ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: მათე
ჟანრი: პროზა
25 დეკემბერი, 2009


მოსე (რომანი--გაგრძელება- II ნაწილი- I თავი)

                                    II  ნაწილი*
                                  თავი  პირველი

.......ამბავს არა.... ამბავი უკვე მოგიყევით. ახლა.... სულ სხვა რამ მინდა ვთქვა.
ოდესღაც, როცა წითელ ევიპტეში ვცხოვრობდი და ბავშვი ვიყავი....
მახსოვს, დრო და სიკვდილი, ანუ ჩვენი წარმავალობა ერთდროულად აღმოვაჩინე.
ჰო..... აღმოვაჩინე.... და რა მეგონა მანამდე, იცით? მანამდე, ანუ 6 წლამდე....
დიახ,  6 წლის სანამ გავხდებოდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ მარადიულად ვცხოვრობდით და დაბადების დღე, ეს უბრალოდ დათქმული დღე იყო, რათა ადამიანებს ერთმანეთი გაეხარებინათ......
.....და აი, აღმოვაჩინე, რომ 6 წლის წინ, თურმე ჯერ არ ვცხოვრობდი.... აქ...ანუ..... დადგებოდა
დრო, როცა კვლავ აღარ ვიცხოვრებდი..... აქ........ 

......ღმერთი....
იმ დღეს კარზე დაუკაკუნეს და რომ იკითხა, ვინა ბრძანდებითო, უპასუხეს, ვერ გვიცანით, ჩვენ მოვედითო.
.......რა მოგართვათ, ძალიან დაბნეული ვარო, და....არაო, ისეთი არაფერი......სამნი ვართ ერთად და რასაც გამოიმეტებთ, იმას გავინაწილებთო...... არაფერი ებადა...შიშველს.....
რასაც ახლა აკეთებთ, იმას ვიკმარებთო....და წერდა..... წაიღეს მისი ლექსებით გადაშავებული ბლოკნოტი და წავიდნენ....... რაში მოიხმარდნენ, ვინ იცოდა..... ვერც გაუბედა კითხვა.... რადგან ძალიან საქმიანები იყვნენ და მოუცლელნი..........

.....სულ ამას გაიძახოდა წიგნი, .....წიგნი. კითხვაზე მეტად კი,  წერა ყვარებია.

..... რამდენი  ზღაპარიც მიამბო ბებომ: ,,იყო და არა იყო რაო’’.....თავიდან სულ ასე მიმეორებდა.....
ბებო, თუ იყო, მაშინ როგორღა არ იყო მეთქი, ვკითხე და...... ჯერ ადრეა, ამას ვერ გაიგებ, ზღაპარზე იფიქრე და მერე, დიდი რომ გაიზრდები, თავად მიხვდებიო......
.......... ბებო რომ აღარ მყავდა, მერე კი მივხვდი, რადგან იყო და აღარ იყო.... მაგრამ თან მაინც იყო..... მე ,,ამერიკაში’’ რომ წავალო, სიკვდილს არ ახსენებდა და გაიღიმებდა......
....... ჰო, და......იყო და არა იყო რა...ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?...იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი.........

........ეს რომ იყო მთავარი და არა სხვა რამ, ძალიან გვიან გაიგო......
დიდი სანთელი გაამზადეს და თორმეტი სახარების კითხვაზე წავიდა....პირველად......
ერთი მეგობარი ჰყავდა და იმან წაიყვანა..... წაყვანა ჰქვია ამას, როცა არ იცი, სად და რაზე მიდიხარ......  და ასე ახსოვს, მაშინ პირველად გააცნობიერა, რა იყო ტაძარში ლოცვა....
არა, ამის აქ სიტყვებით ახსნას არ ვაპირებ....რადგან ეს იგივეა...აღწერო .....
........რას გრძნობ, როცა ხედავ მზეჩამდგარ ღრუბლებს ცათა სივრცეში...უსაზღვროების სილურჯეში....
ან წვიმის წვეთის კიაფს ფოთლის ოდნავ ცახცახზე....
ან შენს გოგონას, შენსკენ ხელებგამოწვდილი რომ გამორბის და..... ვერა....ჯერ მაინც ვერ ვთქვი......
ან თეთრად გადაპენტილი ხეები რომ გარბიან სადღაც და მწვანედნაშალ მინდორს მიჰყვება თეთრი შლეიფი.......
ან და  სოფლად მონატრებულ შენს სახლს.....  კარის სახელურს მიპარებით  ეამბორები....
იქნება და გიჟად ჩაგთვალონ, თანაც გულაფრიალებული  აცახცახებულ ხელებს, რომ მალავ.....
არა! ეს არა....უფრო მეტია...და ვერაფერს ახლა ვეღარ იგონებ...გარდა  მოწაფეთა თვალების კამკამისა, მაშინ როცა.......

........ პიონერთა რაზმეულო........... ბრძოლისათვის მზააად ხააარ!.... მზად ვართ!.....
იქ, ეგვიპტეში, წითელი ფარაონი დიდი იყო ძალიან და  ტახტზე კი მაინც პატარა.... მისი სამსახური, კი ისეთი საპარტიო და  საფარსო, რომ იქიდან გარეთ, სხვაგან გასვლის სურვილი, სიკვდილს ეთანადებოდა, ამიტომაც  ჩაიღიმილებდა ბებო..... მე  რომ  ,,ამერიკში’’ წავალო....

........კი, კარგად ახსოვს, ,,ამერიკაში’’ თავისით გაფრენილები, უკან როგორ მოაბრუნეს..... თვითმფრინავი თბილისში დაჯდა......... მაგრამ ის ბიჭები უკან, დედებთან ვეღარ დაბრუნდნენ.....
აბა,  ბებოს თქმისა არ იყოს, ,,ამერიკაში’’ გაფრნილნი, უკან როგორღა მოვიდოდნენ....
............ და გაგონილა, ზღაპრის წითელი გველეშაპი  იძლეოდეს წყალს უვაჟებოდ?.....
ვაჟი--- მას.... და ერთი ყლუპი თავისუფლებაც, ვითომდა, შენია, დააგემოვნე....... ერთი ყლუპი..... თავისუფლების ზომა-წონა რამდენია?....ჰოოოო...ესაა, ალბათ, უმთავრესი...
ერთ ყლუპსაც რომ ისევე ეწაფები და გარწყულებს, როგორც მთელი ტონა....
ტონა თავისუფლება...... იყიდებაააააააა......... გაიყიდა!.... რიგში თქვენ არ იდექით, რადგან დაგაგვიანდათ.......

..... ქართვეებს, იმ ანეგდოტისა არ იყოს...ქეიფში შემოგვაგვიანდა...
წყალი რად გვინდოდა, ღვინო წყალივით გვქონდა და......
...ეს წითელი გველეშაპი რა სულელი ყოფილა, წყალიო...წყალი იყიდებაო...
და თან არ იყიდოთ, არაფერს არ ვყიდი, ვაჭრობა არაო, და არცა ვვაჭრობდით,.....
ვინ გავაჭრებდა?.... ყველაფერს ფასი უკვე ედო......
თავისუფლების გარდა, რადგან ის უფასოდ რიგდებოდა ... ვაჟაის საფასადა....
ფარაონმა ხომ წაართვა პირმშონი ებრაელებს...და სიცოცხლე კი მისცა, ანუ უკვდავება წაართვა და თან მონობა გაუმანძილა უსასრულობემდე.........
მთავარია, გეფიქრა, რომ უკვდავების წყალი დალიე, არ გასმევდნენ, მართალია, მაგრამ უბრალოდ უნდა გეფიქრა ასე....
ახლა ის გამახსენდა....... ვინც ჯოჯოხეთში დაიბადა, თავი სამოთხეში რომ ჰგონია....... 

........ არა, ამბებს არცა ჰყვებოდა....ისე იგონებდა რაღაცას გაკვრით და შორეულ განწყობებს
ფიქრებად ალაგებდა....ალაგებდა კი არა, წეწავდა....
.....ვარდისფერი ბურთულები კი.....
ეეეჰ..... დღეს მგონი საკმარისზე მეტი იბაზრა...და  მოსესაც თავი გააბეზრა.

                                                                                                                      25 დეკემბერი. 2009 წელი.

* ეს მეორე ნაწილი სრულიად მოულოდნელად იწერება, და ჩემ აქაურ უნახავ მეგობარსა და გულშემატკივარს--- ჰარირამას ეძღვნება, რადგან, ის რომ არა, არ დაიწერებოდა. 
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები