ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
13 დეკემბერი, 2009


ჯიშით დაუღლელნი...

  ინისფერ მზეს ისხამს თვალებში სისხამზე,
  ქარების სიშლეგე ცხენს ნალად ატყვია.
  და სანამ ომები ახალ სისხლს ისხამენ,
  მზე სვირინგს დაადებს მის ყოველ ნატყვიარს.
  მოისმის ფლოქვებქვეშ წლების თქარა-თქური,
  იცავს მომავლისგან წარსულის სანახებს.
  ჰყავს ერთგულ მეგობრად ცხენი დარახტული,
  უცხოს არ ენდობა, არც სახეს ანახებს.
  ბედს ბედი არა აქვს, თუა ბედუინის,
  უდაბნო ქვიშით წერს უმკაცრეს კანონებს.
  აზიურ სიფიცხეს არ უყვარს ტყუილი,
  ნამგალა მთვარეც აქ ბასრ ხანჯალს გაგონებს...
  უდაბნოს ლომების სულ სხვაა ელფერი,
  თვალებში ზურმუხტი თითქოს მირაჟია.
  ქვიშის სამფლობელოს ისე ფლობს, მეფე ვით,
  თვლემს ცხენის ფაფარზე ბებერი აზია.
  როცა მზეში დგახარ, მხოლოდ შენ გხედავენ,
  მზე თავის რჩეულებს მზის წნულში ეხება.
  ჯიშით ჯერ დაუღლელ არაბულ ბედაურს
  წითელი ქარები გართხმიან ფეხებთან.
  ქარებს ნესტოებში ლომების სუნი სცემთ,
  ზოგჯერ ლომისფერი გადაჰკრავს ქვიშასაც.
  მზეს ლომის სახე აქვს და ნებას თუ მისცემ,
  მზის ბეჭდით თვალებსაც სულ ამოგიშანთავს.
  თითქოს გაცოცხლდაო სული დერვიშების,
  სულ და ფეხშიშველნი უვლიან სალოცავს.
  წყლის წასვლა-მოსვლაში დარჩენილ ქვიშებმაც
  იციან კავშირი დერვიშის სალოსთან...
  ცეკვავს მუცლის ცეკვას მზე და თარზე უვლის,
  ლანდი ბედუინის ბორცვზე შეიმართა.
  წარსულს რწმენასავით სისხლი აზიური
  იცავს, რომ გულმართლად ილოცოს იმამთან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები