ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: რ_____ო_____ი
ჟანრი: პოეზია
14 დეკემბერი, 2009


სულის სურათი



ბინაა ჩემი,
პატარა და სუნთქვით გამთბარი,
ცოლია ჩემი ფეხმძიმე და
ცაა ორსულად,
საცაა თოვლის დაიხურავს
საბანს ზამთარი,
ჩვენ კი ვისხდებით
მომლოდინედ,
მშვიდად,
უბრალოდ,
ანუ ჩემს სულში ამ საღამოს
მოთოვს შეგრძნება -
რომ უფრო მეტად
მიყვარდე და მწამდე უფალო.




            ჰოლი

ჰოლია ცისფერი და ჰოლი
ვრცელია,
დგას ერთი პატარა სკამი და
კანაპე,
ამ ჰოლში ბიჭები ან ერთხელ
ელიან,
ან მერე მამები ელიან....
განაბე -

ეგ სუნთქვა რომელშიც ბევრია
დაკაპო,
ფოთლები რომელსაც იყენებ
საკაბედ
და თუ გსურს კივილით ტკივილი
აკაფო,
ჯერ ეჭვი და მერე ის ცხრა თვე
აკაფე,

რომელიც ახლოა და სანამ
მოვარდა
ზამთარი და სანამ წუხილი
შემატყო,
მანამდის გაგრძელდეს ლეგატო
თოვათა,
გაგრძელდეს მანამდის თოვათა
ლეგატო

და იყოს ლექსები შვილების
ჰავანი,
შეშლილი დღეების დამფრთხალი
წამივით,
არ გვქონდეს საერთოდ არცერთი
საბანი
და ვიწვეთ საწოლში ოღონდაც
სამივე.

ჰოლია ცისფერი და ვრცელი ჰოლია......


               
                 
                    ხვალ ან ზეგ...

ხვალ ან ზეგ ბათუმში თოვაა საოცარი,
ხვალ ან ზეგ ამ თოვლით მამები ავიშენოთ,
სიკვდილს კბილებიდან სიცოცხლე გამოვცარით,
სიცოცხლე რომელიც ლექსებში გაიჟონა.

ხვალ ან ზეგ გავიაროთ ქუჩებში საღამოთი,
ან ზღვასთან შევიყოვნოთ განცდები მომეტებით,
ვიქნებით სულ მარტონი და იცი რა გამოდის?
ზამთარში ზღვასთან მხოლოდ მიდიან პოეტები.

ხვალ ან ზეგ, ხვალ ან ზეგ, ხვალ ან ზეგ სულერთია
რაიმე შეიცვალოს მარტივი გართულებით, 
სურათზე ჩვენს მამებს სახეებს უნათებენ,
ნაძვის ხის სასაცილოდ მბჟუტავი ნათურები.

ქარი კი კისრის ტეხით ჩამოდის ხეებიდან,
წვება და დამტვერილი ფეხებთან ილოკება,
ნაფაზი, შუაღამე დამპალი ნერვები და
ფანჯრები იქცევიან სულ მალე იოგებად -

წვიმების, სიკვდილს კი სიცოცხლე გამოვცარით,
სიცოცხლე რომელიც ლექსებში გაიჟონა,
ხვალ ან ზეგ ბათუმში თოვაა საოცარი,
ხვალ ან ზეგ ამ თოვლით მამები ავიშენოთ.




      ბესო აბუსელიძეს

წელი არის უმამო და ცივი.
იანვარი ბალდახინებს ყინავს,
გარეთ ქარი ტურასავით კივის
და ქარივით დაწრიალებს ტურა,
დედამიწა ორიათასცხრას და
შენ გადაღლილ ოცდაათ წელს ხურავ.

ფიქრი არის მრავალი და უჭირთ,
დღეებს უჭირთ იმედებთან წოლა,
უკვე თოვს და თოვაც არის ფუჭი,
წინ ხიდია და გადაღმა ხიდის,
არის გზები თან ისეთი გზები,
რომ არცერთი ტაძართან არ მიდის.

ხალხსაც ხედავ ნაირ-ნაირ-ნაირს,
ბრბოს უყურებ ერთფეროვნად ფერადს,
ზოგი გყიდის ვერცხლად ოცდაათი,
ზოგიც უკან მოგიბრუნებს ხურდას,
გადარჩენას თუ ისურვებ აწი,
ქრისტეს ასაკს გადასცილდე უნდა...

და ცხოვრება მოიტოვო უკან,
ჯერ კი ქარი ბალდახინებს ყინავს,
გარეთ ქარი ტურასავით კივის
და ქარივით დაწრიალებს ტურა,
დედამიწა ორიათასცხრას და
შენ გადაღლილ ოცდაათ წელს ხურავ.




      ნათლისღება (ნინოს)

ქარის ხმა ისმის ახლა გამებად,
ჩემს ღამეს შენი მთვარე დანათის,
სრულდება ეს თვე როგორც წამება,
როგორც თოვლი და როგორც ბარათი.
ღამეს კი ღამეს სავსე მთვარიანს,
სახეს უფარავს ღრუბლის ნიღაბი,
ამბობდნენ ჩვენზე - კარგად არიან,
მაშინ როდესაც - ცუდად ვიყავით.
ახლა კი ღმერთს ჰგავს შენი დანახვა,
ქარი ხიდიდან ხიდზე გადადის,
მოვკვდები ოღონდ იყო თანახმა,
რომ დაგრჩეს - ჩემი წილი ჟანგბადი.
ნინო, როგორ ჰგავს ცა და ოჯახი
ერთმანეთს არა, უერთმანეთოდ
ყურს ვუგდებთ ახლა ბევრის მოძახილს
და ვხვდებით ბევრთან არ გვაქვს საერთო
ენა,  აზრი  და  გამონახვადიც
არის  წარსულში  არარაიმე,
მთვარე ჰკიდია როგორც ნახატი
და გამთენია სუნთქავს აივნებს.
ველოდი იმას რასაც ველოდი,
შენ მზეს გააჩენ პირმშოს კიარა,
ამ წელიწადის საქართველო კი -
ცხრამმეტ იანვარს იმშობიარებს.
ვიღაც იკითხავს სადღაც რა ხდება,
შენ კი ამ კითხვის სხვაგვარ მტკიცებად,
ნათლისღება და ლექსი დაგხვდება,
როცა ხვალ დილით
                                    გაგეღვიძება...





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები