ნაწარმოებები



ავტორი: მაკა კოლხი
ჟანრი: პოეზია
22 იანვარი, 2010


ლურჯ მთებში

მე იმ ლურჯ მთებში,
დღემდე რომ მდუმარედ დგანან და მელიან,
ოდესღაც ჯადოსნური ქვა ვიპოვე,
მაგრამ ისევ იქ დავტოვე,
რადგან ვიცოდი რომ მერე
არანაირი ძალა არ მიმახედებდა მათკენ.
არადა, დღემდე ხომ მთებით ვცხოვრობ
და იმ მწვერვალებით,
რომლებიც მარად დასაპყრობია...

და ყოველი დღეც ხომ მხოლოდ
ახალი ლაშქრობის დასაწყისია
და ყოველი დღე ხომ მზადებაა
მარად რაღაც ახლის მიღწევის,
მარად რაღაცის აღმოჩენის...

იმისი შეგრძნება კი, -
რომ მე იმ მთებში
კიდევ ოდესმე ვიპოვი იმ ქვას,
რომელიც ახლა ალბათ უკვე ხავსით არის დაფარული, -
არ მასვენებს!

ხავსიანი ქვა ხომ ის მარტივი ჭეშმარიტებაა,
რომელსაც მთელი ცხოვრება ვეძებთ! ვეძებთ!
და რომელსაც ან ვიპოვით,
და ან - არა!
მე ის ვიპოვე და იქ დავტოვე,
რადგან მაშინ არც  ვიცოდი რას ვეძებდი
და ვერც იმას მივხვდი, თუ რა ვიპოვე!
ვეღარ გავიოცე აღმოჩენით,
ვერ მოვიხიბლე მონაპოვრით.

დღეს უკვე ვიცი რასაც ვეძებ,
მაგრამ ის არ ვიცი სად ვეძებო,
ალბათ ისევ იმ ლურჯ მთებში,
სადაც  ყველა ქვა ერთმანეთს ჰგავს და
სადაც ყველა ქვა ხავსიანია!
სადაც ყველა გზა ჭეშმარიტებას ჰგავს,
თუმცა ყველა გზა როდია ჭეშმარიტი!..


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები