ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
9 იანვარი, 2010


აროიალებ

ყოფიერებას ისევ უმზერ
ლოიალურად,
კლავიშებდაღრღნილ პიანინოს
აროიალებ,
უწინდებურად იხიბლები ხილვით
ფარულით,
აკვირვებ ბილიკს - უნაბიჯოდ
როგორ იარე.

მაინც ვერ მალავ შუბლზე ღარებს,
აზრზე - იარებს,
გახუნებული დღიურივით გდიხარ
თაროზე,
განიცდი სიკვდილს, როგორც წესი,
რომ აგვიანებს
და იმ სიცოცხლეს, არასდროს რომ მთავრდება
დროზე.

მიუხედავად ყველაფრისა, შენ
იზიარებ
ქარისწისქვილთან შებრძოლების
ჭეშმარიტებას,
და იმ სულწერას, ბავშვობიდან რომ
გაზიარეს
ყველაზე ბასრმა იარაღმა ქვეყნად -
სიტყვებმა.

სიტუაციებს აგემოვნებ ყოველი
მხრიდან,
გულის ჭვლებივით სერავ გრძნობებს -
ნალოლიავებს,
ირეალური რეალობა მაინც
გიზიდავს,
და ხმადაკარგულ პიანინოს
აროიალებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები