ნაწარმოებები



ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
7 დეკემბერი, 2009



***
ცის ფიქრი აგიყოლიებს
ჩრდილს დაასვენებ მთაზედა.

იელვებს ძველი ტკივილი
როგორც მზის შუქი ხმალზედა.

მონატრებისგან ლამაზი
დარდი დაგიწვენს მკლავზედა.


გზა  ერთი, ხატიც ერთია
---------------------------------

გული გულს დაღონებული
სიხარულისას უამბობს
უამბობს როგორ გადარჩა
მისი ხომალდი უაფრო.

დღე ლამაზდება…გული გულს
უამბობს მთისას ბარისას
ხმებში კელაპტრის სითბოა
და გოლეულის სიტკბოა
და სიწმინდეა ნამისა.

გული გულს ემაისება
წუთებს უმრავლებს ამოსა
შვლებივით დასწაფებიან
უკვდავებისა წყაროსა.

სიტყვები იის სურნელით
გზა ერთი ხატიც ერთია
არ ჩაგიქრება ნათელი
სივრცეებიდან ნადენი
როცა გულებში ღმერთია.

ს ა გ ა ლ ო ბ ე ლ ი
----------------------------

შავით და თეთრით ნაქარგო
ნისლის ყდიანო რვეულო
ფურცლებზე ეკალასხმულო
დარდო გულს შემოფრქვეულო
ცუდაის გამხარებელო
კარგის წამებას ჩვეულო
ზოგისთვის დასაფიცარო
და ზოგისთვისაც წყეულო
ხან ჭირხლო გაზაფხულისა
ხან ცეცხლო თოვლში რხეულო
ხან სიხარულის ტაძარო
ხან კოშკო ჩამოქცეულო
ბურუსო ყვავილოვანო
სამყაროს შემოხვეულო
ნათებავ ქვესკნელებისა
ზესკნელში ამოღწეულო
მახვილო სიყვარულისა
ღმერთისგან გადმოქნეულო_
წუთისოფელო ლამაზო
მძლეველო ზოგჯერ ძლეულო
ხან ლხინო ერთი წამისა
ხან ტანჯვავ ათასწლეულო!



სადღაც  შორს
--------------------
გულის  სიღრმეში
-----------------------

ჩემს მკერდზე თავმიდებული
ღუღუნებ ქედანივითა
ცას ეხატება იები
შენი თვალების სხივითა
თავდავიწყების ტალღებში
მივცურავთ ოქროს ტივითა.

სადღაც შორს
გულის სიღრმეში
სიხარულისგან ვტირითა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები