ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: რ_____ო_____ი
ჟანრი: პოეზია
7 დეკემბერი, 2009


ნიკა ჩერქეზიშვილს


ძმა, დეკემბერი დადგა,
შემოიკეცა არე,
ქარის მონატან ლექსებს,
ვეღარ წაიღებს ქარი,
გაგეცინება გულით,
გაგეცინება რახან,
ვინც რამეს დაწერს თურმე
ყველა პოეტი არი.

ძმა, ჰაერია მძიმე,
ცასა და მიწას შუა
და ყველა წერტილ მძიმე
გამოიყენე თუ არ -
ისე ვერაფერს დატევ,
ისე ვერაფერს იტყვი
რადგან დროება ძმაკაც
ბეთჰოვენივით ყრუა.

ძმა, დღეს ხასიათს ვშველით,
სტრიქონებით და მადის
დასაპურებლად ხელი
აგვირჩევია, დარდის -
გასაფანტავად სტრიქონს
ვეჭიდებით და ვძერწავთ,
მაგრამ ვაი რომ ხალხი
აირწინაღით დადის

იმ ვაკუუმში სადაც
უჰაერობის დასტა,
ღელავს და პოეზიით
დაკავშირება აზრთა,
არის ერთგვარი შველა,
ან შველაც არა იქნებ,
ან ცა ჩამოვა ჩვენთან,
ჩვენ თუ არ მივალთ ცასთან.

ძმა, არაფერი უჭირს,
ერთი ბილიკით ვივლით,
და ყველაფერი ფუჭი
ირონიაა დილის,
ძმა, კიდევ ერთხელ მსურს და
ძმა, კიდევ ერთხელ გეტყვი,
ამ ერთი შვილის გარდა
კიდევ მრავალი შვილი -

მომელოცოს და ასე
ცასა და მიწას შუა,
სულ ყველა წერტილ მძიმე
გამოვიყენეთ თუ არ,
არც არაფერი დიდი,
არც არაფერი ცოტა,
რადგან ეპოქა მაინც
ბეთჰოვენივით ყრუა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები