ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
5 იანვარი, 2010


თავი 16. წინ ვარფიმია! ("შორია დედამიწამდე...")

მეორე დილიდან დაწყებული, გაიღვიძებდა თუ არა, თეო წყალში ჩახტებოდა-ხოლმე და ნებივრობას იწყებდა: ხან ზურგზე წვებოდა, ხან ციბრუტივით ტრიალებდა და წყლის მბრწყინავ შხეფებს ისროდა გარშემო, ხან წყალვარდნილის ქვეშ შეცურდებოდა და იქიდან ადევნებდა თვალს თავის ირემს, რომელიც დაფეთებული თვალებით ეძებდა თეოს და ვეღარ პოულობდა... თეოს სიცილი აუტყდებოდა და წყალვარდნილიდან გამოცურდებოდა-ხოლმე გარეთ. მაშინ უნდა გენახათ ირემი, სიხარულით როგორ უციმციმებდა თვალები... კისერს წაიგრძელებდა, თავს შემართავდა და...
- ნოოოო!..... – დაიბღავლებდა მთელი ხმით.
- მიპოვე, ირემოოოოო? – ყვიროდა გახარებუული თეო და მთელი სისწრაფით მოცურავდა მისკენ, შემდეგ კისერზე ხვევდა ხელებს და ლამაზ თვალებს უკოცნიდა.

ნიი ქვიშისფერ თვალებს აყოლებდა საყვარელ არსებას და მზად იყო, თავადაც მასთან ერთად ერბინა და ირემზე ამხედრებულს ენავარდა ტყესა თუ ველებზე... მაგრამ, ვაი რომ არ შეეძლო! ერთადერთი, იმით ინუგეშებდა თავს, რომ ბედნიერი და დაღლილი თეო ისევ მასთან, ლოდთან ბრუნდებოდა და მის სარეცელზე იძინებდა.
ლოდს გული უთბებოდა და ეს სითბო მთელ მის ზედაპირზე ვრცელდებოდა. ასე რომ ლოდზე მძინარ თეოს სიცივე არ ემუქრებოდა.

თეოს თმა კიდევ უფრო გაეზარდა და უკვე თეძოებსაც უფარავდა. ამ გრძელი ოქროსფერი თმის სიბრწყინვალე საოცარ შარავანდედში ხვევდა თეოს.

ერთ დღეს თეომ კი არ ჩაიწნა სველი თმა, პირიქით, გაიშალა და ლოდის კიდიდან დაბლა ჩაუშვა. ოქროსფერი ფარდასავით დაეფინა თმა ლოდის ზედაპირს. ლოდს ცეცხლი შემოენთო თითქოს. თავადაც ვერ ხვდებოდა, რა სჭირდა... ზედაპირი უხურდა და გული ეყინებოდა.
- შენ ლოდი ხარ, უბრალო ქვის ნატეხი... მართალია, დიდი ხარ ზომით, მაგრამ... მაინც ქვა ხარ! – არწმუნებდა თავის თავს ნიი და ცდილობდა, წყლისკენ ჩაცოცებულიყო, რათა შემონთებული ცეცხლი ჩაენელებინა.
- ნიი, დახმარება ხომ არ გინდა? – ჩაირაკარაკა წყალმა.
- მინდა... შენი დახმარება მინდა, მდინარევ... ნახე, როგორ გამიხურდა ზედაპირი? მეშინია, ზედმეტი სითბოთი არ შევაწუხო თეო...
- ჩემი იმედი გქონდეს, ლოდო... – მდინარემ სისწრაფეს მოუმატა და თავისი ტალღებით შეასკდა ლოდის ზედაპირს.
- შშშშშშშშშ....... – აშიშინდნენ წვეთები ლოდის ზედაპირზე და ნიიმაც შვებით ამოისუნთქა.

მთელი ღამე ბორგავდა ლოდი... გულს იგრილებდა მდინარის ტალღებით და თავისი თავის დარწმუნებას ცდილობდა, რომ ეს შემონთებული ცეცხლი...
და აქ ჩერდებოდა, აზრი უწყდებოდა, სიტყვები ეკარგებოდა... 

გათენების ხანს მიხვდა, რომ ცუდად იყო მისი საქმე, - მას თეო შეუყვარდა!
ქვას, ლოდს შეუყვარდა!
და ვინ?
ღმერთის რჩეული, ულამაზესი და უსათნოესი თეო?!...
ეს... ეს შეუძლებელი იყო და თან კი... ფაქტი ფაქტად რჩებოდა!

ლოდმა ძალა მოიკრიბა და მთელი ხმით იყვირა:
- გიიი-ოოორ-გიიიიიიიიიიი!!!!

ხმა ვერ გაიგო, მაგრამ გუმანით მიხვდა გიორგი, რომ ლოდი უხმობდა. სადღაც შერცხვა კიდეც, - ის ხომ თეოსთან არ მისულა მისი ლოტიდან დაბრუნების შემდეგ?!
მაგრამ არც თეოს მოუხმია მისთვის!

გათენებისთანავე გაემართა გიორგი თეოსკენ.
თეოს ჯერ ისევ ეძინა მშვიდი და უშფოთველი ძილით.
გიორგი ლოდზე ჩამოჯდა და თეოს თმაზე გადაუსვა ხელი, - ელდანაკრავივით შეხტა... თეოს თმიდან რაღას საოცარი ენერგია მოდიოდა. მხოლოდ ეს იყო, თმის ენერგია ძალას კი არ მატებდა გიორგის, პირიქით, საოცარი სისუსტე იგრძნო...
არა... არც სისუსტე...
ვერ არქმევდა სახელს ამ მოვლენას...
გულისცემამ უმატა, ფეხებში ძალა გამოეცალა... მერე გული მოეწურა და...
- ღმერთო ჩემო... თეოს თმას უნარი აქვს, ერთი შეხებით მონუსხოს ადამიანი, თავისი სიყვარულის ტყვედ აქციოს ნებისმიერი! – ამ აღმოჩენამ შეძრა გიორგი!
- შენც იგივე იგრძენი, გიორგი? – ნიიმ ქვიშისფერი თვალები მორცხვად დახარა და წყალს მიაჩერდა...
- შენც, ნიიი? შეუძლებელია...
- ჰო, შეუძლებელია, მაგრამ ფაქტია!
- ეს იცის თეომ?
- რა?
- მისი თმის ძალის შესახებ იცის რამე?
- არა მგონია... უფრო ზუსტად კი, არ ვიცი... – ღრმად ამოიხვნეშა ნიიმ.
- კარგია, თუ არ იცის... ეს ცუდ სამსახურს გაუწევს მას...
- რატომ?
- შეიძლება სიამაყემ ან, კიდევ უარესი, ამპარტავნებამ დაისადგუროს მასში...
- თეო და ამპარტავნება? გამორიცხულია, გიორგი...
- ჰო, მაგას მეც ვფიქრობ... თეოსგან შორსაა ამპარტავნება, მაგრამ... იცოდე, რომ შენი თმის მეშვეობით ფლობ რაღაც ძალას, რომელიც ძალას ართმევს ნებისმიერს, ვინც თმას შეეხება, თავისდაუნებურად...
- ნუ გააგრძელებ, გიორგი... თეო არაა მასეთი სული! მე პირიქით ვფიქრობ...
- პირიქით?
- ჰო, გიორგი... მეშინია, ამ უცნაურმა ძალამ არ დათრგუნოს თეო.
- არც ესაა გამორიცხული... თუ გაიგებს ამ ძალის შესახებ, თმა არ შეიკვეცოს... მითუმეტეს, რომ ვარფიმზე გამგზავრების დროს ამ თმის ძალა ერთადერთ მფარველად ექცევა.
- ვარფიმზე?... – მოულოდნელობისაგან ხმა წაუვიდა ნიიის, - ვარფიმზე უშვებ თეოს?... გიორგი, ცოდოა გოგონა!
- ვიცი, მაგრამ... აუცილებელია!
- რამე მაინც გაატანე მცველად?
- მას საოცარი სიძლიერის თმა აქვს! ამაზე ძლიერს ვერაფერს გავატან! ჩუუუ, იღვიძებს მგონია...

თეომ თვალები გაახილა და მაშინვე გიორგი დაინახა, რომელიც მის სიახლოვეს იჯდა და სითბოჩაბუდებული თვალებით უყურებდა. გიორგიმ ხელები გაშალა და ლოდზე წამომჯდარი თეო გულში ჩაიკრა.
- იცი, როგორ მომენატრე, გიორგი?
- ძალიან?
- ჰო, ძალიან...
- მაშინ, რატომ არ დამიძახე?
- ვიფიქრე, ალბათ დაკავებულია, თორემ თავისითაც მნახავს-მეთქი... – თეოს სიწითლემ აჰკრა ლოყებზე.
- მე კი შენს ძახილს ველოდი... ვფიქრობდი, ალბათ არ მოვენატრე, თორემ ხომ მიხმობდა-მეთქი?! – გიორგიმ შუბლზე აკოცა თეოს და... მიხვდა, რომ ეს პატარა გოგონა ძალიან ბევრს ნიშნავდა მისთვის!

ვერ დაუშვებდა გიორგი, რომ თეოს რამე შემთხვეოდა ვარფიმზე. და აქ არ იყო საუბარი სიკვდილზე, რადგან მხოლოდ სიკვდილის შემთხვევაში შეძლებდა თეო მათთან დაბრუნებას! მაშ რა უნდა დამართოდა თეოს?
ვარფიმი მოულოდნელობებით სავსე პლანეტაა!!!

- გიორგი, სულ ამერია თავში ყველაფერი... რამდენი წელია, რაც მე აქ ვარ?
- რაო, მოგბეზრდა აქაურობა?
- არა... სად მცალია მოსაწყენად? – გაეცინა თეოს, -  ან როდის უნდა მომბეზრებოდა?! სულ აქეთ-იქით მიშვებთ.
- აქაური დრო გაინტერესებს თუ გეას დრო?
- მოიცა, თავიდან დავიწყოთ. მე აქ წამოსული ვარ 25 წლით, ხომ? და ჩემი ათვლით 100 წელია გასული უკვე...
- არა, თეო... გეაზე 12 წელია ჯერ მხოლოდ გასული...
- ანუ ახლა...
- ანუ, ახლა საქართველოში 1986 წელია...
- და მე როდის უნდა დავბრუნდე?
- 1999 წლის 19 იანვარს, თეო... თუმცა მანამდე ჯერ ძალიან ბევრი რამის ნახვა მოგიწევს...
- მაინც, რისი, გიორგი?
- შენ სანახავი გაქვს ვარფიმი, შემდეგ, მალევე, ტორი... მერე დარი და ბოლოს – თაია...
- ესე იგი, ახლა ვარფიმის ჯერია?
- ჰო, თეო...
- შორია?
- ძალიან... და თანაც საშიში.
- მე არ მეშინია, გიორგი...
- ანუ, არ გინდა, თან რომ გამოგყვე?
- შეენ? – თვალები გაუფართოვდა თეოს.
- თეო, რომ იცოდე, რა საყვარელი ხარ! – გიორგიმ ხელები მოხვია თეოს და გულზე მიიხუტა. 
- გიორგი, არ გწყდება გული?
- რაზე, ბავშვო?
- იმაზე, რომ მე და შენ დედამიწაზე არ შევხვდით ერთმანეთს!
- ნუ ფიქრობ ამაზე... და ნურც მე მაიძულებ, რომ ვიფიქრო... – თქვა გიორგიმ და... მიხვდა, რომ თეო მისი სულის სიმებს შეეხო ახლა.
- რატომ? – თეომ ზღვისფერი თვალები შეანათა გიორგის და თავადაც შემოხვია ხელები.
- თეო... მომისმინე, - გიორგიმ სცადა ხელები გაეშვა თეოსთვის, მაგრამ... უფრო ძლიერად მოეხვია...
- გისმენ, გიორგი...
- 13 წლის შემდეგ შენ აქედან უნდა წახვიდე, თეო... მე მოვალე ვარ, გაგიშვა... და თუ ამაზე ვიფიქრებ, მე ვეღარ შევძლებ შენთან განშორებას...
- მაგას რა ჯობია?!
- არა... შენ არ გესმის, რას ამბობ... 13 წლის შემდეგ თაიას შენი სხეულის დატოვება მოუწევს და შენი სხეული უსულოდ დარჩება!
- ჰო, მაგრამ მე არ ვიქნები არც პირველი და არც უკანასკნელი... ასე არ არის?
- გააჩნია, რა კუთხიდან შეხედავ შენს მდგომარეობას. შენ არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი, ვინც ჩვენი სურვილით არის წამოყვანილი აქეთ! შენ შენი მისია გაქვს შესასრულებელი გეაზე! გესმის, თეო? და ამიტომ შენ აუცილებლად უნდა დაბრუნდე შენს სხეულში!
- თუ არ მინდა? უფრო ზუსტად, თუ აღარ მინდა დაბრუნება?
- ეს შენს სურვილებზე არაა დამოკიდებული, თეო.
- შენს სურვილზე? – თეოს ჯერ თვალები აუწყლიანდა, შემდეგ კი ლოყაზე დაუგორდა მოციმციმე მარგალიტის ცრემლები.
- სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არც ჩემს სურვილზე... - გიორგიმ თვალები დაუკოცნა თეოს, კოცნით ამოუშრო ცრემლები.
- რა მეშველება უშენოდ, გიორგი?
- შენ არ იქნები უჩემოდ... მე სულ შენს გვერდით ვიქნები... მაშინაც კი, როცა დაგავიწყდება ჩემი არსებობა!
- ეს გამორიცხულია... შენ ხომ თავადაც იცი, რომ გამორიცხულია? მე ვერასოდეს დაგივიწყებ...
- მე არ დაგავიწყებ თავს! ჩემი სული სამუდამოდ გადაეხლართა შენს სულს... და მხოლოდ აქ კი არა, ნებისმიერ პლანეტაზე იგრძნობ ჩემს სიახლოვეს... ყოველთვის შენს გვერდით მიგულე!
- გმადლობ, გიორგი... შენ ნამდვილი მეგობარი ხარ...
- კარგი, ახლა წავალ... ხვალ მოვალ და მაშინ ვისაუბროთ ახალ პლანეტაზე, რომელსაც ვარფიმი ქვია.

გიორგი წავიდა. თეო კი ფეხმორთხმით დაჯდა ლოდზე და ფიქრებს მიეცა.
- თეო... მეც მინდა, ჩემს სიყვარულში გამოგიტყდე...
- შენ, ნიიი? – გაოცებისგან პირი დააღო თეომ.
- ჰო, მე... სად არის ის ქვა, რომელიც მოგეცი?
- უი, ჯიბეში ჩამრჩა... იქ, ლოტზე არც ამომიღია ჯიბიდან...
- ჯიბიდან როგორ ამოიღებდი, როცა ჯიბე კი არა, საერთოდ ტანსაცმელიც არ გეცვათ ლოტზე?
- ხო, ესეც მართალია... აი, აქ მაქვს შენი ნაჩუქარი ქვა, - თეომ ჯიბიდან ამოიღო ლოდის საჩუქარი და მუჭი გაშალა.
- არ დაკარგო. ვარფიმზე დაგჭირდება. და კიდევ ერთი: შენ სამი დამხმარე გეყოლება ვარფიმზე, გიორგი, ეს ქვა და... თაია.
- თაიაც? როგორ, ნიიი?
- თუ რამე გაგიჭირდება, თავად მიხვდები, ვის უნდა უხმო, - მე, გიორგის თუ თაიას.
- მაინც? ვაი და ვერ მივხვდე?
- თუ ძლიერი საყრდენი დაგჭირდება, მე მახსენე... თუ სულიერი ძალა და გამბედაობა, - გიორგის უხმე...  და თუ ნახავ, რომ სიკეთითა და სინათლით, სითბოთი და სიყვარულით უნდა გაიმარჯვო, მაშინ თაია იქნება მხოლოდ შენი მშველელი.


* * *

სწრაფად გავიდა 3 დღე.
თეო ცდილობდა, რომ გიორგისთვის არ ეხმო, რადგან ეს, ნებით თუ უნებლიედ, მის ვარფიმზე გამგზავრებას დააჩქარებდა.
მაგრამ ეს დრო მაინც მოვიდა.
გიორგი ლოდზე ჩამოჯდა, თეო გვერდით მოისვა.
- მზად ხარ ვარფიმზე გასამგზავრებლად?
- მე ჯერ ვარფიმის შესახებ ინფორმაციას ველოდები, გიორგი...
- მაგას გეტყვი, არაა პრობლემა. აი, მისმინე:  ვარფიმი, წითელი პლანეტა,  ყველაზე შორს მდებარეობს გეა-დედამიწიდან. ითვლება პლანეტა-აგრესორად. ტექნიკური განვითარების თვალსაზრისით ყველაზე მაღალგანვითარებულია. ვარფიმზე სიცოცხლე დაიწყო მას შემდეგ, რაც “მოკვდა” პლანეტა მარსი, - ოდესღაც ხომ სწორედ მარსი ითვლებოდა “წითელ პლანეტად”?! ზომით ვარფიმი ყველაზე დიდი პლანეტაა ცოცხალ პლანეტათა შორის. ის არ მდებარეობს ჩვენს გალაქტიკაში. მისი მისამართია: ანდრომედას გალაქტიკა!
- რა საშინელებაა?!  ბუნება, ანუ ფლორა და ფაუნა რომელი პლანეტისას ჰგავს?!
- ალბათ ყველას, თუმცა თავისებურებაც ბევრია... ვარფიმს კლდოვანი ზედაპირი აქვს. ბევრია ნაპრალი, უფსკრული, მღვიმე... არის მდინარეები და ზღვებიც, მაგრამ წყალი ძალიან მლაშეა და წყალქვეშა სამყარო კი - ძალიან ღარიბი. მიწისზედა ფლორა და ფაუნაც არ გამოირჩევა სიმდიდრით. ერთი სიტყვით, ვარფიმი არ ბრწყინავს სილამაზით ჩვენებური გაგებით.
- კარგი... გარეგნობა? ესენიც, საროელებივით, ტერმიტებისნაირნი არიან თუ, ლოტელებივით, 4- ან 6-ხელიანები?
- არა, თეო, - გაეცინა გიორგის, -  სულ არ გვანან საროელებსა და ლოტელებს.... ვარფიმელები მაღლები არიან, 2,00-2,50 მ. თითქმის ყველა ძალზე გამხდარია. ეს სიგამხდრე კიდევ უფრო მაღლებად აჩენს მათ. გარეგნულად რობოტებს გვანან, სახის გამომეტყველება, თითქმის, არასოდეს ეცვლებათ. კანი მომწვანო-მონაცრისფრო აქვთ. დიდი შავი თვალები აქვთ, სკლერის გარეშე. ცხვირის ნაცვლად ორი მრგვალი ხვრელი აქვთ, პირის ნაცვლად კი - სწორი ჭრილი. ყურის ნიჟარა არა აქვთ. მის ნაცვლად მხოლოდ ძაბრისებური ხვრელი აქვთ.
- მდედრებად და მამრებად იყოფიან თუ ესენიც უსქესონი არიან, ლოტელებივით?
- კი, ყავთ მდედრები და მამრები. ისინი გარეგნულადაც განსხვავდებიან ერთმანეთისგან. თმა აქვთ მხოლოდ მდედრებს. მამრი ვარფიმელები აბსოლუტურად უთმონი არიან. წამწამებიც კი მხოლოდ მდედრებს აქვთ. მდედრი ვარფიმელის თმა ძალზე შავი, ხვეული და უხეშია, - აფრიკელი ქალების თმას ჰგავს.
- დალოცა ღმერთმა, ადამიანისმაგვარნი ყოფილან.
- ხო, გვანან, მაგრამ თან განსხვავდებიან კიდეც... ვარფიმელებს აქვთ 2-2 ზედა და ქვედა კიდური, თითოზე 4-4 თითით. ზედა კიდურებზე 3-3 თითი ტოლი სიგრძისაა, მეოთხე კი - უფრო მოკლეა და მსხვილი. ფორმით - ადამიანის ხელის მსგავსია, თუ არ ჩავთვლით თითების რაოდენობას.
- ოთხთითა ადამიანის ხელი?!... მახინჯია, მაგრამ, არ უშავს!
- სამაგიეროდ, ქვედა კიდურებზე ტერფის ფორმა ადამიანის ფეხის ტერფის ფორმისაგან  მკვეთრად განსხვავდება: “ცერა” თითი დანარჩენ თითებთან შედარებით 2-ჯერ უფრო მსხვილია და გრძელი და, თანაც, მიმართულია საპირისპირო მხარეს. იგი ქუსლის გაგრძელებას წარმოადგენს და თავისუფლად მოძრაობს ყველა მიმართულებით.
- სხვა ყველაფრით ადამიანებს გვანან?
- არა, თეო... უპირველეს ყოვლისა, გარეგნულად ვარფიმელები რობოტებს ჰგვანან, მაგრამ... მხოლოდ გარეგნულადაც არ ჰგვანან რობოტებს,- ისინი უსულგულონი არიან, მათთვის  უცხოა ყოველგვარი ნაზი გრძნობა, მათ არ იციან, რა არის სიყვარული!
- რა საშინელებაა?! უსიყვარულოდ მრავლდებიან? ამათ საროელები სჯობნებიან. იქ სიყვარული მაინც იციან... თავისებური, არაადამიანური, მაგრამ... მაინც სიყვარული!
- ვარფიმელები მრავლდებიან სინჯარაში სისხლის წვეთების გარკვეული რაოდენობით, თუმცა ზუსტად არ ვიცი, სისხლის რამდენი წვეთია საჭირო. სისხლს იღებენ ხელის “ცერა” თითიდან. მდედრის “გასაჩენად” მდედრი ვარფიმელის სისხლი ჭარბობს და პირიქით, მამრის “გასაჩენად” - მამრის. სინჯარას 2-3 თვე ინახავენ თბილ არეში, შემდეგ მისი შიგთავსი გადააქვთ სპეციალურ აპარატში კიდევ 3 წლით. “გაჩენილმა” ბავშვმა თავიდანვე იცის სიარული და ლაპარაკსაც სულ მალე სწავლობს.
- და ოჯახი 3 წელზე მეტი ხანი ელოდება თავის პირმშოს?
- ოჯახი ვარფიმზე, პრაქტიკულად, არ არსებობს. ყველას აქვს უფლება, ნებისმიერ დროს შეიცვალოს პარტნიორი, ყოველგვარი “სცენებისა” და აყალ-მაყალის გარეშე,- იქ ხომ არავის არავინ უყვარს?!
- ღმერთო, რა კოშმარია! რას ჭამენ, რას სვამენ?!
- ვარფიმელთა საკვები კოსმონავტების საკვებს ჰგავს: აბები, ტუბებში ჩატუმბული პასტა, “ორცხობილას” მსგავსი ფირფიტები და ა.შ.  სადილის კეთების პროცესი იქ არ უყვართ, ასე რომ....
- უუუფ...  არ დამიჯერებ, მაგრამ... შემეცოდნენ, იცი? - გაეცინა თეოს, - გააგრძელე... ტანსაცმელი, ალბათ, აცვიათ, ხო?
- ვარფიმელებს აცვიათ მოტმასნილი ტანსაცმელი, დაფარული ქერცლისებური ფირფიტებით. ეს ფირფიტები ლაზერგამძლე მასალისაგან არის დამზადებული. ტანსაცმელი, ძირითადად, მოვერცხლისფროა, სხვადასხვა ელფერით.
- ლამაზი იქნება... – დაფიქრებით თქვა თეომ, - იმედია, სახლებში ცხოვრობენ, ხომ?
- ვარფიმისთვის ამახასიათებელია უცნაური, მილისმაგვარი შენობები, რომლებსაც ფანჯრები არ აქვს. თვით შენობები რაღაც ლითონური მასალისგან არის დამზადებული, რომლებიც ლაზერის სხივების ზემოქმედებით  არ იშლებიან. სახლების სახურავზე მოწყობილია “ანგარები” საფრენი აპარატებისთვის.
- რას ქვია “საფრენი აპარატი”?! საკუთარი თვითმფრინავები ჰყავთ?
- ყოველ ვარფიმელს აქვს პირადი სატრანსპორტო დისკი, თეო,  დიამეტრით 4,0-5,0 მ, შორ მანძილზე სამოგზაუროდ და სატრანსპორტო  “კაფსულა”, დიამეტრით 1,5 - 2,0 მ, ახლო მანძილზე გადასაადგილებლად.
- მაგარია! ძლივს არ მომეწონა რაღაც?... – გადაიკისკისა თეომ.
- ადრეა სიცილი... თეო,  ყველა ვარფიმელი შეიარაღებულია უცნაური იარაღით, რომლის ორი სხვადასხვა სხივის მეშვეობით მათ შეუძლიათ მოწინააღმდეგის მოლეკულებად დაშლა და მისი მომენტალურადვე მატერიალიზაცია. ვარფიმელთათვის  არაფერს წარმოადგენს სხვა ვარფიმელის მოკვლა და დაშლა. “დაშლილი” ვარფიმელი თავისით ვერ მატერიალიზდება. ეს შესაძლებელია მხოლოდ სხვისი მეშვეობით და, თანაც, უახლოესი 7 წამის განმავლობაში. 8 წამის შემდეგ ვარფიმელის “აღდგენა” შეუძლებელი ხდება.
- რა საშინელებაა?! დაშალე, ააწყვე... დაშალე, ააწყვე... დაშალე, ააწყვე...არ ბეზრდებათ?
- თუმცა მატერიალიზაცია შესაძლებელია, მას იქ ძალზე იშვიათად მიმართავენ, რადგან იქ არავის არავინ უყვარს, საკუთარი შვილიც კი, ამიტომ არც არავის უჩნდება სურვილი “დაშლილი” ვარფიმელის ხელმეორედ მატერიალიზაციისა. 10 წლამდე ბავშვებს აქვთ დაშლის მიმართ იმუნიტეტი,- ისინი არ დემატერიალიზდებიან.
- უბედურები... გაუშვებს დედა მთელ და უვნებელ შვილს და... მოუტანენ დამოლეკულებულს...
- როგორსო?
- დამოლეკულებულს... ანუ მოლეკულებად დაშლილს...
- კარგი იყო... ჩაგეთვალა! – გულიანად გაეცინა გიორგის, - ამ დაშლის გამო არავინ იცვამს შავებს. თავისი სიკვდილით ვარფიმზე არავინ კვდება,ვერ ასწრებენ! და თუ ეს მაინც მოხდა, სპეციალური “მესაფლავენი” მოახდენენ მის დემატერიალიზაციას და... მორჩა! მის ადგილას მტვერიც კი აღარ რჩება! არც კი ვიცი, რამდენია მათი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა! თითოეული ვარფიმელი კოლოსალური ენერგიის მატარებელია. სუსტი და ავადმყოფი ვარფიმელი არც კი არსებობს. ვარფიმზე არის სპეციალური  შენობები, სადაც ხდება ვარფიმელთა ”დამუხტვა” ანუ გაჯანსაღება. იმ შენობაში “დამუხტული” ვარფიმელი 5 წლით ივსება ენერგიით. თუ ვერ მოასწრო ამ ენერგიის სრულად დახარჯვა, მომდევნო 5 წელი მას მომატებული ენერგეტიკა ექნება, ანუ უფრო “ძლიერი” იქნება, ვიდრე სხვა “ნორმალური” ვარფიმელი.
- გიორგი, ესენი არიან, დედამიწაზე რომ უნდათ გამოლაშქრება?
- ვარფიმელები დღეს უკვე არიან ნარინჯისფერი პლანეტა ტორის “მბრძანებლები”, მაგრამ არც სხვა პლანეტათა დაპყრობაზე იტყვიან უარს. “მფრინავი თეფშებით” სწორედ ვარფიმელები ჩამოდიან გეაზე, თუმცა მაღალჩინოსანი სამხედროები ყოველნაირად ცდილობენ ამ ფაქტების მიჩქმალვას ან, სულაც, უარყოფას.
- მათი ცნობა როგორ შეიძლება?!
- გეაზე ჩამოსული ვარფიმელები სკაფანდრებით არიან აღჭურვილნი. სკაფანდრს მარჯვენა ყურთან აქვს სამი ღილაკი, რომლითაც ისინი კონტაქტს ამყარებენ “სხვა ცივილიზაციის” წარმომადგენლებთან.  ზედა ნაწილში სკაფანდრს აქვს სამი ანტენა: ორი - მიმღები და ერთი - გადამცემი. გადამცემი ანტენა ზუსტად ყიფლიბანდის თავზეა, უფრო გრძელია, ვიდრე მის ორსავე მხარეს მდებარე მიმღები ანტენები, და მთავრდება წითელი ნათურით. ამ ანტენას მიმართავენ სასურველი ობიექტისკენ, ჩართავენ ნათურას და ხმის ამოუღებლად, პირდაპირ გონზე ახდენენ ზემოქმედებას. ნათურის გამოსხივება ჰიპნოზივით მოქმედებს ადამიანზე. მხოლოდ ძალიან ძლიერი ნების ადამიანს შეუძლია ვარფიმელთა ზემოქმედებისათვის წინააღმდეგობის გაწევა. ვარფიმელებთან შეხვედრა საშიშია დედამიწელთათვის!!!
- ნუ მაშინებ, გიორგი...
- არ გაშინებ, მხოლოდ გაფრთხილებ... წინ ვარფიმია!


(გაგრძელება იქნება!)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნინო კახიძე ვულოცავთ დაბადების დღეს