ნაწარმოებები



ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
24 ოქტომბერი, 2009


პალტო


თავისუფლება ჩემს ძველ პალტოს მაგონებს, -
მათბობს, როცა ვიკრავ,
ჩავიხსნი და მერცხალივით დამაფრენს ქუჩაში...
ზამთარში არ ვიშორებ,
არც ზაფხულში ვუტენი ჯიბეებში კაკლის ფოთლებს.
გიჟი თავისუფალიაო, - მესმის ზურგსუკან...
არავინ მისწორებს მზერას... 
შურთ...
(ან რცხვენიათ...)
შუშის თვალები აქვთ შურიანებს,
ცივ წყალში აწყობენ ღამ-ღამობით.

ვის გაქვთ ძველი პალტო?
წავიდეთ რიყეზე,
თბილისობა აღვნიშნოთ მტკვარზე გადაფრენით!..
იქნებ, ჰაერში მოცეკვავე კინტოებსაც მივბაძოთ?..
ეგონოთ მერე, 
რომ ღვინობისთვე დამთავრდა
და აპრილამდე არ ჩამოვლენ მერცხლები.     


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები