ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
19 დეკემბერი, 2009


დე...

საღამოს,
შუშაზე დარჩენილ
სინათლეს
გაცრეცილ ქაღალდში ვხვევ,
დავხატო მინდა
და ფანქრები მომეცი,
ხვალაც რომ მახსოვდეს, დე...

შავს ვიღებ,
დავხატო უნდა
მზის ჩაძირვა,
გგონია ვერ ვარჩევ ფერს?
არა მაქვს ფერები,
დავხარჯე, მერე რა?
მზე არის, ხომ ვიცით ეს...

თვალს ვახელ,
გეძებ და
საწოლში ვაცეცებ
სიცხისგან გადაღლილ ხელს,
ყეფაა, ალბათ თუ
ძაღლები ჩხუბობენ,
ფანჯარა დახურე, დე...

ამ ნახატს შეხედე,
ღრუბლები მიდიან,
გავყვები, იმ მთამდე მეც...
გამიშვი,
ვფიცავ, თუ რაიმეს ვბოდავდე,
მე მთები მეძახის, დე...

ლიკა ოხანაშვილი
19.12.2009

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები