ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰა-რა-ლე
ჟანრი: პროზა
17 თებერვალი, 2010


ისიდორე (სრულად)

- უუჰ! რა დარია! ჩიტი, ბუდის შენებას რომ შეწყვეტს – დამსვა და  დამატკბოო, ათქმევინებს, ისეთია ნამდვილად.
  საღამოსაც არ იწვიმებს მგონია. არა, რის წვიმა? დადგა ამინდი, დადგა. არ იყო დრო  თუ? სამი კვირაა არ გამოუდარია.
  წავიდე, დავხედო ბიჭებს, ბულვარში იქნებიან უკვე.
  სარკეში ჩაიხედა. ყოველშემთხვევისთვის, ულვაშზე გადაისვა ხელი,  ოფიცრის სამხედრო  ქუდი მოირგო, კიდევ ერთხელ შეათვალიერა საკუთარი თავი,  კმაყოფილი დარჩა, უდავოდ. ჭადრაკის ყუთი ამოიღლიავა, კიდევ ერთხელ მიათვალიერა ოთახი, დაკეტა კარი, ქუჩაში გავიდა და ბულვარისკენ მიმავალ გზას, დინჯი ნაბიჯით გაუყვა ისიდორე.
ისიდორეო, ვამბობ თორემ ისე, ზამთარ-ზაფხულ, სამხედრო ფორმასა და ჩექმებში გამოწყობილ, ქალაქის ქუჩებში ამაყად მოსიარულე მოხუცს, დიდი თუ პატარა, ,,გენერალს” ეძახდა.
აჰ! პირდაპირ ვინ შებედავდა თადარიგის უფროს ლეიტენანტს, მეტსახელს. ჩუმად, ზურგსუკან, რომ არ გაეგო, ისე.
  ისიდორემაც იცოდა საკუთარი თიკუნი. მაგრამ, არ იმჩნევდა და  ,,ცოდვა გამხელილი სჯობიაო" - ცოტ-ცოტას ამაყობდა კიდეც.
  ბოლო დროს, ცოტა კი მოტყდა ,, გენერალი”. წნევა და ტახიკარდია დასჩემდა, ომისდროინდელმა ჭრილობებმა სიბერეში წამოჰყვეს თავი, ძველმა კიტელმაც თავის პეწი დაკარგა და აღარც ჩექმებს გაუდიოდათ ძველებური კრიალი.
  გულს მაინც არ იტეხდა ისიდორე. ან რა ჰქონდა გასატეხი?  მილიონობით უწვერული ბიჭის სიცოცხლე შეიწირა იმ დაწყევლილმა ომმა, თვითონ კი, სხეულში დარჩენილი ყუმბარის რამდენიმე ნამსხვრევს თუ არ მივიღებთ მხედველობაში, საღ-სალამათი დაბრუნდა. ოჯახსაც მალე მოეკიდა, შვილებიც ჰყავდა და შვილიშვილებიც. არც სამსახურში აკლდა პატივი და დაფასება, არც ხალხში და არც ოჯახში.
  ვეტარანებთან შეხვედრა იყო, მოსწავლე-ახალგაზრდობის პიონერებში, ან კომკავშირის რიგებში მიღება, სამხედრო და სახალხო აღლუმი, თუ სხვადასხვა საიუბილეო ღონისძიება, ისიდორეს გარეშე არ ჩაივლიდა. მთლად პრეზიდიუმში თუ არა, პირველრიგებში მაინც ყოველთვის ჰქონდა ადგილი. ახლა, წნევა და გული თუ შეაწუხებდა ზოგჯერ, რა მოხდა მერე, 70-ს იყო გადაცილებული.
-ისიდორეს გაუმარჯოს, ისიდორეს! როგორ გიკითხო ბატონო ჩემო?! –  ქუჩის მეორე მხრიდამ მოესმა, აპოლონის - ,,ბულვარელი” მეგობრის, ხმა.
-ოჰ, აპოლონს ვახლავარ! კარგად ვარ ბატონო, თავად ხომ კეთილად ბრძანდები? – მიესალმენ ერთმანეთს.
-რა გაგვაწვალა კაცო ამ ამინდებმა? აპრილმა ისე ჩაიარა, მზე არ გვაღირსა. გინახავს ასეთი?
-შენ ეგა თქვი, ჩემო ისიდორე, წელს მაინც ნამეტანი მოუვიდა.. ადრე, ამ დროს გლეხი, სათოხარში იყო გასული, ახლა კი დათესილიც არა აქვთ მგონია. ნახე შენ, რა ფასი დაედოს ბაზარში სიმინდს.
-მარტო სიმინდს? ხილსაც ცეცხლის ფასი ექნება და ყველაფერს.
-ისე, შენ კი წაგადგა ალბათ ეს უამინდობა, ჩემო აპოლონ?
-?
-დრო ბევრი გქონდა და იმეცადინებდი ჭადრაკში?
-შენ რა გითხარი ისიდორე! – გაეცინა აპოლონს, - შენი სამყოფი ჭადრაკი, წვიმებამდეც ვიცოდი მე.
-თუ იცოდი, ვერ გამოიყენე მერე შე დალოცვილო? დღეს ვნახე რვეულში და 346-თ, 233-ს გიგებ.
-შენ რაც გინდა იმას წერ შენს რვეულში.
-აბა! აბა! ორივეს ხელი გვაქვს ანგარიშებზე მოწერილი, კარგად იცი შენ მაგ ამბავი!
-კარგი ბატონო, რაღა დარჩა, მალე მივალთ ბულვარში და იქ ვნახოთ, ვინ რა ბიჭია.
-კი ბატონო! აგერ შენ, აგერ მე და აა, ბატონო ბულვარიც.
  ასე ლაპარაკ-ლაპარაკით მიადგნენ მეგობრები ბულვარს, ბევრისთვის უკვე კარგა ხნის, მეორე ოჯახად ქცეულ ადგილს.
-ბიჭებს გაუმარჯოს! როგორ ხართ, როგორ?! კაი ხანია არ გვინახავს ერთმანეთი? ასლანს გაუმარჯოს! როგორ ხარ ნური? იოსებ, ხომ არ დაბერდი კაცო? ტიტეს ვახლავარ! ქალი როგორ გყავს, ტიტე, აწუხებს რევმატიზმი? მურმანი და ზია სად არიან? ჯერ არ მოსულან? – მოიკითხეს დამხვდურები და ჯერ არ მოსულებიც.
-მოვლენ, სად წავლენ აბა? თქვენ როგორ ხართ? შვილები და შვილიშვილები, ხომ კარგად ბატონო ისიდორე? არ ჩამოვლენ აგვისტომდე? აპოლონთან აპირებთ თამაშს თუ, სხვას გამოიწვევთ დღეს?
-აპოლონთან. უვარჯიშია ეს დღეები და წყალში ხომ არ ჩავუყრი, შრომას!
  რამდენიმე წუთში ისეთი ბრძოლა გაჩაღდა ჭადრაკის დაფასთან, მიმიქარავს კარპოვ-კასპაროვის მატჩი.


  ***************************                                       
 
- ფიშერის, სპასკის, ბოტვინიკის და ტაიმანოვის პარტიებს რომ არჩევ, კია კარგი ჩემო აპოლონ, მარა, ჩემებიც გაგერჩია, იქნებ  წაგადგეს უფრო? ვერ გშველიან ხომ ხედავ დიდოსტატები?
- კარგი ახლა ისიდორე, ბეწვზე გადამირჩი ვერ ნახე?. მივქარე, დედოფალი  არ უნდა გამეცვალა შენთვის ორ ტურაში და ნახავდი მერე შენ ამბავს.მოგებული პარტია გაჩუქე! ისეთი შეწუხებული სახე გქონდა, ისე წამოგაწითლა ერთი-ორჯერ ენდშპილში, ვიფიქრე - ამ კაცის ცოდვა არ დამედოსო და დაგითმე ბატონო.
- კრინტი აპოლონ! ჯერ ერთი, რა მჭირდა შენი შესაცოდი და საჩუქებელი? და მეორეც -  კაცი, ანგელოზივით დედოფალს, ტურებში რომ გაცვლის, იმან ჭადრაკზე კი არა, ულვაშის ტარებაზეც უნდა აიღოს ხელი! ასეა ეს, შენ ნუ მომიკვდები და თუ არ გჯერა, აგერ არიან ბიჭები და დავეკითხოთ.
  60 წელს გადაცილებული ,,ბიჭების" გადაწყვეტილება აშკარად ისიდორეს უჭერდა მხარს.
- აპოლონ, ჭადრაკშიც და სიტყვაშიც მოგიგო ისიდორემ!  მოკაკვე ახლა თითი და მოემზადე რევანშისთვის! - ასეთი იყო გამხიარულებული თემიდის საბოლოო ვერდიქტი.
  საღამოსპირზე, კმაყოფილი დაბრუნდა შინ ისიდორე. სიხარულის მიზეზი (გარდა იმისა 4,5-ით 3,5 რომ დაამარცხა მეტოქე) ფოსტაში შეიტყო. რძალი და შვილიშვილი, აგვისტოში კი არა, ივნისის დასაწყისშივე აპირებდნენ ჩამოსვლას და მთელ სამ თვეს დარჩებოდნენ მამამთილ-ბაბუასთან. მარტომყოფი მუხუცისთვის რა უნდა ყოფილიყო ამაზე მეტი ალჩუ?
  სწორედ ასეთი სამაღარიჩო შემთხვევებისთვის ჰქონდა, ხუთი სამლიტრიანით გადანახული საბარძიმე, ორბელიდან მოკითხული ოჯალეში.
  წითელი ღვინო კი უწევდა წნევას, მაგრამ - წინასწარ ნახევარ აბ კლოფელინს დავლევ და აღარ იქნება საშიშიო - გაიფიქრა.
საკუჭნაოში შევიდა. იქიდან ნახევარი თავი ყველი  და სამლიტრიანი ქილით,  ღვინო გამოიტანა. ყურმილი აიღო და რაღაც ნომერი აკრიფა:
- აპოლონ! თუ არაფერს აკეთებ, გაუარე გზად ტიტეს და შემოიარეთ ჩემთან.
- ......
- არა, შე დალოცვილო რის ჭადრაკი, რა ჭადრაკი. ისეთი ღვინო უნდა გაგასინჯოთ, შენ და ტიტეს კი არა, ალიოხინს და კაპაბლანკასაც  არ ექნებოდათ დალეული! ამაზე კარგი რა გინდა, შე კაი დედ-მამისშვილო, მე მოვიგე და მევე ვკისრულობ?!
- ......
- არა, ბატონო, არაფერი გამოაყოლო ხელს! ეგ როგორ გეკადრება აპოლონ? ჩვენი სამყოფი ყველაფერია სახლში. შენ მხოლოდ ტიტეს გაუარე და ნახევარ საათში აქ იყავით. - დადო ყურმილი  და კვლავ საკუჭნაოსკენ აიღო გეზი ,,გენერალმა".
  შეიძლება სულელურად გამომდის მაგრამ, ისე მგონია ისიდორეზე არანაკლებ, საკუჭნაოს დააკლდა ელიკოს მზრუნველი ხელი. მიხვდებოდით ალბათ, ელიკო, ისიდორეს აწ გარდაცვლილი მეუღლე რომ გახლდათ. სიცოცხლეში საოცრად თბილი, უხმო, მზრუნველი, შრომაში დამდნარ-გამქრალი ქალი. შესახედავად  ვერ იყო ნესტან-დარეჯანი, გარეგნობით ქმარი სჯობდა ცოლს, მაგრამ სხვა მხრივ, სანთელივით ქალი იყო, ცხონებული.
  წარმოშობით იმერეთიდან გახლდათ. თაფლი და შაქარი - ენითაც  და საქმითაც.
  სამი შვილი გაუჩინა და აღუზარდა მეუღლეს. 5 შვილიშვილის გაზრდაშიც, მშობლელზე არანაკლები წვლილი მიუძღოდა. ზაფხული იყო და ბებიის კისერზე იყო მთელი ჯალაბი. საჭმელი, სასმელი, რეცხვა, დაუთოება, დალაგება და რა ვიცი,  ათასი რამ... სხვა დროს კი, ბავშვებს არ მოაკლდეთო და მიდიოდა  კომპოტების, მურაბების, ტყემალ-აჯიკა- საწებელების, ჩირის, ჯემების, ნაირგვარი კონსერვების დამზადება და ქალაქში გაგზავნა.
  ერთი მარჯვე ქალი, ისიდორეს მოვლა-პატრონობას, სჭირდებოდა მარტო. როგორია ყოველ საღამოს კიტელ-გალიფე-ჩექმის, გაწმენდა-გაპრიალება, წესრიგში მოყვანა. სამი ღამე, ერთი და იგივე თეთრეულში ჩაწოლას, როგორ აკადრებდა  ისიდორე ბატონს? საუზმე - სადილ- ვახშამს ელიკო თუ არ გააწყობდა, მაცივრისკენ თავისით როგორ წაუცდებოდა ხელი ,,გენერალს"? დალაქის მეტი რა იყო ქალაქში, მაგრამ თმის და ულვაშის შესწორებას, მხოლოდ ელიკოს ანდობდა მეუღლე. დილა-საღამოს, ქმრისთვის წამლის მირთმევაც ელიკოს ევალებოდა.
  რომ ვთქვა, ,,გენერალი" ითხოვდა ცოლისგან ამგვარ პატივსო, არ ვიქნები მართალი. ელიკო იყო თავად ასეთი. ოჯახზე ზრუნვა და ქმრის პატივისცემა, მცნების რანგში ჰქონდა აყვანილი და რაც შეეძლო ათამამებდა მეუღლეს. ისიდორე არ გახლდად ჭკუაზე მწყრალად. ამიტომაც იფერებდა და  არ ეწინააღმდეგებოდა ცოლის ინიციატივას. სამაგიეროდ, ასეთი მეუღლის დაკარგვამ, არა მარტო დააქვრივა - დააობლა კიდეც მოხუცი. ყველაფერი მისი საკეთებელი შეიქნა სიბერეში.
- სადაც სამართალია, ჯერ მე უნდა წავსულიყავიო... - ხშირად შეუჩივლია, კედელზე ჩამოკიდებული ელიკოს გადიდებული ფოტოსთვის მოხუცს და გადმოსვლამდე გამშრალი ცრემლიც არაერთხელ მოუწმინდავს.
 

****************************


- მობრძანდი ჩემო ტიტე, ჩემო აპოლონ! უჰ, რა გამახარეთ! გიშველოთ ღმერთმა სუფრა გავშალე და თქვენც მოხვედით!
- რა ხდება ისიდორე ბატონო? დღესასწაულია რამე, შევრცხვით და არ ვიცით? - კარის ზღურბლზევე იკითხა ტიტემ.
- ისეთი არაფერი ტიტე ჩემო. მობრძანდით, დაბრძანდით. ღვინოს ჩამოვასხამ და მოგახსენებთ ბატონო.
ორიოდ წუთში ღვინოც იქნა ჩამოსხმული და სერობის მიზეზიც - განცხადებული.
- მართლაც სამაღარიჩოდ გქონია ისიდორე საქმე! სამი თვით რძლის და შვილიშვილის სტუმრობა არც პატარა საქმეა და არც პატარა სიხარული. თავს რომ არ შეირცხვენ და გაუჩენელს გააჩენ, მაგი კი ვიცით მარა, მასპინძლობა ჩვენც რომ გვეკუთვნის და გვევალება კიდეც, ამაშიაც დაგვეთანხმები, იმედია?
- კი ჩემო აპოლონ, აბა ისე როგორ იქნება? რძალს და ბავშვსაც გასტუმრებთ და თქვენი მოსვლითაც გამახარებთ არაერთხელ.
- აფსუს, რას გაიხარებდა ელიჩკა?!
- შენ ეგა თქვი ტიტე... - ამოიოხრა ისიდორემ და მალულად გახედა ცოლის სურათს.
ცოლ-შვილის, შვილიშვილების, წინაპრების, წასულების, ქვეყნის და ერთმანეთის დღეგრძელებამ, კი დაიყვანა სამლიტრიანი ფსკერამდე. შეჭიკჭიკდენ ძველი მეგობრები. გაიხსენეს ამ მთის, იმ მთის. მე თქვენ გეტყვით და ცოტა ჰქონდათ გასახსენებელ-მოსაყოლი. მარტო ისიდორეს ომისდროინდელი თავგადასავლებს რა ჩამოთვლის? მერე რა, რომ თითოეულს, ერთი ათჯერ მაინც ჰქონდა მოსმენილი. ძველი საოჯახო ალბომიც საგულდაგულოდ გადაათვალიერეს, სტუმრებ-მასპინძელმა. კარგი დრო იყო და კარგი ბიჭებიც ვიყავითო - დაასკვნეს, ოჯახის სადღეგრძელო შესვეს და დაამთავ იმ დღევანდელი ნადიმი.
  მარტოდ დარჩენილმა ,,გენერალმა" სუფრა აალაგა. - ჯერ ათიც არ ყოფილა, ადრეა დაწოლა, ისევ ფოტოების თვალიერებით მოვკლავ დროსო - გაიფიქრა.
  ალალბედზე გადაშალა ალბომი, აიღო ერთ-ერთი სურათი და სვეტლანა პედჩენკოს ფოტო არ შერჩა ხელში.  ფრონტზე, უფროსწორედ დაჭრილი რომ იყო, საველელე ჰოსპიტალში გაიცნო უკრაინელი მედდა - ისიდორემ.
19 წლის იყო მაშინ სვეტლანა.  ავ თვალს რომ არ დაენახებოდა ისეთი გოგო გახლდათ, იმ დროს. მაღალი, თხელი, მკერდსავსე, ვიწრო წელით. ჩამოქნილი ხელ-ფეხი. ღია ჩალისფერი, სწორი თმა ჰქონდა, კიკინებს ატარებდა. ბრძოლის ველზე დაჭრილ-დაჩეხილებს, მხოლოდ მისი დიდი, მოცისფრო-მონაცრისფრო თვალების დანახვაც კი შვებას გვრიდა და ყველა წამალზე უკეთ კურნავდა.
რა ბიჭებში სახსენებელი იქნებოდა ისიდორე, სვეტლანას მშვენიერება ჯეროვნად რომ არ დაეფასებინა, ამძუებულ თუ შეყვარებულ მამრთა ბრძოლაში არ გადაშვებულიყო და საოცნებო ,,ნადავლის" მოსაპოვებლად, მასზე, თუნდაც ჩინით გაცილებით მაღლა მდგართათვის, გამარჯვება უსისხლოდ დაეთმო?
ასეც მოხდა.
პირველი ბელორუსული ფრონტის,გვარდიის მეორე ათასეულის დაჭრილ მაიორს - პროხორ ლავრენიევსაც მოუვიდა თვალში ვარსკვლავივით მედდა.
სამი ორდენის კავალერი იყო მაიორი. საბრძოლო დამსახურება კი საველე ჰოსპიტალსაც ანათებდა  და დაჭრილ მაიორსაც არ უჭირდა სპირტის შოვნა.
ერთხელ ცოტა მეტი მოუვიდა და სვეტლანასთანაც მიჰქარა პროხორმა. სახალოდ, უშნოდ უთხრა რაღაც ქალიშვილს, რამაც სვეტას გაწითლება და იქვე მყოფი ისიდორეს გაცეცხლება გამოიწვია.
- ახლავე ბოდიში მოუხადე! - ავად გამოსცრა კბილებიდან ისიდორემ.
- სულ გამოთაყვანდი უმცროსო ლეიტენანტო, მებრძოლ მაიორს როგორ უბედავ?! !სწორდი! სმენა! შეასრულე ბრძანება! -იღრიალა მაიორმა.
-  ბრძანება ბრძოლის ველზე გამიგია მე და აქ როგორც ვასრულებ, ახლავე განახებო - ოფიცრის ღრიალს, ჩუმად და ავად გასცა პასუხი ისიდორემ და სპირტით გაბიჟვინებულ ორდენოსანს, ხელუკუღმა სთხლიშა ცხვირ-პირში.
იატაკზე გამოსახა ,,სმენას!" პოზა" პროხორ ლავრენიევმა.
ჰოსპიტალშივე ჩააჩუმათეს ეს ინციდენტი...
სვეტლანას კი იმ დღის მერე, უბატონოდ ვერავინ სცემდა ხმას.


  რა ბევრი გავაგრძელო და შეუყვარდათ ქალ-ვაჟს ერთმანეთი .
-  როგორც კი ომი დამთავრდება, ცოლად მოგიყვან და  საქართველოში ვიცხოვრებთ! - გამოუცხადა ამ ამბის შემდეგ ერთ-ორ დღეში, როგორც თავად დაარქვა - სვეტა-ნეთელას, ჩვენებურმა.
- უარზე ხომ არ ხარ?
- კაცი შენ ხარ და როგორც საჭიროდ ჩათვლი ისე მოვიქცეთ. - იყო უკრაინელი საპატარძლოს პასუხი.
ოთხი დღის შემდეგ გაწერეს და დააბრუნეს ფრონტის ცხელ ხაზზე ისიდორე, 1945 წლის 9 მაისს, ბერლინში რომ დაამთავრა.
ომის დროს კი ჰქონდათ ერთმანეთთან მიმოწერა, სიტყვით დანიშნულებს, შემდგომ კი ვეღარ. მიზეზი უბრალო იყო - აღარცერთი ცხოვრობდა ძველ მისამართზე.
სვეტა ოდესიდან იყო წარმოშობით.  მისი სახლი და ოჯახი გერმანულმა საჰაერო ჭურვმა შეიწირა. შინდაბრუნებული ქალიშვილი იძულებული შეიქნა, ჩერკასსში, ბებიასთან გადასულიყო საცხოვრებლად (ეს ამბავი სრულიად შემთხვევით, თანაფრონტელი მეგობრის - სიმა ვორონინისგან შეიტყო ისიდორემ, მოსკოვში რომ იყვნენ, მეორე მსოფლიო ომის დამთავრების 40 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმზე). ისიდორეს ოჯახი კი გურიიდან - ბათუმში გადასახლდა. თავიდან კი დააპირა უკრაინაში წასვლა და შეყვარებულის მოძებნა, მაგრამ მამამისმა ქვა ააგდო და მთელ ჯალაბს თავი შეაშვერინა:
- რას ამბობ შვილო, ხუთი წელი შენს დაბრუნებას ველოდით, სად უნდა წახვიდე?!  ამხელა უკრაინა, ხვარბეთი ან  ჩიბათი ხომ არ გგონია შენ,  სად უნდა მიაგნო ქალს? ან გვინდა მე და დედაშენს უკრაინელი რძალი? დღევანდელი, აქაური ქალების ვერაფერი გამიგია მე და გადამთიელის რა მცოდნია? თუ ჩემი და დედაშენის სიკვდილი არ გინდა, დაეტიე სახლში და ქალიც ქართველი მოიყვანე! მარგალიტივით ბაღანა ყავს გასათხოვი, არგვეთაში სერაპიონ მუმლაძეს. იცნობ შენ მაგ ოჯახს! რა ხანია მთხოვს: ჩამოდი, ბიჭიც მასტუმრე და კარგად მოვილხინოთო.
აქეთ-მიდგა, იქით მიდგა მაგრამ, მაინც ვერ წავიდა მშობლების ნების წინააღმდეგ ისიდორე, ვერ გაუტეხა მოხუცებს ხათრი. ასე იყო თუ ისე,  ოდესელი სვეტლანა პედჩენკოს ნაცვლად, არგვეთელი ელიკო მუმლაძე შერჩა ცოლად და როგორც წარიმართა შემდგომ მათი  ცხოვრება, ზემოთ  კი მოგახსენეთ ორიოდ სიტყვით.

***********

რაც ასაკში შედიხარ დრო  უფრო სწრაფად რომ გარბის,  ჯერ თუ არ გამოგიცდიათ, გსმენიათ მაინც. ისიდორესთვის, მაისის გასვლას კი, არ იქნა და არ დაადგა საშველი.
ყოველ სისხამზე ჩამოხევდა ხოლმე, კედლის კალენდრის ფურცელს - 30, 29, 28 - და მოჰყვებოდა რძლის და შვილიშვილის ჩამოსვლამდე დარჩენილი დღეების გადათვლას.
როგორც იქნა დადგა ივნისი. მატარებლის ჩამოსვლამდე ერთი საათი ადრე, რკინიგზის სადგურში ბრძანდებოდა ,,გენერალი" და პერონზე, თავმომწონედ სცემდა ბოლთას.
პეწი არასდროს აკლდა, მაგრამ იმ დღეს, 3 ივნისის ნათელ დილას, მაინც სულ სხვა იყო ისიდორეს. წლები დააკლდაო თითქოს. სალამ-მოკითხვაც უფრო საზეიმო გაუხდა, მიხვრა-მოხვრა და სიარული -  უფრო ლაღი და თავისუფალი. საათით მგონი არავის უნახავს, მაგრამ იმ დღეს,  ვერცხლის ჩარჩოში ჩასმულ, ცეისის ლინზებიან პენსნეს, ლამის ხუთ წუთში ერთხელ მოირგებდა და ვერცხლის ძეძკვზევე ჩამოკიდებულ ,,პაველ ბურეს" დახედავდა.
- და,და,და! - დაუმატებდა ბოლოს, რაც - ,,ჯერ ადრეა"-ს, ან რაღაც მის მსგავსს ნიშნავდა ოთუოდ.
ბათუმში ამინდის შეცვლას დიდი დრო რომ არ სჭირდება, მოგეხსენებათ. მატარებლის ჩამოდგომას აღარაფერი აკლდა, იელვა, იქუხა და წამოვიდა ზღვა ციდან.
- ამ თავსხმაში გამელუმპება ბავშვი, არ გაცივდეს!- შეშფოთდა ისიდორე. ბედზე, მგზავრების მომლოდინე მძღოლებს შორის მეზობელს მოჰკრა თვალი.
- ნური! თუ კაცი ხარ დამელოდე, სხვა არ ჩასვა! ჩემები მოყვებიან მატარებელს და შენი მგზავრები ვართ იცოდე!
- თქვენი ხმალი და ჩემი კისერი, ისიდორე ბატონო! სხვა რისი მაქნისი ვარ მე! აა, აქვე მოვაყენებ მანქანას და დაგელოდებით. - მანქანიდანვე გასცა ნურიმ პასუხი და ,,მოსკვიჩი" ლამის მოსაცდელ დარბაზში შეაგდო.
  მალე მატარებელიც ჩამოდგა. მე-9 ვაგონში ისხდნენ რძალი და შვილიშვილი. ,,გენერალმაც" იქით აიღო გეზი.
  სტუმრები და მასპინძლები სწრაფად შეერიენ ერთმანეთს. გაჩაღდა კოცნა-ჩახუტება, მიკითხვ-მოკითხვა, ჩემოდნების ჩამორთმევა.
- დედა, რას წვიმს! დავსველდით სულ! - იცხადებენ ჩამოსულები.
- ეს წუთია რაც გაწვიმდა ( თითქოს რაიმე შეღავათი იყოს დასველებულებისთვის)! - ამშვიდებენ დამხვდურები.
-  ბაა-ბუუ- კაა! -  გაისმა ნანატრი ხმაც.
- შენ შემოგევლოს შენი ბაბუკა! ჩამოხვედით? თქვენ გენაცვალეთ მე! როგორ მომენატრეთ და გამახარეთ, რომ იცოდეთ!
- ეს რა წარღვნა დაგვახვედრეთ მამა? - სიცილით უთხრა ხვევნა-კოცნის შემდეგ რძალმა ისიდორეს. - ყველგან დარი იდგა და მაინცდამაინც აქ ჩამოდის ცა ფეხად.
- ეგ არაფერი ირინე, მალე გადაიღებს. ახლა კი ჩანთები მომაწოდე და მანქანისკენ გავიქცეთ, ბავშვი არ გაცივდეს.
ისიდორემ ბარგი ჩამოართვა რძალს და სწრაფი ნაბიჯით გასწია მანქანისკენ, რომლის მძღოლიც ამ დროს, ლამის ხელჩართულ ბრძოლაში იყო ჩართული ორ მცირეწლოვან ბავშვიან ქალთან  და  არ აძლევდა ტაქსიში ჩაჯდომის უფლებას.
როცა მათკენ მომავალი ისიდორეს მოჰკრა თვალი, ხელით ანიშნა აბეზარ მგზავრს, აგერ იმ ხალხს ველოდებიო. ქალმა გამოიხედა. მძღოლმა დრო იხელთა, მანქანიდან ბარგი გადმოიღო და ტროტუარზე დააწყო. წაიქცა ჩანთა და მეორეც  მდინარესავით მოვარდნილ წყალში გადაიყოლა. ისედაც წურ-წურით გაუდიოდათ წყალი ახალჩამოსულებს, ახლა კი გამოსაცვლელი ტანსაცმელიც აღარ შერჩათ. ამაზე სულ გადაირია საცოდავი ქალი. ჯერ ნური გამოლანძღა,  შემდეგ დაიხარა, წყალში ჩავარდნილი ბარგი აიღო, 5-6 წლის ბავშვები( სავარაუდოდ შვილიშვილები) წინ გაიგდო და  ისიდორეს და მის ოჯახს რომ გაუსწორდა:
- ნუ ი ნაროდ! ნე ლიუდი ა ზვერი! -ო მიაძახა.
  წახდა ისიდორე. რაც რძლის და შვილიშვილის ჩამოსვლით გაიხარა, ერთ წამში ედინა ძმრად. გამწარებული ქალის სიტყვებმა ნაცემ ძაღლს დაამსგავსა, - "უცნობ" ქალში სვეტლანა პედჩენკო ამოიცნო ამაყმა ,,გენერალმა".
                               

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები