 | ავტორი: როლანო ჟანრი: საბავშვო 7 იანვარი, 2010 |
იანვარი
დეკემბერი დაგვემშვიდობა . ზუსტად 12 საათზე კი იანვარმა დიდი ზარზეიმითა და ფეიერვერკით გვამცნო ახალი წლის დადგომა. დიდი თუ პატარა, აღტაცებით ეგებებოდა იანვარს, რომელიც თეთრი ცხენით გამოჩნდა ქუჩებში. შესანიშნავად მორგებულ სამოსს თეთრი მოსასხამი, ჰალსტუხი და თეთრივე ქუდი უმშვენებდა. ხალხი თოფის სროლითა და “გაუმარჯოს, გაუმარჯოს” ძახილით ხვდებოდა პირველ იანვარს. ბავშვების სიხარულს კი საზღვარი არ ჰქონდა. Aახალი წლის ღამე ხომ ჯადოსნური, ყველა სურვილების ასრულების ღამე იყო. ჰოდა იანვარიც ამაყად, თავმომწონედ დაჰქროდა ქუჩებსა თუ ეზოებში, ორღობეებსა თუ მინდვრებში. თან თითქოს გაიძახოდა: “ჯერ სადა ხართ, მალე შობას გაზეიმებთ. ასე რომ ჩემთან არ მოიწყენთო”. ზღვა შამპანური დაილია და ტონობით ტკბილეული შეიჭამა იმ ღამეს. მოკლედ, ხალისიანად დაიწყო 2010 წელი. მაგრამ, ყველაფერი მთავრდება, ახალი წლის ღამემაც ჩაიარა და პირველი იანვრის დილამ გაახილა თვალები. - ირინა, ირინა თოვლი მოსულა, - გაისმა კაკუჩას ყვირილი. - თოვლი? - გაიკვირვა ირინამ და დათოვლილ ეზოს გახედა. - ვაშაააააა............. ბავშვებმა ჩქარ-ჩქარა ჩაიცვეს და ეზოში ჩავიდნენ. - აი, მესმის ახალი წელი, - კისკისებდა კაკუჩა და ირინასა და რემბოსთან (რემბო ბავშვების ძაღლის სახელია) საბრძოლველად გუნდებს იმარაგებდა. - აბა რა გეგონათ, ახლა იანვარია. ახალგაზრდა, ლამაზი და ენერგიული. - მოესმათ უცნობი ხმა. ბავშვებმა მიიხედეს და თეთრებში გამოწყობილი, თეთრ ცხენზე ამხედრებული იანვარი დაინახეს, რომელიც ეზოსთან იდგა და თვალისმომჭრელად იღიმებოდა. ბავშვებმაც გაუღიმეს. - გილოცავთ ახალ წელს, - წამოიძახეს ერთხმად. - მე მოლოცვა არ მჭირდება, - მკვახედ მიმართა იანვარმა. - რატომ? - გაიკვირვა ირინამ. - იმიტომ რომ, მე თვითონ ახალი წელი ვარ, შობა ვარ, ნათლისღება ვარ. და საერთოდ, ხალხისათვის ყველაზე საყვარელი თვე ვარ. - ამაყად მოიღერა ყელი იანვარმა და ცხენი გააჭენა. ბავშვებმა გაკვირვებული მზერა გააყოლეს ახალი წლის მაცნეს და მხრები აიჩეჩეს. - მე მგონი ცოტა სულელია. - ჩაიჩურჩულა კაკუჩამ. - არა, უბრალოდ ძალიან უყვარს თავისი თავი, - უპასუხა ირინამ. - წამოდი სახლში შევიდეთ. შობის ღამეც დადგა. აი ეს იყო დღესასწაული თუ იყო. ქრისტეშობას ხალხი ეკლესიებში ეგებებოდა და შემდეგ ყველა სახლისაკენ მიიჩქაროდა. სადაც, წინასწარ გაშლილი სუფრა ელოდათ. იანვარი ნელ-ნელა კიდევ უფრო იკრებდა ძალას. გადაუღებლად თოვდა და ბავშვებსაც მეტი რა უნდოდათ. ყოველ დღე გუნდაობდნენ. მათი ჟრიამული კი არემარეს კიდევ უფრო ამხიარულებდა. - ჰა, როგორია, - მოესმათ ერთხელაც უკვე ნაცნობი ხმა. - კარგია? - ძალიან კარგია, - გაბრწყინებული თვალები შეანათეს ბავშვებმა. - ასეა ჩემო კარგებო, მე იანვარი გახლავართ. ყველაზე ლამაზი და ძლიერი თვე. დეკემბერივით ჩანჩურა და არაფრის მაქნისი კი არა ვარ. გინახავთ დეკემბერში ამხელა თოვლი? Aან ამდენი დღესასწაული? - დაცინვით მიმართა მათ იანვარმა. - დეკემბერი ჩანჩურა კი არა კეთილი იყო, - სცადა შეკამათება ირინამ. - კეთილი კი არა, უმაქნისი ბებრია, ყველასათვის მომაბეზრებელი. ისე ირინა, შენგან ასეთ უმადურობას არ ველოდი. ძალიან დაუნახავი ყოფილხარ. შემომხედე, განა მე და დეკემბერი ერთნაირები ვართ? - გაბრაზებით მიმართა მან გოგონას და ცხენი საპირისპირო მიმართულებით გააჭენა. ირინას გაახსენდა წელში მოხრილი, სევდით სავსეთვალებიანი დეკემბერი და წამოიძახა: - პიჟონი ხარ შენ იანვარო, პიჟონი. - მაგრამ გაიგონა თუ არა ირინას ნათქვამი იანვარმა არავინ იცის, რადგანაც წელიწადის პირველი თვე უკვე მათ ეზოს კარგა მანძილით დაშორებოდა. იანვრის თვე ნელ-ნელა ილეოდა. თოვლი ნაწილობრივ დადნა, ატალახდა. შიგადაშიგ თოვლჭყაპი თუ წამოვიდოდა. გარეთ გასულ ადამიანს სიცივე ძვალ-რბილში უვლიდა. - აღარ დამთავრდა ეს იანვარი რა, გააწვრილა გული, - ისმოდა აქა-იქ ბუზღუნი. ხალხი უკვე თებერვალს ნატრობდა. ნათქვამია: “თებერვალი დადგაო, ხეში წყალი ჩადგაო”. იანვარი მაინც დადიოდა ქუჩა-ქუჩა, არ ისვენებდა. მაგრამ მისი გადაღლილი და ტალახში ამოსვრილი ცხენი ჭიხვინ-ჭიხვინით ვეღარ დაჰქროდა, თითქოს მასაც ერთი სული ჰქონდა როდის შემოაბიჯებდა თებერვალი. თვითონ იანვარსაც, ქათქათა სამოსზე, აქა-იქ ტალახის შხეფები შესხმოდა, რომელსაც ვერაფრით ვერ იცილებდა და ამაზე ძალიან ბრაზობდა. - ტალახი მერე ნახეთ თქვენ, თებერვალი რომ დადგება. სიცივეც კარგა გვარიანი იცის იმ “გაზაფხულის მაცნემ”. მამა-ზამთარი მაინც სად არის, ცოტა მომეხმაროს. ერთი მაგრად რომ გათოვდეს, ხალხი ისევ ჩემსკენ შემობრუნდება. - არა იანვარო, - გაისმა მამა-ზამთრის ხმა. - თოვლი ან ტალახი რა შუაშია. შენი მეტიჩრობისა და ამპარტავნობის ბრალია ყველაფერი. ახალი წელი ვარო რომ გაიძახი და შობა ვარო. დეკემბერს რომ ჩანჩურასა და უმაქნისს ეძახი. განა ეს ეკადრება წლის პირველ თვეს? ახალი წლის მომყვანს? ახალი წელი შენ კი არა ხარ, შენ ახალი წლის მაცნე ხარ. შობასთან კი საერთოდ არაფერი გაკავშირებს. მრცხვენია შენს მაგივრად. - მკაცრად ლაპარაკობდა მამა-ზამთარი. იდგა იანვარი დამორცხვებული და იქვე მდგომ ბავშვებს თვალს ვერ უსწორებდა. - არ გეცოდება? - გადაუჩურჩულა კაკუჩამ ირინას. ირინამ თავი დაუქნია. - იანვარო, ცხენით ვერ გამასეირნებ? - შესცინა გოგონამ ზამთრის პირველ თვეს. - რა, პიჟონი აღარ ვარ? - მორცხვად გაოღიმა იანვარმა. გარშემო თითქმის მთელი ქალაქის გოგო-ბიჭები შეკრებილიყვნენ. - სწორი ხარ ჩემო პატარა. Gგატუტუცებული პიჟონი ვარ მე. Aახალი წელი მე კი არ მომყავს, მე მოვყავარ ახალ წელს. ან ეს ჩაცმულობა რად მინდოდა. რომელი პოდიუმზე გამომსვლელი მოდელი მე ვარ. ჩამეცვა რა ჩვეულებრივად, თბილად. Gგავიყინე კაცი. იმიტომაც დავრბოდი გიჟივით აღმა-დაღმა. ირინა სახლისაკენ გაიქცა. მამამისის თბილი, ფუმფულა კაშნე გამოუტანა და მიაწოდა. - ჰა მოიხვიე, ცოტას მაინც გაგათბობს. - იანვარმა თბილი კაშნე კისერზე მოიხვია, ერთი ბოლო მხარზე გადაიგდო და ბავშვებს მიმართა. - აბა წავედით, ვის უნდა ცხენით სეირნობა? როგორც ვიცი, ირინა და კაკუჩა პირველები არიან. - იანვარმა ცალი ხელით აიტაცა ორივე ბავშვი, ზურგსუკან მოისვა და სწრაფად გააჭენა თეთრი ბედაური. მას მერე, პირველ თებერვლამდე, ბავშვებს ახალი გასართობი გაუჩნდათ. თეთრი ცხენით სეირნობის მსურველები არ ილეოდა. იანვრისათვის კი ყველაზე სასიამოვნო ის იყო, რომ პატარებში ხშირად უფროსებიც გამოერეოდნენ ხოლმე და ზამთრის პირველი თვის ცხენს პატრონთან ერთად დააჭენებდნენ. 31 რიცხვიც დადგა. იანვარი წასასვლელად ემზადებოდა. - მოგვენატრები იანვარო, ძალიან მოგვენატრები. - ემშვიდობებოდნენ ბავშვები. - არა, იანვარი მაინც ყველაზე მაგარი თვეა. - გადაულაპარაკა კაკუჩამ ირინას. - მაგარი არა, ყველაზე მხიარულია. - უპასუხა გოგონამ. - დავიღალე, დროა ადგილი თებერვალს დავუთმო, - ჩაილაპარაკა ზამთრის პირველმა თვემ და თეთრი ცხენი ქარივით გააქროლა.გასაკვირი კი ის იყო, რომ ტალახში ამოსვრილ ტანსაცმელს ნელ-ნელა სიქათქათე უბრუნდებოდა. თვითონ იანვარს კი სახეზე კმაყოფილი, ოდნავ დამცინავი ღიმილი უთამაშებდა, ის ხომ კვლავ ახალი წლის მაცნე იყო.
( თებერვალიც მალე მოვა)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ვაახ, გადავირიე, აბა ამათ მე სად ვკითხულობდი? ლიტ.გე-ზე? წაკითხული მაქვს ესენი! :))))) ვაახ, გადავირიე, აბა ამათ მე სად ვკითხულობდი? ლიტ.გე-ზე? წაკითხული მაქვს ესენი! :)))))
4. მოვიკითხე ცნობილი მეზღაპრე, როლანო....5 მოვიკითხე ცნობილი მეზღაპრე, როლანო....5
3. გაღიმებული დავრჩი, როგორც იტყვიან :) ჩემი ერთი ნაწერი მომაგონა, ის წელიწადის დროებზეა ოღონდ :) იქ მომინდა, უკან, ბავშვობაში :) გაღიმებული დავრჩი, როგორც იტყვიან :) ჩემი ერთი ნაწერი მომაგონა, ის წელიწადის დროებზეა ოღონდ :) იქ მომინდა, უკან, ბავშვობაში :)
2. საყვარელი და სასიამოვნოო :) საყვარელი და სასიამოვნოო :)
1. მე მოგიკითხე გულით და მოგილოცე შობა... ამ შენს საყვარელ მოთხრობას კი ნამდვილად წავიკითხავ საღამოს... (ტყუილი დაპირებები არ ვიცი) :) მე მოგიკითხე გულით და მოგილოცე შობა... ამ შენს საყვარელ მოთხრობას კი ნამდვილად წავიკითხავ საღამოს... (ტყუილი დაპირებები არ ვიცი) :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|