ნაწარმოებები



ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
6 თებერვალი, 2010


***

ახალი ჰორიზონტი-ახალი ტაძარი
და უფლისთვის სათქმელი სიტყვები-
გულის სითბოში განწმენდილი
გონების მტვრისაგან...

***
წარსულის ელვა
მომავლის ცაზე-
წინაპრის ტკივილი.

***
პირველი სიყვარულისათვის
ღმერთის მზერით გავლებული
პირველი ბილიკი-
სამყაროს შექმნაზე დიდი სასწაული.

***
სიყვარული შემოდის სახლში
და მისი სარკმლები,
მანამდე დაბინდული,
ღმერთის თვალებივით ნათდება.

***
ფერმკრთალს და დაღლილს ჩაეძინა,
მაგრამ მის გულში მოკიაფე
ცრემლები გხედავენ...

***
გულის სიღრმეებში ვარსკვლავებიანი
უნთია სიჩუმე,საიდანაც
სიყვარულის გალობა მოისმის.

***
მოვა...ჰაერი გალამაზდება
და,ბედნიერებით ფრთაშესხმული,
მეშვიდე ცას დახედავ ზემოდან.

***
შვილის სამარეზე ღმერთის ფიქრი
ამოვა ბალახად
და დედის სევდიან მონატრებას
მოისხამს იებად...

***
ქალი და კაცი დაემსგავსა
სახლს,მკრთალად განათებულს,
რომლის სარკმლებიდან,
გაზაფხულის ქარების ნაცვლად,
თბილი და სევდიანი ნიავი უბერავს.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები