ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰა-რა-ლე
ჟანრი: პროზა
30 ოქტომბერი, 2009


ეეჰ, არ იცი ქალების ამბავი...(სრულად)

,,ზდაროვა" ვასია!
- ვასია, მამაშენია! გაგიმარჯოს...
- მამაჩემი -  ოთარია, გოიმ და მეორედ არ მიჰქარო.
  ისე, თუ გინდა, შენც მამა დაუძახე, არ ეწყინება. რას ჩალიჩობ?
- ბებიაშენისა!  მამა არა, ბიჭო ის... მამას, მამაჩემს არ ვეძახი.
- ჰოდა, მეც მანდა ვარ, ვინმეს - ,,მამა" ხომ უნდა უთხრა?
- ,,პაშოლ" რა...
- რა იყო?! რა ხასიათზე ხარ?! მაგ დამპალ ,,მაზოლზე" ხომ არ დაგადგა ვიმემ ფეხი?
- ეეე, მიდი რა! არაფერიც არ მჭირს...
- რა, არაფერი, შეჩემა? ზეთი ჩამოგდის ცხვირიდან და იღრინები უჯიშო ძაღლივით! ჰა, თქვი ახლა! ხო ვიცი, მერე შენით უნდა მოაღო პირი და სამი საათი მებაზრო. ახლა მითხარი და მოკლედ.
- არაფერი, რა!
- ჰა, ახლა! თქვი!
- ფული გაქვს?
- რამდენი?
- 150 მანეთი.
- შენ ხო არ აწვალებ? ამდენი რად გინდა?
- ეეე... გააქ, თუ არა?
- საიდან?
- ღმერთის ,,კრიშიდან".
- იქ შენთვისაც იქნება შეჩემა. მიდი და აიღე. ჩემი ,,დოლიაც" წამოიღე, თუ გინდა და ნახევარი შენი იყოს.
,,ხარაშო", მაყუთი ხო იშოვე, ახლაც  არ იტყვი, რად გინდა?  რაში გჭირდება ამხელა ფული ? თავანია, ბიჭო?
- თავანი არა... ჩემი თამაში სად გინახია?.. მოსკოვში უნდა წავიდე...
- მოსკოვში?.. ლენინი უნდა ნახო?
- ჰო...
- რა საკითხთან დაკავშირებით, ამხანაგო ,, სკუნზიკ"?
- რა საკითხთან და... ეს ამდენი წესიერი ხალხი რომ შეახოცე რევოლუციას, გრიგოლ მილორავას რატომ არ ამოუკალე თავი? მაგის ჩათლახი შვილიშვილი - ლაშა, დღეს ხომ ვეღარ მოუშლიდა  ხალხს ნერვებს მეთქი, უნდა ვუთხრა.
- ჩემზე მეტყველებთ, ამხანაგო? თან 150 მანეთი გნებავთ, არა? ერთი ეს მიბრძანეთ - ვალერიან აბაზაძეს, რომ ამოუკალეს თავი -  37-ში, რა ხეირი? იმიტომ არ დაეთრევა მისი მათხოვარი შვილიშვილი, დღეს, აღმა-დაღმა და პატიოსან მოსახლეობას 150 მანეთს სთხოვს?
- სთხოვს თორემ, აძლევენ რა, ბებია მაგათისამ...
- მართლა რა გინდა ბიჭო მოსკოვში? ნინო მოგენატრა, ,,სკუნზიკ"? აბა,  თვალებში შემომხედე! უი! ,,სკუნზიკას" ნი-ნი-კო მო-ნა-ტრე-ბი-ააა!!! მომი-კვდ-ეეს თაა-ვიი!!!
- წადი რა!!!
  დაბადების დღე აქვს 27-ში.
- მერე? 150 მანეთი რად გინდა? აჰა, შენ 10 კაპიკი, ,,ატკრიტკა" იყიდე, ტექსტს მე დაგიწერ, შენ მაინც წერა არ იცი. ჩააგდე  ფოსტის ყუთში, ერთი 5 დღით ადრე. მიუვა, წაიკითხავს, გაუხარდება. შენგან, სხვა სიკეთეს მაინც რას უნდა ელოდოს? 27-ში კი, მანეთიანს მოგცემ და  ტელეფონით მიულოცე.
-ეეე, ატრაკებ და გიხარია! ახლა მე მკითხე?.. ბიძაშენს ვერ გამოართმევ?
- სტავროპოლშია.
- ნიკას არ ექნება?
- მაგდენი? საიდან. ერთი-ორი თუმანი, კიდე ჰო...  ,,ვან გოგასაც" უნდა ჰქონდეს რაღაცა, ფრანგული ფუნჯები და საღებავები უნდა ვიყიდოო.
- ჰოო?
- ჰო.
- წამოხვალ?
- წამო.
  ლაშამ, ,,სკუნზიკას,"  ანუ გიოს, მხარზე გადახვია ხელი და ორი მეგობარი, მესამის -დათოს, ,,ვან გოგას" სახლისკენ მიმავალ აღმართს, ლაპარაკ-ლაპარაკით აუყვა.
- ბარემ ისიც მომითარგმნე, ეს 150 მანეთი რაში დაგეგმე და როგორ გაანაწილე? -  შეეკითხა გიოს, ლაშა.
- ლია დეიდამ, სტუდბილეთით ,, ტუდა-აბრატნის" 53 მანეთი უნდაო. აქედან ,,იკარუსი" აეროპორტამდე, იქ ტაქსი, ცენტრამდე, მერე უკან, ნუ ქალაქშიაც - ყველაფერი ვთქვათ - 22 მანეთი. 75 გამოვიდა?
- მერე?
- 20 მანეთად საჩუქარს ვუყიდი. ესეც 95. რესტორანი, გაჭიმე-გახეთქე, ჰა, ერთი-ორი გოგოც რომ წამოიყვანოს, 50 მანეთი.
5 მანეთიც ჯიბეში ხომ უნდა მედოს?
- ჰო.
- ჰო და 150-ა, რა. პირველ რეისს გავყვები, ბოლოთი ჩამოვალ. არ მეყოფა?
- კი, მარა სტუდბილეთი?... შენ საიდან? სტუდენტი როდის გახდი, ეს მითხარი?
- მე არა, შენ ხომ ხარ?
- მერე?
- შენი სტუდბილეთით და პასპორტით წავალ.
- ვა, მართლა? შენ ხომ არ გიქიქინებს? პასპორტში არ ჩაიხედავენ, შენი ჭკუით, ინდაურ?
- მერე რა, ვგავართ სურათებზე ერთმანეთს.
- ვინა ბიჭო? ორბელიანის აივანივით თავი გადევს,მაგ კისერზე, მე როგორ მგავხარ?
- ბებიაშენისა, შენ ხომ გაქვს კურკასავით პატარა, რა!.
- მეე, ბიჭო?!! შენთან შედარებით უთავო მხედარი ვარ, შე ჩემა!  წვიმაში ტან-ფეხიანად მშრალი ხარ ხოლმე, პლაჟის ,,ზონტიკივით" გაქვს ეგ შტერი თავი გაფოფრილი... არა, ჩემი პასპორტით ,,აპასნია", გაგაფართხალებენ... არ გამოვა.
- აბა რა ვქნა?
- რა და ... შენი პასპორტით უნდა წახვიდე... ,,ზნაჩიტ" - 200 მანეთი გვაქვს საშოვნელი. აქეთ-იქით 75,  25-ად რამეს უყიდი. 100 მანეთი კი იქ, კისრამდე გეყოფა. 2-3 დღეც დარჩი თუ გინდა.
-200 მანეთი სად ვიშოვო, მერე?
- დააღე ახლა პირი! 150 ხომ გიდევს ჯიბეში?! სადაც 150-ს, იქ 200-საც ვიშოვნით.
- ჰოო? ისე გაასწორებდა... ერთი-ორი დღე მართლა დავრჩებოდი ,, ტურასთან", ნაქირავებში.
- ,,ვაბშე" რამე მაყუთი გაქვს?
- 14 მანეთი...
- 14 ? - აბა, აგიწყვია ცხოვრება... 
,,ვან გოგასთანაც"" მოვედით.  ,,დავაი", დარეკე ზარი, რას უყურებ?



*****


- ლაშა? ,,სკუნზიკ"?  - გააღო კარი, ,,ვან გოგამ". - შემოდით, ტო. რა ჯორებივით დადექით?
- შემოდით ბიჭებო! როგორ ხართ? დედაშენი როგორ არის გიო? აწუხებს წნევა? - შინ შეიპატიჟა ბიჭები, სამზარეულოდან გამოსულმა ელისომ, დათოს დედამ.
  თქვენი ძმაკაცი ახლა აბრძანდა ლოგინიდან, ჯერ ჩაიც არ დაულევია. სამზარეულოში შედით და ერთად ისაუზმეთ. ყიყლიყო, ხომ გიყვართ? მაწონიც არის, ხაჭო, არაჟანი. კამეჩის სულგუნი გამოგვიგზავნეს ზუგდიდიდან, ერბო გაუდის, პირდაპირ.
- არ გვშია, ელისო დეიდა, მადლობა.
- ეეე, წამოდით რა! მარტო ხომ არ შევჭამ! - სამზარეულოსკენ უბიძგა ხელი დათომ მეგობრებს და ლამის ძალით დასხა სკამებზე. - დასალევად ჩალიჩობთ, თუ რას დამადექით ამ დილა უთენია?- ხმადაბლა, დედას რომ არ გაეგო ისე იკითხა მასპინძელმა.
- ნახევრად გამოიცანი.
- ნახევრად?
- ჰო. დალევისთვის რაა საჭირო?
- დასალევი.
- ეეე!.. დასალევი რომ დაითრიო, მაგისთვის რაა საჭირო?
- ვინმეს უნდა გამოართვა.
- ეე, დებილი ხარ, რა!
- ეს სულელი ხომ არ არის?! რა უნდა ,,სკუნზიკ", არ იტყვის?!
- მაგას არა, მე მინდა.
- რა?
- ფული.
- ვაა, სულ ესეთი ორგინალური როგორ უნდა იყო, ბიჭო? ისეთი რამე მოგინდება, გააკვირვებ კაცს.
- შენც ნუ გაიკვირვებ და ისე მომეცი.
- აბა, კბილები დაკრიჭე და ისე მთხოვე: დათო, ძალიან გთხოვ, მომეცი ფული, ძალიან მინდა...
- და მომცემ?
- არა, მეც კბილებდაკრეჭილი გიპასუხებ: ბებიაშენის არ გინდა?
  კბილებდაკრეჭილი მეგობრის  დანახვაზე ბიჭებს გაეცინათ. ყველაზე მეტად, საკუთარი ,,ანგლობა"  ,,ვან გოგას"მოეწონა.
- წამოდით, მაგარი რამე მოგასმენინოთ. სანტანა! ქარავანი! ეე! სოფელი! აზრზე მოდით,  ,,ფირმა დისკია", გოიმური ..ზაპისი" არ გეგონოთ.
- ეე, საიდან ბიჭო?! - ალალად გაუხარდათ და გაუკვირდათ მოსულებს.
- სტიოპასგან ვიყიდე... 70 მანეთიო, მაგ ჩემისამ, ძლივს ექვს თუმნად მოვაცემინე.
- ფული საიდან გქონდა? - გულმა ცუდი უგრძნო გიოს.
- ფუნჯები უნდა მეყიდა რა, მამაჩემმა მომცა.
- ფუუჰ, შენი! მერე, მაგ ფულით იყიდე? გაგიჟდი?!
- რამ გამოგასირა, ბიჭო?!
- ეე? თქვენ თავი ხო არაფერს მიარტყით? რა თქვენი საქმეა, მე რას ვიყიდი?! გიჟები არიან მამაძალი?!!
- მოკლედ, დააბრუნებ და ფულს გამოართმევ!. - კატეგორიულად მოჭრა ლაშამ.
- შენ ხომ არ გაუბერე?! ან გახსნილ ,,დისკს ", რომელი ბარიგა დაიბრუნებს?! ან რატომ უნდა დავუბრუნო? შენ რაღაც, ვერა ხარ, აი!!! - სერიოზულად გაბრაზდა დათო.
- ბიჭო, ,,სკუნზიკას" ფული სჭირდება, შეუშვი რა, მაგ რეგვენ თავში!..
- ... არ გამოვა...
- რა არ გამოვა?
- ეგ საქმე არ გამოვა. ვერ დავაბრუნებ და არც დაიბრუნებს, მორჩა!... რად გინდა ,,სკუნზიკ"ფული?
- ნინოსთან მინდა მოსკოვში ჩავიდე. მეორე წელია იქაა და ერთხელაც ვერ ჩავედი... მაგრა ტეხავს რა...
  27-ში დაბადების დღე აქვს.. ჩამოდიო მთხოვა. ჩამოვალ მეთქი, დავპირდი. რომ არ ჩავიდე, იმასაც მაგრად გაუტყდება და მეც... ფული არ მაქვს მეთქი, ხომ ვერ ვეტყვი?
- მაგას როგორ ეტყვი შე ჩემა... გადააქნია თავი მასპინძელმა. - მოიცა რაღაცას მოვიფიქრებ... - ტელეფონი მომაწოდე!
- ტატო! გამარჯობა! სანტანა გინდა?.. ოთხი თუმანი გაქვს? - მასპინძელმა სტუმრებს გახედა. სტუმრებმა, უარის ნიშნად თავები გააქნიეს. - 4 თუმნად ჩემს ,,ფარფლებს" მოგცემ და ჰენდრიქსის პლაკატს, გაწყობს?.. ლენონის პლაკატიც?.. ოო, რა გოთვერანი ხარ!.. კაი, მასე იყოს. ოღონდ, ახლავე მოდი და ფული მოიტანე.
- 40 მანეთი ვიშოვეთ. თქვენ რამდენი გაქვთ?
- ჩემები დასავლეთში წავიდნენ დასაფლავებაზე და თუმანი დამიტოვეს, აჰა, ,,სკუნზიკ' გამომართვი. - წითელი თუმნიანი ჯინსის ჯიბიდან ამოიღო ლაშამ.
- 14 მანეთი მე მაქვს.
- ოთხი შეინახე, 2-3 დღე სიგარეტზე გვეყოფა. მოკლედ 60 მანეთი არის. დაგვჩა - 140. - დებიტ-კრედიტი გააშანშალა ლაშამ.
- თხუთმეტი მანეთიც მჭირდება. დღეს უნდა ვიყიდო თვითმფრინავის ბილეთი, თორემ ლია დეიდამ ვეღარ შეგინახავო, მითხრა.
- კიდევ 15 გვჭირდება?
- ჰო.
- ადე, წავედით.
  დათო, ტატო ფულს რომ მოგიტანს, სასტუმრო ..საქართველოსთან"ჩამოდი, ბაღში ვიქნებით.
- სად მივდივართ ლაშა?
- ჩემთან. დავით გურამიშვილი მაქვს, ძველი, საიუბილეო გამოცემა. ორი თვის წინ ბუკინისტი, სამ თუმანს მაძლევდა.
  ოცი წუთში, საიუბილეო ,,დავითიანით" ხელდამშვენებული მეგობრები,  ბუკინისტურ მაღაზიას მიადგნენ.
- აი, წიგნი წამოვიღე. გახსოვთ, რომ მითხარით მოიტანე და 40 მანეთს მოგცემო?.. ოღონდ, ცოტა სწრაფად, მაგრად გვეჩქარება.
  ბუკინისტმა, ხელში აიღო წიგნი, გადაათვალიერა, დარწმუნდა ბიბლიოთეკიდან, რომ არ იყო მოპარული. შენახვის ხარისხითაც კმაყოფილი დარჩა. წიგნი არ იყო დაზიანებული. არც დაჩხაპნილი გახლდათ და არც დახეული.
- მდაა, რაღაც გეშლებათ ყმაწვილო... მე ალბათ გითხარით, მოიტანეთ წიგნი და რომ გაიყიდება, 25 მანეთს გადაგიხდითო.
- არა, კაცო 25 კი არა, 40 მითხარი! ჯანდაბას 30 იყოს. სასწრაფოდ დამჭირდა ფული, თორემ ნაღდად არ გავყიდდი.
- კეთილი ბატონო, დავადოთ ფასი და ვნახოთ როცა გაიყიდება, გადაგიხდით...
- უფროსო! ვერ გაიგე რა გითხარი? ახლა მჭირდება ფული, ახლა!!!
- ახლა საიდან მოგცეთ? ა, ბატონო, ნახეთ ნავაჭრი თანხა. 17 მანეთია სულ.
- ოხ, შენი!.. ჯანდაბას, მოიტა რაც გაქვს!
- სულ თუ მოგეცით მე როგორ ვივაჭრო? მხოლოდ 15 მანეთი შემიძლია მოგცეთ.
- აზრზე ხარ რა ,,კრიჟანია"! სუფთა გობსეკია რა!!!
- აბა, აბა! ყმაწვილო! თუ ჩემი პირობა არ მოგწონთ, მიბრძანდით აქედან! - გაბრაზდა მოხუცი ბუკინისტი.
- ჰო, კარგი, მაიტა.. შენი...
  ხედავ ბიჭო, თითქოს იცოდა ამ ჩემისამ,  რამდენიც გვჭირდებოდა. ზუსტად არ გაარტყა, ტო?
- მამაშენს რას ეტყვი წიგნზე, ლაშა?
- მეორეც გვაქვს ბიჭო, ასეთი. შენ მაგაზე არ იდარდო. წამო ახლა,  ,,საქართველოსთან" ბაღში დავჯდეთ და ,,ვან გოგას" დაველოდოთ. შეიძლება ვინმე ჩვენიანიც გაიჩითოს. დღეს, კიდევ რაღაც რომ ვიშოვოთ, საქმეა რა.
  ბაღში, ნაძვის კუნძებზე ჩამოსხდნენ, მეგობრები. საოცარია, მაგრამ იქვე კუთხეში,  არავინ იდგა ბირჟაზე.
- მამაშენს რამდენი დარჩა ბიჭო, კიდე? სამი წელი?
- ჰო, სამი... მაგან გაგვწყვიტა ლაშა წელში. იცი რა ჯდება ერთი ,,პერედაჩა"?
- ვიცი, როგორ არ ვიცი...
- დედაჩემი დილით პოლიკლინიკაშია, ღამით კი, პლეხანოვზე აფთიაქს ალაგებს...  მიმალავს, ჰგონია არ ვიცი... ბევრი საქმე მაქვს და გვიანობამდე მტოვებენ ლაბორატორიაშიო -ასე მეუბნება. ახლა, ჩემი ოთახი უნდა გავაქირავოთ, 50 მანეთად. ვიღაც ორი სტუდენტი გოგოა. უნივესიტეტთან ახლოს ვიქნებით და გვაწყობსო, ასე უთქვამთ.
- კარგი ნაშები არიან?
- რა ვიცი, მე არ მინახავს... არა მგონია კარგები იყვნენ. გინდაც იყვნენ, მე რა?..
- რა  შენ, რა? ძმაკაცებზე არ უნდა იზრუნო?
- აბა, ბიჭო, თქვენ აგაოხრებინებთ ახლა იქაურობას, მაგ ჭკუაზე ვარ.
- გეხუმრები ,,სკუნზიკ".
- ვიცი, ლაშა.
  ჩემი დაა და ცალკე გასაჭირი.
- ნატუკას რა სჭირს ბიჭო?
- ცეკვაზე ხო დადის?
- მერე?
- იცი რა ჯდება ფორმა? ქვეყანა ფული. კიდევ კარგი, დედაჩემმა მიაკვლია და საკონცერტოდ, ოპერიდან გამოაქვს, ხოლმე. მაგრამ, პატივი ხომ იქაც უნდა სცე ? ახლა, მე უნდა, რომ რეპეტიტორებთან მომამზადოს. წელს უნდა მოეწყოო, მეუბნება. არ ჩავაბარებდი, მაგრამ ნინოსი მრცხვენია. ყველა სწავლობს, მაგის დედა ვატირე, ის მთლად მოსკოვშია სამედიცინოზე და მე აქ,,გეპეიშიც" არ ვისწავლო? ისედაც ზემოდან მიყურებს დედამისი, არ ვევასები. მოკლედ ასეა, რა... ის გოგო კი, ჩამოდი, ჩამოდიო, გამიხურა. თითქოს მე არ მინდოდეს.
- ეე! ,,ვან გოგ" აქ ვართ ბიჭო! მოიტანე? - ჯანაშიის ქუჩის კუთხეში დათოს მოჰკრეს თვალი.
- აჰა, 40 მანეთი და ზემოდანაც - ხუთი, ჩემმა დამ მომცა, ყულაბაში ჰქონია.
- საღოლ, ჯიგარი ხარ! ნუციკოს კი გადაეცი, მოსკოვიდან შოკოლადის ფილა ჩემზეა-თქო.
- შოკოლადი კი არა, შეხედე ვინ მოდის? - ეე, რაფო! მოდი აქა! როგორ ხარ ბიჭო? ვერ გვიცანი?
- ბიჭებს გაუმარჯოს! თქვენ როგორ ხართ, კარგო ხალხო? ჰოდა, კარგადაც გამყოფოთ ღმერთმა! - მიესალმა ბაღში მყოფთ, დაბალი ტანის, მწითური, სათვალიანი,  ნაყვავილარი სახის - რაფიელ კრიხელი.
- სად დაიკარგე, რაფო ჯან, არ ჩანხარ რაღაც?
- მამაჩემთან, საკონდიტროში დავიწყე მუშაობა, ბიჭებო. იქა ვარ დღე და ღამე. რა ვქნა, ვეღარ ვიცლი ხოლმე, დაგენაცვლეთ. გამოიარეთ, კაი ნამცხვრებს გაგატანთ, თქვენთვის ,,სპეცზაკაზი" იქნება, მარგარინზე კი არა, სულ კარაქზე გამოგიცხობთ.
- ნამცხვრები არ გვინდა და ფულს ვერ გვასესხებ, რაფოჯან? ხომ იცი დაგიბრუნებთ. - ხეირის სუნი იგრძნო ლაშამ.
- უიიი, არა ბიჭებო, აბა საიდან? არა, მაქვს თორემ, თქვენ როგორ დაგიკავებთ? აი, 15 მანეთი მამაჩემს ვესესხე და რაჩიკასთან მიმაქვს, წავაგე და დამეხმარეო, მითხრა. მაგანაც გააჭირა, რა! სულ აგებს და მერე მე მთხოვს.
- რაჩიკა ვინ არის, რაფო?
-აი, აქ, დაბლა, სომხურ სკოლაში რომ სწავლობდა. მერე, ცოტახნით დაიჭირეს, იცით რა თქვენ...
- 15 მანეთი გაქვს?
- ჰო, უნდა მივუტანო, რა.
- მაჩვენე.
- რა ჩვენება გინდა ლაშა? თუმნიანია და ხუთმანეთიანი.
- მაჩვენე ბიჭო!
-აჰა, ნახე რა...
-აი, ასე... ახლა კარგად დამიგდე ყური: ხუთი მანეთი შენ გქონდეს, ჩაიდე ჯიბეში. იმ რაჩიკას კი გადაეცი, ფული ლაშას მივეცი,  ჩემი მეგობარია და დასჭირდა. შენ კი ასე გადმოქცა - სხვისი ტრაკით თამაშს შეეშვი თქო! გაიგე? ერთი-ორი საათი აქ ვიქნები, თუ პრეტენზია აქვს მოვიდეს. ხო, ეტყვი? რა გინდა ძმაო? შენც მოგებაში დარჩი, ჩვენც მაგრად გაგვისწორე. ჯიგარი ხარ! რამე თუ გითხრა, აქ მაათრიე. გაიგე?
- ჰო, წადი და ასე უთხარი რაფო. ნუ გეშინია, აქა ვართ? და სხვა დროსაც აღარ მისცე ფული, იცოდე. გაიგე, ძმაკაც?
- გავიგე ბიჭებო. ვეტყვი და... თუ რამეა... ხომ დამიბრუნებთ?
- დარდი ნუ გაქვს, არაფერიც არ იქნება.
  აჰა ძმაო, 9 თუმანიც გვაქვს! ესე თუ გავაგრძელეთ, შეიძლება ქორწილის ფულიც ვიშოვოთ, შე ჩემა!
  წავედით, ბილეთი ავიღოთ, თორემ შესვენება დაიწყება. პასპორტი აქა გაქვს?
- კი, ტო! გინდა გაჩვენო? - გაეცინა გიოს და ,, ვან გოგას" თვალი ჩაუკრა.
- ბაბუაშენს აჩვენე, შე ჩემა, გაუხარდება, დაკაცებულაო იტყვის!
  უყურე ამ თუქსუსს, მოვიდა აი, ხასიათზე! დილით კარგად გდიოდა ცინგლები? - ბიჭები სიცილ-სიცილით  სასტუმროში შევიდნენ და ავია-ბილეთების სალაროსკენ გაემართნენ.
- მოხვედით ბიჭებო? როგორ ხართ? არ მითხრათ ახლა სამი ბილეთი გვინდაო?  - მიესალმა ლია, დარბაზში შემოსულებს.
- გამარჯობა ლია დეიდა! არა, სამი არ გვინდა, მარტო ,,სკუნზიკა" მიბრძანდება მოსკოვში.
- 27-ის პირველი და ბოლო რეისი, არა გიო?
- დიახ, 27-ის პირველი რეისი, მაგრამ დავტოვოთ ეს ბიჭი, ერთი-ორი დღე მოსკოვში და იქიდან 29-ში გამოვუშვათ. ფასი, ხომ იგივე იქნება, ლია დეიდა?
- ფასი კია იგივე, მაგრამ 29, სულ გაყიდულია. 30 გაწყობთ? 18საათზე და 20წუთზე მოფრინავს, მოსკოვის დროით?
- დარჩეს ერთი დღეც, უფრო მაგრად დახვეწავს რუსულს. - თქვა ლაშამ და მოლარეს ფული გაუწოდა. - ზუსტად 75 მანეთია ლია დეიდა და ,,მაღარიჩი" ჩვენზე იყოს.
- თქვენი მაღარიჩი არ გაიშვა! ისე, მოსკოვში რა საქმე გაქვს, გიო?
-ყრილობას უნდა დაესწროს, ლია დეიდა.- მეგობრის ვიზიტის მიზეზი ,,გაამხილა" დათომ.
- ვაა, ყრილობა იწყება? რაღაც არ გამიგია? ,,დაეჭვდა" - ლია.
- ,,სკუნზიკა" რომ ჩავა, ჩაატარებენ, სხვა რა გზა აქვთ. - დაამატა ლაშამ.
- თქვენი თავი აშაყირეთ რა! არ წაიღეს ტვინი! - ამოუვიდა ყელში მეგობრების ღადავი გიოს.
- კარგი შვილო, ამათ რა გამოასწორებთ, ისე, შენც მაგათი კუდი არ ხარ? აჰა, აიღე შენი პასპორტი და ბილეთი და მშვიდობით იმგზავრე. მამაშენის რა ისმის? როგორ ვარო?
- არის რა, რა უჭირს. ახლა შეიძლება დააწინაურონ.
- როგორ თუ დააწინაურონ? -  გაუკვირდა სამივეს.
- მესამეში ზონაში არ არის? ჰოდა შეიძლება, პირველში გადაიყვანონ.
- უი, შენ არ მოუკვდე დედაშენს, შე მაიმუნო შენა! ასე, ერთ ტვინზე როგორ ხართ სამივენი მოჭრილი, ჰა?!



*******


- ალო! ლაშა!
- რომელი ხარ?
- მე ვარ ბიჭო.
-,,ვან გოგ" შენა?
- ჰო! გძინავს?
- მაცლი რო?
- ,,სკუნზიკასთან" მოდი, კვდება მგონი, ის ჩემისა.
- ხუმრობ თუ ?..
- რას ვხუმრობ? ,,დავაი"!
  ათ წუთში, პირდაუბანელი და თმააბურძგნული ლაშა, ,,სკუნზიკას" კარზე გაბმულ ზარს აძლევდა.
- რა იყო? დენმა ხომ არ დაგარტყა? აიღე თითი, შე ჩემა! -გააღო კარი  ,,ვან გოგამ".
- მომატყუე ბიჭო?!
- რა მოგატყუე, ლოგინში აგდია - ამის შტანგისტი პირშიაც...
- რა ჭირს?
- კითხე და გეტყვის.
  ოთახში შესვლისთანავე მედიკამენტების სუნი ეცა ლაშას. მიხვდა, ტყუილი არ უნდა ყოფილიყო გიოს ავადმყოფობა. ,,სკუნზიკა" ლოგინში იწვა, ცუდი ფერი ედო, აშკარად ვერ იყო კარგად, მაგრამ მაინც ცდილობდა გაღიმებას.
- რა გჭირს? რა მოუვიდა ცისანა დეიდა? გამარჯობა.
- სულელია შვილო, ნამდვილი სულელი!
- ეს კი ვიცი ცისანა დეიდა, ახლა რა მოუვიდა, ის მითხარით, თორემ...
- მოსკოვში გადაწყვიტა ვაჟბატონმა წასვლა. ბილეთიც აუღია.
- უყურე შენ, მერე? - გაიკვირვა ლაშამ.
- უყურე შენს მოგცემ, მაგ თავში! არ იცოდი ხო? - ვითომ გაბრაზდა  ცისანა. - ვინ მისცა ბილეთის ფული?
- ,,ვან გოგამ", ცისანა დეიდა. აბა, მე საიდან? არ მისცე მეთქი ვეუბნებოდი, მაინც არ დამიჯერა. მისცა. ეგ იქით იყოს, მაგრამ ამას რა მოუვიდა? სიხარულისგან, გული გაუხდა ცუდად, თუ რა?
- ეეე, მორჩი რა, ცისანაც ახურებს ერთი! კენჭის გავლა მქონდა, ეს იყო და ეს. არ ატეხა ამბავი! ახლა ხოშიანად ვარ.
- რატომ გქონდა მერე? იმას რატომ არ ამბობ? შენმა თირკმელების პატრონმა მძიმე უნდა აწიოს, შვილო? ჯერ ბაზარში არ გამიშვიხარ, რამე არ მოუვიდეს, არაფერი იტკინოსო და ეს სადგურში წაბრძანდა ვაგონის დასაცლელად.
- საად?
- სადგურში. თქვენ რომ დაგშორდათ, ქემალა შეხვედრია. იმ, ჩემდა ჭირად გაჩენილს უთქვამს - ორი ღამეა მამაჩემს ვაგზალში დავყვები, სატვირთო ვაგონებს ვცლით და 30-30 მანეთს გვაძლევენო. არ გაყოლია ეს შტერიც. უთენია მოიყვანეს სახლში, ტკივილისგან იკლაკნებოდა, ცივი ოფლი ასხამდა, მიტკლისფერი ედო, შვილო. ეს მინდოდა კიდევ? თუ არ გავგიჟდებოდი არ მეგონა. იმ წუთში სასწრაფო გამოვიძახე. ახლა, გადარჩენილები ვართ, მგონია. მაგრამ უნდა იწვეს.
- ვიწვე არა, ის! მშვენივრად ვარ. წადი რა! არ გაგვიანდება სამსახურში?...
- ჰო, ლაშა შვილო, აუცილებლად უნდა წავიდე დედა. დათოსაც მაგიტომ დავურეკე. ამან კი შენ დაგირეკა. ჩემს მოსვლამდე იქნებ მიმიხედოთ, არ ქნას რამე სისულელე, არ შემოუტიოს ისევ. თუ რამეა და ღმერთმა დაიფაროს, სამსახურში დამირეკეთ. არ გადამრიოთ და რამე არ დაალევინოთ!
- აჰ! რას ბრძანებთ ცისანა დეიდა, რა უნდა დავალევინოთ?! - ახმაურდნენ ბიჭები.
- აბა, წავედი და თქვენს იმედზე ვარ ბავშვებო. არ ადგე დედიკო და წამლები დალიე, შემოგევლოს შენი დედა...
- რამ გამოგაშტერა, ,,გრუზჩიკობა" დაიწყე? - როგორც კი  კარი გაიხურა ცისანამ, ავადმყოფს გაჯორვა დაუწყეს ძმაკაცებმა.
- ,,არა შეჯდა მწყერი ხესაო""- არ გაგიგია?  ქემალას და აზოს  ედრები? ,,პატომსტვენნი გრუზშჩიკები" არიან, ბიჭო. ,, ივო, ივო, ივო ატეც, ტოჟე გრუზშჩიკომ ბილ!"
- ვერ ნახე, 2-3 საათში თითქმის 100 მანეთი ვიშოვეთ, სამ დღეში კიდევ მაგდენს ვერ ვიშოვიდით? რას იტყვი ,,ვან გოგ?"
- ვიშოვიდით, მა რა ჩემ ფეხებს ვიზამდით, ტო. სულელია, რა! ეგდოს ახლა და ყლაპოს წამლები.
- რა მექნა აბა? რა ვიცოდი? თქვენთანაც მიტყდება, ბოლო-ბოლო... ვალი ხომ არ გაქვთ ჩემი... - კედლისკენ გაიხედა და შეუმჩნევლად ცრემლი  მოიწმინდა ავადმყოფმა. ბიჭებმაც შეგნებულად მოარიდეს თვალი. -  ვიფიქრე, ცოტა მაყუთს გავაკეთებ მეთქი... გავაკეთე კი არა, ტაქსი და წამლები დამიჯდა თითქმის 15 მანეთი. კაპიკი აღარ დამრჩა, ამის დედა ვატირე... წადით, ჩააბარეთ ბილეთი და აიღეთ თქვენი ფული. ეტყობა, არ მიწერია რა, თვითმფრინავში ჯდომა...
- თვითმფრინავში არ მჯდარხარ ,,სკუნზიკ"?
- საიდან აბა? ბავშვობაში კი ვიყავი ორჯერ, მშობლებთან ერთად მოსკოვში, ოღონდ - მატარებლით. კიევშიც მატარებლით ვიყავი, მათთან ერთად. რაც მამა დაიჭირეს, საქართველოს არ გავცილებულვარ და აქ სად მეფრინა? გაგრაში, სოხუმში თუ ბაკურიანში?
-  მორჩი ახლა ტრაკანს! 27-ში გაფრინდები.  მანამდე ჭკვიანად იყავი და ერთი-ორი დღე, არ ადგე ლოგინიდან. - ფულს მე და ლაშა ვიშოვით.
- არა, დათო, ფული, ფულად... ადრე არ მიფიქრია და ...არც პალტო მაქვს, არც ბათინკები... მოსკოვში კი თოვლი მოსულა. ასე, შიშველ-ტიტველი ხომ ვერ წავალ? სირცხვილია, ნინო რომ დამინახავს...
- იცი რას გეტყვი უსტა? შენ მაგაზე არ იდარდო. ფულსაც ვიშოვით და ,,შმოტკებსაც'', აღა გეურქასავით გამოგაწყობთ! ერთია, ცოტა ქუდის საკითხია  რთული გადასაწყეტი. მაგრამ არაუშავს, ერთ ტიპს ვიცნობ, სახლში ასკაციანი სეფა აქვს. თავზე ჩამოიფხატებ და წახვალ რა! - ლაშას ნათქვმზე სამივეს გაეცინა. - კაროჩე, მე წავედი, მალე მოვალ. თქვენ მანამდე ,,ტურას" დაურეკეთ, სხვაგან გადასულა. ესაა, ახალი ტელეფონის ნომერი, მამამისმა მომცა.

*********


ახლა როდესაც, თითქმის 30 წლის წინდანდელ ამბავს ვიხსენებ და ვაანალიზებ, ცხადია, გაცილებით უკეთეს, ლამაზ და თბილ ფერებში ვხედავ ალბათ ყველაფერს, ვიდრე სინამდვილეში იყო. რა დასამალია და მაშინაც ჭირდა.  გასაჭირი არც ჩვენ მამა-პაპას აკლდა, ან როდის იყო ცხოვრება, მით უფრო, ჩვენ ქვეყანაში დალხენილი? არასდროს.
ერთი ესაა, უფრო მიამიტები ვიყავით, ასე მგონია მაშინ და ხალხშიაც ცოტა მეტი სიყვარული იყო მოყვასის.  ჭირიც და ლხინიც უფრო საერთო იყო, მრავალრიცხოვანი. აქედან გამომდინარე, დარდ-ვარამიც უფრო ადვილად ნელდებოდა და განცხრომა-თარეშსაც სხვა ხიბლი ჰქონდა, იმ დროს.
  არაფერი იშოვებოდა, მაგრამ მაინც გვქონდა ჩვენი სამყოფი ყველაფერი. ახლა ყველაფერია, მაგრამ მაინც არაფერი გვაქს თითქოს.
  ვინმეს, თუ მეტი ჰქონა, ას კაცზე ნაწილდებოდა და ყველანი  კმაყოფილები იყვნენ. ახლა, თითქმის ყველაფერი  ას კაცს ეკუთვნის და ყველა უკმაყოფილოა. მათ შორის, ის ასი კაციც.
  ღამით ქუჩაში რომ გაივლიდი, თითქმის ყველა სახლიდან, ქეიფის და სიმღერის ხმა გამოდიოდა. ახლა, ინგა გრიგოლიას ხმაც აღარ ისმის.
  სხადასხვა  ერის შვილები, თავთავიანთ მაგრამ მაინც საერთო ენაზე ვსაუბრობდით უწინ, ახლა ისე მგონია, თითქოს, სულ რაღაც ორიოდე წლის წინ დაინგრა და ისიც ჩვენთან, ბაბილონის გოდოლი და ერთმანეთის აღარაფერი გვესმის.
  წინათ უღელში ვიყავით შებმულნი, მაგრამ საბედნიეროდ ხშირად ვერ ვგრძნობდით, ახლა თავისუფლები ვართ, მაგრამ საუბედუროდ ხშირად, ვერც ამას  ვგრძნობთ.
  წინათ წითელი ჩექმით ვიყავით ჩათელილნი, მაგრამ მაინც ამაყად ჩავდიოთ კომუნისტების ,,მექასა თუ მედინაში", ახლა დამოუკიდებლები ვართ, მაგრამ საკუთარ სახლშიც კი თავდახრილნი დავდივართ და რამოდენიმე ,,ოთახიდან" ფეხიც  ამოგვიკვეთეს.
  გამიგრძელდა სიტყვა. ბევრმა იფიქრა ალბათ, ხანში შესულა, წარსულს მისტირისო. ვაი, რომ არ არის ეგრე. წარსულზე კი არ მოვთქვავ, დღევანდელობაზე და არც თუ ისე ნათელ ფერებში დახატულ მომავალს რომ ვხედავ, იმაზე მწყდება გული. ეს არის და ეს...
  ვგრძნობ, მართლა მოგაბეზრეთ თავი. ისევ, ბიჭებს დავუბრუნდეთ, ლაშას მოლოდინში რომ არიან.

  - აჰა, ძმაო!  ნიკამ თავის ,,დუბლიონკა" გამომატანა  და ზემოდან 20 მანეთიც დაადო. ესეც ჯინსები. ,,ვაბშე თაზაა" ჯერ არც ჩამიცვამს, არ გამიფუჭო, თორემ დაგბრიდავ, შე საცოდავო! ბუკლეს პიჯაკი. ინგლისურია, გოიმ! არც ეს მცმია ჯერ! გააფუჭებ, ამაზეც დაიბრიდები. ესეც ,,სალამანდრის" ,,შუზები", ბიძაჩემისაა, ბიცოლაჩემს გამოვართვი. თუმანიც მაჩუქა. ისიც შენ გასიებულ თავს შემოვწირე. მაგრამ იცი რა ვქენი ? ამ სამი თუმნით, ნინოს საჩუქრი ვუყიდე.
  ,,კრისტიან დიორ!" ფრანგულია და რამე, ბიჭო!
  ,,იტოგში" ბილეთი გაქვს, საჩუქარი არის, გაზმანული ხარ, კენედი არ იწვა ისე კუბოში, ტუტუც!..
100-120 მანეთი დაგვრჩა საშოვი და ,,ვსიო," შენი მოსკოვის ,,პაეზდკა" მოყომარებულია!
ტანსაცმლით და საჩუქრით კმაყოფილები დარჩნენ ბიჭები.
- ბიძაშენს რომ დასჭირდეს ფეხსაცმელი? -იკითხა გიომ.
- არ გითხარი, სტავროპოლშია მეთქი.
- და ნიკას ,,დუბლიონკა"?
- ბიჭო, ნოემბერში, თბილისში, ,,დუბლიონკა" ვის რაში უნდა დაჭირდეს? ნორმალური ხარ? ,,ტურას" ელაპარაკეთ?
- ჰო.
- რაო, მერე?
- რაო და, მეტრო ,,აკადემიჩესკაიასთან" ვცხოვრობო. გრიმაუს ქუჩაზე, 5 ნომერში.
- გრიმაუ, ვინ ოხრობაა?
-რა ვი, აბა... კინოთეატრ ,,ულანბატორთან" არის ახლოსო. - ,,სახლში თუ არ ვიქენი, კინოს წინ პატარა მაღაზიაა, იქ ერთი, მოხუცი ქართველი ქალი, გაზიან წყალს ყიდის. გასაღებს იმას დავუტოვებ და ბინასაც ის მოგასწავლისო."
- ძალიანაც კარგი! ბაითიც არის! შენ ის გევალება, 2 დღე ჭკვიანად იწვე, ჟაპოტინსკობა არ დაიწყო. 27-ში კი უთენია, აუდო აქედან.
წამო, ,,ვან გოგ" არ მოდიხარ? ჭამეთ რამე?
- ტოლმა. წავიდე ,,სკუნზიკ?"
- წადით. მადლობა, აბა.
  ორი დღე აღარ გამოჩენილან ავადმყოფთან ლაშა და დათო. ტელეფონით თუ დაუკავშირდებოდნენ, ხოლმე გიოს და ჯანმრთელობის ამბავს გამოკითხავდნენ.  - ლექციები გვაქვს არ გვცალია, თანაც ფულზეც ვჩალიჩობთო - ეუბნებოდნენ.
  ქემალას მამა, აზო უნახავთ, უთხოვიათ მისთვის და ღამ-ღამობით მასთან ერთად სცლიდნენ ვაგონებს. ასე გააკეთეს 120 მანეთი. 26 ნოემბერს, საღამოს, სახლში მიუტანეს მეგობარს თანხა.
- მშობლებმა მოგვცესო - მასაც კი დაუმალეს, ფულის წარმომავლობა.
  ასე ჯახირ-ჯახირით, გაუშვეს მოსკოვში,შეყვარებულის დაბადების დღეზე, ,,სკუნზიკა."


                     
*****


  დაახლოებით, დილის 9 საათი იქნებოდა, ზარის ხმა რომ მოესმა ლაშას. ლევანს უნდა შემოეარა. ერთად მიდიოდნენ ინსტიტუტში. გააღო კარი.
- ეეე, ..სკუნზიკ?" აქ რა გინდა ბიჭო?! არ გაფრინდი?!
- არა... გუშინ, ღამით, ,,ტურა" დაუჭერიათ, მოსკოვში... ჩხუბზე... მამამისი შემხვდა აეროპორტში. 30 ნოემბრამდე, ,,ვაბშე" ბილეთი  არ იყო... ჩემი მივეცი...
- ვააჰ, ეს რა მითხარი... დაურეკე მაინც ნინიკოს, მიულოცე და ასე მოხდა-თქო.
- ველაპარაკე. - ასეც ვიცოდი, რომ არ ჩამოხვიდოდიო და ყურმილი დამიკიდა.
- ეეჰ, არ იცი ქალების ამბავი... წამო, წამო. მაყუთზე ვიჩალიჩოთ, დასჭირდება ,,ტურას".


                                     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები