ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
7 ივნისი, 2008


თავი 27. სამშობიაროში ("მაგდა")

სამშობიაროს ეზოს კარებს 12 მანქანა ერთად მიადგა.
მანქანიდან პირველი ნათია გადახტა და ნოდარის მანქანასთან მიიჭრა.
- ნოდარ, გაგვიძეხი წინ! სად მიიყვანეთ, ვისთან?
- სად უნდა გაგიძღვეთ? მოსაცდელში შედით. ახლავე მოვალ მეც. გოკიელმა ამშობიარა!

სამშობიაროს ფანჯრებიდან სულ უფრო მეტი და მეტი ქალი იყურებოდა. ეზოშიც იმატა ცნობისმოყვარეთა რაოდენობამ: ყველას აინტერესებდა მნახველებად მოსული ნეფე-პატარძლის დანახვა.

ამდენი მნახველი, ალბათ, ჯერ არცერთ მშობიარეს არ ჰყოლია!

ლია, რომელიც დედობის ორ საათს ითვლიდა მხოლოდ, ბედნიერი ღიმილით იღიმებოდა, მაგრამ საწოლიდან ვერ დგებოდა და მხოლოდ წარმოსახვას სჯერდებოდა.
სამაგიეროდ, მის პალატაში მყოფი კიდევ ერთი ახალგაზრდა დედა, ზეინაბი ფეხბურთის მატჩის კომენტატორის სიზუსტით გადასცემდა ყოველ წვრილმანს, რაც სამშობიაროს ეზოში ხდებოდა.

როცა ლია პალატაში შეიყვანეს, ზეინაბი საწოლიდან წამოდგა და გამოელაპარაკა.
- გამარჯობა. მე ზეინაბი ვარ. რა გქვია?
- ლია...
- პირველი შვილია? ბიჭია თუ გოგო?
- კი, პირველია... ბიჭი! შენი?
- მე მეორე  გავაგორე! უფროსი, ქეთი 2,5 წლისაა, ახლა კი ზურა დაიბადა, ზურაბი!...
- კარგი სახელები შეგირჩევია!
- მე რა შევარჩიე? დედამთილი და მამამთილი გავაჩინე ხელმეორედ! აბა ვერც ზინაიდას დავარქმევდი და ვერც აბესალომს... აღარ არის ეს სახელები მოდაში და ქეც მოვუხადე ჩემს მშობლებს ბოდიში!
- უი, რა სასაცილო გოგო ხარ, ზეინაბ? – გულიანად გაეცინა ლიას.
- შენ რას არქმევ ვაჟკაცს?
- არ ვიცი, ან მამაჩემის სახელს და ან მამამთილისას...
- რომელიც უკეთესად ჟღერს, შენც ის ამოირჩიე,
- საქმეც მაგაშია, რომ ვერ ამოვირჩიე: მამას ავთანდილი ჰქვია, მამამთილს ვახტანგი...
რომელს ვუთხრა, შენი სახელი არ მომწონს-მეთქი?
- ოოო, რთულად არის საქმე.
- მამა ბავშვობიდან გვთხოვდა მე და ჩემს დას, ჩემი გვარის გამგრძელებელი ღმერთმა არ მომცა და სახელის გამგრძელებელი მაინც გააჩინეთო. ჩემი და – ჩემზე 8 წლით უფროსია, 2 გოგონა ჰყავს... მეტს კი - ვერ იყოლიებს...
- არ უნდა მეტი?
- არა, არ უნდა კი არა, ვეღარ გააჩენს... მშობიარობის დროს ამოუღეს საშვილოსნო!...
- აბა, ბაზარი არაა, შენ უნდა დაარქვა მამაშენის სახელი... კაცს გულს ხომ არ დაწყვეტ ამაზე?
- და მამამთილს რა ვუთხრა? რომ ეწყინოს, ვახტანგი რატომ არ დაარქვიო?
- მეორეს დავარქმევ-თქო, დაპირდი...
- მეორეს? ჯერ რა დროს მეორეზე ფიქრია?!
- ფიქრის დრო ყოველთვის არის! მე მესამესაც კი ვიცი, რას დავარქმევ... როცა გავაჩენ!
- რას? - გაეცინა ლიას.
- რას და, თუ გოგო მეყოლა... რა ხმაურია, რა ხდება გარეთ? მოიცა, გადავიხედები.

ზეინაბი ფანჯარას მიუახლოვდა და...
- ღმერთო ჩემო! მექორწილეებს რა უნდათ სამშობიაროში? ისეა საქმე, რომ ქორწილშივე მშობიარობენ უკვე? მაგრამ, პატარძალი აშკარად არ არის ფეხმძიმედ...
არც მეჯვარე... რა ხდება, ხალხნო?!

უეცრად ლიას ყურს ნაცნობი ხმა მისწვდა:
- ნოდარ, რომელ პალატაში იქნება ლიკუნა?

- ზეინაბ, მე მგონი ვიცი, რაც ხდება! ესენი ჩემს სანახავად არიან მოსულები.
- ნეფე-პატარძალი?... თავის მაყრიონით?...  კაი, რააა...
- პატარძალს თეთრი კაბა აცვია და ვარდი აქვს ქერა თმაში ჩაბნეული? მის მეჯვარეს კი - ზღვისფერი კაბა აცვია?
- კი... შენ რა იცი?
- ჩემი მულია!... პატარძალი – ჩემი მულია, ზეინაბ! აბა, ახლა წვრილად მომიყევი, რაც დაბლა ხდება!
- არის, უფროსო!... გოგო, 50 კაცამდეა ხალხი!... რა ლამაზი მული გყოლია, ლია! ულამაზესი პატარძალია! მეჯვარეც როგორია?! და სიძეც რა ანგელოზია?
- ზეინაბ, მაგათი გარეგნობა ვიცი! დაბლა რა ხდება, ის მოყევი-მეთქი!
- რა ხდება და... დედაააა, რა სიმპოა?!...
- რა არისო?
- სიმპატიური, რააა!
- ვინ?
- ვიღაც ნოდარი... შენს მულს რა ქვია?
- ნათია...
- ხოდა, ეს ნათია-პატარძალი ამ სიმპატიურ ნოდარს ხელზე ექაჩება, "ნოდარ, ჯერ მე მომისმინეო"... უი, გოგო, იმას ეკითხება, "ლია რომელ პალატაში იქნებაო"?! მოიცა... - ზეინაბი ფანჯრიდან გადაიწია და "ნათიაო"- დაიძახა.

ნათიამ ზევით აიხედა და ფანჯარაში ახალგაზრდა ქალი დაინახა, რომელიც მას ხელს უქნევდა.
- მე მეძახით?
- ხო, შენ გეძახი! აქ, ამ პალატაშია ლია!
- უიი, ლიკუნა! მერაბ, აი, სად ყოფილა ლიაკო! - ნათიამ მერაბს დაავლო ხელი და ფანჯარასთან მიირბინა.
- გამარჯობა, დაიკო! როგორ არის ლია? - ასძახა მერაბმა და გარსშემოკრებილებს შესძახა, "ცოტა ჩუმად იყავითო"...
- კარგად არის, კარგად! გილოცავთ პატარა ავთანდილის დაბადებას!
- ავთანდილის?
- ხო, არ იცოდით, ბიჭი რომ შეგეძინათ? ნამდვილი ავთანდილია! სულ ბაბუას გავს თურმე!
- ავთანდილია და ავთანდილი იყოს! სახელს რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, როგორ არიან?
- ორივენი არაჩვეულებრივად გრძნობენ თავს! მართალია, მე ჯერ არ მინახავს პატარა ავთანდილი, მაგრამ, იმედია, ხვალ დილამდე ვნახავ! ლიკა კი გადასარევ ხასიათზეა და ასე ამბობს, მეორე ვაჟს ვახტანგს რომ დავარქმევ, მერე ვიფიქრებ გოგონებზეო!
- გაგიჟდი, ზეინაბ? რას ეუბნები? - სცადა მისი შეჩერება ლიამ.
- მაცალე! ჩაგიწყვე საქმე! ხმას აღარ ამოიღებს არცერთი!... კაცის ფსიქოლოგიას ნუ მასწავლი! - მოხედა ზეინაბმა.
- კაი, ბატონო... არ გასწავლი, მაგრამ... ეს ამდენი ბავშვი რომ გამაჩენინე, მე აღარაფერს მეკითხები?! - გაეცინა ლიას.
- შენ რა უნდა გკითხო? აბა, მარტო ჩემს ხარჯზე გინდათ საქართველოს გამრავლება? მე თუ მინდა 5 შვილი, შენ რატომ არ უნდა გინდოდეს, ვითომ?! - ლიას თვალი ჩაუკრა და ისევ ფანჯრიდან გადაეყუდა.

ფანჯრის ქვეშ შეკრებილ ხალხს ექიმი მიუახლოვდა.
- ბიძია ანზორ, როგორ არის ბავშვი? ლიას ამბავი გავიგეთ უკვე... - ნოდარი ხალხს გამოეყო და ანზორ გოკიელთან მივიდა.
- კარგად, ნოდარ! გოლიათი დაიბადა! 4 კილოა და 54 სანტიმეტრი!
- ხო, ჯიშად აქვთ სიმაღლე! მაგრამ თუ დაბადებიდანვე იყვნენ მაღლები – არ მეგონა!
- ეს ამდენი ხალხი... – საიდან?
- დღეს ლიას მულის ქორწილია... ასე რომ, ყველა ერთად წამოვედით აქეთ!..
- ააა, გილოცავთ!. პატარძალს – ცნობა არ უნდა... სიძე რომელია?
- ვაჟა, ნათია, მოდით აქ... - გასძახა ნოდარმა.

ნათია მაგდას გვერდით იდგა, ვიდრე ნოდარი ანზორ გოკიელს ესაუბრებოდა. ნოდარმა რომ ნათია თავისთან იხმო, მაგდაც შებრუნდა და ანზორს შეხედა.
ანზორმა მაგდას მზერა დაიჭირა და...
- ნოდარ, ეს გოგონა... მე ხომ ვიცნობ მას?
- დიახ, ბიძია ანზორ! ეს – მაგდაა, ჩემი შვილის დედა!...
- ხო, გამახსენდა!... რას შვებით, როგორაა საქმე? შერიგდით?
- არა... - ნოდარმა ღრმად ამოიოხრა.

ამასობაში ნათია და ვაჟაც მიუახლოვდნენ.
- სულითა და გულით გილოცავთ... და ჩემი ხშირი სტუმრები ყოფილიყავით!... აბა თქვენ იცით, ერი მოამრავლეთ, ერი!... მაპატიეთ, მაგდას მინდა გავესაუბრო!

ანზორი მაგდასკენ გაემართა.
მაგდას სიწითლემ აჰკრა ლოყებზე და ანზორისკენ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი.
- გამარჯობა, მაგდა! როგორ გიკითხო? როგორ გრძნობს თავს პატარა?
- გმადლობთ, ბატონო ანზორ! თქვენი წყალობით, ორივე კარგად ვართ!
- ბავშვი რა ხნის არის ახლა? და რა დაარქვი?
- 6 თვის... თეა ქვია!
- თეა... მშვენიერი სახელი შეგირჩევია!... მაგდა, ნოდარს ისევ არ ცნობ ბავშვის მამად? მაპატიე, რომ გეკითხები, მაგრამ... ნოდარი ჩემი უახლოესი მეგობრის ვაჟია და ძალიან მიყვარს!
- ვიცი, ბატონო ანზორ! თეა – გელოვანია! მას არ ჰყავს მამა! არ ჭირდება!
- მაგდა, ეს როგორ შეიძლება?! დაფიქრდი, შვილო! დღეს არ ჭირდება, - ხვალ დაჭირდება! ნოდარი არ არის ცუდი ბიჭი! ასეთ მეუღლეებზე არ ამბობენ უარს! და არც ასეთ მამაზე! ნუ დაუკარგავ მამას - შვილს და შვილს – მამას! ამას თეა აღარ გაპატიებს, იცოდე!
- თეა ვერასოდეს გაიგებს, ვინ არის მისი მამა!
- და რომ გაიგოს? მაშინ?... არ ვიცი, ეს შენი გადასაწყვეტია... მაგრამ დაფიქრება აუცილებლად გმართებს!
- გპირდებით, რომ დავფიქრდები! მაგრამ... რას გადავწყვეტ, - არ ვიცი! - მაგდას ცდემლებით აევსო თვალები, - მაპატიეთ, უნდა გავიდე!

მაგდა სწრაფი ნაბიჯით წავიდა თეთრი "ვოლგისკენ" და კუთვნილი ადგილი დაიკავა.

ნოდარმა თვალი გააყოლა მიმავალ მაგდას და... დაინახა, როგორ ჩაჯდა მაგდა მის თეთრ "ვოლგაში". სიხარულისგან მუხლები მოეკვეთა. იფიქრა, "ჩემთან იმიტომ ჩაჯდა, რომ დალაპარაკება უნდაო" და ლამის სირბილით წავიდა მანქანისკენ.

ამასობაში მაგდამ მიმოიხედა და მიხვდა, რომ სხვა მანქანაში იჯდა. სარკეს შეხედა და...
პაწაწინა ლეკვი დაინახა, ოქროსფერი ჯაჭვით რომ ქანაობდა სარკეზე. ის ლეკვი, რომელსაც ადრეც მიაქცია ყურადღება!

"სად ჩავჯექი? ნოდარის მანქანაში?... ღმერთო, შენ მიშველე! აქ რამ დამსვა?!..."

სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან და... პირდაპირ ნოდარის წინ აღმოჩნდა! იმდენად ახლოს, რომ ნოდარის ცხელი სუნთქვაც კი იგრძნო სახეზე. თვალებში შეხედა: რა ბედნიერი ჩანდა ნოდარი...

ნოდარმაც ძალიან ახლოს დაიგულა მაგდა და მკლავებზე მოჰკიდა ხელები, თითქოს ეშინოდა, ძვირფასი საუნჯე ხელიდან არ გასხლტომოდა. მაგდამ თვალებში შეხედა და აირია ნოდარი! მექანიკურად, თავისკენ მიიზიდა მაგდა და ვიდრე ის რამეს მოიფიქრებდა, მის ოქროსფერ ბურბუშელაში ჩამალა სახე.
- მაგდა, რა ბედნიერი ვარ, რომ იცოდე!
- ხელი გამიშვი, ნოდარ! – მაგდამ ხელი გააშვებინა და გვერდზე გადადგა ერთი ნაბიჯი.
- მაგდა, მე მეგონა, რომ...
- ჰოდა, ცუდად გეგონა! მანქანა ამერია!
- შენ ისევ შენსას გაიძახი? მიყვარხარ, მაგდა!
- სამაგიეროდ, მე არ მიყვარხარ! მაპატიე...

მაგდა შებრუნდა, მეორე თეთრი "ვოლგა" მოძებნა თვალებით და იქით გაემართა.

ნოდარი წელმოწყვეტილივით წავიდა და თავის მანქანაში ჩაჯდა. სულ დაეკარგა საქორწილო განწყობა!
"ეტყობა ასეთია ჩემი ბედიო" – იფიქრა და საჭეს ჩამოეყრდნო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები