ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
9 ივნისი, 2008


თავი 28. თამაზი ("მაგდა")

ორი სიხარული იყო იმ დღეს ვახტანგ მოდებაძის ოჯახში: მისი ქალიშვილი, ნათია მოდებაძე სამუდამოდ გაფრინდა მისი ოჯახიდან თავის ახალ ბუდეში, ხოლო მის ოჯახში ახალი წევრი, პატარა ავთანდილ მოდებაძე შემოვიდა. მართალია, ფიზიკურად იგი ჯერ არ იყო ოჯახში შემოსული, მაგრამ ამას არც ვახტანგისთვის და არც ოჯახის რომელიმე სხვა წევრისთვის არ ჰქონდა არსებითი მნიშვნელობა!

ყველაზე გახარებული – ნათია იყო!
- ჩემს ძმიშვილს გულმა არ მოუთმინა, ქორწილში რომ არ მწვეოდაო! - ხშირად ხუმრობდა-ხოლმე ნათია.

გაათკეცებული მხიარულება იყო საქორწილო სუფრასთან.
ილხენდა დიდი თუ პატარა.
განსაკუთრებით – პატარა გაგამ მოილხინა. ნათიასა და ვაჟას შორის სპეციალურად ჩაადგმევინა სკამი და მთელი საღამო იქ იჯდა, თუ, რა თქმა უნდა, საცეკვაოდ არ იყო გასული!...

სადღეგრძელოს სიმღერა ცვლიდა, სიმღერას – ცეკვა... ცეკვას – კვლავ სადრეგრძელო...
პატარძალი პირველად გაგამ აცეკვა, რომელმაც დიდსულოვნად დაუთმო ადგილი თავის მამიკოს.

მეორე ცეკვაზე – ვაჟას მეჯვარემ, თამაზმა გაიწვია ნათია, რომელიც შემდეგ ვაჟას "გადაულოცა" და თავად მაგდასთან მივიდა.

მაგდა ჯერ უარზე იყო, მაგრამ შემდეგ დაჰყვა თამაზის სურვილს და საცეკვაოდ გავიდა: ხელები გაშალა და ისე გასრიალდა იატაკზე, გეგონება გედი მიცურავსო!

ნათიას აღფრთოვანებული მზერა დაიჭირა მაგდამ და გაეღიმა: დღეს პირველად იცეკვა მაგდამ იმ... "იმ" 25 ივნისის შემდეგ!

ნათიამ თვალი შეავლო მაგდას აშხვართულ ტანს და პირველი, რაც გაიფიქრა, ეს იყო:
"სულ არ ეტყობა რომ დედაა! ოდნავადაც არ დატყობია მუცელი... ნეტა მეც არ შევიცვლებოდე მშობიარობის შემდეგ... მთავარია, არ გავსუქდე!... არა, მთავარია, ბავშვი იყოს ჯანმრთელი!"
არავინ იცოდა, რომ სულ რაღაც რვა თვის შემდეგ ნათია დედა უნდა გამხდარიყო... არავინ, ნათიას მეტმა... თვით ვაჟამაც კი არ იცოდა ჯერ არაფერი!

მუსიკა დამთავრდა. მოცეკვავეებმა კუთვნილი ადგილი დაიკავეს.
ცოტა ხანში მუსიკოსებმა ბლუზის სტილში დაუკრეს და თამაზმა კვლავ მაგდა გამოიწვია.
- მაგდა, შეიძლება შეგხვდეთ ხოლმე?
- ჩვენ ხომ ისედაც ხშირად მოგვიწევს შეხვედრა ვაჟასა და ნათიასთან?
- მე სხვა შეხვედრას ვგულისხმობ!
- რას ამბობ, თამაზ, ჩვენ ხომ უკვე ნათესავები ვართ?! შენ არ იცი, რომ მირონით ნათესაობა სისხლით ნათესაობაზე უფრო ძლიერი და ხანგრძლივია? – სცადა მაგდამ უსიამოვნო ლაპარაკის ხუმრობაში გადატანა, თან კი გულში გაიფიქრა "ეს ღა მაკლდაო"?!

ბედად, მუსიკა მალე დამთავრდა და მაგდამ სწრაფად დაიკავა თავისი ადგილი, მაგრამ... არც თამაზი წასულა შორს!

მთელი საღამო გრძნობდა მაგდა მის ფარულ თუ აშკარა მზერას! გრძნობდა და თან, თავადაც არ იცოდა, რატომ, თვალებით ნოდარს ეძებდა... მაგრამ ნოდარი არ ენახვებოდა. ერთი-ორჯერ მოეჩვენა მაგდას, რომ ვიღაც დაჟინებით უყურებდა, მაგრამ...

"ღმერთო, როდის დამთავრდება ეს ქორწილი? თამაზი მაინც ნუ მიყურებს ასე?!" - ფიქრობდა მაგდა და თამაზისკენ გახედვის ეშინოდა.

როცა თამაზი და მაგდა, როგორც მეჯვარეები ერთად ადღეგრძელეს და სამადლობელ სიტყვად თამაზმა ესეც თქვა, "მე მზად ვარ, სხვა სიტუაციაშიც ერთად შესვან ჩვენი სადღეგრძელოო", მაგდა სულ აირია!

მათ სადღეგრძელოს ცეკვა მოჰყვა და ის იყო, თამაზი მოემზადა მაგდას გასაწვევად, რომ რომ ნეფე-პატარძლის მაგიდას ნოდარი მიუახლოვდა და მაგდას წინ შეჩერდა.
- მაგდა, თუ ნებას მომცემ...

ასე, ალბათ, არასოდეს გახარებია მაგდას ნოდარის დანახვა! ან კი გახარებია ოდესმე?
და ახლა გაუხარდა! წინადადებაც კი არ დაამთავრებინა ბოლომდე, ფეხზე წამოხტა და ნოდარს საცეკვაოდ გაჰყვა.

დაიბნა ნოდარი. ის ხომ იმიტომ მივიდა მაგდასთან, რომ საღამოს სახლში წაყვანა შეეთავაზებინა? მაგდა კი – საცეკვაოდ გამოჰყვა?! ღმერთო, რა ლამაზად გაშალა ხელები! რა ლამაზად აცეკვდა მაგდა!
და ნოდარმაც გაშალა ხელი და მაგდას მიუცეკვა.

მუსიკა მოულოდნელად შეიცვალა და დარბაზში ცეკვა "ქართულის" მელოდია აჟღერდა! მექორწილეებმა ტაში ააყოლეს ფალიაშვილის ამ უკვდავ მელოდიას.
ნოდარი არ დაიბნა და მომენტალურად გადაერთო "ქართულზე", ლამაზად ჩამოუარა და მაგდა უკვე ოფიციალურად გაიწვია საცეკვაოდ.
ულამაზესი წყვილი იყო!

უკან დახევა – გვიანი იყო... და მაგდაც გაშლილი ხელებით გასრიალდა დარბაზში.
ცეკვავდა მაგდა... და ვისთან? ნოდართან?! ვერასოდეს იფიქრებდა, თუ შესაძლებელი იყო ასეთი რამ!

ცეკვა იმეორებდა იმას, რაც სინამდვილეში ხდებოდა მასა და ნოდარს შორის: მაგდა – გაურბოდა და ნოდარი ფეხდაფეხ მისდევდა... ხან შეჩერდებოდა მაგდა და შორიდან უყურებდა, თუ როგორ ცდილობდა ნოდარი მის წინ თავის გამოჩენას... შემდეგ ისევ დევნა... ისევ უარი, დაახლოება და დაშორება, ისევ... ისევ... თავბრუდამხვევი ტრიალი და... აი, ფინალიც, - ქალი მორჩილად ხრის თავს მისი მსურველი მამაკაცის წინაშე!  არა, ვერ შესძლებს მაგდა, ასე, ყელზე ბაწარშებმული ხბოსავით მორჩილად დაეთანხმოს ნოდარის სურვილს!

ცეკვავდა ნოდარი და არ იცოდა, გაკვირვებოდა თუ გახარებოდა მაგდას ეს მოულოდნელი თანხმობა! მაგრამ, რადგან ადამიანი ყოველთვის მისთვის სასარგებლოსა და სასიამოვნოს ირჩევს-ხოლმე გაურკვეველ სიტუაციაში, ამიტომ სიხარულმა სძლია გაოცებას. ასე არასოდეს უცეკვია ნოდარს! ცეკვა მთავრდება... და აი, ფინალიც, - მაგდა მკლავებდაშვებული დგას და მორჩილად ელის მას!... ვის? ნოდარს?... ღმერთო, რა ბედნიერებაა!

მექორწილეთა ტაშის გრიალში ნოდარი მაგდას მიუახლოვდა, ხელზე ეამბორა და მაგიდისკენ წაიყვანა.
- მაგდა, უჩემოდ არ წახვიდე სახლში!... გაგაცილებ... რაც არ უნდა იყოს, ღამეა უკვე!... და შენს თავს გეფიცები, პირდაპირ სახლში წაგიყვან... ხომ გჯერა ჩემი?
- არ ვიცი, ნოდარ... ჯერ ადრეა! ვნახოთ...

იმ საღამოს არაერთი ქათინაური უთხრა მაგდას თამაზმა. ხან გადაკვრით, ხან აშკარად აგრძნობინებდა, "მომეწონეო", ქორწილის მიწურულს კი თამაზმა მაჯაში წაავლო ხელი და უთხრა:
- შენსავით ჯერ არავინ მომწონებია! მე ასე გადავწყვიტე, უჩემოდ არსად არ წახვალ... მე უნდა გაგაცილო!

მაგდამ ვეღარ მოითმინა და საკმაოდ ცივი ხმით უპასუხა:
- მე უკვე მყავს გამცილებელი!...
- მაინც, ვინ? თუ საიდუმლო არ არის...
- ჩემი შვილის მამა! - და მაგდამ დაინახა, თუ როგორ დაინამა თამაზის მაღალი შუბლი ოფლის მსხვილი წვეთებით, ხოლო მის სუსტ მაჯას მაშინვე მოეშვა ძლიერი თითების სალტე!
- მატყუებ! - გაღიმება სცადა თამაზმა და...  არ გამოუვიდა.
- არ გატყუებ!... რა მჭირს მოსატყუებელი?! - მაგდამ სწრაფად გაინთავისუფლა ხელი, თვალებით ნოდარი მონახა და მისკენ გაემართა.

ნოდარი მაგიდასთან იჯდა და ცარიელ ჭიქას ხელით აწვალებდა. გვერდით მჯდომმა ღვინო შესთავაზა, მაგრამ მან თავი გაუქნია უარის ნიშნად. თავი ნეფე-პატარძლის მაგიდისკენ შეაბრუნა და მაგდა ვეღარ დაინახა. თვალებით დაუწყო ძებნა, - ვერ იპოვა.
"წავიდა!... უჩემოდ წავიდა!" – ზარივით რეკდა მის გონებაში.
სიმწრით მოუჭირა ხელი ჭიქას, კინაღამ გატეხა, შემდეგ მაგიდაზე უხეშად დადო და ფეხზე უნდა წამომხტარიყო, რომ... მხარზე ვიღაცის ხელის შეხება იგრძნო!
არ დაუნახავს, ვინ იყო, მაგრამ იმდენად ნაზი იყო ეს შეხება და თან იმდენად უცნაურად ამაღელვებელი, რომ ნოდარს ტანში ჟრუანტელმა დაუარა, სწრაფად სტაცა ხელი იმ ხელს და ისე შებრუნდა მისკენ.
- მაგდა, შეენ?!...
- ჰო, ნოდარ, ჩემი გაცილება ხომ არ გადაგიფიქრებია?
- რას ამბობ, მაგდა?! გადამიფიქრებია კი არა და... მეტი ვერც ვფიქრობ ვერაფერზე!
- მაშინ ვაჟასთან და ნათიასთან მივიდეთ, დავემშვიდობოთ და... წავიდეთ! მხოლოდ ერთი თხოვნა შემისრულე...
- მთხოვე, მაგდა! რაც გინდა ის მთხოვე! წინასწარ გპირდები, რომ როგორც შენ მეტყვი, ისე იქნება...
- მაშინ – დასამშვიდობებლად ცალ-ცალკე მივიდეთ! - ისეთი მუდარით შეხედა მაგდამ, რომ ნოდარმა მხოლოდ ღრმად ამოიოხრა...
- მაგდა, მივალ, დავემშვიდობები და მანქანასთან დაგელოდები, - თქვა ნოდარმა და სწრაფად წავიდა ნათიასკენ.

ნოდარმა რომ დარბაზი დასტოვა, მხოლოდ მაშინ მივიდა მაგიდასთან მაგდა და ნათიას ჩუმად უთხრა, მივდივარო.
- მარტო როგორ წახვალ? მოიცადე, თამაზს ვეტყვი და გაგაცილებს... - ნათია პასუხს არ დალოდებია, დაიძახა, - თამაზ!...
- გისმენ, ნათია..
- არა, ნათი... არ მინდა თამაზის გაცილება! სხვა მაცილებს....
- ვინ – სხვა? - გაუკვირდა ნათიას.
- ხომ ვთქვი, მატყუებს-მეთქი? – ჩაიცინა თამაზმა, - არსადაც არ წახვალ უჩემოდ! და არა მარტო დღეს, საერთოდ არსად აღარ წახვალ უჩემოდ! მადლობელი ვარ თქვენი, ნათია და ვაჟა, რომ მაგდა მაპოვნინეთ! ჩემი ოცნების ქალს შევხვდი!
- ნათი, მართლა არ მინდა თამაზის გაცილება!... მე...
- შენ არ გინდა, მე მინდა შენი გაცილება, მაგდა!
"ჰოი, მდადეო, მდადეო,
თევზს გადავუგდე ბადეო...
ეს ჩემი ოხერი თავი
შენს ძუძუებში ჩავდეო..." – წაუმღერა კიდეც თამაზმა.

აილეწა მაგდა. ვერაფერი უთხრა თამაზს, ნათიასი შერცხვა!
ნასვამი იყო თამაზი და თავის ნათქვამ სიტყვას ვეღარ აკონტროლებდა.
- მაგდა, ხომ დამაძინებ შენს ძუძუებში თავჩადებულს? მე არ ვიქნები ცუდი პარტნიორი... არც ქმარი ვიქნები ცუდი...
- თამაზ, რას ამბობ? სირცხვილია, გაიგონებს ვინმე... - სცადა მისი გაჩუმება ნათიამ.
- რა არის სირცხვილი?... არაა სირცხვილი!... ახლა კოცნა? მთავარია, ერთხელ ვაკოცო და მერე? მერე თავად დამიწყებს ხვეწნას, "თამაზ, კიდევ მაკოცეო"! მაგდა, გინდა დაგიმტკიცო? დღესვე დაგიმტკიცებ ამას! ჩემნაირი კოცნა არავინ იცის...
- ნათი, ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი! გააჩერე ეს კაცი!... მე მივდივარ და არ გაბედოს, რომ უკან გამომყვეს!...
- აბა მარტო წახვალ, მაგდა?
- მარტო არა, ნოდარი მაცილებს!
- ნოდარი?... მაგდა!... - გაოცება ვერ დამალა ნათიამ.
- ნოდარიო? ნოდარი ვინღაა? რა ხელი აქვს ნოდარს ჩემს მაგდასთან? - თამაზმა ხელის გადახვევა მოუნდომა მაგდას, მაგრამ მან უკან დაიწია და ხელი ჰაერში გაწვდილი დარჩა თამაზს.
- მე შენი არ ვარ, თამაზ! ნათი, ვაჟას ჩემს ნაცვლად მოუხადე ბოდიში, რომ ვერ ველოდები! - მაგდა მობრუნდა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა გასასვლელისკენ.
მაგდას რომ შეაგვიანდა, ნოდარი დარბაზში შემობრუნდა და კარებიდანვე დაინახა, როგორ ცდილობდა ვაჟას მეჯვარე მაგდასთვის ხელის გადახვევას. შემდეგ ისიც დაინახა, მაგდა როგორ გაიწია გვერდზე და როგორ გაუშეშდა ვაჟას მეჯვარეს ხელი ჰაერში...
სისხლი მოაწვა სახეზე, იფიქრა, მივალ და შუაზე გავგლეჯ იმ ვაჟბატონსო,  მაგრამ... გაახსენდა, რომ არც მას, ნოდარს არ ჰქონდა არანაირი უფლება მაგდაზე! ან, იქნებ ჰქონდა კიდეც გარკვეული უფლებები მისი შვილის დედაზე?... მაგრამ მაგდა არ აძლევდა არაფრის უფლებას.
ვითომ არაფერი დაუნახავსო, ნოდარი სწრაფად გავიდა გარეთ და მანქანასთან დადგა.

ორიოდე წუთის შემდეგ მაგდა ნოდარის მანქანის წინ იდგა, ჩაჯდომას კი – ვერ ბედავდა!
- ნოდარ, მართლა ჩემს სახლში წამიყვან? - მაგდას სახეზე სასოწარკვეთა იხატებოდა.
- ჰო, მაგდა, ჰო... შენს სახლში წაგიყვან! შენს თავს ვფიცავარ! ჩვენ ხომ ახლა ბავშვი გყავს?!... ალბათ ძუძუზე გყავს, არა?

მაგდამ ოდნავ დაუქნია თავი.
- ჰო და, მითუმეტეს... შენთვის ახლა მავნებელია ზედმეტი ნერვიულობა... მე ხომ ბავშვი არა ვარ?! დაჯექი, ნუ გეშინია!
- გმადლობთ, ნოდარ!...

მთელი გზა ხმა არ ამოუღიათ.
მაგდას შიშისაგან მუხლები უკანკალებდა, თუმცა კი მისი შიში უსაფუძვლო იყო. მანქანა მისი სახლისკენ მიდიოდა. ცდილობდა მაგდა, რომ ნოდარს არ შეემჩნია მისი ეს მღელვარება.

"რა მაშინებს? ხომ დამპირდა, სახლში წაგიყვანო? და მივყავარ კიდეც... ო, ღმერთო, აღარ დაილია ეს გზა!..." – ფიქრობდა მაგდა და ნოდარისკენ გახედვის ეშინოდა.

ნოდარი შეპარვით უყურებდა მაგდას და რაღაც გამოუცნობი სიხარული ავსებდა მის გულს: მაგდა მასთან იყო, მის გვერდით!... მართალია, სულ რამდენიმე წუთით, მაგრამ პირველი ზღუდე დაძლეული იყო! ახლა მთავარი იყო მაგდას ნდობის მოპოვება, მისი შიშის გაქარვება!... ვინ იცის, იქნებ მაგდა აღარც არის შერიგების წინააღმდეგი?

- მაგდა, ბავშვი როგორ არის? - სცადა სიჩუმის დარღვევა ნოდარმა.
- გმადლობ, ნოდარ, კარგად არის... - ძლივს ამოიჩურჩულა მაგდამ და გვერდზე გაიხედა, თითქოს ამბობდა, "საუბარი დამთავრებულიაო".

მალე მანქანა მაგდას სახლის წინ გაჩერდა.
დამშვიდობებისას ნოდარმა კიდევ ერთხელ სცადა, დაეყოლიებინა მაგდა, რომ ხელი მოეწერათ და გვარი მიეცათ ბავშვისთვის, მაგრამ მაგდამ გადაჭრით უთხრა უარი.
- ბავშვს მაინც ვნახავ?! თუნდაც იშვიათად, გთხოვ!...- ნოდარმა ხელი დაუჭირა მაგდას, მაგრამ მან ხელი გაითავისუფლა და მანქანის კარი გააღო.
- არა, ნოდარ, შენ რომ ერთხელ მაინც ნახო ბავშვი, მერე მას ვეღარ მოსცილდები... არ არის საჭირო!... მშვიდობით, ნოდარ!
- ის მაინც მითხარი, რას ნიშნავდა შენი დღევანდელი დამოკიდებულება ჩემდამი?!
- დღევანდელი?... დღეს ასე იყო საჭირო, ნოდარ! ასე იყო საჭირო ერთი არასასიამოვნო პიროვნების თავიდან მოსაცილებლად! – ამ სიტყვებით მაგდა მობრუნდა და სწრაფი ნაბიჯით შევიდა სადარბაზოში.

"არასასიამოვნო პიროვნება?! კი, მაგრამ, ვინ? ვინ იყო იქ ისეთი?"

ნოდარის თვალწინ რეტროსპექტული ჩვენებასავით გაიფრინა ქორწილის მთელმა ცერემონიალმა, რა თქმა უნდა იმ მომენტიდან, როცა ნოდარი მექორწილეთ შეუერთდა...
ნოდარმა სტუმართა შორის ვერავინ იპოვა საეჭვო... უცებ ნოდარს თვალწინ წარმოუდგა მაგდას ნათიასთან დამშვიდობების სცენა... მერე ისიც გაახსენდა, როგორ გადაჰკრა მაგდას სიწითლემ, როდესაც ვაჟას მეჯვარემ ცეკვის დროს რაღაც ჩასჩურჩულა... დამშვიდობების სცენა "გადაახვია" და თავიდან მიადევნა თვალი: როგორ გადმოხედა მაგდას თამაზმა, თითქოს თვალებით უპირებდა შეჭმას...

"აი, თურმე, სად ყოფილა დამარხული ძაღლის თავი!... ალბათ იმ თამაზს მოეწონა მაგდა და მისი თავიდან მოცილება ჩემი მეშვეობით უნდოდა! სხვა შემთხვევაში მე მისთვის არაფერს წარმოვადგენ!... არაფერს!....."

"მაგრამ მან  შ ე ნ  მოგმართა, ნოდარ! - ჩასძახა შინაგანმა ხმამ, - შენ, და არა რომელიმე სხვას! ესე იგი, შენ მაინც წარმოადგენ მისთვის რაღაცას, თუნდაც დასაყრდენს რთულ სიტუაციაში! შენ ხომ არ იცი, რას გრძნობდა მაგდა, რას ფიქრობდა, რას განიცდიდა, როდესაც შენთან მოირბინა?! და მიუხედავად იმისა, რომ მან შენ უარგყო, შენ მისთვის არსებობ! თუნდაც შეუცნობლად, მაგრამ – არსებობ! ალბათ იმ თამაზმა გაცილება შესთავაზა... და მაგდას შეეძლო, შენს ჯიბრზე, შენს გასაბრაზებლად სხვას გაჰყოლოდა ქორწილიდან, მაგრამ არა! მან შენ მოგმართა, შენთან მოვიდა! ესე იგი, შენ მისთვის უფრო მეტს ნიშნავ, ვიდრე ეს შენ გგონია, ნოდარ!..."

იმ ღამეს არ ეძინა ნოდარს!
იმ ღამეს თეთრად დაათენდა მაგდასაც!...

"რატომ მივმართე დასახმარებლად ნოდარს? მე ხომ შემეძლო, ნათიასთვის და ვაჟასთვის მეთქვა თამაზის შესახებ და ისინიც ჩუმად, წყნარად ეტყოდნენ მას, რომ თავი დაენებებინა ჩემთვის! ან, თუნდაც, ელენე დეიდასთან ერთად წავიდოდი სახლში და, ბოლოს და ბოლოს, სულ დავრჩებოდი მათთან?!... მაგრამ, არა, ნოდართან მივედი, "სახლში წამიყვანე"-მეთქი... რა მოხდა დღეს ისეთი, რომ მე სულ ნოდარზე ვფიქრობ?! მცხეთაში, სვეტიცხოველში, ვიდრე ნოდარს ვნახავდი, მისი ხმა მედგა ყურში.... ანუ, ჩემდა უნებურად, მაინც ვფიქობდი! ჯვრის მონასტერში? იქაც ნოდარზე ფიქრი ამეკვიატა!... გამოჩნდა ნოდარი და... რამ იმოქმედა ჩემზე? იმან, რომ ნოდარმა ხმაც კი არ გამცა?... მხოლოდ შორიდან დამიქნია თავი, "გამარჯობაო"... ან შემდეგ, მანქანიდან რომ შევხედე... რატომ შევხედე?.. ან რატომ გავყევი საცეკვაოდ?!... თამაზთან ცეკვა არ მინდოდა? – უარს ვეტყოდი და დამთავრდებოდა! რა, ძალით ხომ არ გამათრევდა, "ვიცეკვოთო"?... რამდენიც თამაზმა ხმა გამცა, იმდენი თვალებს ვაცეცებდი, ნოდარმა არ დაინახოს-მეთქი... რა, მისი ეჭვიანობის შემეშინდა?... წინადადებაც კი არ დავამთავრებინე, ისე გავყევი საცეკვაოდ! იქნებ ნოდარს სულაც არ უნდოდა ცეკვა?... კარგი ამბავია, მე თუ თავად გავიწვიე ნოდარი!... ჰმ, რა სისულელეა!... "მე ასე გადავწყვიტე"... რა გადაწყვიტე, ბატონო თამაზ, ჩემი გაცილება?... ვერ მოგართვი-მეთქი და... ნოდარს ვთხოვე, სახლში წამიყვანე-მეთქი!  სულელო შენ ჩემო თავო! კარგი და მოეტყუებინე, შენს სახლში წამოყვანის ნაცვლად – თავის სახლში წაეყვანე, - მაშინ? შენი ნებით როგორ ჩაუჯექი ნოდარს?... მაგრამ მან მე დამიფიცა! არა, ნოდარი არ დამიფიცებდა ტყუილზე!... თუმცა, რა, რა გარანტია მქონდა? – არავითარი!
რა სისულელეა ეს ყველაფერი!, რა სისულელე!..."

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები