ნაწარმოებები



ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
3 თებერვალი, 2010


ცათამბჯენი ქოხმახად ქცეული


საოცარი ვინმეა ლობიო-
პატარა,
ტანფოთოლა ცათამბჯენი,
რომელსაც ერთადერთი
საყრდენი გააჩნია-
სარი თხილისა,
დიეტას შეჩვეულ გოგოსავით
მსუბუქი და გაჩხიკინებული.

ყოველ წელიწადს,
ყოველ სართულზე
ლობიო ყვავილებს გამოისხამს,
მერე კი მათ ნაცვლად,
როგორც მწვანე ბებუთებს,
იკიდებს პარკებს,
რომლებშიც ზოგჯერ თეთრი,
ზოგჯერ ჭორფლიანი,
ზოგჯერ კი თაფლისფერი მძივებივით
უწყვია  მარცვლები…

ლობიოს დარდი სად გაგონილაო?
თქვენ მისი დარდი უნდა ნახოთ,
როდესაც შემოდგომა დადგება.
ჯერ გაკრეფენ,
ეს კიდევ არაფერი-
სიამოვნებს კიდევაც,
რომ მისი ნაყოფი
ახარებს ადამიანს.
გაკრეფის მერე
იწყება მისი ტანჯვა:
საყრდენთან ერთად
დედამიწას მოსწყვეტენ უხეშად
და სარს თხილისას,
უფრო მსუბუქს და გაჩხიკინებულს,
მისი ტანიდან-
სპირალივით დახვეული
ყვითელი ქარქაშიდან
დონ კიხოტის
დაშნასავით გამოაძრობენ
და იქვე მიაგდებენ
ან ღობეზე მიაყუდებენ.
თვითონ კი,
სივრცეს მოშორებულს,ჩაფუშულს,
ცათამბჯენს თავმომწონეს,
თაგვების თავშესაფარ
ქოხმახად ქცეულს,
თავის ნაფუძართან დატოვებენ
და,კარგად რომ გახმება,
ცეცხლს წაუკიდებენ…

ეჰ,ლობიო,ლობიო,
სართან ერთად მაინც დაეწვი,
სირცხვილი შენს პატრონს,გომბიოს.
ლობიო მისთვის მხოლოდ ლობიოა,
სულ მიწას ებრძვის
და სულ მისი უმადურია,
სულ ამას გაიძახის,
ამ ქვეყანას მეხი და ბომბიო!

ცეცხლში დამთავრდება
მისი სატანჯველი,
მაგრამ დამთავრდება?
ვინ იცის!
მისგანაც ხომ დარჩება კვამლი,
ცისკენ მიმავალი…

მართლაც,საოცარი ვინმეა ლობიო,
პატარა,ტანფოთოლა ცათამბჯენი,
ლამაზი და სევდიანი
ფიქრების მომგვრელი,
სიმინდების მეზობლად აღმართული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები