ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
19 ნოემბერი, 2009


პოეტის ქუჩიდან

როგორც მე მჩვევია, ასე, სულდაღლილი
მოვედი შენამდე პოეტის ქუჩიდან,
როდესაც ვარსკვლავებს შვენოდა თაღივით
მთვარე და ღიმილი, რატომღაც, უჭირდათ.

ბავშვობა დავტოვე ენძელის კაბასთან
მუხლმოყრით, თოვლიან საფარველს აცილებს...
ნატვრების ქარავანს და სუნთქვის ნაფაზებს
ქარი ათამაშებს მწეველი კაცივით.

აცივდა. ელფერი შეცვლიათ ტილოებს
ბალახის ზეთით და მზის სხივით ნახატებს,
ბათუმის აურა. ზღვის სანაპიროა
ბურუსში ჩამჯდარი. გადმომაქვს ქაღალდზე.

ილუზიურია ყველა გზა, რომლითაც
მივლია შენამდე. ანტრაქტზე რჩებიან
ნაცვეთი როლები. სცენას არ მოირთავს
სიყალბით ეს ღამეც. და როგორც მჩვევია,

იოლად შევალევ შეგრძნებებს საათებს,
ზოგჯერ რომ საკუთარ ყოფნასაც ფარავენ,
იღელვებს სტრიქონი, სიმშვიდეს წაართმევს
ჰორიზონტს. ჩვენ გვიყვარს და მარტო არა ვართ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები