ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: რ_____ო_____ი
ჟანრი: პოეზია
19 იანვარი, 2010


  ჩამოტვირთვა

ჩრდილში დარჩენილი ლექსები



              სურათები

მდინარის გაღმა დარბოდა ყეფა,
გამოღმა ქარი დამალა ყანამ,
იწვა ორსული ზვინების კრება
და ვოცნებობდით ფრენაზე მანამ -

სანამ მაკიაჟს ირგებდა დილა...
ყურს აყოლებდა გალოკვას კატა,
ქარი ყვავილებს ქორწილით ღლიდა,
შემოდგომა კი ეხურა ფატად.

გუნდაობამდე წამები ვთვალეთ,
ვერ დავუზავდით ცხოვრების არჩივს,
მახსოვს გათოვდა ძალიან მალე,
ჩვენ კი სხვადასხვა ზამთარში დავრჩით!...




      ფაქტი

მიხდები როგორ!...
ფიქსირდება!
დღეს არა მარტო,
შენ კი ჩვეულად გამეზარდე,
ამ ბოლოს უფრო,
მსურხარ და მაინც
დაშორება მოგვიწევს ვატყობ,
თუ წლები,
თუ თვე,
თუ საათი,
თუ წამი,
თუ დრო -

დაგვაცლის,
მერე სულ გატარებ და სახის იერს,
არ დაეტყობა არაფერი სრულიად,
ვიცი -
მოვისმენთ ერთად პოეტისთვის
განკუთვნილ პიარს
და ქალაქები -
ბარსელონა,
პარიზი,
ნიცა,

იქნება ახლო,
ჩვენთან ახლო, მიზეზით მუზის,
ეპოქის კართან გავრისკოთ და ყაიმზე დავიც,
ვთქვათ,
რადგან ახლა შენს სიცოცხლეს სარკეში უზის -
მტერი,
მიყვარხარ,
მიხდები და
გიპარსავ მაინც...





        (გაკრული ხელით)

ბოშის სტვენაში გაირკვა სამბა,
ქალაქი ზღვაში შევიდა კუდად,
საღამო იყო ვით ძველი სტამბა,
მთვარე კი თითქოს გაზეთის ქუდი.

გულს ტკივილები ლექსებად ეკრა,
სრუტავდა გემი ტივტივა ბლინდაჟს,
მქონდა გრძნობების ათასი შეკვრა
და სურვილების მილიონ ტირაჟს -

შენდამი კოცნის, არ ჰქონდა ფასი,
იყო ზამთარი, დეკემბრის შვიდი,
ამაოდ უფრო და მაინც ასე,
მე სიყვარულის ბესტსელერს ვქმნიდი.

ბოშის სტვენიდან ისმოდა სამბა,
სიცივეს ყველგან ეპოვა ბუდე,
საღამო იყო ვით ძველი სტამბა,
მთვარე კი თითქოს გაზეთის ქუდი.



 
        მონათოვარზე

შევხვდით ისე მარტივად
რომ შეჩერდა წუთები,
ერთი მზერა მეყო და
შეგრძნებები არიე,
ნაბიჯს უკან ვეღარ ვდგამთ,
გიყურებ და ვრწმუნდები,
რომ ჩვენს ირგვლივ აშკარად
კაუჩუკის ქარია.

სურვილების დოსიე,
სუნთქვის შეკვრას მიჯრილა,
თითქოს ვმსახიობობ და
გრძნობა თითქოს გრიმია.
ბავშვის ახირებებით
მზეზე ლუპამისჯილი
მწერი -
ჩემი გრძნობების
ზუსტი სინონიმია.

ახლა ისე ბევრი მაქვს
შენთან სალაპარაკო,
რომ სიტყვასაც ვერ ვამბობ
და ეს საოცარია,
ასფალტიდან ტრამალი
მზემ უკვალოდ ალოკა,
ჩვენს ირგვლივ კი
სუსტი და...
კაუჩუკის
ქარია...





      ზამთრის წინასწარ...

ზამთრის კლავიშმა აუშვა მინორს,
ჰანგები თოვის შევიდა სოლოდ,
სიცარიელე დააჯდა მინდორს
და მოიქნია მწვერვალზე ბოლო.

ქარი არღვევდა იანვრის მოტივს,
კაცები თოვლში ბილიკებს რგავდნენ,
გზის დასაწყისში დაფლული ტოტი,
სახლის ჟანგიან ანტენას ჰგავდა.

ცალფეხშიშველა მირბოდა გოგო,
ცრემლიან თვალებს იწმენდდა ხშირად,
უკან კი ბოტი მოჩანდა როგორც,
თოვლის ბაბუას სტაფილოს ცხვირი.

მარტი თებერვლის ლოგინში იწვა,
მზემ შეისუნთქა ყინულის ბოლი,
ქვემოდან მიჰყვა და მერე მიწას,
თეთრეულივით გადასძვრა თოვლი...




                      " წ "

ოდას სუნი აბრუებდა ვახშმის,
უცნაური ენკენისთვე იდო,
ქარი ქროდა, ბურთისხელა ვაშლი,
წინწკლებივით აჩნდებოდა მინდორს.

კვლავ უშენოდ სრულდებოდა - წელი,
სოფლის ბოლო იწყებოდა -  ჯამით,
მეც საბძელში გადამქონდა ცრემლით,
ის ზვინი და... ის პირველი ღამე...

მამას ხისქვეშ დაეჭირა ძილი,
ფიქრითა და იძულებით დაღლილს,
წივწივებდა წიწილების წყვილი
და ეზოში ტრიალებდა ძაღლი.






          მეტაფორა

გუშინ ვენახზე შემოდგომამ
მოქსოვა ლოგო,
მძულს როცა იბანს ხელებს ხალხი -
ნაფერებს ძაღლის,
ისე ვერ მამჩნევ როგორც მძღოლი
პატარა გოგოს,
გაჩერებაზე ავტობუსის,
ლოდინით დაღლილს...

უკვე ქალი ხარ.
ფიქსირდება პროცესის რაზა,
უკვე ქუსლებზეც ახვედი და
მოირგე კარე,
არაო - თქვი და წამოვიდა
იმხელა ფაზა,
ჩემს თეთრ ღამეებს გადაეწვა
ბებერი მთვარე.

მეტაფორაა პოეტობაც
თუ მკითხავს კაცი,
ალბათ წერ იმას
საუბარი რაზედაც გიჭირს,
ბოლო ტაეპი ან ეს ლექსიც
იქნება მარცხი -

და სტვენა-სტვენით გაეკიდა ავტობუსს ბიჭი...





          # # #

წვიმს,
ქალაქს დაეტყო აციება,
მზის
აღარ მოსჩანს ნატამალი,
ცრის.
ალკოჰოლიც გაცილებით,
მღლის,
მოკრძალების გადამალვით...

ჩუ!..
ღამით როგორ უთოვია!
გულს
მოწყვეტილი შეხამებით -
თუ
ვერ დავასრულე უტოპია,
მძულს,
მაგრამ ისევ მეყვარები!...

კვლავ
ღამეების შეჯამებით,
ვკლავ
მხოლოდ მაშინ თუკი მნებავს,
მზრდად
სიგარეტით მოჯარებულ,
ღრმად
აჩქარებულ "მუზისცემას"...




უღირსად ზიარება

ლუღლუღებს დაღლილი აღლუმი ღალღათა,
ტალღებში ზღვა თავის დახრჩობას აპირებს,
გოგონამ სილაში იესო დახატა
და მერე ამბორით დაათრო ნაპირი....

მე კიდევ იმ ხანად სხვა გოგო მიყვარდა,
უმიზნო ვნებებიც ძვლებამდე ვაქეზე,
ხორციელ წყურვილს კი ვიკლავდი იმ ქალთან,
იმ ქალთან ცის სუნი რომ შერჩა ბაგეზე...
.
ვიხსენებ და  სულში ღალღათა სისხლია,
შემინდე უფალო იმ ცოდვის ტარებით -
სუნთქვამდე გარყვნილს და მუხლამდე ქრისტიანს,
რამეთუ უღირსად ვარ ნაზიარები.





და მთელს ქალაქში...

მამების ფულით
"დანაზმანები"
ფიგურის გამო
ნაშიმშილები,
ზიან ბულვარში
ლამაზმანები,
დროგამოშვებით
ქალიშვილები.

ოცნებებში აქვთ
ნავსაყუდელი,
გამოურევენ ხშირად
გინებებს,
ზიან ბულვარში
აყლაყუდებიც,
ზიან და თვალს -  წყალს
ალევინებენ.

ბოლოს წვიმდება
გამოცანები
ბათუმში,
მთელი სიმარტოვეთი-
პლაჟზე სხდებიან
ამორძალები,
და მთელს ქალაქში
არ ჩანს
პოეტი....




exsperiment

ბანალური ფოთოლცვენა თოვს,
უშედეგო ექსპერიმენტს ვმკი,
ნეტა როგორ შეეჩვევა დროს,
საერთოდ თუ გადაურჩა კი...

ფორთოხალი დედანია მზის!...
ერთურთს ისე შეეჩვივნენ წელს -
რომ ორივე ხის ერთ ტოტზე ზის
და პოეტი მეტაფორად წერს.

დრო წყეულიც მოგონებებს ზრდის,
დაგივიწყო? გამომივა არ!
თუ ვერ ხვდები როგორ მიყვარ-დი...
რას გაიგებ როგორ მიყვარხარ...




(ეძღვნება ტაძრის მშენებლობისას ხარაჩოდან
გადმოვარდნილი მშენებლის ხსოვნას)

იდგა ტაძარი ჯვრების გარეშე,
ხალხი ვერ ჩაჰყვა სათქმელს ბოლომდი,
ჭორავდნენ - მამა ჰყავდა ბოროტი,
კაცის მოძულე და მოთარეშე.
ამბობდნენ მამის გამო მიეღო,
ზოგიც ამბობდა - იმ დღეს იესომ,
ესაუბრაო და მე იმ ზოგის,
მონაყოლიდან ბევრი ვიწამე...
.
რაც წაუღია დედამიწიდან,
გადაუცია მისთვის სახიერს
და მჯერა რადგან სულის მაგიერ
ოთხი ლუსმანი დაჰყვა მიწამდე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები