ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ა___ჩ___ი
ჟანრი: პოეზია
8 დეკემბერი, 2009


  ჩამოტვირთვა

ჩემი სახლი და დეკემბერი

ჩემი სახლი უყურებს დედამიწას თვალებში,
ეძენიბა ქალაქს და მგონია რომ შემთხვევით,
სადღაც შეღამებამდე, მთვარე ისე გავლესე,
ნამგალივით მიჭრიდა... ესე იგი მეთევზის

როლი მაქვს და მთვარიდან, ვეზიდები ანკესით
მანძილს, ახლა რომელიც, შორია თუ შორის და
მე სარკმელთან გეძახი შენ კი ისევ არ გესმის...
ოცი წუთი შესრულდა უკვე ღამის ორიდან.

ცხადია თუ უთუო, აზრი აქვს თუ არა აქვს,
თვალის დახამხამება ჩემთვის არის ვერდიქტი,
ქარი მეტყვის დანარჩენს, მესვრის ალბათ ქარაგმას,
რომ დილამდე ვიფიქრო, ვიფიქრო და ვერ მივხვდე.

ახლა ისე აცივდა, წვიმას ყინავს ჰაერში,
გაფიქრება იმის რომ მარტომ უნდა ვიძინო,
დედამიწის გულისთვის ისე უცებ დავეშვი,
არც კი დავემშვიდობე, მთვარეს... ჰოდა ვიცი რომ

ჩემი სახლი უყურებს დედამიწას თვალებში...


სურათი (სახელად წვიმა)

შეღამებულზე მიიმალა ღრუბლებში მთვარე,
კანგაცლილ ხეებს დაუვარდათ  ფოთოლი ბოლო,
სიძველის ხმა თუ ჭრიალის ხმა აწვალებს კარებს,
სიძველის ხმა თუ ჭრიალის ხმა აწვალებს მხოლოდ.

შენ თუმცა ასე უბრალო და სახელად წვიმა,
აწყდები მინას, და იფერთხავ ფრთებიდან ვალებს,
გაგექცა წვეთი, ან ბოლო ან ბოლოდან წინა,
გაშრები მაინც, დღეს თუ არა, გაშრები ხვალე.

ცამ ხედავ ისე შეიფერა... სიწითლე ღრუბლის,
სცენაა ახლა სიყვარულის, გოგოა როლი,
ზამთარს კი ისევ უღალატო მერცხალი უვლის,
ღმერთია ალბათ პირველი და ღმერთია ბოლოც.

შეღამებულზე მიიმალა ღრუბლებში მთვარე,
კანგაცლილ ხეებს დაუვარდათ  ფოთოლი ბოლო,
სიძველის ხმა თუ ჭრიალის ხმა აწვალებს კარებს,
სიძველის ხმა თუ ჭრიალის ხმა აწვალებს მხოლოდ.




ნაკვეთი აბსურდიდან (ლაბორატორიული სამუშაო)

ზამთარია, მიილია ფოთოლცვენის ამინდები,
ქვაზე თითო ფიფქი დევს და შიგადაშიგ მეცინება,
თუმცა ახლა ძველებურად, ისევ ისე არ მინდები...
გაცივდაო... ჩაიკვნესეს, ვარაუდის ექიმებმა.

თვალებს მჭრიდა, მეოცნებეს, წარსულიდან ანარეკლი -
ხო! ცხოვრება ასე არის, ვერას გათვლი საწინაოდ,
ყველა გზა თუ მოიფინა, ვარდის ფურცლით, ანდაც ეკლით...
ხელის გულზე დავიძინებ, რომ არ მერქვას - გაცივდაო.

მდევარს კვალი დაეწია, ალაგ-ალაგ აირია,
მითუმეტეს თუ დარჩება ასარჩევად არადანი,
ხელს რომ მიწყობს, ერთადერთი, უღალატო ჰაერია...
გული, ჩემი აღარ არის, იმიტომ რომ გავატანე -
იმას ვისაც არ ეკუთვნის, თუმცა მისთვის მომენიჭა,
მიჩუქნია... ჩემთვის მაინც  ავიტანდი ვერასოდეს,
დღეა უკვე სამიოდე, დაბადების მომენტიდა,
ღამეა და ყველას ღვიძავს... დაგვეძინა მე და სოფელს.




დედა (კადრიდან ლოცვის)

დედა ლოცულობს, თუმცა ლოცვა არ იცის ვგონებ,
ზეპირად, თორემ დედის ლოცვას რად უნდა ცოდნა,
სანთლის მოტკბო და ოდნავ თბილი, ყვითელი ფონი,
სახეს უნათებს... ყველა ტკივილს უქრობს და ოდაც
ისე გათბა რომ... ზამთარია, სიცივის სწორი,
საწოლს მიჯაჭვულ მამაჩემსაც გაეხსნა წარბი
და წლებით კედლებს დამჩნევია ორიოდ ზოლი.
დრო ნუთუ ისე წამიერად გარბის და გარბის,
რომ ერთ წუთსაც ვერ დაიყოვნებ და ვითვლი ხაზებს
კედელზე, სახლშიც სიჩუმეა ტაძარზე მეტად,
რომ ახლა უფრო ხშირად მინდა დავწერო ძმაზე,
ძმაზე რომელზეც ყოველ ღამით ლოცულობს დედა.
.
თუმცა სათქმელი, სათქმელს ისევ ვერევი თრომით,
ხანაც დღითი დღე ბერდება და წარსულში მიდის
და დედაჩემის ნაოჭებში იწყება ომი,
მთავრდება ძმა და... კალენდარზე ნოემბრის შვიდი....




კადრების მოლოდინი

ზამთარს სუსხი უსინჯავს, თარიღების გარეკანს,
ქუჩას ვხედავ ატყვია, გაყინული კენჭები,
ველი ვინმე მოვა და კარზე ისე დარეკავს,
რომ ვიფიქრო შენ ხარ და ერთი სიტყვით ვეჩვევი -

უშენობას, რადგანაც, მქვია ახლა ოცნება,
ფასით ისე დავეცი, გაფიქრებამ მიყიდა,
და ყოველ დღეს დღეიდან, რაც კალენდარს მოძვრება,
წელთაღრიცხვას დავარქმევ, რომ დამტოვე იქიდან.

ამ ლექსს პათეტიკური პოზა აქვს და ვიფიქრე -
ახლა ჩემში ბევრია, უარაფრო ფაუსტი,
ცაში ხელებაწვდილი ვიჭერ მგონი იმ ფიფქებს,
შენ რომ ტუჩი შეახე, შეახე და გაუშვი.

მთვარე ღრუბელს იხდის და კადრს შევცქერი წამიერს,
ჩვენც გვიყვარდა ერთურთი ცალმხრივად და სრულებით,
კითხულობდი ჩემს ლექსებს და ოცნების მაგიერ -
მჯეროდა რომ ერთმანეთს მაინც ავისრულებდით.

ზამთარს სუსხი უსინჯავს, თარიღების გარეკანს,
ველი ვიღაც მოვა და კარზე ისევ დარეკავს...........

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები