ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
1 ივნისი, 2008


თავი 24. ნათია და ვაჟა ("მაგდა")

ელენემ ვაჟას მისაღებში გაუშალა ლოგინი.
იმ ღამეს ყველას ეძინა, ვაჟას გარდა! ფიქრებში დაათენდა თავზე.

"ღმერთო, ნეტა არ ვცდებოდე არჩევანში?! მაინც, რატომ, რატომ მომეწონა ასე, ერთი დანახვით, ნათია? ტყუილად კი არ არის ნათქვამი, "სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენიო"... ალბათ ჩემი ბედი იყო, რომ ზუსტად მე გავიარე რუსთაველზე იმ მონაკვეთში, იმ დროს!... არა და, რამდენს მეხვეწნენ ბიჭები, "ჩვენთან წამოდიო". გული მეუბნებოდა, არ გავყოლოდი მათ. თან, როდის იყო, რუსთაველით დავდიოდი-ხოლმე? სულ სანაპიროთი არ დავდიოდი?... დღეს რაღაც ბუზმა მიკბინა და რუსთაველით წამოვედი... ჰმ, მილიციონერმა რომ გამაჩერა, ჩემთვის ვიფიქრე, "ყველაფერს ბედი არ უნდა? რაღა აქეთ წამოვედი-მეთქი"... მართლაც ყველაფერს უნდა ბედი!  ოი, რა მადლობელი ვარ ნათიას იმ მეგობრის?! კარგ დროს გახდა ცუდად! ალბათ გულმა თუ უგრძნო, რომ ვუახლოვდებოდი... ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობაა, მაგრამ, შევარცხვინე ისეთი ხუმრობა, ცოტა მართალიც თუ არ გამოერია!... ნათია, ნათია!... იცი, როგორ გამიხარდა, მერაბის და რომ აღმოჩნდი?... სადღაც, მაინც გული მეთანაღრებოდა, "გარეგნულად კი კარგი გოგოა, მაგრამ…გაგა არ დამიჩაგროს-მეთქი"... მე შენ ამას არასოდეს გეტყვი, რას ვფიქრობდი, ახლა კი ნამდვილად მშვიდად ვარ. ჩემი მერაბის დაიკო არ შეიძლება, ცუდი რომ იყოს!... ისე, გაჭრა, ხომ იცი, ჩემმა ტყუილმა, "დედა დაბრუნდა-მეთქი", გაგას რომ ვუთხარი... რას გაიხარებენ ჩვენები?! აუსრულდებათ დიდი ხნის ნატვრა!... მაპატიე, მანანა, მაგრამ, ძალიან ძნელია ბავშვის გაზრდა დედის გარეშე... და ისიც მაპატიე, თუ გაგას ნათია ეგონება თავისი დედა... დამიჯერე, ასე სჯობია!"

მეორე დილით ვაჟამ ტელეფონით შეატყობინა დედამისს ახალი ამბავი: "ცოლი მოვიყვანეო"!
- დედა, ჩემი ნათია ზუსტად ისეთია, როგორსაც ვეძებდი. გაგამ დედა იპოვა, მე კი – მეუღლე. არა, არა, ნუ გეშინია... მჯერა, რომ შენც ძალიან მოგეწონება...… 22 წლის... მოდებაძე... თქვენთან როდის მოვიყვან? თუნდაც, დღეს!... ძალიან კარგი, დღეს საღამოს 6-ზე მანდ ვიქნებით... ჰო, კარგი, ნუ ტირი! აბა, თქვენ იცით, როგორ დაგვხვდებით! - ვაჟამ ნათიას გაუღიმა და თვალი ჩაუკრა, - კი, დედა, აუცილებლად ვეტყვი... არა, არ დამავიწყდება... აბა, საღამომდე!
- რაო, ვაჟა? - თვალებში მიაჩერდა ნათია.
- რაო და ნათიას მშობლებიც დაპატიჟე ჩვენთან, ხომ უნდა გავიცნოთ ერთმანეთიო... ბატონო ვახტანგ, ქალბატონო ელენე, მერაბ, ლია, ძალიან გთხოვთ, საღამოს 6 საათზე ჩვენთან მობრძანდეთ. მერაბ, ჩვენი სახლი ხომ გახსოვს?
- ნუცუბიძეზე?
- ხო…მისამართს მაინც დაგიწერთ... - ვაჟამ ფურცელზე მისი მშობლების და თავისი სახლის მისამართები და ტელეფონის ნომრები დაწერა და მერაბს გაუწოდა, - ჩემი სახლი ჯერ არ გეცოდინება. აი, აქ ყველაფერი წერია... ხომ უნდა იცოდეთ, სად იცხოვრებს ამიერიდან ჩვენი ნათია? საღამოს კი – ჩემს მშობლებთან გელოდებით.

- დედიკოოოო! სად წახვედი, დეეე?! - მოისმა ნათიას ოთახიდან გაგას ტირილნარევი ხმა.
- აქ ვარ, გაგა, ნუ გეშინია!
- ალ მეშინია, ფისი მინდა!
- უიიი, არ ჩაიფსა, ბებო! მოდი ჩემთან! - ელენეც ფეხდაფეხ მიჰყვა ნათიას.
- ალ ჩავიფსამ... დედასთან მინდა!

ნათიამ ხელში აიყვანა ნამძინარევი გაგა, გულზე მიიხუტა და საპირფარეშოში გაიყვანა. შემდეგ პირი დაბანა, ტანზე ჩააცვა და წასასვლელად გაამზადა.

ვაჟამ ნათიას პატარა ჩემოდანი აიღო ხელში და ოთახიდან გავიდა.
ნათიამ ყველანი სათითაოდ გადაკოცნა, თითქოს საღამომდე კი არა, დიდი ხნით ემშვიდობებოდა მათ, გაგას ხელი დაავლო და ვაჟას გაჰყვა უკან.

ნათიას ოჯახის წევრები კი კიდევ დიდხანს იდგნენ გაუნძრევლად თავ-თავის ადგილებზე.

- ვითომ, კარგი ვქენით ახლა, ნათია რომ ასე გავათხოვეთ? ასე ერთ დღეში გაცნობილ ბიჭს როგორ გავატანეთ გოგო?!... რა, კოჭლი მყავდა თუ ბრუციანი?! ღმერთო, შენ უშველე ჩემს ნათიას!... შენ ნუ გაუჭირვებ ნურაფერს!... - ხმამაღლა ფიქრობდა ელენე.
- კარგი, ქალო, რაღა დროს ამაზე ფიქრია? არ იყო ნათიას გათხოვება ასე საჩქარო, მაგრამ შენ არ იცი ნათიას ხასიათი?ჯერ არავიზე წამოსცდენია 22 წლის გოგოს ან "მომწონსო", ან "მიყვარსო"... ალბათ ეს იყო ნათიას ბედი!... თუ არა და, ეს ჩვენ ვიცნობთ ვაჟას 1 დღეა, თორემ მერაბი 8 წელია, რაც ვაჟას იცნობს!... ასე არ არის, მერაბ?!
- არა, მამა, 8 კი არა, 12 წელია, რაც ვაჟას ვიცნობ!... უფრო მეტიც, კარგი მეგობრები ვართ... უფრო სწორად, - ვიყავით... ეს ბოლო 3 წელია აღარ მინახავს.
- კი, მაგრამ, თუ კარგია მეგობარია, ჩვენთან რატომ არასოდეს მოგიყვანია? - იკითხა ელენემ.
- რა ვიცი, რატომღაც სულ მასთან მივდიოდით-ხოლმე... ჩვენთან ერთხელ იყო სულ, თუ არ ვცდები... ისიც პირველ კურსზე... ჰო, პირველ კურსზე ვიყავით მაშინ!
- მე რომ არ მახსოვს? - არ ეშვებოდა ელენე.
- სახლში ჩემი და ნათიას გარდა არავინ იყო, თქვენ სამსახურში იყავით...
- აბა, ნათია კი სცნობებია...
- კარგი, რა დედა! 12 წლის წინ ნათია ცხვირმოუხოცავი ბავშვი იყო, 10 წლისა მხოლოდ. შეიძლება არც გამოსულა თავისი ოთახიდან... მაგრამ, თვითონ ვაჟა როგორ ვერ მიხვდა, ჩემს სახლში რომ მოდიოდა?
- მაშინ ამ ბინაში ცხოვრობდით? - ჩაერთო საუბარში ლია.
- ლია მართალია, ხომ იცი?! 12 წლის წინ ჩვენ სულ არ ვიყავით ამ ბინაში გადმოსულები. რაც აქ ვცხოვრობთ, ხომ 9 წელია მხოლოდ? ჰო, ესე იგი ვაჟა აქ პირველად იყო. აი, თურმე რატომ ჰქონდა ასეთი დაბნეული სახე, მე რომ დამინახა! ალბათ ყველას ნახვას მოელოდა აქ, ჩემს გარდა, - გაეცინა მერაბს.

- დედა, ვაჟას ოჯახში ხელცარიელები უნდა მივიდეთ? - იკითხა მცირე პაუზის შემდეგ ლიამ.
- უი, ამაზე სულ არ მიფიქრია! ვახტანგ, წადი, რა, კონიაკები და "ბამბანერკა" იყიდე?! გზად ბაზარში შევივლით ყვავილებისთვის... რა ჭკვიანი გოგო ხარ, ლიაკო!... მერაბ, როგორი ოჯახი აქვს ვაჟას?
- მიხვალ დღეს და ნახავ!.. როგორი ლაპარაკი იცი, ელენე?! - შუბლი შეიკრა ვახტანგმა.
- ჰო, რა ვთქვი, ახლა, ასეთი? აბა არ უნდა ვიცოდე, ვის გავატანე გოგო?...

* * *

ვაჟამ მანქანა თავისი სახლის წინ შეაჩერა და ნათიას გადმოსვლაში მიეხმარა.
გაგამ ხელი ჩაავლო ნათიას და სადარბაზოსკენ წაიყვანა.
- ცქალა, მამიკო, ცქალა!... - თან ვაჟას აჩქარებდა გაგა და თან ნათიას ექაჩებოდა.
ვაჟამ მანქანა ჩაკეტა და "დედა-შვილს" წამოეწია.

კარი რომ გააღო, ვაჟამ ჯერ გაგა შეუშვა წინ, შემდეგ ნათია ხელში აიტაცა და ისე შეიყვანა სახლში. ნათიამ წინააღმდეგობა არ გაუწია ვაჟას, პირიქით, კისერზე შემოხვია ხელები და თვალებში ჩააცქერდა.

- კეთილი იყოს, ნათია, შენი ფეხი ამ ოჯახში, - ვაჟა დივანზე ჩამოჯდა და ნათიაც, ძალაუნებურად, ვაჟას კალთაში აღმოჩნდა.
- კეთილი იყოს, ვაჟა... კეთილი და ბედნიერი, - ნათიამ ვაჟას გაუღიმა, შემდეგ კი, მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ, ლოყაზე აკოცა.
- ნათია!... - სახე აერია ვაჟას.
- არა, ვაჟა, ახლა არა! გაგა გვიყურებს! - ნათიამ ტუჩებზე ააფარა ხელი და ვაჟას მუხლებიდან წამოდგა.
- ჰო, მართალი ხარ! - ღრმად ამოიოხრა ვაჟამ და ისიც წამოდგა.
- დედიკო, წამოდი, ცემი ცუგა უნდა გაცვენო, - გაგამ ნათია თავისი ოთახისკენ წაიყვანა.
- აი, აქ გაცელდი, - გაგა ოთახში შევიდა და მალე იქიდან გამოვიდა პატარა სათამაშო ძაღლი, რომელიც ხან მოდიოდა ნათიასკენ, ხან კი იდგა და კუდის ქიცინითა და თავის აქეთ-იქით მოძრაობით იყეფებოდა.
- ვაი, გაგა, როგორ მეშინია შენი ძაღლის?! ხომ არ მიკბენს? - "შეეშინდა" ნათიას.
- ალა, დედიკო, ალ გიკბენს!... აი, ნახე?!... - და გაგამ ზურგსუკან დამალული სამართავი პულტი დაანახა ნათიას, - ნუ გესინია, ეს ცუგა ნამდვილი კი ალ ალის, ტყუილია!
- უჰ, ეს რა კარგი ცუგა გყოლია, გაგა?! თან დადის, თან ყეფს და არც იკბინება! - შეუქო ნათიამ სათამაშო, რითაც კიდევ ერთხელ მოინადირა გაგას გული.

გაგას ცუგას ნახვის შემდეგ ვაჟამ ნათიას ბინა დაათვალიერებინა, აუხსნა, სად რა ედგათ, სად რას ინახავდნენ...
- "დიდი სახლის პატარა დიასახლისი", - თქვა ნათიამ და ვაჟას გაუღიმა.
- ნათია, საჭმლის გაკეთება იცი?
- აბა რააა! მე დედაჩემმა ყველაფრის გაკეთება მასწავლა!
- ნამცხვრებსაც აცხობ?
- უგემრიელესს!
- არ გამაგიჟო! ხაჭაპურებსაც?
- თითებს ჩაიკვნეტ!
- ოდეალური გოგო ხარ! მე და გაგას საოცრად გვიყვარს ნამცხვრები... და ხაჭაპური ხომ, - საერთოდ!... ჰო, მართლა, წამოდი, რაღაც უნდა გიჩვენო!... - ვაჟამ ნათია საძინებლისკენ წაიყვანა, კარები მიხურა და მის ტუჩებს დაეწაფა!

ნათიამ თვალები მილულა...

- მამიკო, ცემი დედიკო სად წავიდა? - მოისმა სასადილო ოთახიდან გაგას შეშინებული ხმა და ატყდა კიდეც საძინებლის კარზე ბრახუნი.
- ოჰ, გაგა!... - ჩაიბუტბუტა ვაჟამ და კარი გააღო.

კართან ფერდაკარგული გაგა იდგა.
- გაგა, რა მოხდა? - ნათიამ ბავშვი სწრაფად აიყვანა ხელში.
გაგამ პატარა ხელები მოხვია კისერზე და ნათიას მიეხუტა.
- მე მეგონა, სენ ისევ წახვედი... სენ ხო აღალ დამტოვებ, ცემო დედიკო? - ჩუმად ამბობდა გაგა და თან თვალები ცრემლებით ევსებოდა.
- არა, გაგა, არა, ჩემო პატარა! მე შენთან ვიქნები, სულ შენთან ვიქნები, სულ-სულ-სულ! ნუ იტირებ, ხო, დედი?! - და ნათიამ პირველად წარმოთქვა ეს სიტყვა "დედი" საკუთარი თავის მისამართით.
წარმოთქვა და მთელი ძალით ჩაიკრა გულში ისედაც ტკიპასავით აწეპებული გაგა.

საღამო ახლოვდებოდა.
ახლოვდებოდა ახალი ოჯახს გაცნობის წუთები...

"როგორ შემხვდება ვაჟას ოჯახი?! როგორ მიმიღებენ ვაჟას მშობლები?!... როგორი იქნება ჩემი... არა, ჩვენი მომავალი ცხოვრება?" - ფიქრობდა ნათია და ახალი ოჯახის გასაცნობად ემზადებოდა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები