ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
5 ივნისი, 2008


თავი 26. ქორწილი ("მაგდა")

თითქმის მთელი თვე ეხვეწა ნათია მაგდას და ბოლოს მაინც დაინხმა: მაგდა ნათიას მდადე უნდა ყოფილიყო!
- ბოლოს და ბოლოს, შენ, რა, თეას გამო, მონაზვნად გინდა აღიკვეცო?
- "მონაზვნობა" რა შუაშია?
- კაი, ბატონო, არ არის შუაში! მაშინ ასე გეტყვი: შვილი ვის არ გაუჩენია, მაგრამ მკვდრებში კი არ ჩაუწერით თავი?! რა მოგდის, მაგდა, გამაგებინე! ჩვენ ხომ მეგობრები ვართ?! თუ მარტო მე ვარ შენი მეგობარი?...
- არა, მეც ვარ... - გაეცინა მაგდას, მაგრამ ისევ, მომენტალურად სევდა ჩაუდგა თვალებში.
- ადამიანს ქორწილი ერთხელ აქვს (წესით და კანონით!) და გინდა ეს დღე ჩამაშხამო?
- არა, ნათი, ჩემო კარგო, მე შენი წყენინება აზრადაც არ მომსვლია, გულში არ გამივლია, მაგრამ... სულ სხვა არის ჩემი უარის მიზეზი: მდადედ მიჰყავთ ან გაუთხოვარი გოგონა...
- შენ, რა, გათხოვილი ხარ? კი ბატონო, მაშინ მეუღლესთან ერთად გეპატიჟებით ქორწილში...
- მაცადე, ნათი!... ან გაუთხოვარი გოგონა და ან ბედნიერი ქალი... მე კი, ღვთის განგებით, რომ იტყვიან, "არც წყალი ვარ და არც ღვინო"... - მაგდამ ცრემლებს შორის სცადა გაღიმება, - არ გეშინია, ჩემი ბედი რომ გადმოგედოს?
- ბედი ვირუსი არ არის!... ნუ გეშინია, არ გადმომედება! და თუ მაინცა და მაინც გადამდებია, რა იცი, იქნებ ჩემი ბედი გადმოგედოს, აა? - ნათია მაგდას მოეხვია და ლოყაზე აკოცა, - არაფერი აღარ მითხრა! შენ ხარ ჩემი მეჯვარე!
- მეჯვარე – ბიჭია, ნათი...  ქალ "მეჯვარეს" მდადე ჰქვია!
- ხო, შემეშალა! უმორჩილესად გთხოვთ, მაპატიოთ, ქართული ენის უბადლო მცოდნევ!
- ნუ მაშაყირებ!
- არ გაშაყირებ! მართლა ვამბობ!... მაგრამ თემიდან ნუ გადაუხვიე: ჯერ ერთი, მდადეა თუ მეჯვარე, - ეს იგივე ნათლიაა და მონათვლაზე უარის თქმა არ შეიძლება... და მეორეც, მე პატარძალი ვარ და პატარძლის ნებას წყალი არ გაუვა!...
- ოჰ, ნათია, ნათია!... მე ხომ ჯიუტი ვარ, მაგრამ, შეეენ? შენ რა ხარ, ეს ღმერთმა იცის მხოლოდ! კაი, ბატონო, იყოს ნება ღვთისა და ნება პატარძლისა!...
- მოკლედ ასე: მე წავედი... იმედია, ამ ერთ კვირაში არაფერს შეცვლი, ხომ?
- არა, აღარაფერს შევცვლი! მხოლოდ შენი სიყვარულით, ნათი!...
- აი, მაგიტომ მიყვარხარ მეც!... აბა, წავედი! - ნათიამ კიდევ ერთხელ გადაკოცნა მეგობარი და წავიდა.

* * *

ოქტომბრის თბილი დღე იდგა.
ქორწინების სასახლეს ფაეტონი მიუახლოვდა, თერთმეტმანქანიანი მაყრიონით.
ფაეტონიდან სწრაფად გადმოხტა ორი მოხდენილი ჭაბუკი. ორივეს მორენგო ფერის კოსტუმი ეცვა.
ვაჟებმა ხელი შეაშველეს და ფაეტონიდან ერთდროულად გადმოვიდა ორი ფერია: ერთს გრძელი თეთრი კაბა ემოსა და აკეცილ თმაში თეთრი ვარდი ჰქონდა ჩაბნეული, მეორეს კაბა კი – ზღვისფრად ლივლივებდა და მისივე თვალების ფერს ერწყმოდა.

ქორწინების სასახლეში მყოფნი, სტუმრებიც და მასპინძლებიც, მათ შესცქეროდნენ და აღფრთოვანებულნი, თვალს ვერ წყვეტდნენ შესანიშნავ ოთხეულს!

ვაჟა საჩალელის მეჯვარე, თამაზი ერთი წუთით არ აკლებდა ყურადღებას მაგდას, სულ ცდილობდა მის გვერდით მდგარიყო, რაიმე სასიამოვნო თუ სასაცილო ეთქვა მისთვის... მიუხედავად მაგდას გარეგნული სიმშვიდისა და მხიარულებისა, ხედავდა თამაზი ამ ულამაზეს ზღვისფერ თვალებში გამეფებულ სევდას და მიზეზის ამოცნობას ცდილობდა.

"რა უცნაურია, ნოდარი რომ აქ არ არის! და კიდევ კარგი, რომ არ არის! რა გაუძლებდა იმას?!... არა, მაინც ვერ ვხვდები, რატომ არ არის აქ!... რა კარგი გოგო ხარ, ნათი, რომ ის აქ არ დამახვედრე?!... უცნაურია!... ის ბიჭებიც კი აქ არიან, ვინც ჩემს მოტაცებაში ეხმარებოდნენ და ნოდარი არ არის მხოლოდ!.. ჰოდა, ძალიანაც კარგი, თუ არ არის!..." - ფიქრობდა მაგდა და შიშდაკრული თვალებით ათვალიერებდა სტუმრებს.

- არა, გენაცვალე, ასეთი წყვილი ჯერ ამ ქორწინების სასახლეს არ ახსოვს! მეჯვარეებიანად, რა ლამაზები არიან, ღმერთოოო! - ამბობდა ადმინიტრატორი ქალი და მათ ახლოს ტრიალებდა, - შეხედე, რა, ყველა წყვილი დაჩრდილეს... ამის წინ რომ მოაწერეს ხელი, ის გოგოც კაი გოგო იყო, მაგრამ... სულ დაიკარგა ამათ ფონზე! 

ხელის მოწერის შემდეგ – მცხეთას მიაშურეს, სვეტიცხოველს ესტუმრნენ...

სვეტიცხოველის ტაძარში მაგდამ ღვთისმშობლის ხატის წინ დაანთო სანთლები...
- დედაო ღვთისავ, წმინდაო მარიამ, - ჩურჩულებდა მაგდა, - შენც ხომ დედა ხარ?! დამეხმარე... მომეცი ძალა, რომ არ გავგიჟდე! არ გავგიჟდე, რადგან ყოველთვის გია მიყვარდა და ახლაც მიყვარს, ძალიან მიყვარს! მან კი... ეეჰ, მან არც კი მომისმინა, ისე მიმატოვა! არა, შურისძიებას არ გთხოვ! მე, ალბათ, თავად ვარ დამნაშავე, თუმცა კი არ ვიცი, რაში!... მხოლოდ ერთს გევედრები, მომეცი ძალა, რომ ბავშვი გავზარდო, მარტომ, სხვების დაუხმარებლად!... და კიდევ ერთს გთხოვ: ჩემს თეას მიეცი კარგი ბედი! იმას მაინც ნურასოდეს ათქმევინებ, "უბედური ვარო!" ეს არის ჩემი თხოვნა... ამას გევედრები!


"მაგდა" – მოესმა ჩურჩულით ნათქვამი... ნაცნობი ხმა ჩურჩულებდა მის სახელს.

"ნოდარი" – გაუელვა მაგდას ტვინში და ელდანაკრავი შემობრუნდა...

გვერდით არავინ ედგა!
მაგდას სუნთქვა შეეკრა, შეუმჩნევლად გადაიწერა პირჯვარი და სწრაფი ნაბიჯებით გავიდა ტაძრიდან...

"ღმერთო ჩემო! რა იყო ეს? მერაბისა და ლიას ქორწილის შემდეგ მე აქ აღარ ვყოფილვარ! და მაშინაც ზუსტად იქ,  ღვთისმშობლის ხატის წინ ამომიდგა ნოდარი გვერდით და ამ ხმით დამიძახა, "მაგდაო!"... მაშინ მე მას არც კი ვიცნობდი... და მაინც ის ხმა, ის ჩურჩულით ნათქვამი "მაგდა" მახსოვს!.. რატომ მახსოვს, რატომ?! მე არ მინდა, რომ ნოდარი მახსოვდეს! არ მინდა, არა!..."

- მაგდა! – ვიღაცამ ხელი მოჰკიდა და მტანჯველი ფიქრი გააწყვეტინა. მოიხედა და – თამაზი დახვდა, ვაჟას მეჯვარე!
- "ჰაი, მდადეო, მდადეო, თევზს გადავუგდე ბადეო! ეს ჩემი ოხერი თავი შენს..."  არ მინდა ბოლომდე, როდის გამოხვედი ტაძრიდან?! ვერ დაგინახე.… წამოდი, მივდივართ უკვე, ყველანი ჩვენ გველოდებიან!

მაგდას სიწითლემ აჰკრა ლოყებზე, თამაზს გაუღიმა, თავი დახარა და ეზოდან გასასვლელისკენ გაემართა.
თამაზი უკან მიჰყვა.

მექორწილეთა მაყრიონი სვეტიცხოვლის ტაძრიდან ჯვრის მონასტრისკენ დაიძრა. ნეფე-პატარძალი მეჯვარეებითურთ ფაეტონიდან თეთრ "ვოლგაში" გადასხდნენ.

თეთრი "ვოლგის" დანახვაზე მაგდას გააჟრჟოლა, მაგრამ მისი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა რომ უაზრობა იქნებოდა, იცოდა და ამიტომ უხმოდ გადაჯდა მანქანაში. შეშინებული თვალებით შეხედა მძღოლს და... შიში სიხარულით შეეცვალა: საჭეს მისთვის უცნობი ვაჟი მართავდა!

ნათიამ მაგდას ეს მზერა დაიჭირა და უსიტყვოდ მიუხვდა ყველაფერს.

"რა ვქნა, მაგდა, რით დაგეხმარო?! რითი გიშველო? რითი გაგიფანტო დარდი?!" – გაიფიქრა ნათიამ, მაგრამ არაფერი შეიმჩნია, არ გაუღრმავა მეგობარს გულის მტკივნეული იარა.

ჯვრის მონასტერში ნათიამ მაგდა გვერდში მოიყენა, მერაბსაც უხმო და თავად წამოიწყო თავისი რბილი, ხავერდოვანი ხმით "შენ ხარ ვენახი", თან თვალებით მაგდას ემუდარებოდა, "არ გამაწბილო, პირველი ხმა მითხარიო..."

და ამღერდა მაგდა თავისი წკრიალა ხმით... ამღერდა პირველად, "იმ" 25 ივნისის შემდეგ!

მღეროდნენ მხოლოდ სამნი: მაგდა, ნათია და მერაბი! ვერავინ გაბედა, თავისი ხმა შეემატებინა ამ ღვთიური გალობისთვის.

"მაშინაც ამ სიმღერას ვმღეროდით, მერაბისა და ლიას ქორწილში... მხოლოდ მაშინ ისიც, ნოდარიც ჩვენთან ერთად მღეროდა," - შეუჩნდა მაგდას უსიამოვნო ფიქრი, - "ახლა ნოდარი აქ არ არის და მე მაინც სულ მასზე ვფიქრობ!... ღმერთო, რა მემართება?!"

მაგდამ თავი გაიქნია, თითქოს ფიქრის აბეზარი ბუზივით მოცილება შესძლებოდა.
"როგორ უნდოდა ლიას წამოსვლა, მაგრამ მისთვის არ შეიძლება! წუთი წუთზეა მოსალოდნელი ბავშვის დაბადება!... რა მოუთმენლად და სიხარულით ელიან ამ პატარა არსების ქვეყნად მოვლინებას! ჩემი თეას დაბადება კი... ალბათ, მე თავადაც არ გამხარებია დიდად!... ახლა? ახლა თეა მირჩევნია მთელ მსოფლიოს!"

"მზეეე ხააარ დააა გაბრწყიინ-ვეეე-ბუუუუ-ლიიიი"... - გაისმა საგალობლის ბოლო სიტყვები და... მონასტერში გიჟივით შემოიჭრა ნოდარი!

- მერაბ, ბიჭია, ბიჭი! - შესძახა ნოდარმა, მერაბთან მიიჭრა და გადაეხვია.
- ნოდარ, ჩემო მახარობელო!... კი, მაგრამ, მე? მე რომ იქ არ ვიყავი?... როგორ, როდის? რანაირად?... – აქეთ-იქით აწყდებოდა დაბნეული მერაბი, - ლია, ლიაკო... მე არ ვიყავი შენს გვერდით... მაპატიე!

მერაბს აღარაფერი ესმოდა, გარდა იმისა, ნოდარმა რომ უთხრა, "შენს წასაყვანად მოვედიო"...
ნათიას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ჯერ მერაბს ჩამოეკიდა კისერზე, შემდეგ ნოდარი გადაკოცნა, "სამახარობლო ჩემგანაც გეკუთვნისო", - უთხრა... შემდეგ მაგდას გადაეხვია... არანაკლებ უხაროდა ვაჟასაც...

მერაბი მილოცვას ღებულობდა, თავად კი იქ იყო ახლა, თავის ლიაკოსთან და ჯერ კიდევ თვალაუხელელ, სულ რაღაც ნახევარი საათის წინ მოვლენილ არსებასთან, რომელსაც სახელიც კი არ ჰქონდა ჯერ და მხოლოდ ერთი სიტყვით ახსენებდნენ ახლა:
ბ ი ჭ ი!

ნათიამ ერთი წუთიც არ ისურვა დარჩენა. გაიქცა და პირველი ჩაჯდა მანქანაში.
- ყველაზე დიდი საჩუქარი დღეს ლიაკომ მომართვა და პირადად უნდა მივიდეო, - დაიჟინა.
ნათიას ამ წინადადებას ყველამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი და მანქანების ქარავანი სამშობიარო სახლისკენ დაიძრა.

ალბათ არცერთ მშობიარეს არ ჰყოლია ერთდროულად ამდენი მნახველი, - 12 მანქანა მიადგა სამშობიაროს ეზოს.

ყვავილების უზარმაზარი თაიგული გაუგზავნეს "ახალგამომცხვარ" დედას!


როგორც კი ნეფე-პატარძალი და მისი მაყრიონი ქორწინების სასახლისკენ გაემგზავრა, ლიას მუცელი წამოსტკივდა, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია, იფიქრა, "დაღლილობის ბრალიაო"... 10 წუთიც არ იყო გასული, რომ შეტევა გაუმეორდა, მაგრამ ისეთი სიძლიერით, რომ დამალვა შეუძლებელი გახდა!
ცივმა ოფლმა დაასხა. ელენესთან მივიდა და ჩუმად უთხრა: "მგონი შეტევები დამეწყოო"... ამასობაში კიდევ ერთი შეტევა მისცა...

ნოდარი, როგორც მერაბის უახლოესი მეგობარი, ქორწილში, რა თქმა უნდა, დაპატიჟებული იყო.
მივიდა კიდეც, მაგრამ მაგდას არ დაენახვა თავიდან, - არ უნდოდა მისი დაფრთხობა. ამავე მიზეზით არ გაჰყვა ნათიასა და ვაჟას ქორწინების სასახლეშიც...
ესეც, ალბათ, ლიას ბედი იყო!

ლიას რომ შეტევები დაეწყო, ელენე დაიბნა, აღარ იცოდა, რა ეღონა!
- დეიდა ელენე, ნუ გეშინიათ, მე გავყვები ლიას! თქვენ სტუმრებს მიხედეთ, - ამბობდა ლიას უფროსი და და თან ლიას ამზადებდა.
- რა თქმა უნდა, დეიდა ელენე, მე და თამრიკო გავყვებით ლიას. ექიმებს მაინც ვიცნობ ბევრს, სხვებს თუ არა!... ნუ ინერვიულებთ...
ნოდარმა ფერდაკარგულ ლიას ხელკავი გამოსდო და ფრთხილად გაიყვანა გარეთ, შემდეგ მანქანაში ჩასვა და სამშობიაროში გააქანა.

სამშობიაროში, მათ ბედზე, ანზორ გოკიელი ადგილზე დახვდათ.
ნოდარმა "მისი შვილის ექიმს" ტკივილისგან დაკრუნჩხული და ოფლდასხმული ლია ჩააბარა. ანზორმა მაშინვე საკაცე მოაყვანინა და ლია სამშობიაროს მიმღებში შეიყვანა.

მშობიარობა საოცრად სწრაფად და იოლად დამთავრდა. პირველი შეტევის დაწყებიდან 2 საათიც არ იყო გასული, რომ  ექთანმა ქალმა "მოდებაძე - ბიჭიო"! - დაიძახა! 

ამასობაში ლიას მშობლები და ნათესავებიც მოვიდნენ.
- თამრიკო, მე წავალ, მერაბს შევატყობინებ და აქეთ წამოვიყვან! - ამ სიტყვებით ნოდარი მობრუნდა და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა სამშობიაროს მოსაცდელი.

ნოდარმა გასული დროის მიხედვით განსაზღვრა, სად შეიძლება ყოფილიყვნენ მექორწილენი.
"ორი საათი ბევრი არ არის, მაგრამ არც ისე ცოტა დროა, მცხეთამდე ვერ მისულიყვნენ. ვიდრე მე იქ ჩავალ – 25-30 წუთი დამჭირდება. ესე იგი, ჯვრის მონასტერში იქნებიან ასულები... თუ არ იქნებიან და, წუთი – წუთზე ამოვლენ," - ფიქრობდა ნოდარი და თავის "ვოლგას" ჯვრის მონასტრისკენ მიაქროლებდა.

არ შემცდარა! აქ იყვნენ ყველანი!... აქ იყო მისი მაგდაც!

მეორედ იყო ნოდარი მერაბის "მახარობელი": პირველად – თავად მის ქორწილში, მეორედ კი – დღეს, ნათიას ქორწილში!

მაშინ ნოდარი შორიდან უცქერდა მაგდას, რადგან მაგდა არ იცნობდა მას...
ახლაც შორიდან უცქერის, რადგან... რადგან მაგდა არის მისი შვილის დედა!...

ოო, როგორ უნდოდა დღეს ნოდარს აქ წამოსვლა! მხოლოდ – ასე არა, მაგდასთან ერთად! მის გვერდით უნდოდა ყოფნა... უნდოდა წამოსვლა და განგებამ აიძულა კიდეც, რომ წამოსულიყო!
რა იყო ეს, ბედი?
ან, იქნებ, - ბედისწერა?!...

შენიშნა ნოდარმა, როგორ შეცბა მის დანახვაზე მაგდა და, ამიტომ, ახლოსაც არ მივიდა. მხოლოდ შორიდან მიესალმა.

ჯვრის მონასტრიდან სამშობიაროსკენ დაიძრა მექორწილეთა კოლონა.
ნოდარი მეორე მანქანად ჩაუდგა კოლონას, - აქედან კარგად ჩანდა მაგდა!

"ერთხელ მაინც მოიხედოს! ერთხელ მაინც, ღმერთო!..." - ფიქრობდა ნოდარი.
გვერდით მერაბი ეჯდა, თავის ფიქრებში ჩაძირული მერაბი, რომელსაც ბედნიერი ღიმილი არ შორდებოდა სახიდან!

და ნოდარს, პირველად თავის სიცოცხლეში, ეს ბედნიერი ღიმილი შეშურდა თავისი მეგობრისა!.. თვალწინ წარმოუდგა, როგორ გამოიყვანდა სამშობიაროდან მაგდას, თეას... როგორ შემოეხვეოდნენ მშობლები, ნათესავები, მეგობრები... მიულოცავდნენ მისი პირველი შვილის, პირველი სიხარულის გაჩენას... როგორი ალერსიანი თვალებით გამოხედავდა მაგდა!...

- ნოდარ, ფრთხილად!... – მერაბის ხმამ გამოაფხიზლა ნოდარი.
ინსტიქტურად მის წინ მიმავალ მანქანას შეხედა და...
ჰოი, საოცრებავ! მას მაგდა შემოსცქეროდა!

და შეიძლება ეს გამოხედვა არ იყო ისეთი თბილი და ალერსიანი, როგორც ეს ნოდარს წარმოედგინა და უნდოდა, მაგრამ მათში სიცივე და შიში გამქრალიყო! ყოველ შემთხვევაში, იმ წუთას ასე მოეჩვენა ნოდარს!

ნოდარის გულში იმედის ნაპერწკალი აინთო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები