ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
2 ივნისი, 2008


თავი 25. ნათია და მაგდა ("მაგდა)"

ნათიას ასეთი მოულოდნელი გათხოვების ამბავი ელვისუსწრაფესად გავრცელდა. ეს ყველაფერი იმდენად მოულოდნელად მოხდა, რომ გაოცებას ვერავინ მალავდა.
ჭორიკნებს საჭორაო მასალა მიეცათ: რა არ თქვეს, რა დასაჯერებელი თუ დაუჯერებელი ამბავი არ მოიგონეს! ატყდა მითქმა-მოთქმა, სიმართლე კი... სიმართლე არავინ იცოდა.

კვირას საღამოს დაურეკა ნათიამ მაგდას და თავისი გათხოვების ამბავი შეატყობინა.
- კარგი, ნათი, გეყოფა ხუმრობა!...
- სულაც არ ვხუმრობ, მართლა გავთხოვდი, მაგდა!
- კი, მაგრამ, ჩემთან რომ არასოდეს არაფერი დაგცდენია?!... არა, მატყუებ!
- არ გატყუებ-მეთქი!
- ვინ არის, ვის გაჰყევი?!
- ვაჟა საჩალელს...
- ნათი, ვინ არის ვაჟა საჩალელი?! მე ასეთს არავის ვიცნობ! გეყოფა-მეთქი!...
- შენ არ იცნობ! მაგდა, გახსოვს, გუშინწინ, რუსთაველზე მანქანა რომ გავაჩერეთ?
- მახსოვს, მერე?
- იმ მანქანის მძღოლი იყო ვაჟა საჩალელი...
- შენ, რა, იცნობდი მას?
- არა, საიდან, აბა?
- აბა, როდის მოასწარი გაცნობა?
- შენგან რომ გამოვედი, სადარბაზოსთან დამხვდა... სახლამდე გამიყვანა... მერე ჩვენთან ამოვიდა სახლში... "ცოლად გამომყევიო", მითხრა და მეც გავყევი!... იცი, რა ბავშვი ყავს? ჩაყლაპავ!... მალე გაგაცნობ ჩემს გაგას!

მაგდას, მოულოდნელობისაგან, ხმა ჩაუწყდა, ვეღარაფრის თქმა მოახერხა... მხოლოდ ეს ამოიხრიალა:
- გაგიჟდი, ნათი?!...

საკმაოდ დიდხნიანი პაუზა ჩამოვარდა.
- მაგდა, ცუდად ხომ არ ხარ? - გაისმა ნათიას შეშფოთებული ხმა.
- ჯერ არა, მაგრამ... ნათი, შენ გაგიჟდი, ალბათ! ერთი საათის გაცნობილ კაცს ცოლად გაყევი?... და თანაც ბავშვიანს?! რა ბუზმა გიკბინა?!... თუ შენი თავი დარჩენილი გეგონა და მის მეტს ვეღარავის გაჰყვებოდი?!... - აღშფოთებას ვერ მალავდა მაგდა.
- მაგდა, შენ ამას ვერ გაიგებ!
- რას ვერ გავიგებ?! გამაგიჟებს ეს გოგო!...
- რას ვერ გაიგებ და იმას, რომ ბავშვს ერთნაირად სჭირდება დედაც და მამაც! მითხარი, რა დანაშაული მიუძღვის გაგას ისეთი, რომ არასოდეს გამოსცადოს დედობრივი სითბო, ვერ იგრძნოს დედის ალერსი?!...
- ნათი, ქვეყნად იცი, რამდენი ბავშვი იზრდება უდედოდ? ყველას შენ ხომ ვერ გაზრდი?!
- ყველას თუ ვერა, ერთს ხომ გავზრდი? ესეც კარგია!
- კაი, ბატონო, მაგრამ... ნათია, შენს თავზე არ გიფიქრია? თუ ხვდები მაინც, რომ შენ შენი მომავალი სამუდამოდ დაიღუპე?!...
- რატომ დავიღუპე მომავალი? პირიქით! მე ბედნიერი ვარ, რომ ვიღაც მაინც გავაბედნიერე... და მითუმეტეს, თუ ამ ბედნიერებას ბავშვს მიანიჭებ?!
- არ ვიცი, ნათი!...
- მაგდა, შენ რომ ერთხელ მაინც გენახა ჩემი გაგა, გენახა მისი სიხარულით გაბრწყინებული თვალები, მოგესმინა მისი "დედიკო, ალ დამტოვო ლა"-ო... თუმცა შენ რას გიხსნი?! შენ ამას მაინც ვერ გაიგებ!...
- რა? რა უნდა გავიგო, ნათი?! ეს შენ არ გესმის ჯერ! ეიფორიაში ხარ! თავი გმირად წარმოგიდგენია და ამით ამაყობ!
- ცდები, მაგდა! ხომ გითხარი, ვერ გაიგებ-მეთქი?!
- მაინც?
- რა, "მაინც"? შენ შენი შვილისთვის ვერ იმეტებ ამ ბედნიერებას! "როგორ შეიძლება! შენ ხომ ნოდარი არ გიყვარს?!... მერე რა, თუ შენი შვილი ვერასოდეს ვერავის დაუძახებს "მამას?!"... 
- ჰო, მე არ მიყვარს ნოდარი!... მე მინდა, რომ ქმარი მიყვარდეს!... ნუთუ შენ კი არ გინდა, რომ გიყვარდეს? რომ იგრძნო ნამდვილი და არა მოჩვენებითი სიყვარული?! შენ ხომ ვერაფრით დამაჯერებ, რომ ეს ვაჟა საჩალელი გიყვარს?!...
- მართალი ხარ...
- აი, ხომ ხედავ?!
- მაცალე! მართალი ხარ, მე ჯერ არ მიყვარს ვაჟა ისე, როგორც ეს ადრე წარმომედგინა, მაგრამ... ვაჟა ჩემი ქმარია... და მე მჯერა, რომ ჩვენ ორივე ბედნიერები ვიქნებით!
- ღმერთოოოო, რა სულელი ხარ, ნათი!...
- რატომ? "სიყვარული" და "შეჩვევა" ხომ ერთი მედლის ორი მხარეა?... შენ გინდა, რომ შენი ოჯახური ცხოვრება დაიწყო "სიყვარულით", რომელიც მერე "შეჩვევად" გარდაიქმნება, მე კი მირჩევნია, რომ ჯერ შევეჩვიო ვაჟას და მერე შემიყვარდეს იგი!
- ნათი!...
- მე მგონი ასე სჯობს, მაგდა! მაპატიე, ვაჟა მოვიდა! დანარჩენზე – ხვალ ვილაპარაკოთ!... - ნათიამ ყურმილი დაკიდა.


მაგდა დიდხანს იჯდა სავარძელში გაუნძრევლად. მის თავში ახლა ათასი ფიქრი ირეოდა...
"ნათია გათხოვდა... და გაჰყვა... ვის? ერთი საათის გაცნობილ კაცს? გაჰყვა ისე, რომ წუთით არ დაფიქრებულა თავის მომავალზე?! არა, ეს შეუძლებელია! თუმცა, რა არის შეუძლებელი? გაჰყვა და მორჩა!...
ნათია, ნათია!...
დაიცა, რატომ მითხრა ნათიამ "შენ შენი შვილისთვის ვერ იმეტებ ამ ბედნიერებასო"? რატომ?...  იმიტომ, რომ ნოდარს უარს ვეუბნები?! ნუთუ ჩემი შვილი იმით უნდა იყოს ბედნიერი, რომ გავხდე იმ კაცის ცოლი, რომელიც არ მიყვარს? ეს ხომ აბსურდია!
"ბავშვს ერთნაირად სჭირდება დედაც და მამაცო", ნათიამ რომ მითხრა, მერე? მერე-და ვინ არის ჩემი შვილის მამა? ნოდარი? არასოდეს! არასოდეს ვაპატიებ მე ამას ნოდარს! მან მე დამღუპა, ფეხქვეშ გათელა ჩემი გრძნობები! ძალით წამიყვანა სახლში და გულწასულს ამხადა ნამუსი!...  და ახლა - ვაპატიო?... რატომ? რისთვის?!...  მხოლოდ იმიტომ რომ თეას მამა სჭირდება? სამაგიეროდ მე არ მჭირდება ნოდარი! მე არც შვილი მჭირდებოდა მისგან!... (ღმერთო, მაპატიე ეს როგორ წამომცდა, ღმერთო!)
მე ხომ გიას ვუცდიდი?! ხომ ნამდვილად ვუცდიდი?!... მე გია მიყვარდა და ახლაც მიყვარს!  მიყვარს! მიყვარს!...  მეც ვერ მაპატია გიამ, თუმცა ვერ ვხვდები, რა ვერ მაპატია! მე მის წინაშე ცამდე მართალი ვიყავი!... რატომ, რატომ ვერ მაპატია?!...
"შენს თავს შეუნდეო?!"...
ჰმ! რა? რა შევუნდო ჩემს თავს, რომ 4 კაცს ვერ მოვერიე? რომ პირზე ხელებაფარებული წამიყვანეს? რომ არავინ აქცევდა ყურადღებას არც ყვირილს, არც ტირილს? რომ გულწასულზე... ეს? ეს ვაპატიო ჩემს თავს?...
ეეჰ, არც შენ ყოფილხარ დიდი ვაჟკაცი, ბატონო გია!... მზიას დაუჯერა ყველაფერი, მზიას... და მე არაფერი მკითხა! "არაფრის ახსნა არ არის საჭიროო", - არა? ჰო, რა თქმა უნდა! როგორ შეიძლება?! შენ ხომ ამაყი ბიჭი ხარ?!... რატომ უნდა აპატიო ამისთანა რამე საყვარელ გოგონას?!...
ჰმ, "საყვარელი გოგონა"?!... ოიიი, როგორ ვცდებოდი, თურმე! არა, გია, მე შენ არ გყვარებივარ! მე რომ ბიჭი ვყოფილიყავი, იმ შენს ნოდარს ცხვირს ამოვუჭეჭყავდი!... შენ კი, რა მითხარი? - "მე სხვანაირად მოქცევა არ შემიძლიაო"?!
არ მჭირდებით, არც ერთი არ მჭირდებით! მე ჩემით, მარტო გავზრდი ჩემს თეას და მჯერა, რომ ის ბედნიერი გოგო იქნება, ბედნიერი!!!
რატომ მე არ ვარ ბედნიერი?! რატომ?!... რა დანაშაული მიმიძღოდა შენს წინაშე, ღმერთო, რომ ასე გამაუბედურე?!... რატომ?... რისთვის?... რისთვის?!..."

და მაგდა მწარედ ატირდა.

მოხურული კარიდან ბავშვის ტირილის ხმა შემოესმა მაგდას. მაშინვე ფეხზე წამოხტა, ცრემლები შეიმშრალა და თეასთან ოთახში შევიდა.

"აი, ეს არის ჩემი ბედნიერება!... და, ალბათ, უბედურებაც ეს არის!" – გაიფიქრა მაგდამ და ახალგაღვიძებული, ატირებული თეა ხელში აიყვანა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები