარეთ საბჭოთა სტუდენტებს, რისი გაკეთების უფლება ჰქონდათ და რისი - არა, სად შეიძლებოდა შესვლა და სად - არა, რისი თქმა შეიძლებოდა და რისი - არა... ერთი სიტყვით დეტალურად განიხილეს, როგორი უნდა ყოფილიყო სამაგალითო საბჭოთა სტუდენტი!!!

როგორც იყო, მოახლოვდა გამგზავრების თარიღი.
- გერმანულ მარკებს გერმანიაში მოგცემთ, იქ ჩასვლამდე კი  მხოლოდ 25 მანეთის წამოღების უფლება გაქვთ, ისიც ისეთი კუპიურებით, რომ საბჭოთა ვალუტა - 10 მანეთიანი არ ერიოს! - გააფრთხილეს ჯგუფი ბოლო თათბირზე, - ვიკრიბებით ვაგზლის შესასვლელთან. მატარებელი 17.00 სთ-ზე გადის. ზუსტად 16.00 სთ-ზე ვინც არ იქნება ადგილზე, მათ ნაცვლად სათადარიგო სტუდენტებს ჩავსვამთ. ახლა კი თავისუფლები ხართ.

იმის შიშით, ”ჯგუფიდან არ ამომაგდონო”, მატარებლის გასვლამდე 2 საათით ადრე მივიდა თეონა. ”პირველი მერცხალი” იყო. ჯგუფის მეორე წევრი თეონაზე 15 წუთით გვიან მოვიდა, 15.30-ზე კი ჯგუფის ყველა წევრი ადგილზე იყო, ასე რომ სათადარიგო სტუდენტები თბილისში დარჩნენ.

ხელმძღვანელებიანად სულ 32 იყვნენ, - სრული 8 კუპე იყო მათი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჯგუფში იყო 21 გოგონა, 9 ვაჟი  და 2 მამაკაცი. მატარებელში სწრაფად გაირკვა, რომ 20 გოგონას უკვე განაწილებული ჰქონდა მათი კუთვნილი 5 კუპე...  21-ე, აუადგილო - თეონა აღმოჩნდა, რადგან მას იქ ნაცნობი არავინ ჰყავდა.
11 მამაკაცი 3 კუპეში მოთავსდა და ერთი ადგილი ცარიელი დარჩათ, ასე რომ, სხვა გამოსავალი არ იყო: ჯგუფის ხელმძღვანელებმა თეონა თავის კუპეში მოათავსეს.

საწყალი თეონა, - ჯერ ისედაც ვერ იძინებდა-ხოლმე მოძრავ მატარებელში და ახლა, მითუმეტეს - უცნობი ხალხის გარემოცვაში, საერთოდ ვერ მოხუჭა თვალი.

თბილისიდან მოსკოვში ჩავიდნენ, მოსკოვიდან - ბრესტში.
ბრესტში მატარებელი 4 საათით ჩერდებოდა, რათა ვიწროლიანდაგიან გზებზე სასიარულოდ მატარებლისთვის ბორბლები შეეცვალათ.

ჯგუფი ბრესტის დასათვალიერებლად წავიდა. მთელი 4 საათი ჰქონდათ თავისუფალი და უქმად რატომ უნდა მსხდარიყვნენ?!

თეონამ ხელმძღვანელებს სთხოვათ:
- მატარებელში დავრჩები, სამი ღამეა არ მძინებია, იქნებ ცოტა ხნით დავიძინოო.

ემზარმა უარი უთხრა, მაგრამ ირაკლის შეებრალა უძილობისგან თვალებდაწითლებული გოგონა და მატარებელში დატოვა.

ასე გემრიელად თეონას სახლშიც არ სძინებია. სამი საათის განმავლობაში გვერდიც არ შეუცვლია. რომ გაიღვიძა, გადაწყვიტა, ამ ერთ საათში სადგურის ტერიტორიას მაინც დავათვალიერებო მაგრამ კართან რომ მივიდა, შეშინებულმა დაიხია უკან, - ვაგონი 3 მ სიმაღლეზე იყო აწეული და ისე უცვლიდნენ ბორბლებს.

როცა ვაგონი მიწაზე დაუშვეს, მატარებლის გასვლამდე ათიოდე წუთიღა იყო დარჩენილი, ჯგუფიც დაბრუნებულიყო და ამიტომ მატარებლიდან ჩასვლას აზრი არ ჰქონდა.

კიდევ ერთი თეთრად გატარებული ღამე და... მატარებელი ბერლინში გაჩერდა.

სასტუმრო ”ბეროლინაში” ორადგილიანი ნომრები დახვდათ და... თეონა აქაც 21-ე აღმოჩნდა. მაგრამ სასტუმროს ადმინისტრატორმა ერთი ორადგილიანი ნომრის  ნაცვლად  ორი თითოადგილიანი ნომერი გამოუყო ჯგუფს და თეონაც ამ ერთადგილიან ნომერში შეასახლეს.

საღამოს, ვახშმის შემდეგ, როცა ჯგუფმა დისკოთეკაზე წასვლა გადაწყვიტა, თეონამ ისევ სთხოვა ხელმძღვანელებს ნომერში ადრე ასვლისა და დაძინების ნებართვა.

სიცოცხლით სავსე გოგონა ნავთგამოლეული ჭრაქივით ბჟუტავდა...

- წადი, თეონა, დაიძინე... ცოდო ხარ!... - უთხრა ირაკლიმ, - ხვალ ცხრის ნახევარზე ვესტიბიულში იყავი, მაგ დროს გავდივართ...

ლოგინში ჩაწოლა და დაძინება ერთი იყო.

დილით 6.30-ზე გაეღვიძა, წამოხტა, შხაპი მიიღო, თმა ლამაზად დაივარცხნა და ვადაზე ადრე, რვა საათისთვის ვესტიბიულში ჩავიდა. იფიქრა, ”ვინმე ხომ მაინც ჩამოვა ცოტა ადრე და მას დაველაპარაკებიო”...

დრო გადიოდა... საათის ისრები უკვე 8.40-ს უჩვენებდნენ...
გახდა 9.00... 9.30... 10.00...
ვესტიბიულში არავინ გამოჩენილა.

თეონამ გერმანული არ იცოდა, ამიტომ ინგლისურად იკითხა, ”თბილისიდან ჩამოსული ჯგუფი რომელ საათზე გადისო?”
- თქვენი ჯგუფი 7.30-ზე გავიდა სასტუმროდან. 23.00-მდე არ დაბრუნდებიან, სხვა ქალაქში არიან წასულებიო, - უპასუხა ადმინისტრატორმა.

გაოგნდა თეონა... მთელი დღით დარჩა მარტო სრულიად უცხო ქალაქში?!...არც ენა იცის, არც გზა... რა ქნას?

ცოტა ხნით ნომერში აბრუნდა, ტელევიზორი ჩართო... ვერაფერი გაუგო გერმანულენოვან გადაცემას!...

უეცრად - გაბრაზდა! გაბრაზდა სხვებზეც და საკუთარ თავზეც!...
”ასე როგორ დავავიწყდი ყველას? რატომ არავინ მომიკითხა, რატომ არავის გავახსენდი?!... იქნებ რა მჭირდა, ჯგუფის გასვლამდე რომ არ ჩავედი?!... მაგრამ მე ხომ ცხრის ნახევარი ვიცოდი?! რატომ? რატომ მომატყუა ირაკლიმ?!... ”
უამრავი კითხვა გაუჩნდა, პასუხის გამცემი კი არავინ იყო!

ფეხზე წამოხტა, გერმანული მარკები შარვლის ჯიბეში ჩაიწყო და სასტუმროდან გავიდა.

”მოდი, ვივლი მხოლოდ ერთი მიმართულებით. თუ მაღაზიაში შევალ, გამოსვლის შემდეგ იმავე მიმართულებით განვაგრძობ გზას, რომ არ დავიკარგო!...” - ფიქრობდა თეონა და ქუჩას მიუყვებოდა.
იმ გზაზე უამრავი ლამაზი მაღაზია ენაცვლებოდა ერთმანეთს. თეონა მიმართულებას არ იცვლიდა, მაგრამ... ერთ-ერთი მაღაზიიდან გამოსულს აღარაფერი ეცნო, სულ სხვა ქუჩაზე ამოჰყო თავი.

მაღაზიაში შებრუნდა, კარგა ხანს იარა ”ნაცნობ” დახლებს შორის, გამოვიდა მაღაზიიდან და ახლა სხვა უცნობ ქუჩაზე აღმოჩნდა.
დაიბნა. ისევ შებრუნდა იმ უზარმაზარ მაღაზიაში და ნახა, რომ მაღაზიას რამდენიმე გასასვლელი ჰქონია. ყველა გასასვლელიდან გავიდა, მაგრამ ვერასოდეს მოხვდა ნაცნობ ქუჩაზე... და მიხვდა თეონა, რომ სხვა დიდ მაღაზიებსაც ექნებოდა ასეთი რამდენიმე გასასვლელი და მან ამას ყურადღება არ მიაქცია!

დაიკარგა!!!
დაიკარგა ამ უზარმაზარ ქალაქში!!!
არც არავინ ეგულებოდა ახლო-მახლო, რომ შემთხვევით მაინც მოეკრა თვალი ნაცნობი სახისთვის...

დაღონებული გამოვიდა გარეთ.
პირველივე შემხვედრი გააჩერა და, რადგან გერმანული არ იცოდა, ინგლისურად იკითხა სასტუმროს გზა. იმ პიროვნებამ მხრები აიჩეჩა, რაღაც უპასუხა გერმანულად და გზა განაგრძო.

მისკენ მომავალი დედა-შვილი დაინახა და თეონამ ახლა რუსულად იკითხა სასტუმრო ”ბეროლინას” გზა. ახალგაზრდა ქალმა ზიზღით სავსე თვალებით, ამრეზით შეხედა თეონას და უხმოდ გასცილდა.

დგას თეონა ბერლინის რომელიღაც ქუჩაზე და არ იცის, რა მოიმოქმედოს!
უეცრად სიმპათიური, შუა ხნის მამაკაცი შენიშნა, ჩქარი ნაბიჯით მიუახლოვდა და... ქართულად ჰკითხა:
- ძალიან დიდი ბოდიში, სასტუმრო ”ბეროლინას” ხომ ვერ მიმასწავლით?

მამაკაცმა გაოცებით შეხედა, შემდეგ კი კითხვა გადაამოწმა:
- Hotel "Berolina"?(სასტუმრო ”ბეროლინა”?)!
თეონამ ღიმილით დაუქნია თავი და, ყოველი შემთხვევისთვის, თქვა ის ერთადერთი წინადადება, რომელიც გზაში ერთ-ერთმა სტუდენტმა, ზურამ ასწავლა:
- Ich spreche deutsch nicht (მე არ ვლაპარაკობ გერმანულად)!
მამაკაცმა გაუღიმა და ჟესტებითა და მიმიკებით აუხსნა გზა სასტუმროსაკენ.
- ძალიან დიდი მადლობა! Danke!
თეონა თითქმის სირბილით წავიდა მინიშნებული მიმართულებით.

მალე ნაცნობ ქუჩაზე ამოჰყო თავი და შორიდან დაინახა კიდეც სასტუმრო ”ბეროლინა”.

ჯერ მხოლოდ ორის ნახევარი იყო!
შეძენილი ნივთები ნომერში დატოვა და ისევ ქალაქში გავიდა.
მთელი დღის განმავლობაში დადიოდა თეონა ბერლინის ქუჩებში და... ყველგან მხოლოდ  და  მხოლოდ  ქართულად  ლაპარაკობდა.
ერთ-ერთ დიდ უნივერმაღში გამყიდველმა მოკრძალებით ჰკითხა:
- Do you speak English? (ლაპარაკობთ ინგლისურად?)
- Yes, I do. (დიახ)
(დანარჩენ საუბარს ქართულად ჩავწერ!)
- საიდან ხართ?
- ჯორჯიიდან...
- კი, მაგრამ ჯორჯიის შტატში ამ უცნაურ ენაზე საუბრობენ?
- მე ამერიკის ჯორჯიიდან არ ვარ. ამ ჯორჯიას ჩვენს ენაზე საქართველო ჰქვია. ის კავკასიაში მდებარეობს.
- ძალიან უცნაური, მძიმე ენა ჩანს, არა? ალბათ ძალიან ძნელია ამ ბგერების გამოთქმა. აბა წარმოთქვით თქვენი უცნაური ბგერები?!
- წ... ჭ... ყ...ძ... გავაგრძელო?

დიდხანს წვალობდა ის გამყიდველი ქალი ამ ბგერების წარმოთქმას, მაგრამ...
- არ შემიძლია! როგორ ახერხებთ?!... ვერასოდეს ვიტყვი!...
თეონამ პასუხად მხოლოდ გაუღიმა, დაემშვიდობა და წამოვიდა.

დიდხანს დადიოდა ბერლინის ქუჩებში. სასტუმროსთან ახლოს ღია კაფეში შევიდა, უგემრიელესი ნაყინი მიირთვა...

საღამოს 9 საათი იქნებოდა, თეონა რომ სასტუმროს ნომერში ავიდა. 11 საათისთვის ისევ ვესტიბიულში დაბრუნდა. იქვე, სასტუმროს ბარში შევიდა და უალკოჰოლო კოქტეილი შეუკვეთა.

პირველის ნახევარი ხდებოდა, ჯგუფი რომ სასტუმროში დაბრუნდა. ვესტიბიულში შემოსული სტუდენტები სავარძლებში განთავსდნენ, ემზარი კი ადმინისტრატორთან შევიდა.

თეონა ბარის მაღალ სკამზე იჯდა და იქიდან ადევნებდა თვალს თავისი ჯგუფის წევრებს. ”ნეტა რას იტყვიან, აქ რომ დამინახავენ? ალბათ ყველა სათითაოდ მომიხდის ბოდიშს!...”

ადმინისტრატორის ოთახიდან გამოსულმა ემზარმა ბარში მჯდომ თეონას მოჰკრა თვალი, სწრაფი ნაბიჯით მიიჭრა მასთან და მკაცრი ხმით  უთხრა:
- მე რა გითხარით, ვესტიბიულში დამელოდეთ-მეთქი? არ გეყოთ კოქტეილების წრუპვა?...
- ბატონო ბატონო? რომელ კოქტეილებზე მელაპარაკებით ბ-ნო ემზარ?... ან სად ვიყავი მე?... როცა ბერლინში მტოვებდით მარტოს და 30-დან არცერთს არ გაგახსენდით, მაშინ არ ფიქრობდით, ”კოქტეილი არ დალიოს ჩვენს გარეშეო”? - ბოდიშის ნაცვლად საყვედურმა გააღიზიანა თეონა.

ემზარი გაშრა. ხედავდა თეონა, რომ ემზარი გონების თვალით იქ, პოცდამში ეძებდა  მას და ვერ პოულობდა. ემზარმა ფერი დაკარგა.
- იქ... არ იყავი!... სად იყავი? - გამშრალი ტუჩებით იკითხა.
- იქ... არ ვიყავი! და ვიყავი იქ, სადაც დამტოვეთ, ბერლინში!!!
- და სულ სასტუმროს ნომერში იჯექი, ხომ? - მუდარა გაისმა ემზარის ხმაში.
- არა, ბ-ნო ემზარ! ბერლინი ფეხით მოვიარე! ახლა ბერლინს ისევე ვიცნობ, როგორც თბილისს! - უპასუხა თეონამ, ბარის სკამიდან ჩამოხტა და პირდაპირ ლიფტისკენ წავიდა.

ემზარი, თითქოს იატაკს შეეზარდაო, ადგილიდან ვერ იძროდა. შემდეგ, როგორც იქნა, აითრია ფეხი და ვესტიბიულში დაბრუნდა.
- ემზარ, რა მოხდა? მკვდრის ფერი გადევს, - მიიჭრა მასთან შეშინებული ირაკლი.
- ირაკლი, თეონა... თეონა გელოვანი აქ დაგვრჩენია! რამე რომ დამართოდა... ამ უცხო ქალაქში!... გესმის, რას ვართ გადარჩენილები? როგორ დაგვემართა ეს, ა, ირაკლი?!...
- ემზარ, მე ვარ დამნაშავე... მე ვუთხარი თეონას, რომ ჯგუფი ცხრის ნახევარზე გადიოდა... გუშინ, გახსოვს, ადრე წავიდა დასაძინებლად?! სასტუმროში დაბრუნებულებს კი ადმინისტრატორმა გვითხრა, პოცდამის მატარებელი 8.40 სთ-ზე გადის და ამიტომ სასტუმროდან თქვენ 7.30-ზე უნდა გახვიდეთო... ყველა გავაფრთხილეთ, თეონას გარდა... ცუდად არაფერი უთხრა, ჩვენი ბრალია, რომ არ გავაფრთხილეთ...
- ჰო, მეც ასე ვფიქრობ. ისე, ყოჩაღ, მთელი და უვნებელი დაგვხვდა... არც ძებნა მოგვიწია მისი!... აღარ გაუმახვილო ამაზე ყურადღება, ვითომ არაფერი მომხდარა, კარგი, ირაკლი?

თეონაზე ”შეფობა” ირაკლიმ აიღო. ასე უფრო ადვილი იყო: 15-15 სტუდენტი გაინაწილეს და მათ მეთვალყურეობდნენ. ირაკლის ჯგუფში მოხვდა ზურაც.

ბერლინიდან შვერინში ჩავიდნენ.
შვერინის ტურისტული კოტეჯები ნაკრძალში იდგა. კოტეჯების გარშემო ტერიტორია ძალიან მაღალი, ერთმანეთისგან 2-3 მ-ით დაცილებული ორმაგი ღობით იყო შემორაგვული. ღობის იქით თავისუფლად დადიოდნენ გარეული ცხოველები, ტურისტები კი - გალიაში დამწყვდეულებივით  ადევნებდნენ მათ თვალს.

შვერინის კოტეჯებს ეგზოტიკური კერძების მოყვარული მზარეული რაული ემსახურებოდა.
4 დღე ცხოვრობდნენ კოტეჯებში და ოთხივე დღეს ფრიად უცნაურ, უგემრიელეს ეგზოტიკურ კერძებს მიირთმევდნენ სტუდენტები.

ერთ-ერთი კერძი გამჭვირვალე ფიალებით მიართვათ რაულმა. ფიალებში ბულიონი ოქროსფრად ბზინავდა. თითოეულ ფიალაში იდო 4-4 ცალი აბსოლუტურად თეთრი, 1 სმ სიგანისა და 4-5 სმ დიამეტრის მქონე, მრგვალი ხორცის ნაჭერი.
სადილს ისეთი სურნელი ასდიოდა, არავის უკითხავს, რისგან იყო ის დამზადებული. მხოლოდ ერთმა გოგონამ, მაიკომ იკითხა სადილის წარმომავლობა.
- რაში გაინტერესებთ, რისგან არის დამზადებული? კატა არ არის და ვირთხა! ჭამეთ, ისიამოვნეთ...
- ნუ გეშინია, რაულ, ამათ მე არაფერს ვეტყვი, გერმანული კი - არ იციან!...
- ჯერ მითხარი, გემრიელია?
- ძალიან...
- გველის ხორცია... - სხვა ვერაფრის თქმა მოასწრო რაულმა, რადგან მაიკო წამოხტა და პირზე ხელებაფარებული გაიქცა ტუალეტისკენ.
ვერცერთი სტუდენტი ვერ მიხვდა, რა დაემართა მაიკოს ასე, ერთ წუთში. მხოლოდ სამი დღის შემდეგ გაუმხილა მაიკომ ჯგუფის ზოგიერთ წევრს, რა მიირთვეს შვერინში.

თეონამ და მაიკომ მალე გამონახეს საერთო ენა. ერთი სიტყვით, თეონამ გერმანიაში ორი მეგობარი შეიძინა, - მაიკო და ზურა.

შვერინის კოტეჯებიდან ქ. შვერინამდე 10-12 კმ იყო. კოტეჯებს მიკროავტობუსი ემსახურებოდა: დილიდან საღამომდე 4 რეისს აკეთებდა. სტუდენტები ხშირად სარგებლობდნენ მიკროავტობუსის მომსახურებით.

შვერინის ქუჩებში თეონა, მაიკო და ზურა ერთად დადიოდნენ და გაოცებულები შეჰყურებდნენ საოცრად მოვლილ სახლებსა და ეზოებს, რომელთაც სულ 0,5 მ სიმაღლის ღობე ერტყათ. ღობეც არ ითქმოდა, - ეს იყო დეკორატიული ჯაჭვები, ან ჩუქურთმიანი ფილები, რომლებიც მხოლოდ აფიქსირებდნენ ეზოთა სამანებს.

ერთ-ერთი ეზოს წინ შეჩერდნენ, - თვალი ვერ მოწყვიტეს ულამაზეს ეზოს, რომელიც, ალბათ, სამოთხის ბაღის ”კონკურენტად” შეგეძლოთ ჩაგეთვალათ. სახლის პირველი სართული თეთრი ხვიარა ვარდით იყო დაფარული, მეორე სართული კი - წითელი ვარდით. კარ-ფანჯრებს, ჩარჩოებად, შებრუნებულად ჰქონდა შემოვლებული ასეთივე ხვიარა ვარდები, ანუ წითელ ”კედელს” თეთრი ჩარჩო ამშვენებდა და თეთრს კი - წითელი. ეზოში უამრავი ფერის ვარდი ყვაოდა, მაგრამ სამივე გაოცებული შესცქეროდა ცისფერი ვარდის ბუჩქს.
- ცისფერი ვარდი? გავგიჟდები, ხელით რომ არ შევეხო!.. დაუჯერებელია! ცისფერი ვარდი?!... - ხმამაღლა ”გაიფიქრა” თეონამ და ღობის კარი შეაღო.

სადღაც ეზოს სიღრმეში ზარმა დაიწკრიალა. სახლიდან მაშინვე გამოვიდა სანდომიანი სახის, 40-45 წლის ქალი და ახალგაზრდებს გაუღიმა.
- Frau, Ich… Ich… - თქვა შეცბუნებულმა თეონამ და გაჩუმდა.
- მას თქვენი ვარდების ახლოდან ნახვა სურს. შეიძლება? - შეეშველა მაიკო გერმანულად.
ქალმა სამივე ვარდებთან მიიპატიჟა. შემდეგ სწრაფად შევიდა სახლში, მწვანე ნივთიერებით სავსე კოლბა და სეკატორი გამოიტანა და ღიმილით კითხათ:
- რომელი ვარდები გინდათ, რომ მოგიჭრათ?

მაიკომ და ზურამ მაშინვე იუარეს, თეონამ კი ცისფერი ვარდებისკენ გაიშვირა ხელი და მუდარით სავსე თვალებით მიაჩერდა ქალს.
ქალმა თავი დაუქნია, შემდეგ სამი ლამაზი კოკორი მოჭრა და იმ კოლბაში ჩაასო. კოლბა მუყაოს ლამაზ კოლოფში ჩააცურა და ლარნაკს დაამსგავსა.

ეს ”ლარნაკი” ქალაქიდან ქალაქში დაჰქონდა თეონას, ცისფერი ვარდებით ხელში მოიარა როსტოკი და ნოინბრანდერბურგი. ვარდები დაჭკნობას არც აპირებდნენ, - ულამაზესად იყვნენ გაშლილები და საოცარ სურნელს აფრქვევდნენ.

მე-16 დღე გათენდა.
ნოინბრანდერბურგიდან ჯგუფი კვლავ ბერლინში დაბრუნდა, რომ საღამოს თბილისისკენ გამომგზავრებულიყვნენ. 2-5 კაციან ჯგუფებად დაიშალნენ. საღამოს 6 საათზე დათქვეს შეკრება.

- ერთადერთი  მარკა დავიტოვე სამახსოვროდ. ფული აღარ მაქვს და სად უნდა წავიდე? მე აქ დავრჩები, შადრევანთან, - სიცილით  თქვა თეონამ და ბაღის სკამზე ჩამოჯდა.
- ფულის მეტი რა დამრჩა?! უკან ხომ არ წავიღებ? წამო, კაფეში გეპატიჟები... - ზურამ ძალით ააყენა თეონა და იქვე ახლოს ღია კაფეში წაიყვანა.

- თეონა, ვინმე გელოდება თბილისში?
- მელოდებიან, აბა რა?! დედა, მამა, დაიკო, ბებია...
- მაგათზე არ გეკითხები... მოდი, პირდაპირ გკითხავ: გიყვარს ვინმე?
- უამრავი ვინმე: დედა, მამა, დაიკო, ბებია, მეგობრები, ახლობლები...
- და შეყვარებული?...
- არა, ზურა, შეყვარებული არ მყავს! ჯერ ძალიან პატარა ვარ, ახლახანს გავხდი 18 წლის... რატომ მეკითხები?
- ისე, უბრალოდ!... ძალიან შეგეჩვიე... ძალიან... და ვიფიქრე, თუ არავინ უყვარს-მეთქი... მე... მე...
- ზური, მოდი, ნუ გააფუჭებ ლამაზად დაწყებულ მეგობრობას?! ძალიან კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ... შენ არ ხარ ის, ვისთან შეხვედრასაც ელოდება ჩემი გული!... ჩემი გული დუმს, გამიგე? შენ რომ იყო ის ერთადერთი, ჩემი გული მთელი ხმით იყვირებდა... იყვირებდა ისე ხმამაღლა, რომ მხოლოდ მე კი არა, შეიძლება სხვებსაც გაეგო მისი ყვირილი!... ახლა კი - დუმს!.. მაპატიე, კარგი? დავრჩეთ მეგობრებად! ასე სჯობია, დამიჯერე...
ზურამ ვეღარაფერი უპასუხა, მხოლოდ დროდადრო ცდილობდა ყელში გაჩრილი ბურთის გადაყლაპვას...

18.00  საათზე ალექსანდერპლატცზე შეიკრიბნენ.
19.00 - ზე უკვე სადგურის ბაქანზე იყვნენ.
მატარებელი 21.00 სთ-ზე ჩამოდგებოდა და 21.30-ზე გავიდოდა მოსკოვის მიმართულებით.

ჯგუფის უმრავლესობა სადგურის კაფეში შევიდა, დროის მოსაკლავად. თეონას ფული აღარ ჰქონდა და ამიტომ კაფეში წასვლა არც უფიქრია, თავისი ჩემოდანი ბაქანზე დადგა და ზედ ჩამოჯდა. თან რაღაც ჟურნალს ათვალიერებდა.

თხუთმეტიოდე წუთში მათი ბაქანის მეორე მხრიდან ჩამოდგა მატარებელი, რომელსაც ეწერა: ვარშავა-ბერლინი-პარიზი.

დაახლოებით 20.00 სთ-ზე თეონამ შენიშნა, რომ მატარებლიდან ვიღაც ახალგაზრდა ვაჟი თვალმოუცილებლად უყურებდა მას.
მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა და თეონას კინაღამ გული ამოუვარდა საგულედან...

ვაჟმა ფანჯრიდან კარისკენ გადმოინაცვლა.
თეონამ მეორედ რომ შეხედა, ვაჟმა ხელი დაუქნია და მისკენ წამოვიდა.
სიმპატიური ვაჟი იყო, მაღალი, თხელი... საოცრად ლამაზი თაფლისფერი თვალებით.
თეონამ ირგვლივ მიმოიხედა დასარწმუნებლად, მართლა მას ეკუთვნოდა თუ არა ამ ვაჟის ყურადღება!...

ვაჟი თეონას მიუახლოვდა და რაღაც უთხრა ფრანგულად. თეონამ ხელები გაასავსავა...
ვაჟმა გერმანულად მიმართა თეონას, მაგრამ ისევ უარი მიიღო...
ვაჟი ინგლისურზე გადავიდა. თეონამ თავისუფლად უპასუხა.  ერთხელ, ერთ სიტყვაზე ”გაიჭედა”, რაც ვაჟს არ გამოპარვია და მაშინვე ჰკითხა:
- რა ენა იცი კარგად?
- რუსული...
ვაჟი ახლა რუსულად ალაპარაკდა.
- Откуда Вы?    (საიდან ხართ?)
- Я из Грузии!    (საქართველოდან ვარ)
- О, САКАРТВЕЛО! Люблю я Вашу страну!...  (ო, საქართველო! მიყვარს თქვენი ქვეყანა)...
(წერას ქართულად გავაგრძელებ!)
- მე ჟერარი მქვია, ჟერარ დიუბუა... შენ რა გქვია?
- თეონა გელოვანი...
- რამდენი წლის ხარ? სწავლობ თუ მუშაობ?
- 18-ის შევსრულდი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობ, მე-3 კურსზე...
- მე 27-ის ვარ... ინჟინერი ვარ სპეციალობით. მამაჩემთან ვმუშაობ ასფალტის ქარხანაში... ის  დირექტორია, მე - მთავარი ინჟინერი. მაგრამ არ ვფიქრობ იქ დარჩენას. სულ სხვა ოცნება მაქვს.
- მაინც?
- არა, ჯერ ვერ გეტყვი... ოდესმე, თუ ჩემს მიზანს მივაღწიე, ერთად ვიზეიმოთ ეს გამარჯვება.
- ერთად? როგორ?!...
- იცი, მთელი საათია გიყურებ. რასაც გეტყვი, არ გაგიკვირდეს, კარგი? 28 წლის ვხდები და ჯერ არავინ მყვარებია. მე ნამდვილ სიყვარულზე გეუბნები... ჯერ არავისთვის მითქვამს, ”ცოლად გამომყევი”-მეთქი... ჩემს გონებაში სულ ცოცხლობდა ერთი გოგონა, ცისფერთვალა, ნაწნავებიანი... და არაფრანგი!... არასოდეს მენახა და მაინც მიყვარდა... მის ფონზე ყველა სხვა გოგონას სახე იჩრდილებოდა. მოკლედ, საკუთარ ოცნებაზე ვიყავი შეყვარებული!!! მშობლები ძალიან განიცდიდენ ჩემს ამ უცნაურ თუ უაზრო სიყვარულს. მე კი არასოდეს ვკარგავდი იმედს, რომ მას აუცილებლად შევხვდებოდი...
- საინტერესოა...
- საინტერესო კი არა, სასწაულია ის, რაც დღეს მოხდა. დილით ვარშავიდან ლიონში უნდა გავფრენილიყავი. არ ვიცი, რატომ გადავიფიქრე თვითმფრინავით წასვლა და რატომ ავიღე მატარებლის ბილეთი... ჩვენი მატარებელი ბაქანზე ჩამოდგა თუ არა, მაშინვე შეგნიშნე და გული ლამის ბუდიდან ამომვარდა: ჩემი ოცნება, მხოლოდ უკვე ხორცშესხმული, ჩემივე ვაგონის წინ, ჩემოდანზე იჯდა. იჯდა ისე წყნარად და მშვიდად, თითქოს არაფერი ხდებოდა!
- და რა ხდებოდა? - გაეცინა თეონას.
- რა ხდებოდა? მე ჩემი ოცნების ქალი ვიპოვე! ვიპოვე ის, ვინც უნახავად მიყვარდა... ჩემი არაფრანგი, ცისფერთვალა, ნაწნავებიანი გოგონა! მე შენ ვეღარ დაგკარგავ!!!  შენ ახლა მიხვალ შენს ხელმძღვანელთან და ეტყვი, რომ თხოვდები... თუ პირდაპირ მე მივიდე?..
- მოიცადე, ჟერარ, ასე არ შეიძლება! შენ არ იცნობ ჩვენს კანონებს!... ასე ადვილად და თავისუფლად არ გამომიშვებენ!
-  შენ ოღონდ უარი არ მითხრა და 15 წუთში აქ იქნება თქვენი, საბჭოთა საელჩოც, გერმანიის საელჩოც და საფრანგეთისაც! მთავარია შენ არ მითხრა უარი!!!...
- და იმას არ მეკითხები, ვინმე მიყვარს თუ არა?
- გიყვარს? არ შეიძლება, რომ სხვა გიყვარდეს, იმიტომ, რომ...
- იმიტომ, რომ შენ დაუსწრებლად გიყვარდი?... ასე არ ხდება!
- ხდება! ხდება!!!  დედაჩემი გაგიჟდება, შენ რომ გნახავს, იმიტომ, რომ არც მას სჯეროდა ჩემი ”დაუსწრებელი” სიყვარულის! მაგრამ ახლა ხომ დაიჯერებს?! მე შენი სურათი მაქვს დახატული! ლიონში იმ ნახატს რომ გაჩვენებ, მაშინ მაინც ხომ მიხვდები, რომ არ გატყუებდი?!... დამიჯერე თეონა! გემუდარები, დამიჯერე!!!
- თვალებში შემომხედე, ჟერარ! - დაბნეული ხმით უთხრა თეონამ.
- აი, ჩემი თვალები, აი, ჩემი გული და აი, მე თვითონ! როგორც გინდა, ისე შემამოწმე! გინდა, წავიდეთ და ლიონში დავრეკოთ, დედაჩემთან?
- არა, არ მინდა!... არ ვიცი, რატომ, მაგრამ შენი მჯერა!... ჟერარ, მე არავინ გამომიშვებს!...
- თეონა, მიდი შენს ხელმძღვანელთან! გთხოვ, მიდი!... მეც აქვე ვიქნები...

თეონამ თვალებით მოძებნა ირაკლი და მისი მიმართულებით გაემართა, მაგრამ ვიდრე მიუახლოვდებოდა, ირაკლი სადღაც წავიდა. თეონა ემზართან მივიდა. ემზარი ”თავის” 15 სტუდენტთან ერთად იდგა და რაღაცას უყვებოდა.
- ბ-ნო ემზარ, ერთი წუთით, ცალკე მინდა დაგელაპარაკოთ...
ემზარი სტუდენტებს მოსცილდა და თეონას გაყვა რამდენიმე ნაბიჯი.
- ბრძანე, პრობლემურო ქალბატონო!
- რატომ ვარ, ბ-ნო ემზარ, პრობლემური? მე მგონი, არანაირი პრობლემა არ შემიქმნია თქვენთვის.
- არ შეგიქმნია, მაგრამ მცდელობა გქონდა, როცა ბერლინში დარჩი სრულიად მარტო...
- ”დავრჩი” თუ ”დამტოვეთ”? თუ მეხსიერება არ მღალატობს, თქვენ დამტოვეთ, არა?
- შენ რომ თბილისიდან ბერლინამდე მატარებელში ოთხდღიანი ღამისთევა არ მოგეწყო და ადამიანურად დაგეძინა, ბერლინში შენ რომ დისკოთეკაზე ჩვენთან ერთად წამოსულიყავი და დასაძინებლად ადრე არ გაქცეულიყავი, გეცოდინებოდა, რომ ჩვენ კი არ გავდიოდით სასტუმროდან ცხრის ნახევარზე, არამედ მაგ დროს მატარებელი გადიოდა პოცდამის მიმართულებით... ღმერთმა იცის, რა შეიძლება მომხდარიყო იმ დღეს!... რა პასუხი უნდა გამეცა ან ჩემი უფროსებისთვის, ან შენი მშობლებისთვის?... 30 სტუდენტი წამოვიყვანე და 29 რატომ დავაბრუნე თბილისში-მეთქი?... საციხოდ მიხდიდი საქმეს!... აბა, ახლა რა საქმე გაქვს?

დაიბნა თეონა... აღარ იცოდა, როგორ დაეწყო ლაპარაკი ამ თემაზე!... მას ხომ ზუსტად ეს უნდა ეთქვა, ”საფრანგეთში წასვლაზე თანხმობა მომეცითო?!”

თეონამ უკან მიიხედა და ჟერარს თავი გაუქნია. ჟერარი მაშინვე მათკენ გამოემართა. თეონას თავის გაქნევა შეუმჩნეველი არ დარჩენია ემზარს. ის ვაჟიც დაინახა. 
- თეონა, ვინ არის ის სიმპატიური ახალგაზრდა, აქეთ რომ მოემართება?
- ეს ჟერარია... ფრანგია... მას უნდა რომ... - თეონა გაჩუმდა და თავი დაღუნა.
- ჰო, დაასრულე, რა უნდა ამ ფრანგ ჟერარს?...
- მას უნდა რომ ცოლად გავყვე და აქედანვე წავიდეთ საფრანგეთში...
- რაა?! - ისეთი ხმით ამოიხრიალა ემზარმა და ისეთი თვალებით შეხედა, რომ თეონას შიშით გული გაეყინა, - როდის მოასწარი, გოგო, ან მისი გაცნობა, ან შეყვარება, ან ცოლობას როდის შეპირდი?!... ნეტა თბილისამდე ჩაგიყვანდე ასე მთელსა და უვნებელს და შენს პატრონს ჩაგაბარებდე, მეტი არაფერი მინდა!!!

ამასობაში ჟერარიც მიუახლოვდათ და რუსულად მიესალმა ემზარს:
- გამარჯობათ!
- გამარჯობათ, ახალგაზრდავ! გისმენთ...
- იცით, მე თეონას წაყვანა მინდა საფრანგეთში. მე ის მიყვარს და მის ცოლად შერთვას ვაპირებ...
- დიდი ხანია, გიყვართ? ან როდის გაიცანით?
- გავიცანი ერთი საათის წინ... მაგრამ თეონა მიყვარს უკვე 7 წელია, ან მეტიც!...
- თქვენ, რა დამცინით? ახალგაზრდავ, თქვენ თავად თუ გჯერათ, რასაც ამბობთ?!... გინდათ ამ გოგოს სიჩერჩეტით ისარგებლოთ და მერე მიატოვოთ?...
- როგორ გეკადრებათ ასეთი ლაპარაკი? რატომ გვაყენებთ შეურაცხყოფას ან მე, ან თეონას?... 15 წუთში სამივე საელჩოს წარმომადგენელი აქ იქნება, ამას მე ვიღებ ჩემს თავზე!...გნებავთ, მღვდელსაც მოვიყვანთ, რომ აქვე, თქვენს წინაშე დავიწეროთ ჯვარი და შემდეგ წავიყვან ლიონში?!...
- არა, თქვენ სრულ ჭკუაზე არ ხართ!... რა საელჩო? რომელი მღვდელი?!...
- მე მიყვარს თეონა! შეგიძლიათ გამიგოთ?
- კი ბატონო, შემიძლია გაგიგოთ, მაგრამ... თქვენც ხომ უნდა გამიგოთ?  მისი მშობლების თანხმობის გარეშე თეონას ვერ გამოვუშვებ. თბილისში რომ ჩავიყვან, მერე გამოუგზავნეთ ვიზა და იქიდან წაიყვანეთ!... თქვენც წყნარად იქნებით და მეც... და დავამთავროთ ამ თემაზე საუბარი!!!
ემზარმა თეონას შეხედა და ძალადგაღიმებული სახით, ქართულად უთხრა, ისე რომ ჟერარი მისი მიმიკით ვერაფერს მიმხვდარიყო:
- არ გაბედო შენი სახლის მისამართის მიცემა, თორემ შენს ოჯახს ციხე არ ასცდება! არ გეხუმრები!!!
შემდეგ ჟერარს მიუბრუნდა და რუსულად უთხრა:
- ჩვენი, საბჭოთა წესების მიხედვით, საზღვარგარეთიდან წერილები ჯერ ჩვენთან მოდის და შემდეგ გადაეგზავნება ადრესატს...ასე რომ, თქვენ ჩემთან გამოაგზავნეთ წერილები, მე კი მათ თეონას გადავცემ. მის პასუხებსაც მე თავად გადმოგიგზავნით-ხოლმე... ასე სჯობია თქვენთვისაც და ჩვენთვისაც....
ემზარმა ჯგუფს გახედა და გაძახა:
- ბავშვებო,  ავიდეთ ვაგონში, მატარებელი ხუთი წუთის წინ ჩამოდგა...

ამასობაში ირაკლიც დაბრუნდა  და სტუდენტები ვაგონში ავიდნენ.
- ირაკლი, დანარჩენებს მე მივხედავ, შენ კი თეონას არ მოაცილო თვალი, გთხოვ! მერე აგიხსნი ყველაფერს!... - უთხრა ემზარმა და სტუდენტების კუპეებში განაწილებას შეუდგა.

თეონა ბაქანზე იდგა. ჟერარს მისი ხელი ეჭირა და რაღაცას უმტკიცებდა, თეონა კი უარის ნიშნად აქნევდა თავს.
ირაკლი ვერაფერს მიხვდა, რა ხდებოდა, ან ეს ვაჟი ვინ იყო?... ან ემზარმა რა უთხრა ამით?... კაი, ბატონო, არ მოაცილებს თვალს თეონას, მაგრამ რატომ?...
თეონას კიდევ ერთი პიროვნება არ აცილებდა თვალს, - ზურა ჯერ შორი-ახლოს იდგა, შემდეგ ვაგონში შევარდა და ემზართან მიიჭრა:
- ბ-ნო ემზარ, ძალიან გთხოვთ, თქვენს კუპეში მე შემოვალ, რა?!... თეონას მეც მივხედავ... ჩემთან ახლოს არის... ძალიან გთხოვთ!...
ემზარი მაშინვე დათანხმდა, რადგან ზურა მართლაც ყველაზე ახლოს იყო თეონასთან...  და თეონას სხვა კუპეში გაშვება - სრულიად გამორიცხული იყო.
”ის ჟერარია თუ ვიღაცა, ყველაფერზე წამსვლელი ჩანს! მატარებელს არ გამოყვეს და შუა გზიდან არ გააპაროს თეონა! კაცო, რა ხათაბალაში მხვევს ეს გოგო!... მაგაზე თვალის მოცილება როგორ შეიძლება?! კარგია, ზურაც თუ ჩვენთან იქნება, თორემ, 4 დღე და ღამე ყარაულად ხომ ვერ დავუდგები?!...”

მატარებლის გასვლამდე 5 წუთი რჩებოდა.
ჟერარი მოულოდნელად მოეხვია თეონას და გულში ჩაიკრა, კოცნა კი - ვერ გაუბედა, რადგან თეონამ სწრაფად გააშვებინა ხელი და უკან გადადგა ნაბიჯი.
- მშვიდობით, ჟერარ! არ ვიცი, შევხვდებით თუ არა ერთმანეთს, მაგრამ ეს დღე - 1977 წლის 6 აგვისტო - არასოდეს დამავიწყდება!.. და არც შენ დამავიწყდები არასოდეს!... მშვიდობით!!!...
- თეონა, შენ არ დამტოვებ ასე!... ძლივს გიპოვე და... რისთვის, რატომ უნდა დავცილდეთ?! ვის სჭირდება ეს?!...
თეონამ დაინახა, როგორ გაევსო ჟერარს ცრემლებით ლამაზი, თაფლისფერი თვალები, როგორ აუკანკალდა ტუჩები...  აღარაფერი უთხრა, სწრაფად მიუახლოვდა, ლოყაზე აკოცა და მაშინვე ვაგონში ავიდა.
- თეონა, დარჩი! თეონააააა!!!! - იყვირა ჟერარმა, მაგრამ მატარებელი დაიძრა...
ირაკლიმ მაგრად მოხვია მხრებზე ხელი თეონას და კარებიდან უკან გასწია.
- ბ-ნო ირაკლი, რატომ?... რატომ შევხვდით, ან რატომ-ღა დავცილდით ერთმანეთს?!... ვისთვის იყო საჭირო ეს?... - ცრემლიანი ცისფერი თვალები შეანათა თეონამ და კარისკენ გაიწია.
ირაკლიმ არაფერი უპასუხა, მხოლოდ მამა-შვილურად მოეხვია და შუბლზე აკოცა.
ხედავდა თეონა, როგორ მოსდევდა ვაგონს ჟერარი, ცდილობდა ვაგონის კიბეზე ასვლას, მაგრამ გამცილებელი არ აძლევდა ამის საშუალებას...
შემდეგ მატარებელმა სვლას უმატა, ჟერარმა - სირბილს...
- თეონააააააა!!!! - უკვე შორიდან ისმოდა ჟერარის ხმა...
ბოლოს ამ ხმამაც ვეღარ მოაღწია თეონამდე... მერე მხედველობიდანაც დაეკარგა...
თეონამ ირაკლის მკერდში ჩამალა სახე და მწარედ ატირდა.
კარგა ხანს იდგნენ ვაგონის ტამბურში. შემდეგ ირაკლიმ ცრემლიანი თვალები შეუმშრალა თეონას და დერეფნისკენ წაიყვანა.
ვაგონის დერეფანში ზურა იდგა, თეონას ცისფერი ვარდებით ხელში.
- თეონა, ვარდები ბაქანზე დაგრჩა და წამოგიღე...
- ვაიმე, ჩემოდანი?!... ისიც ბაქანზე დამრჩა!...
- არა, ჩემოდანიც ამოვიტანე... ჩვენს კუპეშია!... ნუ გეშინია, მე შენთან ვარ!... ყველაფერი კარგად იქნება!  აი, ნახავ!!!...
ირაკლიმ თეონა კუპეში შეუშვა, ზურას თვალით ანიშნა, ”შედი და გვერდიდან არ მოსცილდეო” და თავად სხვა სტუდენტების სანახავად წავიდა.

* * *
თბილისში დაბრუნების შემდეგ ყოველკვირა ურეკავდა თეონა ემზარს, ”ჟერარის წერილი ხომ არ მოსულაო?!” მაგრამ პასუხი ერთი და იმავე შინაარსის იყო-ხოლმე: ”არა, არაფერი მოუწერია!... იმ შენს ჟერარს აღარც კი ახსოვხარ!... რა გულუბრყვილო გოგო ხარ, როგორ უცებ დაუჯერე ყველაფერი?!...”
ასე გრძელდებოდა მარტის დასაწყისამდე.
სარვამარტოდ ალკკ ცკ-ში ღონისძიება იმართებოდა, რომელშიც თეონაც იღებდა მონაწილეობას.
”ბარემ აქ ვარ, მოდი ემზარს შევუვლი, ჟერარისგან  წერილის ამბავს ვიკითხავ...” - გაიფიქრა თეონამ და კიბეებს აუყვა.

თეონა რომ დაინახა, ემზარი ჯერ გაჩუმდა,ხმის ამოუღებლად შეჰყურებდა ხან მას, ხან თავისი მაგიდის უჯრას, თითქოს გადაწყვეტილებას იღებსო... შემდეგ სწრაფად გამოაღო უჯრა, წერილების უზარმაზარი შეკვრა ამოიღო და თეონას ფეხებში მიაყარა.
- ამ შენმა ჟერარმა ტვინი წაიღო!... შემჭამა თავის წერილებით! ”რატომ არ მწერს წერილებს, რატომ არ მპასუხობსო?!...” ერთი თვის წინ მე თავად მივწერე, ”გათხოვდა შენი თეონა და ამიტომ არ გპასუხობს-მეთქი!...” აი, თავის ბოლო წერილში გაბედნიერებას გილოცავს!... ერთი თვეა, აღარაფერი მოუწერია! ალბათ გადაუარა შენი ცოლობის სურვილმა!!!... არ გაბედო მისთვის წერილის მიწერა, გესმის გოგო?!......

ფერდაკარგული თეონა უხმოდ შებრუნდა და ოთახიდან ნელა გავიდა, ემზარის ოთახში კი ჟერარის 50-მდე წერილი დარჩა მიმოფანტული...

* * *
მას შემდეგ 30 წელი გავიდა...
თეონამ ლამაზი ქართული ოჯახი შექმნა. მოსიყვარულე ქმარი და ლამაზი და ნიჭიერი შვილები ჰყავს...
და აი, 30 წლის შემდეგ ტელეეკრანიდან შეახსენა თავი მოგონებებმა შორეული წარსულიდან!...
”შეხვედრა წარსულთან?”...
არა, ”დაგვიანებული შეხვედრა” ქვია იმას, რაც ახლა ხდება!!!
ჟ ე რ ა რ  დ ი უ ბ უ ა !...
მთელი საათი მიდიოდა გადაცემა ” Discovery ”-ზე.
მთელი საათი თვალმოუცილებლად უყურებდა თეონა ეკრანს. თავადაც ვერ დააფიქსირა, როდის აევსო თვალები ცრემლებით. მაგრამ ეს ცრემლები ღაწვებზე არ ჩამოგორებულან, იქვე მოიკალათეს ცისფერ თვალთა უპეებში...
”აი, თურმე რა ყოფილა ჟერარის ოცნება, - ავიაკონსტრუქტორობა სდომებია!... და მე მართლაც ვარ ამ გამარჯვების მოწმე!... ჩათვალე, რომ მეც შენთან ერთად ვზეიმობ შენს დიდ გამარჯვებას! გილოცავ, ჩემო კარგო!...”
კარის ხმამ თეონა ფიქრებიდან გამოიყვანა. ეს მის შვილები დაბრუნდნენ სკოლიდან.
- დედიკო, ხვალიდან არდადეგები გვეწყება! სულ ათოსანი ვარ, დეეეე!... - უმცროსი, გიო კისერზე ჩამოეკიდა თეონას.
უფროსმა, ნიკუშამ კი დედის თვალთა უპეში მიმალული ცრემლი შენიშნა და ალერსით ჰკითხა:
- დე, რა მოხდა?!...
- არაფერი!... მე თქვენ ძალიან, ძალიან მიყვარხართ!... წადით, ტანზე გამოიცვალეთ და ხელები დაიბანეთ, ვისადილოთ!...

6-7 ივნისი, 2007 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები