ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰა-რა-ლე
ჟანრი: პროზა
10 ნოემბერი, 2009


... და ახლა მინდა, ამისათვის მადლობა გითხრა

*************


- ახლა ამათ ჭკუა აქვთ თავში? ეს ორი  ,,ცინკი" აკს-ის ტყვია სად გავითხაროთ, თქვით?! - ჯუჯღუნებს კუკა.
- გათხრით, იცოცხლე იმ ხელა გაქვს, ორსაც დააბინავებ და სამსაც, მაგრამ რა ჩემ ფეხებად გვინდა... - ვანგლობ მე.
- ვანიკო, არ უთხარი აკმ-ები გვაქვსო? - საქმეში გარკვევას ცდილობს დიმა.
- ვუთხარით, მაგრამ არ ჰქონდათ და ეს მოგვცეს.- ვანიკოს ნაცვლად პასუხობს ნიკუშა.
- ის არ უთქვამთ, აკმ-იდან, აკს-ის ტყვია როგორ ვისროლოთ? - დაინტერესდა გიო.
- ლულებში ჩავაფინოთ რამე.- ხუმრობა მეტ-ნაკლებად გამოსდის შალიას.
- ეე, ,,მწვანე" ( შალიას მეორე ,,კლიჩკაა"), სანამ მართლა ლულაში ჩამიფენიხარ, წადი და საიდანაც გინდა, აკმ-ის ტყვიები მოიტანე! - თავს იბრაზიანებს შალვოვიჩი.
- ჰო, კარგი, გეყოფათ, მე, ივა და ფისო წავალთ და გადავცვლით. - გვაწყნარებს სართანა.
- ძალიანაც კარგი. ლიმონკებიც ხელს გამოაყოლეთ. - წამსვლელებს მიაძახა აკამ.
- ლიმოკანკა არა ბიჭო ახლა, ტანკს მოვიყვანთ, არ გინდათ? - იღრინება ივა, აშკარად ეზარება წასვლა.
- ,,მამენტ" იყოს, ჩვენი ,,ტაჩკა" გვექნება, ფეხით არ მოგვიწევს სიარული, მოიყვანეთ! - ვაძლევ თანხმობას.

  წავიდნენ და 2 საათში მართლაც მოიტანეს ტყვიები, მხედრიონელებს გაუცვალეს. ტანკი - არა. ალბათ ,,დაავიწყდათ".


**************


  დიდი სამეგობრო წრე გვქონდა. გინდ ტრაბახი დაარქვით, მაგრამ ასე  იყო და - იმ დროს ქალაქში, საკმაოდ პოპულარული, ამ სიტყვის კარგი გაგებით. ჩვენ  ,,სასტავზე"ვამბობ, საკუთარ თავზე ხომ არა?..
  ვინები  ვიყავით და რამდენი, ახლა ნუ ჩამომათვლევინებთ. მხოლოდ იმას ვიტყვი, ზამთრობით, არდედეგებზე ლიკანში რომ მივდიოდით, ,,ელექტრიჩკის ერთ ვაგონში, ან ვეტეოდით ან ვერა.  სამეგობროს  2/5-ს თუ არა, 1/3-ს მაინც, გოგოები წარმოადგენდნენ.
  ზოგჯერ რომ იტყვიან, მეგობარი 1-2 უნდა გყავდეს, ან ქალის და კაცის მეგობრობა არ შეიძლებაო - მეცინება და მიკვირს.  მეგობრობაში სქესს, ასაკს, რაოდენობას, თუ სოციალურ მდგომარეობას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია ერთი და იგივე ფასეულობებზე და ღირებულებებზე იყოთ ოჯახებში აღზრდილნი, ერთი და იგივე სატკივარი, თუ გასახარელი გქონდეთ და გაიცნოთ ერთმანეთი. მერე უკვე ეს გრძნობა, თავისით ამოიყრის. ეს არის და ეს.
  შეიძლება ვცდები, მაგრამ ფართო სამეგობრო წრეს, სხვა მრავალ სიკეთესთან ერთად, ის დადებითიც მოაქვს, რომ უცხო საზოგადოებაში მოხვედრილი, ადვილად პოულობ  საერთო ენას. მოზარდი ასაკიდან, 10-15 მეგობარი გოგონა თუ გყავს, არც უცნობ გოგონებთან მოგივა მერე ,,იაღლიში". რა გითხრათ აბა, ქართველი იყო თუ სხვა ერის წარმომადგენელი, ასეთი გოგო იყო, თუ ისეთი, არასდროს არცერთ ჩვენ ძმაკაცს, ხეპრული საქციელი არ ჩაუდენია. ამ სიტყვებზე, თავი შემიძლია დავდო.
  მეგობარი მყავდა ერთი, კახა. ,,რიჟას" ვეძახდით. ასე ვთქვათ - ,,სასტავს" გარე მეგობარი. ჩემზე უმცროსი იყო რამდენიმე წლით. ოქრო ბიჭი, ნიჭიერი, იმედის მომცემი მუსიკოსი,  დღეს ცოცხალი აღარ არის, ღმერთმა აცხონოს...
  ერთ დღესაც მეუბნება:
  - წამო, 3 დღით თელავში ჩავიდეთ, ჩემი ინსტიტუტელები იქ არიან, სასტუმროში ცხოვრობენ. ხოშიანი გოგოები არიან. შესახედავადაც რომ გაგიხარდება და ხასიათებითაც.  ყველა უკრავს, ყველა მღერის. ქეიფი, დროსტარება და ჩქარი ტაში არ მოგვაკლდება, მეტი რა გინდა?
  რა უნდა მდომოდა?
  წავედით.


**************


  სამეგობროში ცოლი, პირველმა საშკამ მოიყვანა. შემდეგ, ვანიკომ - მაკა. ისინი იყვნენ პირველები, ვინც მშობლების გარეშე, ცალკე ბინაში ცხოვრობდნენ. ცხადია, ყველაზე თავისუფლად, მათთან ვგრძნობდით თავს, თუმცა არც სხვებს ვწყვეტდით გულს, იშვიათი სტუმრობით.  მაგრამ როცა, მშობლების მახვილი მზერა- სმენის  მიღმა გვსურდა ჩატარებულიყო ესა თუ ის შეხვედრა ან ქეიფი, მაკა-ვანიკოს ოჯახს, ბადალი არ ჰყავდა.
  მოკლედ, კარგა ხანი მათი ბინა, ჩვენს საფიხვნოს, სამორინეს, რესტორანს, სასტუმროს, თუ შემნახველ საკანს წარმოადგენდა. 
  ავტომატი, მჭიდები, ვაზნები, მოკლედ მთელი სამხედრო აღკაზმულობა, ბუნებრივია,  ვანიკოსთან დავტოვე.
- ერთ-ორ დღეში ბათუმში მივდივარ, იქიდან ალბათ თურქეთში მომიწევს გადასვლა და თუ ვერ დაგიკავშირდით, არ ინერვიულოთ. - ასე მქონდა შინ დაბარებული. აბა რა მეთქვა, სახლში მხოლოდ ქალები: დედა, ცოლი და ერთი წლის ქალიშვილი მრჩებოდნენ და - ომში მივდივარო, ხომ ვერ ვეტყოდი? მაგრამ რად გინდა? აეროპორტში, თვითმფრინავის ტრაპზე, იარაღით და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი, რომ ავდიოდი, ვიღაც მარჯვე ფოტოკორესპონდენტს  გადაუღია ჩემთვის სურათი და მეორე დღეს გაზეთში არ გამოუკრავს?.. კი შემოიკრა თავში ხელი დედაჩემმა, მაგრამ რას იზამდა, უკვე სოხუმში ვიყავი.
  მანამდე კი...
  წასვლის დღეს დიმასთან, ,,კამანდირთან" მოვიყარეთ თავი. იქნება ასე, დილის 8 საათი. აქედან, მერიასთან უნდა ჩავიდეთ, იქ პატარა ლაი-ლაი, მერე ჩაგვსვავენ ავტობუსში. აეროპორტი და სოხუმი.
  თორმეტნი ვართ, ძმაკაცები.
- ,,კაროჩე"!  12 აკმ-ია, ოთხ-ოთხი სავსე ,,რაჟოკი" გვაქვს ყველას. პლიუს 30-30 ტყვია, ნახევარი ,,ტრასირია", ნახევარი  ,,ბრანებოინნი". ორი დურბინდი, ,,აპტეჩკა", ოთხი ,,ჟგუტი", დანები გექნებათ, იმედია. ესეც ჩემი ,,სვისტოკი".  ხომ გახსოვთ, ორი დასტვენა - მოსვლა, ერთი - ,,პაშლი ვი!.." ,,იტოგში", ეს გვაქვს რაც გვაქვს. - გადათვალა ,,არსენალი" დიმამ. - მიდი ახლა აიღეთ იარაღი და გავეშვით, ნელ-ნელა.
  პირველი მე გამოვედი ქუჩაში. ნელ-ნელა სხვებიც შემომიერთდნენ.
- რა საკაიფო ჟილეტი გაქვს, საიდან ეე? - მეკითხება გიო.
- ბმპ-ს ,,ზაშჩიტნი" ჟილეტია რა. აი აქ, მუცელთან, ამ ბამბების ნაცვლად ,,რაჟოკები" ეწყობა. მეტ-ნაკლებად იცავს რა გულ-მუცელს.
- ვაა, ასწორებს, მაგარია.
  ბიჭებმა აიღეს იარაღი და ვაზნები. ყველანი ქუჩაში გამოვიდნენ.
- წავედით! - დაიძახა დიმამ.
  მაყაშვილის ქუჩიდან მწვანე ფერის ნივამ შემოუხვია, ბარნოვზე. საჭესთან, დაახლოებით ჩვენი ხნის მამაკაცი იჯდა, გვერდით ქალი, ალბათ მეუღლე. მანქანამ სვლა შეანელა. მძღოლმაც და გვერდით მჯდომაც ჩვენ შემოგვხედეს. მანქანა გაგვცდა, გადაჭრა ბელინსკის ქუჩა, მაგრამ ქალს, სანამ გზა იძლეოდა საშუალებას, თვალი არ მოუშორებია ჩვენთვის.
- წამო რა, გამოადგი ფეხი! - ავტომატზე დამქაჩა ნიკამ.
- მოვდივარ.
- რას ფიქრობ? დავბრუნდებით ყველანი?
- კი!
- ასე გგონია?
- კი ნიკუშ, ასპროცენტიანი ვიცი! ალალად გეუბნები...
- საიდან იცი, მითხარი?
- ვიცი ნიკუშ, რომ ჩამოვალთ მერე გეტყვი...



***************


  საღამო იყო, მე და რიჟამ თელავამდე რომ ჩავაღწიეთ. მანამდე გზაში, ერთ გზისპირა პატარა რესტორანში, თონის  პური, გუდის ყველი, მწვანილი, მწვადი და ღვინო მივირთვით. კოხტად შეჭიკჭიკებულები ვიყავით სასტუმროს რომ მივადექით.
გაუხარდათ, მაგრამ რა გაუხარდათ გოგოებს ჩვენი დანახვა. ჩვენი რა, ,,რიჟასი", აბა მე არც მიცნობდნენ.
  - კახა ჩამოვიდა! კახა ჩამოვიდა! - ატეხეს ერთი ჟივილ-ხივილი.
  მართალი ყოფილა ჩემი მეგობარი, ძმაო! მართლა კარგი გოგოები იყვენ ის დალოცვილები, ყოველმხრივ! ლამაზები, წესიერები, ღიმილიანები, ხალისიანები.  ამდენი ,,დიმიტრი გელოვანი" ერთად იშვიათად თუ შემხვედრია, დაკვრა და სიმღერა ხომ - იცოცხლე! მოკლედ, დავინახე თუ არა ეს ხალხი, იმ წუთშივე გავშინაურდი. ერთ-ერთ ნომერში გაიშალა სახელდახელო სუფრა. კახამ თამადობა შემომთავაზა და გიჟი ვიყავი უარი მეთქვა?!
რაც მე იქ თავი მოვიქაჩლე და სადღეგრძელოები ვსვი, რის გულბაათ ჭავჭავაძე, რა ტუპია იაშვილი, ვინ სიმონიკა სხირტლაძე,  მოვიდოდა ჩემთან ( იმ დროს, ღრმად ვიყავი ამაში დარწმუნებული). ვსვამ, ლექსებად ვიღვრები, ვღადაობ, ვქაქანებ, აქეთ სიმღერა და...მოკლედ ვარ ერთ ამბავში. მასპინძელთა სიმპატიებსაც ვგრძნობ უკვე აშკარად.
  მორიგი სადღეგრძელოს ჯერიც დადგა. ადრესატს ქეთი ჰქვია, ერთი ლამაზი, პატარა, კაფანდარა გოგოა. დავწვდი და იქვე ნომერში, გარდერობის სახურავზე შემოვსვი.
- გინდ მეძინოს!!! - გავეცი მომღერლებს ბრძანება.
წამოიწყეს.
  მუხლი მოვიყარე და დავიწყე ,,მუხამბაზის" კითხვა. ამ დროს იღება კარი და შემოდის მასპინძლების თანაკურსელი გოგონა.
  სასმისი ხელზე მიმეყინა. ენა - სასაზე. ,,მუხამბაზი" კი არა, რა მქვია, ის დამავაწყდა. ვაგდივარ ასე მუხლებზე, დამუნჯებული და თვალგაშტერებული. ეშაფოტზე გაყვანილ გაჭირვებულს ვგავარ, რატომღაც ჭიქა რომ უჭირავს ხელში.
- შემოდი ლელა! სად იყავი აქამდე?! კახა და მისი მეგობარი ჩამოვიდნენ, იცი რა კარგ დროს ვატარებთ!



*************


-  დღეს რა რიცხვია, ,,სართან"?
- ,,ტოლი" 25, ,,ტოლი" 26, ჰა-ჰა 27, ,,კაროჩე" სექტემბერია.
- ,,მა-ლა-დეც! ჟივოი" კალენდარი ხარ, რა შე ჩემა! ესე ხო, მეც მეც ვიცი?
- აბა, რაღას მეკითხები, გცოდნია.
- იცი რატომ?  რამე ,,პრაზდნიკი" ხომ არა აქვთ ამ ჩემისებს?  რა ხანია დაბნელდა და ჯერ ერთი ტყვიაც არ გავარდნილა.
- ისე, ჰო. მეც მიკვირს...
- არ ჩავიდეთ  დაბლა? მთელი საღამო კარლსონივით ,,კრიშაზე" ვართ, ამის დედა ვატირე.
- ერთი ნახევარი საათიც და მერე, ვანო და კუკა ამოვუშვათ.
- გშია, სართან?
- არა.
- დღეს, ღამე ვინ სად დგას იცი?
- პირველ სართულზე და შემოსასვლელში, ,, თბილისელის" ბატალიონის 10-12 კაცი და ჩვენთან რომ დარჩნენ ისინი. მეორე სართულიდან სახურავის ჩათვლით ჩვენ ვართ რა. სართულზე, ორი კაცი.
- ერთი აქეთ, ერთი იქით ჰო?
- ჰო... შუქი მაინც იყოს ამის დედა ვატირე, რომ შემოიჭრან, ამხელა შენობაში არ გინდა მტრის და შენიანის გარჩევა?
- ჰო, ძნელია... დღეს არა მგონი რამე მოხდეს და ხვალ იქნება ალბათ სინათლე.
- მეც ასე მგონია.
- აქა ხართ, ძმებო? - სახურავზე ამოსასვლელიდან თავი ამოჰყო ივამ. - მე და შალვოვიჩი თქვენს დაბლა ვართ. შალვოვიჩი რკინიგზისკენ, მე -აქეთ. ჩვენ  ქვემოთ, ნიკუშა და შალია. თქვენთან რა ხდება? არი რამე ახალი?
- არაფერი და ჩვენც ეს- გვიკვირს.
- მეც მაგრა მიკვირს ,,სართან" და იმიტომაც ამოვედი. ტელეფონზე ხალხი გვირეკავს: მართალია ჯარი გადის და სოხუმი იცლებაო?
- კაი რა! მერე, - თქვენ შიგ ხომ არა გაქვთო? -არ უპასუხე?
- ვუპასუხე ბიჭო, მაგრამ - როგორ არა ცარიელი პოზიციებიო - ასე ამბობენ.
- შეეშვი რა, პროვოკატორია ვიღაც.
- ყველა ტო? ასჯერ მაინც დარეკეს.
- ბიჭო, რა ცარიელი?! - მომეშალა ჭორზე ნერვები - ჩვენ აქ ვართ შე ჩემა?
- ვართ.
- ზემოთ წამალაიძის ხალხი არის?
- ალბათ.
- რა ალბათ? რომ წასულიყვნენ არ გვეტყოდნენ?
- ალბათ.
- აიჩემე ახლა ეს ალბათ შტერივით! ან ჩვენ რას გვეკითხები, შენ არა გაქვს რაცია? ადექი და დაუკავშირდი.
- საქმეც ისაა, რომ ვერ ვუკავშირდები.


                                                      ( მალე დასასრულიც მოვა) 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები