ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პროზა
30 დეკემბერი, 2009


ახალი წლის ღამე

    ზურა და მისი და პატარა სახლში ცხოვრობენ, ან იქნებ უფრო სარდაფში, ვიდრე სახლში. უკვე სამი წელი იქნება მამის გარდაცვალებიდან გასული. დედა კი თათიას დაბადებას შეეწირა...
    ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ თათიას თანდაყოლილი გულის მანკი აქვს...
    ახლა კი უკვე მამაც აღარ ჰყავთ, ზურა მზიდავად მუშაობს, ამით აქვთ შემოსავალი,  ეს არის და ეს...
    მალე ახალი წელი მოვა, თუმცა რა ახალი, მათთვის ალბათ ისიც ისეთივე იქნება, როგორიც წინა -  ძველები. რა შეიძლება შეიცვალოს წლის მომატებით ორი ობლისთვის? მხოლოდ ის, რომ შესაძლოა თათიას მდგომარეობა გაუარესდეს დროთა განმავლობაში. მხოლოდ ესაა ახალი.
  გოგონა ფანჯარასთან იდგა და ეზოს გასცქეროდა. თოვლი მოსულა!  როგორ უნდოდა, თუმცა ის გარეთ არც ახლა გავა სხვებთან ერთად საგუნდაოდ, უბრალოდ ფანჯარას გამოაღებს და ხელებს დაახვედრებს ციდან გამოქცეულ თოვლის ფიფქებს.
  - რა ლამაზი ნაძვის ხეა არა? - თათიამ ცხვირი სველ ფანჯარას მიაჭყლიტა და ძმას მოუხმო.
    ზურა უხალისოდ ადგა და თვითონაც გაიხედა.
  - ჰო, ძალიან ლამაზია
  - და ჩვენ არ გვექნება? რატომ არ გვაქვს ჩვენ ნაძვის ხე?

  თათია ჯერ კიდევ პატარაა, ამიტომ ძმა უარს ვერ ეუბნება, თუმცა კარგად იცის, რომ ნაძვის ხე ალბათ არც ამ ახალ წელს ექნებათ.
  - იცი? მე თოვლის ბაბუისთვის წერილი დავწერე...
  ზურამ გაცრეცილი ქაღალდი გამოართვა:
  " გამარჯობა თოვლის ბაბუა, მე თათია ვარ, ძალიან მინდა ახალ წელს ჩემთანაც მოხვიდე, საჩუქარსაც ხომ მომიტან? იცი, ნაძვის ხე არ მაქვს. ძალიან მინდა ნაძვის ხე მქონდეს და მოვრთო, ისე, როგორც  ამას სხვა ბავშვები აკეთებენ. კიდევ თოჯინაც მინდა, ისეთი, დედას რომ გავდეს, იმ სურათში მე რომ მიყვარს. ახალი წლის ღამეს არ დავიძინებ და დაგელოდები."
    - მოვა! თოვლის ბაბუა ახალ წელს აუცილებლად მოვა, თათი... - ჩაიჩურჩულა ზურამ, ქაღალდი ჯიბეში ჩაიდო და დას გაუღიმა -  ახლა წადი და დაიძინე, თორემ თოვლის ბაბუა გაბრაზდება და საჩუქარს აღარ მოგიტანს.
    ერთ დღეში ფულს სად იშოვის? ახლა მისი დახმარება არ სჭირდებათ ტვირთის გადასაზიდად.
  თათია  კი ავადაა და არ უნდა აწყენინოს, მისი ბედნიერებისთვის ხომ სულაც არ არის ბევრი საჭირო, უბრალო ნაძვის ხე და პატარა თოჯინა. განა ეს ასეთი რთულია?..
    ცხოვრებაზე გაბრაზებულმა ხელი მომუშტა და სწრაფი ნაბიჯებით ქუჩაში გავიდა.
    არასდროს ეგონა, რომ თავმოყვარეობაზე მაღლა რაიმეს დააყენებდა, მაგრამ დის სიყვარული უფრო მეტი აღმოჩნდა. მისთვის ახლა მთავარია ფული იშოვოს.
    - დამეხმარეთ, გთხოვთ... - გული ამოვარდნაზე ჰქონდა, როცა ამ სიტყვებს ამბობდა ხელგაწვდილი. ტიროდა. უცრემლოდ ტიროდა...

  - ზურა... -  ბიჭი დილით დის ყვირილმა გამოაღვიძა - ნახე, საჩუქარი, გუშინ აქ თოვლის ბაბუა იყო...
    რა იცის თათიამ, თუ რამდენი წვალება დასჭირდა "თოვლის ბაბუას," მასთან საჩუქარი რომ მიეტანა.  თუმცა, ახლა გოგონა  ბედნიერია და მთავარი ესაა.

    ახალი წელი  ხომ ობლებისთვისაც მოდის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები