ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
30 დეკემბერი, 2009


თავი 15. სასამართლო ("შორია დედამიწამდე...")

მერამდენედ დადგა გაზაფხული....
თიო უკვე 12 გაზაფხულის გახდა და ერთ-ერთ უჩვეულო ლოტელად ითვლებოდა:
მისი უბალნო თეთრი სხეული გაოცებას იწვევდა ლოტელებში.
არც თმა ჰქონდა ლოტელებივით სწორი და გაფშეკილი... რაღაც უცნაურ ტალღებად ეყარა მხრებზე.
თვალებითაც არ ჰგავდა ნორმალურ ლოტელებს, - რაღაც უცნაური, მუქი წყლისფერი თვალები ჰქონდა, გეგონებოდა ღრმა ტბაში იხედებიო... არა და, უფრო ლამაზი არ იქნებოდა, ღამისფერი თვალი რომ ჰქონოდა?
ეეეჰ, რას იზამ? ყველა ხომ არ იქნება ერთნაირად ლამაზი?!

მხოლოდ ერთადერთი ლოტელი უყურებდა აღტაცებული თვალებით თიოს, - ლეჰა!
ჩუმად დაჰყვებოდა კუდში და თიოს ყოველ მოქმედებას აკვირდებოდა.
მოსწონდა, როგორ მკვირცხლად დარბოდა თიო ორ ფეხზე და არასოდეს იყენებდა შუა ხელებს ფეხებად...
მოსწონდა, როგორ სწრაფად დაძვრებოდა ხეებზე თიო... რა მსუბუქად ეკიდებოდა ხის ტოტებს და რა სიმარჯვით კრეფდა ნაგუას ხის კენწეროებზეც კი...
განსაკუთრებით უჩვეულო მაშინ იყო თიო, როცა ქარი დაუბერავდა. მოსწონდა ლეჰას, თიოს სასაცილოდ რომ ეწეწებოდა თმები და მერე რომ წვალობდა-ხოლმე მათთვის ჩვეული ფორმის დასაბრუნებლად...

15 გაზაფხულის ლეჰა სულ ახლახანს გახდა დედა და ჯერ არ შეეძლო მამრის ფუნქციის შესრულება, თუმცა კი  მხოლოდ იმაზე ოცნებობდა, რომ თიოს სწორედ ის, ლეჰა ამოერჩია თავისი შვილის მამად. მერე იქნებ იმაზეც დათანხმებულიყო თიო, რომ ლეჰას ქოხის გვერდით აეგო მისი ქოხი?!... რაღაც უცნაური გრძნობა ჰქონდა ლეჰას, ისეთი, რომლისთვის სახელიც კი ვერ მოეძებნა!

თიო გრძნობდა ლეჰას ამდაგვარ დამოკიდებულებას მის მიმართ, თუმცა კი ვერც მას ეპოვა ამისთვის სახელი...
ამ გრძნობას არ ჰქონდა სახელი!
ამ გრძნობას არ ჰქონდა ანალოგი ლოტზე.


* * *
ასე გავიდა თითქმის ერთი წელი.
ერთ დღეს, როცა ლეჰა თავის პატარასთან ერთად მშვიდად თამაშობდა ტყის პირას, გაიგონა, როგორ ეუბნებოდა ერთი ლოტელი მეორეს:
- ეს თიო დაღუპავს ჩვენს მოდგმას, რანა! გადააჯიშებს ლოტელებს და რაღაც უსახური რასა გავრცელდება! მოდი, ვთხოვოთ თემისთავს, თიოს გამრავლება აუკრძალოს!
- იქნებ არ გადაჯიშდნენ ლოტელები? ხომ ხედავ, ლუ სულაც არაა ჩვენგან განსხვავებული, არც მარი, მაგრამ... თიოსნაირი გაუჩნდათ! სამაგიეროდ ლუმაა ნამდვილი ლოტელი, მაშინვე მიხვდები, რომ მასში ჩვენი სიხლი სჩქეფს!
- ხო, ამაში მართალი ხარ! ისე, მე არ მეგულება ჩვენს შორის ვინმე, ვინც თიოს დათანხმდება მამობაზე. და თუ ვინმე მაინც გამოჩნდა ასეთი, გამოდის, რომ მას არ ყვარებია ლოტი და არაფრად მიიჩნევს თიოსგან მომდინარე საფრთხეს!
- იცი, რაზე ვფიქრობ? თიო სულ არაა დამნაშავე, თუ ასეთი მახინჯი დაიბადა. ამისთვის პასუხი ან ვის უნდა მოეთხოვოს? - დაფიქრებით თქვა რანამ.
- როცა ორ ნორმალურ ლოტელს უჩნდება ერთი არანორმალური, მის განადგურებაზე თავად მშობლებმა უნდა იფიქრონ.
- რა საშინელებას ამბობ, რუხა... შენ გინდა თიოს სიკვდილი? ის ხომ ასეთი პატარაა და კეთილი... მხიარული...
- ჰო, მაგრამ ის არაა ჩვენი ჯიშის!
- აბა ვისი ჯიშისაა, რუხა! მას ჩვეულებრივი დედა და მამა ჰყავს.
- კარგი... მოვრჩეთ ამაზე საუბარს. რამეს მოვიფიქრებ.
- რუხა, ზიანს ნუ მიაყენებ თიოს! გთხოვ! თორემ იცოდე, მე არ გაპატიებ ამას!
- დამშვიდდი, რანა... მე მას ძალით გავხსნი და მერე მხოლოდ მილს გადავუნასკვავ... გამრავლებას ავუკრძალავ: ვერც თავად გააჩენს შვილს და ვერც მისგან გააჩენს ვინმე. მოკვლით კი – ვერ მოვკლავ! ეს ლოტის ადათებს ეწინააღმდეგება!
- თემისთავი დაგსჯის! თიო ჯერ არ არის 13 გაზაფხულის!
- არაფერია, დავიცდი!
- და მისი სურვილის წინააღმდეგ გახსნი? ეს ხომ... ეს ხომ... – ხმა გაებზარა რანას.
- რა, “ეს ხომ”?
- ეს ძალადობაა, რუხა!
- მე ამას ლოტის გადასარჩენად გავაკეთებ! – რუხამ ამაყად ასწია თავი, რანას ზევიდან გადახედა და წავიდა.

გაოგნებული იჯდა ლეჰა. არ იცოდა, რა მოემოქმედებინა. 
იმ ადგილს გახედა, სადაც სულ ცოტა ხნის წინ რანა და რუხა იდგნენ. ორივე წასულიყო.
- არა, რაღაც უნდა მოვიმოქმედო! ასე ჯდომა და ლოდინი არ შემიძლია. ნეტა სად არის ახლა თიო?!

ლეჰა ფეხზე წამოხტა და სწრაფად წავიდა თავისი ქოხისკენ. იფიქრა, "ბავშვს დავტოვებ ქოხში და თავად კი თიოს მოვძებნიო". თავის ქოხთან მიახლოებულს ხმაური შემოესმა. იქით გაემართა, რომ გაეგო, რა მოხდა.

მარს და ლუს ხის ტოტები ისე გადაეწნათ, რომ საწოლს დამსგავსებოდა. ამ საწოლზე თავგასისხლიანებული თიო იწვა და კვნესოდა.
- რა დაემართა თიოს? – შეშფოთებულმა იკითხა ლეჰამ და საწოლს გვერდით გაჰყვა.
- ნაგუას ხეზე ყოფილა ასული, - უთხრა მარმა, -  რუხამ ვერ დაინახა და ქვა ისროლა მისკენ. ალბათ ნადირობა უნდოდა... ქვა თიოს მოხვდა და დაბლა ჩამოვარდა. კიდევ კარგი, იქვე ვიყავი და ლუს დავუძახე... მერე ეს საწოლი შევკარით და თიო აქეთ წამოვიყვანეთ...
- თიოს რომ რამე დაემართოს, რუხას ჩემი ხელით დავახრჩობ!
- გაგიჟდი, ლეჰა? ეს რა სიტყვები ამოუშვი პირიდან?! რას ქვია, “დაახრჩობ”?! – შეწუხდა ლუ.
- ლუ, ვიცი, რასაც ვამბობ! ჯერ არაფერს ვიტყვი. მთავარია, თიო გადარჩეს!...
- ლეჰა, რა გაქვს სათქმელი? – შემოესმა ლეჰას თემისთავის ხმა.
- ჯერ არაფერს ვიტყვი, თემისთავო! მაგრამ, თუ თიო დაიღუპება, მაშინ მიფრთხილდეს რუხა!
- თემისთავო, ლეჰას არაფერი აქვს სათქმელი, აი, მე კი შემიძლია თქმა! – წინ წამოდგა რანა, - რუხა ამტკიცებს, რომ თიო ლოტის გადასაჯიშებლად და სხვა რასის დასამკვიდრებლად არის მოსული ლოტზე.
- რა სისულელეა?! თიომ როგორ უნდა გადააჯიშოს ლოტი?!
- როგორ და... ის ხომ ასეთი განსხვავებულია ჩვენგან, თემისთავო?! მხოლოდ ესაა საფრთხილო.
- ვიმეორებ, სისულელეა ეს მოსაზრება! თიო ისეთივე ლოტელია, როგორც ყველა დანარჩენი: ჭეშმარიტად ლოტელი მშობლების შვილია! მაშ რუხამ ძალით ესროლა ქვა? რუხას დაუძახეთ...


მალე მოიყვანეს რუხა.
თავი მაღლა ჰქონდა აღერილი, თითქოს საამაყო საქციელი ჩაიდინაო... მხოლოდ თვალებში ედგა შიში, ჩადენილის გამო.
- რას იტყვი, რუხა? – მიუბრუნდა თემისთავი.
- თიო დაღუპავს ლოტს!
- თიო ვერ დაღუპავს ლოტს, აი, შენ კი თიოს დაღუპვა გინდოდა! რას იტყვი თავის გასამართლებლად?
- მე არაფერი ჩამიდენია თავის გასამართლებელი! არ ვიცოდი, თიო თუ ხეზე იყო და ქვა ვისროლე... რა ჩემი ბრალია, ის თუ იმ ხეზე იჯდა?!

ლოტელების წინ ლეჰა გამოვიდა და თემისთავს მიმართა:
- რუხას თიოს ძალით გახსნა და მილის გადანასკვა ჰქონდა გადაწყვეტილი. ჩემი ყურით გავიგე, როგორ ეუბნებოდა ამის შესახებ რანას...
- ეს მართალია,? – მიუბრუნდა თემისთავი რუხას და თვალი თვალში გაუყარა.
- მართალია... მე მისი მოკვლა არ მდომებია. მხოლოდ გადანასკვას ვუპირებდი.
- მაშ აღსრულდეს სამართალი... დღეის შემდეგ შენ 5 გაზაფხულით აგეკრძალა დედობაც და მამობაც... გადანასკვისგან ამჟამად თავს შევიკავებ. და დაგიფაროს ლოტის სამართალმა, რომ თიოს რამე დაემართოს! მაშინ გადანასკვა არ აგცდება!...

ამის შემდეგ ლოტელები დაიშალნენ.
ლეჰა მაშინვე თიოს მოსანახულებლად წავიდა.
თიოსთვის გატეხილ თავზე სალბუნად დაედოთ სამკურნალო ბალახები. მთელ სხეულზე ღრმა ნაკაწრები ჰქონდა, ხიდან გადმოვარდნის დროს ტოტებს შორის ფრენის შედეგად. მუხლი გასივებოდა, მიწაზე ცუდად დაცემის გამო.

ლეჰა გვერდით დაუჯდა და მისი ხელი დაიჭირა ხელში.
- ძალიან ლამაზი ხარ, თიო...
- არა, მე მახინჯი ვარ... ასე თქვა რუხამ, – სუსტი ხმით თქვა თიომ.
- არ დაუჯერო რუხას... ნეტა ყველა შენნაირი იყოს... – ჩაილაპარაკა ლეჰამ და ცრემლებით აევსო თვალები.
- ძალადობა უნდოდა ჩემზე?- და თიოს თვალების ტბებიდან ნაკადულები გადმოდინდა.
- ჰო, უნდოდა, მაგრამ... თემისთავმა აუკრძალა შენთან მოახლოება.
- მე უკვე 13 გაზაფხულის ვარ, ლეჰა! და მე მინდა, რომ შენ გამხსნა. არავინ მინდა სხვა...
- მართლა, თიო? მიხარია, თუ ასეა! მაგრამ შენ გამოჯანმრთელებამდე დავიცადოთ, კარგი?
- კარგი, ლეჰა!...



* * *
კარგა ხანი დასჭირდა თიოს ჭრილობების მოშუშებას.
მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, თიოც დადგა ფეხზე და ტყეში სასეირნოდ წავიდა. გზად ლეჰას შეუარა და ისიც თან წაიყვანა. უფრო იმედიანად იყო.
ტყეს მდინარე ჩამოუდიოდა. ცურვა უყვარდა თიოს და მაშინვე საგუბარისკენ გაემართა. ლეჰაც თან მიჰყვა.
წყალი თბილი იყო. ფრთხილად შეცურა სიღრმისკენ. თითქმის შუაგულამდე მიცურდა.
საგუბარის ცენტრში არსებულ პატარა კუნძულზე ავიდა და ნაპირზე წამოწვა.
- თიიიიი-ოოოოოოოოო! – შემოესმა ლეჰას ხმა, - საააად ხააააააააააააარ!
- აქ, ვარ, ლეჰაააა! – დაუძახა თიომ და ხელი დაუქნია.
- მეც მანდ მოოოო-ვააააალ!

ლეჰა მდინარეში შევიდა და თიოს მიმართულებით გაცურა. ძალები ვერ მოზომა და წყალმა გაიტაცა.
- მიიიი-შვეეე-ლეეეეთ, - მთელი ხმით დაიყვირა ლეჰამ.
- მოვდივარ, ლეჰა, ნუ გეშინია, - ფეხზე წამოხტა თიო და მდინარეში დგაფუნით გადახტა.

სწრაფად უსვამდა ხელებს, მაგრამ წყალმა თითქოს სისწრაფეს მოუმატაო, - ვერა და ვერ ეწეოდა ლეჰას.
წყალი კასკადივით ეშვებოდა დაბლა. თიომ დაინახა, როგორ გადაეშვა ერთ-ერთ წყალვარდნილზე ლეჰა. თავადაც იმ ნაკადს გაჰყვა და მალე დაეწია კიდეც, რადგან ლეჰამ მოახერხა ერთ ქვას მოჭიდებოდა.
სამაგიეროდ თიომ ვეღარ შესძლო იმ ქვაზე მოჭიდება და მდინარის ნაკადმა კლდიდან გადააგდო. წყალში მაინც ჩავარდნილიყო?! უზარმაზარ ლოდს დაენარცხა.

ლეჰამ რომ ყვირილი დაიწყო, ეს თიოს გარდა სხვებმაც გაიგეს თურმე და ნაპირ-ნაპირ გამოედევნენ. როცა დაინახეს, რომ ლეჰა ქვას მოეჭიდა და ზედ აძვრა, მისკენ დაეშვნენ და მალე სამშვიდობოზეც გაიყვანეს. ლეჰამ ხელი გაიშვირა, - თიო იქით წაიღო წყალმაო.
რანამ და მარმა პირველებმა მიირბინეს თიოსთან.

უზარმაზარ ლოდზე უსიცოცხლოდ ეგდო თიოს სხეული. მუქი წყლისფერი თვალები ღიად დარჩენოდა და იმ მდინარის წყალს ეჯიბრებოდა სიკამკამეში, ოქროსფერ თმაში კი წყალმცენარეები ჩახლართვოდა მწვანე გვირგვინად....

* * *

- მოხვედი? დამიბრუნდი, თეო? იცი, როგორ მომენატრე?
- ჰო, მე დავბრუნდი, ნიიიი, მეც მომენატრე, მეგობარო... – თქვა თეომ და მოხერხებულად მოეწყო ლოდის სარეცელზე.

(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები