ნაწარმოებები



ავტორი: მაკა კოლხი
ჟანრი: პოეზია
8 თებერვალი, 2010


მე შენ გაბრუნე სუყველა დროში


ირიბი გზები გაკვალულ თოვლში
და ირმის თეთრი ნაფეხურები...
მე შენ გაბრუნე სუყველა დროში
და მაინც თითქოს წარსულში მრჩები.

ჩუმი ფიქრებით თეთრად, გულღიად
ჩემს არსებაში შემომისახლდი.
ახლა უშენოდ მხოლოდ მწუხრია
და მაინც ვამბობ: მე შენ მიყვარდი!

მე შენ მიყვარდი, როგორც ოცნება,
როგორც ზღაპარი ჩემი ბავშვობის.
იყავი მუზა და გაოცება.
მერე სევდიან ფიქრებს დავშორდი!

დღეს ეგ ფიქრები თოვლივით დნება.
მოვდივარ შენთან მზის ბილიკებით.
სასწაულები თუმცა არ ხდება,
მაგრამ შენ ჩემთვის სასწაულდები.

არ ვიცი რა ვთქვა,
დღეს მგონი კმარა.
გრამატიკული ფორმით ცხოვრება.
რაც გუშინ იყო და რაც მომხდარა,
ხვალ ყველაფერი თუ მეორდება.

მინდა რომ ჩემშიც შენ განმეორდე.
დაგიმახსოვრო სიმღერის მსგავსად.
შენც ყველა ჩემი სითბო გახსოვდეს,
მეც მახსოვდეს რაც შენში მიყვარდა.

რადგანაც გულის ყველა ნამღერი,
არის სიცოცხლის ღრმა მელოდია.
ფიქრი - წარსულის ამონარიდი,
და სული კიდევ - ანგელოზია!..

ირიბი გზები გაკვალულ თოვლში
და თოვლზე ირმის ნაფეხურები.
მე შენ გაბრუნე სუყველა დროში
და იმედიან მომავლად მრჩები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები